ბრძანება N 13855

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 23.06.2026
№ დოკუმენტი 13855
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 13855

23 ივნისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 21 მაისის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 4 და 11 ივნისის სხდომებზე (ოქმები №47 და №50) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) 2026 წლის 21 მაისის №102484/1/2026 და №102505/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 27 აპრილის №047-11 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

1. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ აუდიტორმა გადაანგარიშების ეტაპზე, გადამხდელის მიერ წარდგენილი ცხრილი არ დაუკავშირა საგადასახადო შემოწმების აქტის ცხრილებს (დანართებს), რის საფუძველზეც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დავალებული იყო გადაანგარიშება, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნაში არასწორი მონაცემები იქნა ასახული, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები.

გადამხდელი ასევე განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული 305 766 ლარის „ფარული შემოსავლის" გამოთვლა შეიცავდა ფაქტობრივი მონაცემების მნიშვნელოვან ხარვეზს/ფორმულის გაანგარიშების მეთოდოლოგიურ ცდომილებებს. ხარვეზების გამოსწორების შემდეგ დარჩენილი მცირე საწვავის ხარჯვის გადახრა ექცევა საქართველოს ფინანსთა მინისტრის №230 ბრძანებით დადგენილ 25%-იანი დასაშვები გადახრის ფარგლებში. უზუსტობების შედეგად სულ გადაანგარიშებით დაბეგვრაში რჩება 20 942 ლიტრი დიზელის საწვავი, ხოლო სულ მთლიან შესამოწმებელ პერიოდში შეძენილია კომპანიის მიერ 259 389 ლიტრი დიზელი, რაც შეადგენს 8%-ს (20 942/259 389). გადამხდელი აღნიშნავს, რომ კომპანიის საქმიანობას ემსახურება 3 კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება. სამივე ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოშვებიდან გასულია 5 წელზე მეტი ვადა. ვინაიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოშვებიდან გასულია 5 წელზე მეტი, კომპანიას უფლება აქვს ისარგებლოს ნორმის 25%-იანი დასაშვები ცდომილების ფარგლებით. გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურმა იმსჯელოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის №230 ბრძანებით დამტკიცებული „ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ძირითად საშუალებაზე გახარჯული საწვავის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის წესის“ გამოყენებაზე დარიცხულ გადასახადებთან მიმართებით და იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ბრძანება კავშირშია დარიცხულ გადასახადებთან, დაავალოს აუდიტის დეპარტამენტს ინსტრუქციის პირობების გათვალისწინებით დარიცხული გადასახადების (მ.შ. სანქციის) კორექტირება/გაუქმება. გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ ავტომანქანების წვის შესახებ ჩაატარა ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

გადამხდელი ასევე აცხადებს, რომ 1 კმ-ზე საშუალო შემოსავლის გაანგარიშების ფორმულა შეიცავს ხარვეზს, რომლის გასწორების შემთხვევაში მნიშვნელოვნად მცირდება შემოსავალი. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს შესწორებული გაანგარიშების ცხრილი.

გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ რეისების მანძილი (კმ) და რეისების რაოდენობა 43 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში არ შეესაბამება გადაზიდული ტონაჟის მონაცემებს. მაგ.: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა -----, გადაზიდულია 203,64 ტონა ტვირთი, ხოლო აუდიტის ცხრილში მითითებულია

1 რეისი და 176 კმ, რაც ფიზიკურად შეუძლებელია. ------ ავტომანქანის სატვირთო ტევადობა 25–26 ტონის ფარგლებშია. ანუ უნდა შესრულებულიყო მინიმუმ 8 რეისი. ანალოგიური შინაარსობრივი შეუსაბამობებია სხვა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებშიც. გარდა ამისა, რამდენიმე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შედეგების გათვალისწინება არ მოხდა აუდიტის მიერ. ასევე, რამდენიმე მარშრუტისთვის არასწორად მითითებულია 1 რეისის კმ-ის მაჩვენებელი. აცხადებს, რომ საჩივრებს თანდართული აქვს შესწორებული გაანგარიშების ცხრილები.

გადამხდელი აგრეთვე აცხადებს, რომ აუდიტის გაანგარიშებაში მოხვდა ერთი საერთაშორისო რეისი, რომელიც არასწორად ჩაითვალა ადგილობრივი დღგ-ის გაანგარიშების საფუძვლად (2022 წლის თებერვალი, კონტრაგენტი: შპს „----“, მარშუტი: ------).

აუდიტის დეპარტამენტმა ასევე არ გაითვალისწინა სერვისზე წასვლა-დაბრუნებისას განვლილი მანძილი. ბუღალტრულ ცხრილში დაფიქსირებულია 593 სასაქონლო ზედნადები, რომელიც დაკავშირებულია ავტომობილების სერვისთან. 1 სერვისზე წასვლა-დაბრუნების საშუალო კილომეტრაჟი შეადგენს 20 კმ-ს. შესაბამისად, ჯამურად სერვისზე წასვლის კილომეტრაჟი აუდიტის პერიოდისთვის არის 593 რეისი × 20 კმ = 11 860 კმ. 11 860 კმ წარმოადგენს ფაქტობრივად გავლილ მანძილს, როდესაც ხდებოდა საწვავის ხარჯვა და შემოსავლის გენერირებას ადგილი არ ჰქონია.

