ბრძანება N 23355

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.10.2026
№ დოკუმენტი 23355
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23355

16 ოქტომბერი 2026

ბრძანება

შპს „--------“ (ს/ნ „--------“)

(მის.: „--------“)

2026 წლის 2 მარტის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 8 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №92) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 16 სექტემბრის №27908/2/2026 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „--------“ (ს/ნ „--------“) №101092/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 თებერვლის №063-1 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

შემოსავლების სამსახურის 12.11.2024 წლის №24010 ბრძანების აღსრულების შედეგები.

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურში დავის შედეგად საქმეზე ბოლოს მიღებული 2026 წლის 31 ივლისის №17543 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ „--------“) 2026 წლის 2 მარტის საჩივარი 2026 წლის 2 თებერვლის №063-1 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„შპს „-------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

1. სადავო საკითხთან დაკავშირებით, ფულის მოძრაობის ანალიზის ხარჯის ნაწილის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ნოტარიულად დადასტურებული საქონლის შესყიდვის აქტები (გარდა დავის წარმოების პროცესში უკვე წარდგენილისა);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე, საგამოძიებო ორგანოს მეშვეობით დაადგინოს დოკუმენტების ავთენტურობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2026 წლის 16 სექტემბრის №27908/2/2026 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 31 ივლისის №17543 ბრძანება და საჩივარი, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 16 სექტემბრის №27908/2/2026 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებას მისი ხელახლა განხილვის შედეგად, საჩივრის კვლავ ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურმა არ შეასრულა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებული დავალება, იგი სრულად გაცდა დავალების შინაარსს და მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომელიც იმდენად ბუნდოვანია (რაზეც წინა გადაწყვეტილების შემთხვევაშიც აპელირებდა), რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი დასაბუთება და აღქმა. ითხოვს დავების განხილვის საბჭომ თავად მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება და დაავალოს აუდიტის დეპარტამენტს, წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, იხელმძღვანელოს ანალოგიური სახის დავასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილებით და მოახდინოს დარიცხული თანხების შემცირება.”

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე ყურადღება გაამახვილა მომჩივნის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე, რომელთა ნაწილი ნოტარიულად იყო დადასტურებული და იქნა გათვალისწინებული, მას შემდეგ რაც საგამოძიებოს სამსახურის მიერ იქნა დადასტურებული მათი ავთენტურობა, რაც არ იქნა დამოწმებული და დადასტურებული არ იქნა გათვალისწინებული და რომ სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებას ითხოვს მომჩივანი. ამასთან, დამატებით განმარტა, რომ საქონელი ერთი და იგივეა, მაგრამ ფასებია განსხვავებული, ზოგგან ცალობითაა მითითებული, სიდიდით განსხვავებული, ამიტომ ფასები ვერ გაიანგარიშა, ხოლო მინიმალურ ფასს ვერ გაავრცელებდა. ამასთან განმარტა, რომ რომელი მტკიცებულებაც არ იქნა გათვალისწინებული, მათზე ხარჯად შემოსავლების 75%- ი ჩაითვალა.“

„საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.“

„საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს და დაევალოს მათ შორის იმსჯელოს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის გავრცელებაზე ან მომჩივნის ხელთ არსებული, დოკუმენტურად დადასტურებული მინიმალური ხარჯის გამოყენებაზე.”

 

დარიცხული თანხა: 1 126 687 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 604 061

ჯარიმა - 302 030

საურავი - 220 596

 

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით:

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შემოწმების მიერ შემდგომი შესწავლის მიზნით გადაგზავნილ იქნა საგამოძიებო ორგანოში, რომელთა მიერ დადგინდა დოკუმენტების ნაწილის ავთენტურობა. შემოწმების მიერ ფულის მოძრაობის ანალიზში, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ დირექტორის სარგებლად განხილული თანხის გაანგარიშებაში დამატებით იქნა გათვალისწინებული წარმოდგენილი შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების ის ნაწილი, რომლის ავთენტურობაც დადასტურდა საგამოძიებო ორგანოს მიერ. ხოლო იმ ნაწილში სადაც ნამდვილობა ვერ დადასტურდა, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს. აცხადებს, რომ კომპანიას შესყიდვის აქტებით ფიზიკური პირებისგან აქვს შეძენილი საქონელი და წარდგენილია საქონლის შეძენის დამადასტურებელი ნოტარიულად დამოწმებული 98 ცალი შესყიდვის აქტი. გადამხდელი მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახური გადაწყვეტილებაც იყო ზოგადი ხასიათის და მათთვის ბუნდოვანი იყო. მიიჩნევს, რომ ვინაიდან დავალება ზოგადი ხასიათის იყო, აუდიტის დეპარტამენტმა არასათანადოდ გამოიკვლია სადავო საკითხთან დაკავშირებული არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. გადამხდელი აუდიტის დეპარტამენტის შეფასებას და გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, აცხადებს, რომ საქონლის შესყიდვის ფაქტი უდავოა და უტყუარია. შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ხარჯების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს დოკუმენტებში დაფიქსირებული შესყიდვის ფასებით, დადგინდეს ზოგადი ფასნამატი მთლიანად სადავო ნაწილზე და განხორციელდეს დარიცხული თანხების კორექტირება. უკიდურეს შემთხვევაში კი შედარდეს სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაცია და აგრეთვე განხორციელდეს სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზი. ამასთან, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრული არაგონივრული ნაშთის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. მომჩივანი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეცედენტზე და თვლის, რომ უსამართლოდ არის განხორციელებული დარიცხვები. ვინაიდან სალაროს ნაშთის ქონა არ შეიძლება განხილული იქნეს არაგონივრულ ან/და ფიქტიურ ნაშთად. თვლის, რომ უნდა გაუქმდეს დარიცხული თანხები.

 

შემოსავლების სამსახურის პოზიცია:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან -შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულ გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი ითხოვს, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, იხელმძღვანელოს ანალოგიური სახის დავასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილებით და მოახდინოს დარიცხული თანხების შემცირება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, მათ შორის, იმსჯელოს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის გავრცელებაზე ან მომჩივნის ხელთ არსებული, დოკუმენტურად დადასტურებული მინიმალური ხარჯის გამოყენებაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, მათ შორის, იმსჯელოს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის გავრცელებაზე ან მომჩივნის ხელთ არსებული, დოკუმენტურად დადასტურებული მინიმალური ხარჯის გამოყენებაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შემოწმების მიერ შემდგომი შესწავლის მიზნით გადაგზავნილ იქნა საგამოძიებო ორგანოში, რომელთა მიერ დადგინდა დოკუმენტების ნაწილის ავთენტურობა. შემოწმების მიერ ფულის მოძრაობის ანალიზში, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ დირექტორის სარგებლად განხილული თანხის გაანგარიშებაში დამატებით იქნა გათვალისწინებული წარმოდგენილი შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების ის ნაწილი, რომლის ავთენტურობაც დადასტურდა საგამოძიებო ორგანოს მიერ. ხოლო იმ ნაწილში სადაც ნამდვილობა ვერ დადასტურდა, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, მათ შორის, იმსჯელოს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის გავრცელებაზე ან მომჩივნის ხელთ არსებული, დოკუმენტურად დადასტურებული მინიმალური ხარჯის გამოყენებაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5),101,154.