გადაწყვეტილება №22316/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22316/2/2024
09 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.06.2024 და 13.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------" 20.02.2024 და 7.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №22316/2/2024; №23225/2/2024).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.10.2023 წლის №024-66 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 21.12.2023 წლის №32233 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 018 751.55 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 556 825
დღგ - 235 365
საშემოსავლო გადასახადი - 321460
ჯარიმა - 277 073
საურავი - 184 853.55
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საქონლის (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თეთრეული და სხვა) იმპორტი და მისი საცალო და საბითუმო რეალიზაცია.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის 7.08.2023 წლის №19288 და 28.09.2023 წლის №23822 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.06.2021 წლიდან 4.08.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნით 24.08.2023 წლის ჩათვლით პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება.
შემოწმების შედეგები აისახა 28.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 3.10.2023 წლის №24334 ბრძანება და ამავე თარიღის №024-66 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 10.11.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 21.12.2023 წლის №32233 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
პირველადი დოკუმენტაციის და დეკლარირებული მონაცემების ანალიზით ირკვევა, რომ კომპანიას იმპორტირებული აქვს 1 881 406 ლარის საინვოისო ღირებულების საქონელი, საიდანაც, პირველადი დოკუმენტაციით რეალიზებული აქვს 175 541 ლარის (სარეალიზაციო ფასი დღგ-ის გარეშე) საქონელი 22%-იანი ფასნამატით. დეკლარირებული მონაცემებით ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 1 671 450 ლარს. ასევე, აღსანიშნავია, რომ საწარმოს ფაქტობრივი ეკონომიკური საქმიანობა (საქონლის იმპორტი და რეალიზაცია) უფიქსირდება მხოლოდ 2021 წლის ივლისიდან ამავე წლის დეკემბრის ჩათვლით.
გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 22.08.2023 წლის №20701 ბრძანებით ჩატარებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად გამოვლინდა, რომ გადამხდელს ინვენტარიზაციის მომენტისთვის სმფ-ის ფაქტობრივი ნაშთი არ გააჩნდა და შეადგენდა 0-ს. გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარუდგენია სააღრიცხვო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რითიც მოხდებოდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. კერძოდ, ვერ დგინდება, რა საქონელი, რა ოდენობით, რა ფასად და რა პერიოდში იქნა რეალიზებული.
შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელის შემოსავლების და ხარჯების გაანგარიშება განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. როგორც აღნიშნულია, საწარმოს უფიქსირდება საქონლის შეძენა იმპორტის გზით. შემოწმების შედეგად განხორციელდა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრა კატეგორიების მიხედვით დოკუმენტური ფასნამატის საფუძველზე, ხოლო დარჩენილი საქონელი ჩაითვალა საცალოდ რეალიზებულად, საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე პირების აუდირებული ფასნამატი საქონლის კატეგორიებისა და საანგარიშო პერიოდების მიხედვით. შედეგად არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია დამატებით დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა ჯამში 1 307 628 ლარის ოდენობით, აღნიშნული თანხით დაკორექტირდა (გაიზარდა) დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, შესაბამისად გადამხდელს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.
გადასახადის გადამხდელს გადახდის წყაროსთან დაბეგრილი აქვს 6 500 ლარი (სახელფასო და სხვა განაცემი), გადასახადის ჩათვლით. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით განსაზღვრული შემოსავალი განხილულია სრულად მიღებულად. ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზით გამოვლენილი განკარგვადი შემოსავალი, შემოწმების შედეგად დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით განხორციელდა მართლზომიერად.
რაც შეეხება, არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებულ ფასნამატს, შემოწმებამ დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება განსაზღვრა კატეგორიების მიხედვით, დოკუმენტური ფასნამატის საფუძველზე. ხოლო დარჩენილი საქონელი ჩაითვალა საცალოდ რეალიზებულად, საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე კი გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი საქონლის კატეგორიებისა და საანგარიშო პერიოდების მიხედვით.
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, თუმცა საჩივარში არ არის მითითებული კონკრეტული არგუმენტები, რომელიც გაამყარებდა მომჩივნის პოზიციას. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, ვინაიდან შემმოწმებელს დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე გამოყენებული აქვს სხვა მსგავსი საქმიანობის მქონე პირების აუდირებული ფასნამატები, საქონლის კატეგორიების მიხედვით. არ ეთანხმება სხვისი ფასნამატის გავრცელებას იმპორტირებულ და შემდგომ რეალიზებულ საქონელზე, ვინაიდან შემმოწმებლის მიერ დადგენილია კომპანიის მიერ დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის ფასნამატი 22%. შემოწმების შედეგად დოკუმენტების გარეშე საქონლის რეალიზაციაზე გავრცელდა 47%- დან 66%-მდე ფასნამატი. წარმოუდგენელია მსგავსი ფასნამატი, ვინაიდან კომპანია ძირითადად ახორციელებს საბითუმო რეალიზაციას, რასაც ცხადყოფს ის ფაქტი, რომ 1 881 406 ლარის თვითღირებულების საქონელი რეალიზებულია ექვს თვეში, 2021 წლის ივლისიდან 2021 წლის დეკემბრის ჩათვლით, რაც დეკლარირებულია დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვებში. ასევე, აღსანიშნია ის ფაქტიც რომ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი აქვს განცხადება 2021 წლის სექტემბრის თვეში დეფექტური და ნაკლებად რეალიზებადი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულებაზე დაბალ ფასში რეალიზაციის შესახებ.