ასევე არ იქნა გათვალისწინებული გაჩერებულ მდგომარეობაში საცობის დროს გახარჯული საწვავი, აგრეთვე, აღმართზე ხანგრძლივი ლოდინისას, ხოლო ზამთრის პერიოდში კაბინის გათბობისთვის. გადამხდელი მიუთითებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები ---- ავტობანზე, რაც ქმნიდა ხანგრძლივ საცობს, რომელიც ხშირად რამდენიმე საათს გრძელდებოდა. ასევე აღნიშნავს, რომ გაჩერებულ მდგომარეობაში წვის ფარგლების წინასწარი ზუსტი განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან დამოკიდებულია ცვალებად ფაქტორებზე (ამინდი, საცობების ხანგრძლივობა, საქონლის ჩატვირთვა-გადმოტვირთვის დრო). აღნიშნული გარემოება ნიშნავს, რომ ფაქტობრივად მოხმარებული საწვავის ნაწილი

(249 742,5 ლიტრიდან) წარმოადგენდა გაჩერებულ მდგომარეობაში წვას და არა გადაადგილებას.

გადამხდელი მიიჩვევს, რომ აუდიტორმა ხარჯებში ასევე უნდა გაითვალისწინოს ბიუჯეტის სასარგებლოდ საგადასახადო შემოწმების აქტის დარიცხვის საფუძველზე სამომავლოდ პოტენციურად გადასახდელი თანხები.

2. გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 13 აგვისტოს №18282 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-----“ (ს/ნ ------) საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-----“ (ს/ნ ------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის გათვალისწინებით, წარუდგინოს სასაქონლო ზედნადებების რეესტრი, სადაც ფიქსირდება გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები;

ბ) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეესტრის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გაშიფრული ინფორმაცია განხორციელებული რეისების შესახებ;

გ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 13 აგვისტოს №18282 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 24 აპრილს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 2025 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 27 აპრილის №----- კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება:

გადასახადის გადამხდელის მიერ წამოდგენილი ცხრილების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელმა შემოწმების მიერ გადაგზავნილი სასქონლო ზედნადებების შესაბამისად, სრულად ვერ გაშიფრა ყველა გადაზიდვა, მათ შორის ზოგიერთზე თქვა რომ სასაქონლო ზედნადების ნომრები, სადაც კომპანიის ავტომობილი ასრულებს რეისს, მათ არ შეუსრულებიათ, ხოლო დანარჩენ ნაწილში ცხრილი იყო არასრულყოფილად წარმოდგენილი, კერძოდ, მითითებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გადამოწმების შედეგად, მომსახურების თანხა, შერულებული რეისების დღეები და რაოდენობები იყო არარეალური (მაგ.: ერთ დღეში 6-8 რეისის შესრულება), აგრეთვე, გაზრდილი იყო მანძილი (კილომეტრაჟი რეისების პუნქტებს შორის). რაც შეეხება წვის ნორმას, ნაცვლად ცარიელი წვის ნორმისა, დაუვტირთავ მიმართულებებზე გადამხდელს იგი გაანგარიშებული ჰქონდა ყველა მიმართულებაზე დატვირთული წვის ნორმის გათვალისწინებით. შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების საფუძველზე (საშუალო წვის ნორმა დატვირთულზე 40 ლიტრი - 100 კილომეტრზე, ხოლო ცარიელზე 30 ლიტრი - 100 კილომეტრზე) წვის ნორმა დააგნარიშებულ იქნა საშუალოდ, კერძოდ - გახარჯული საწვავი ჩამოიწერა დატვირთული და დაუტვირთავი წვის ნორმის საშუალო მაჩვენებელით (30+40)/2 =35 ლიტრით 100 კილომეტრზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით, გადამხდელის მიერ მიწოდებული ცხრილების შესწავლის შედეგად, ვერ გამოვლინდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების (შემცირების) საფუძველი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი აცხადებს, რომ აუდიტორმა გადაანგარიშების ეტაპზე, გადამხდელის მიერ წარდგენილი ცხრილი არ დაუკავშირა საგადასახადო შემოწმების აქტის ცხრილებს (დანართებს), შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნაში არასწორი მონაცემები იქნა ასახული.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადამხდელის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მიერ დაუტვირთავი რეისების განხორციელებისას საწვავის ხარჯად აღიარების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივრებში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც თავდაპირველ საჩივრებში სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეში არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----“ (ს/ნ -----) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადამხდელის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მიერ დაუტვირთავი რეისების განხორციელებისას საწვავის ხარჯად

აღიარების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარდგენილი ცხრილების შესწავლისას დადგინდა, რომ მან ვერ შეძლო გადაზიდვების სრულად გაშიფვრა, ნაწილზე უარყო საკუთარი ტრანსპორტით რეისის შესრულება, ხოლო დანარჩენში მიუთითა არარეალური მონაცემები რეისების რაოდენობის (დღეში 6-8), თანხის, დღეებისა და გაზრდილი კილომეტრაჟის შესახებ. გარდა ამისა, დაუტვირთავ მიმართულებებზე ცარიელი წვის ნორმის ნაცვლად გამოყენებული იყო დატვირთული ტრანსპორტის ნორმა, რის გამოც, გადამხდელის განმარტებაზე დაყრდნობით (40ლ და 30ლ), საწვავი ჩამოიწერა საშუალო მაჩვენებლით — 35 ლიტრით 100 კილომეტრზე. აღნიშნული ხარვეზების გამო, წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ გახდა საგადასახადო ვალდებულებების შემცირების (კორექტირების) საფუძველი.

 

გადაწყვეტილება

საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადამხდელის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მიერ დაუტვირთავი რეისების განხორციელებისას საწვავის ხარჯად აღიარების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

საქმეში არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5,9);159(1);163(1);164(1);101(1);154(1);