გადაწყვეტილება №28179/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№28179/2/2026
03 ნოემბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 30.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 25.09.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28179/2/2026).
დავის საგანი:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 12.06.2026 წლის №27437/2/2026 (18.06.2026 წელი; №03/44660) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები;
2. შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 დეკემბრის №081-378 საგადასახადო მოთხოვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 24 აგვისტოს №081-176 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა:
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 დეკემბრის №081-378 საგადასახადო მოთხოვნით - 419 705.87 ლარი. მათ შორის:
გადასახადი - 234 913.72
დღგ - 85 534.12
საშემოსავლო გადასახადი - 149 379.60
ჯარიმა - 102 532.75
საურავი - 82 259.40
სადავო საკითხები:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 12.06.2026 წლის №27437/2/2026 (18.06.2026 წელი; №03/44660) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა და რეალიზაცია. საწარმოს საგადასახადო რეგისტრაციის თარიღია 4.11.2013 წელი, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 13.03.2023 წელს, თუმცა დასაბეგრი ოპერაციების არარსებობის გამო, 2024 წლის 1 მაისს გაუუქმდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22533 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება.
შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 29 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: შემოწმების შედეგად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი საწარმოს ნაცვლად 13.03.2023 წლისა განესაზღვრა 11.02.2022 წელი. გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების შესახებ საჯარო რეესტრში წარდგენილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის, გარიგების ამსახველი ხელშეკრულებების, საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციის და მსგავსი საქმიანობის და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციების, ასევე დამატებით მოკვლეული ხელშეკრულების გარიგების ფასის, ობიექტის და საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციის ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით ხელოვნურად არის დამახინჯებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს.
კერძოდ, კომპანიას კონკრეტული პროექტის ფარგლებში მთლიანად რეალიზებული საცხოვრებელი ბინების 10%-ზე მეტი რეალიზებული აქვს ხელოვნურად შემცირებული ღირებულებით, რაც საგადასახადო ორგანოს შეფასებით წარმოდგენს საგადასახადო ვალდებულებების ხელოვნურად შემცირებაზე ზემოქმედების არსებით ფაქტს, ხოლო გარიგების რეალური საბაზრო ფასი 30%-ით აღემატება ხელშეკრულებაში მითითებულ ფასებს. გარდა ამისა, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გარიგების მონაწილე სუბიექტებიდან მყიდველი ამ ქონებაზე არ სარგებლობს დღგ-ის ჩათვლის უფლებით და მის ინტერესს არ წარმოადგენდა დღგ-ის ჩათვლის მოტივით რეალური საბაზრო ღირებულების მითითება.
საგადასახადო კოდექსის 49-ე, მე-18, 73-ე, 159-ე, 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ამავე კოდექსის 282-ე და 275-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმა. გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა არ გააჩნია.
შესაბამისად, ფულადი სახსრების მოძრაობა გაანგარიშდა შემოწმებით დადგენილი შემოსავლების და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით. ფაქტობრივი გარემოებების და საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლების საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა. საგადასახადო ორგანოს მიერ გაანგარიშებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიღებული/მისაღები შემოსავლები. გაანგარიშების პროცესში გათვალისწინებულ იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბერს №22644 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის მასალები, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, მათ შორის, ბიუჯეტში გადახდილი თანხა. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაანგარიშების შედეგად დარჩენილ განკარგვად თანხასა და სალაროში არსებულ ფაქტობრივ ნაშთს შორის სხვაობა (პერიოდის ბოლოს სალაროში ფულის ნაშთი ნულის ტოლია), საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 დეკემბრის №28847 ბრძანება და №081-378 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 419 705.87 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 6 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 1 მაისის №9643 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 28.05.2026 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 12.06.2026 წლის №27437/2/2026 (18.06.2026 წელი; №03/44660) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
მე-2 დავის საგანთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს/შეაფასოს სადავო საკითხი ურთიერთდამოკიდებულ პირთან მიმართებით და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დავების განხილვის საბჭოს 12.06.2026 წლის №27437/2/2026 (18.06.2026 წელი; №03/44660) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.08.2026 წლის დასკვნა, 24.08.2026 წლის №18982 ბრძანება და №081-176 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 5 108 ლარით. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
1. დღგ: საწარმო ქ. ---ში, --- ის ქ. --- ში ფლობდა მიწის ნაკვეთს (941 კვ.მ ს/კ ----). ვინაიდან კომპანიას არ გააჩნდა მშენებლობისთვის სათანადო რესურსი და მშენებლობის გამოცდილება, აღნიშნული მიწის ნაკვეთი პროექტთან ერთად 539,14 კვ.მ ფართის (8 ბინა) სანაცვლოდ გადასცეს შპს „---“-ს (ს/ნ ---). აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტერიტორია ქალაქის პერიფერიულ ნაწილშია და დღესაც მიმდებარე ტერიტორიაზე ბინები გაცილებით დაბალ ფასებშია, ვიდრე ქალაქის ცენტრალურ ადგილებში. დღეის მდგომარეობით გადმოცემული 8 ბინა რეალიზებულია და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადასახადებიც გადახდილია. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, შემმოწმებლებმა გაუზარდეს ბინების ღირებულება მიუხედავად იმისა, რომ არანაირი საფუძველი არ ქონდათ თვითნებურად გაეზარდათ რეალიზებული ბინების ფასი, რის საფუძველზეც გაიზარდა ბრუნვა, ხელოვნურად დაარეგისტრირეს დღგ-ის გადამხდელად და ყველა ბინა დაუბეგრეს დღგ-ით. ნასყიდობის ხელშეკრულებებში წერია ის თანხები, რა თანხაც გადაიხადეს ბინის მყიდველებმა.