მომჩივანი მომართავს საბჭოს ახალ გარემოებათა აღმოჩენის გამო დაზუსტებული საჩივრით და აღნიშნული არგუმენტების და მტკიცებულებების გათვალისწინებით ითხოვს დოკუმენტების გარეშე რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე გავრცელდეს შემმოწმებლის მიერ დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი 22%.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
მომჩივანი კატეგორიულად არ ეთანხმება მსგავსი საქმიანობის მქონე პირის მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად გამოვლენილი ფასნამატის გავრცელებას იმპორტირებულ და შემდგომ რეალიზებულ საქონელზე. ითხოვს დოკუმენტების გარეშე რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე გავრცელდეს შემმოწმებლის მიერ დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი 22%. ასევე, აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი აქვს განცხადება 2021 წლის სექტემბრის თვეში დეფექტური და ნაკლებად რეალიზებადი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულებაზე დაბალ ფასში რეალიზაციის შესახებ.
მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, შემმოწმებლისთვის არ წარუდგენია სააღრიცხვო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რისთვისაც გადამხდელი დაჯარიმებულია საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლით. მომჩივნის მიერ ხსენებული განცხადებით არ იდენტიფიცირდება რა სახის, ოდენობის, ღირებულების საქონლის რეალიზაცია განახორციელა, შესაბამისად, არ ყოფილა გათვალისწინებული. ამდენად, შემოსავლები და ხარჯები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. რაც შეეხება, არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებულ ფასნამატს, შემოწმებამ დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება განსაზღვრა კატეგორიების მიხედვით, დოკუმენტური ფასნამატის საფუძველზე. ხოლო დარჩენილი საქონელი ჩაითვალა საცალოდ რეალიზებულად, საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე კი გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი საქონლის კატეგორიებისა და საანგარიშო პერიოდების მიხედვით. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიანი რეალიზაციის დაახლოებით 10-15%-ის ფარგლებში მერყეობდა.
აღნიშნული გარემოებებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების შედეგად მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაეკისრა ჯარიმა 277 073 ლარის ოდენობით, მათ შორის, დღგ-ში 116 343 ლარი და საშემოსავლო გადასახადში 160 730 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
აღნიშნული საკითხი შემოსავლების სამსახურში არ გასაჩივრებულა.
მომჩივნის არგუმენტაცია
ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს დაკისრებული (277 073 ლარი) ჯარიმისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში.
მომჩივანი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან.
საბჭო ვერ იმსჯელებს მომჩივნის მოთხოვნაზე ვინაიდან, იგი სადავოს არ წარმოადგენდა შემოსავლების სამსახურში 10.11.2023 წელს წარდგენილი საჩივრით. ამდენად, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს იმ საკითხზე, რომელიც სადავოდ არ გამხდარა შემოსავლების სამსახურში დავის წარმოებისას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრები ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2.ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შემოწმების შედეგად გადამხდელის შემოსავლების და ხარჯების გაანგარიშება განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. როგორც აღნიშნულია, საწარმოს უფიქსირდება საქონლის შეძენა იმპორტის გზით. შემოწმების შედეგად განხორციელდა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრა კატეგორიების მიხედვით დოკუმენტური ფასნამატის საფუძველზე, ხოლო დარჩენილი საქონელი ჩაითვალა საცალოდ რეალიზებულად, საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე პირების აუდირებული ფასნამატი საქონლის კატეგორიებისა და საანგარიშო პერიოდების მიხედვით. შედეგად არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია დამატებით დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა ,აღნიშნული თანხით დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, შესაბამისად გადამხდელს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.
გადამხდელს გადახდის წყაროსთან დაბეგრილი აქვს 6 500 ლარი,გადასახადის ჩათვლით. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით განსაზღვრული შემოსავალი განხილულია სრულად მიღებულად. ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზით გამოვლენილი განკარგვადი შემოსავალი, შემოწმების შედეგად დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
2.შემოწმების შედეგად მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
2.საბჭო ვერ იმსჯელებს მომჩივნის მოთხოვნაზე ვინაიდან, იგი სადავოს არ წარმოადგენდა შემოსავლების სამსახურში 10.11.2023 წელს წარდგენილი საჩივრით. ამდენად, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს იმ საკითხზე, რომელიც სადავოდ არ გამხდარა შემოსავლების სამსახურში დავის წარმოებისას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრები ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5),101,154,163,164,269(7).