ბრძანება N 29518
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 29518
29 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 3 და 9 ოქტომბრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №116) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 3 ოქტომბრის №166050/21-11 და 9 ოქტომბრის №83974/1/2023 საჩივრები, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 2022 წლის 31 აგვისტოს №007-231 საგადასახადო მოთხოვნას და 2023 წლის 5 აპრილის №007-73 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას და ითხოვს დავის განახლებას/დაწყებას ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს ახლად გამოვლენილი გარემოებით დავის განახლებას/დაწყებას. განმარტავს, რომ ბუღალტრის სამსახურებრივ გულგრილობაზე სასამართლოში მიმდინარეობდა დავა და მიღებული გადაწყვეტილებით ბუღალტერი ---------- ცნობილი იქნა დამნაშავედ. ახლად აღმოჩენილი გარემოებების (სასამართლო განჩინება) გათვალისწინებით, ითხოვს დავის წარმოების დაწყებას, იმასთან დაკავშირებით, რომ განხორციელდეს შემოწმებით დარიცხული თანხების მიმთვისებელ პირზე დაკისრება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 აპრილის №8737 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 30 აგვისტოს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 31 აგვისტოს №22626 ბრძანება და ამავე თარიღის №007-231 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 142 804 ლარი, მათ შორის, გადასახადი 73 171 ლარი, ჯარიმა 47 169 ლარი და საურავი 22 463 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2022 წლის 1 დეკემბრის №30139 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
გ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარუდგენლობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს არაპირდაპირი მეთოდით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 1 დეკემბრის №30139 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 28 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად აქტით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 5 აპრილის №007-73 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 31 აგვისტოს №007-231 საგადასახადო მოთხოვნასთან მიმართებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმებისათვის ცნობილი მონაცემების მიხედვით შედგა ფულადი შემოსულობების და განაცემების მოძრაობის ანგარიში, მიღებულ ფულად სახსრებად განხილული იქნა რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით განსაზღვრული თანხები. შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს უფლებამოსილ პირთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, შესაბამისად შემოწმება დაეყრდნო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციას (ელექტრონულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს). აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში, საწარმოს გაწეული აქვს მომსახურება სულ ღირებულებით - 369 227 ლარი, ხოლო შემდგომ პერიოდში საწარმოს მიერ რაიმე ხარჯის გაწევა არ დასტურდება.
შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №007-73 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან მიმართებით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში არ განუხორციელებია მტკიცებულების/დოკუმენტაციის წარდგენა. შემოწმების ხელთ არსებული დოკუმენტაციის/მტკიცებულებების მიხედვით, შეუძლებელია განისაზღვროს გადამხდელის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯები, კერძოდ: საწამოს მიერ გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მომსახურების შინაარსში მითითებულია „წიგნების ბეჭდვის“, „დაკაბადონებისა“ და „აწყობის“ მომსახურება, ხოლო საწარმოს გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული პირდაპირი ხარჯები ან შესრულებული სამუშაოს მოცულობა იდენტიფიცირებული არ არის. ამასთანავე, საგამოძიებო სამსახურის 2023 წლის 24 თებერვლის №---------- წერილით ირკვევა, რომ სისხლის სამართლის №092010422003 საქმე, რაც გულისხმობს შპს „----------“ და სხვა პირების მიერ ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება/გამოყენების ფაქტს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით) არსებითი განხილვის მიზნით გადაგზავნილია ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. ზემოაღნიშნული ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, გადაანგარიშების შედეგად აქტით დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელებულა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების ან მტკიცებულების საფუძვლით დავის განახლების/დაწყების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის თანახმად:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.
2. დავის განახლების მოთხოვნით დავის განმხილველი ორგანოსათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ მომჩივანს.
3. მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის თანახმად:
1. საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით.
4. პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
6. 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.
7. ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელი აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის დასკვნას, გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 4 აპრილის №7300 ბრძანებას და 5 აპრილის №007-73 საგადასახადო მოთხოვნას გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2023 წლის 2 მაისს, ხოლო გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული სასამართლო განაჩენი (საქმე №1/1004-22) გამოცემულია 2023 წლის 6 ივლისს, რომლითაც ნანა დალაქიშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში შესაძლებელია ახლად გამოვლენილი გარემოებებით დავის განახლება/დაწყება, ვინაიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დადგენილია ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება/გამოყენების ფაქტი, რაც ახლად გამოვლენილი ისეთი გარემოებაა, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე. შესაბამისად, ზემოაღნიშნული დოკუმენტების/მტკიცებულებების დროულად წარმოდგენას შესაძლოა გამოეწვია მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება.
ამდენად, წარმოდგენილი გარემოებები/მტკიცებულებები წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მიხედვით ახლად გამოვლენილი/აღმოჩენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების/დაწყების საფუძველს.
სადავო საკითხთან მიმართებაში შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმების აქტით ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში, საწარმოს გაწეული აქვს მომსახურება სულ ღირებულებით - 369 227 ლარი, ხოლო შემდგომ პერიოდში საწარმოს მიერ რაიმე ხარჯის გაწევა არ დასტურდება. შემოწმებით დადგენილია, რომ ფულადი შემოსულობების და განაცემების მოძრაობის ანგარიშის მიხედვით, მიღებულ ფულად სახსრებად განხილული იქნა რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით განსაზღვრული თანხები. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი შემოწმებით ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების პროცესში არ განხორციელდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ სასამართლო განაჩენს, რომლითაც დადგენილია ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება/გამოყენების ფაქტი, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს ახლად გამოვლენილი/აღმოჩენილი გარემოებებად, შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებზე თანდართული 2023 წლის 6 ივლისის სასამართლო განაჩენი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე და 301-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებზე თანდართული 2023 წლის 6 ივლისის სასამართლო განაჩენი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს ახლად გამოვლენილი გარემოებით დავის განახლებას/დაწყებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების აქტით ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში, საწარმოს გაწეული აქვს მომსახურება სულ ღირებულებით - 369 227 ლარი, ხოლო შემდგომ პერიოდში საწარმოს მიერ რაიმე ხარჯის გაწევა არ დასტურდება. შემოწმებით დადგენილია, რომ ფულადი შემოსულობების და განაცემების მოძრაობის ანგარიშის მიხედვით, მიღებულ ფულად სახსრებად განხილული იქნა რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით განსაზღვრული თანხები. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი შემოწმებით ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების პროცესში არ განხორციელდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება.
გადაწყვეტილება
სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ სასამართლო განაჩენს, რომლითაც დადგენილია ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება/გამოყენების ფაქტი, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს ახლად გამოვლენილი/აღმოჩენილი გარემოებებად, შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებზე თანდართული 2023 წლის 6 ივლისის სასამართლო განაჩენი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 299.