2. საშემოსავლო გადასახადი: აუდიტორებს არასწორად აქვთ განსაზღვრული საცხოვრებელი ფართების სარეალიზაციო ფასები, რაც საფუძვლად დაედო შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობის გაზრდას და შესაბამისად არასწორად დამატებით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი გასაჩივრებული აქტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დავების განხილვის საბჭოს 12.06.2026 წლის №27437/2/2026 (18.06.2026 წელი; №03/44660) გადაწყვეტილებით, მე-2 დავის საგანთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს/შეაფასოს სადავო საკითხი ურთიერთდამოკიდებულ პირთან მიმართებით და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირთან მიმართებით, ხელშეკრულებაში მითითებულ ფასსა და შემოწმებით განსაზღვრულ ფასს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორის ხელფასად კვალიფიკაციის საკითხის დამატებით შესწავლა, რამაც გამოიწვია აქტით დარიცხული თანხების კორექტირება. გადაანგარიშების შედეგად, მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 5 108 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 3 405 ლარი და ჯარიმა - 1 703 ლარი. მომჩივანი არ უთითებს თუ რა ნაწილში არ განხორციელდა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულება და სადავოდ ხდის ისეთ გარემოებებს, რაც საბჭოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის აღსასრულებლად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 დეკემბრის №081-378 საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 6 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 1 მაისის №9643 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 28.05.2026 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 12.06.2026 წლის №27437/2/2026 (18.06.2026 წელი; №03/44660) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 დეკემბრის №081-378 საგადასახადო მოთხოვნა კვლავ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 დეკემბრის №081-378 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 1 მაისის №9643 ბრძანება 28.05.2026 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 12.06.2026 წლის №27437/2/2026 (18.06.2026 წელი; №03/44660) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 დეკემბრის №081-378 საგადასახადო მოთხოვნა კვლავ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სახეზეა ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 დეკემბრის №081-378 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველი;
2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 12.06.2026 წლის №27437/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები;
2. შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის საქმიანობის სფეროა მრავალბინიანი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და რეალიზაცია. საგადასახადო შემოწმებამ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით ხელოვნურად არის დამახინჯებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს. კერძოდ: კომპანიას კონკრეტული პროექტის ფარგლებში მთლიანად რეალიზებული საცხოვრებელი ბინების 10%-ზე მეტი რეალიზებული აქვს ხელოვნურად შემცირებული ღირებულებით, რაც საგადასახადო შემოწმების შეფასებით წარმოდგენს საგადასახადო ვალდებულებების ხელოვნურად შემცირებაზე ზემოქმედების არსებით ფაქტს, ხოლო გარიგების რეალური საბაზრო ფასი 30%-ით აღემატება ხელშეკრულებაში მითითებულ ფასებს. გარდა ამისა, შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ გარიგების მონაწილე სუბიექტებიდან მყიდველი ამ ქონებაზე არ სარგებლობს დღგ-ის ჩათვლის უფლებით და მის ინტერესს არ წარმოადგენდა დღგ-ის ჩათვლის მოტივით რეალური საბაზრო ღირებულების მითითება. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიღებული/მისაღები შემოსავლები, ასევე გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, მათ შორის, ბიუჯეტში გადახდილი თანხა. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დარჩენილ განკარგვად თანხასა და სალაროში არსებულ ფაქტობრივ ნაშთს შორის სხვაობა, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება
საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის №081-378 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველი. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21; 301 (ზ).