ბრძანება N 24328

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.11.2024
№ დოკუმენტი 24328
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24328

19 ნოემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ს (ს/ნ -------)

ყოფილი დირექტორის ფ/პ ------- (პ/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის პირველი ივლისის და 9 აგვისტოს

საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 24 ოქტომბერს და 7 ნოემბერს გამართულ სხდომებზე (ოქმი №114 და №119) განიხილა შპს „-------“-ს (ს/ნ -------) ყოფილი დირექტორის ფ/პ ------- (პ/ნ -------) №109588/21 და №133676/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ივლისის №007-168 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ 2023 წლის 22 მარტიდან აღარ არის შპს ------- ის მეწილე და დირექტორი. შესაბამისად, არ უნდა ჩაჰბარებოდა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება, რადგან არ არის უფლებამოსილი პირი. ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ივლისის №15808 ბრძანებისა და მის საფუძველზე გამოცემული 2023 წლის 5 ივლისის №007-168 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.

 

საჩივრის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ------- მთავარი სამმართველოს ------- მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №------- საქმეზე, შპს „-------“-ს (ს/ნ -------) ხელმძღვანელი პირების მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე. სისხლის სამართლის №------- საქმეზე, ------- (პ/ნ -------) შპს „-------“-ს (ს/ნ -------) მიმართ გამოცემული 2023 წლის 5 ივლისის №007-168 საგადასახადო მოთხოვნა და საგადასახადო შემოწმების მასალები გადაეცა 2024 წლის 30 მაისს, ხოლო პირველადი საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია 2024 წლის პირველ ივლისს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცულია გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მომჩივანი არის პირი, რომელიც არ ეთანხმება საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას და მას ასაჩივრებს დავის განმხილველ ორგანოში. ამასთან, ამ რეგლამენტის მიზნებისთვის, მომჩივნად ასევე ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც სადავო აქტით/აქტებით მოცულ პერიოდში/პერიოდებში ასრულებდა საწარმოს/ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობას და აღნიშნული აქტის/აქტების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ ამ საწარმოზე/ორგანიზაციაზე დამატებით დარიცხული თანხა 100 000 ლარს აღემატება და იწვევს აღნიშნული ფიზიკური პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას − მხოლოდ შესაბამის დავასთან მიმართებით.

შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ფიზიკურ პირზე, რომელიც ასაჩივრებს სადავო აქტს/აქტებს, თუ არსებობს იმავე აქტზე/აქტებზე საწარმოს/ორგანიზაციის მიმართ დავის განმხილველი ორგანოს/სასამართლოს გადაწყვეტილება ან/და იმავე აქტზე/აქტებზე დავის განმხილველ ორგანოში/სასამართლოში მიმდინარეობს საწარმოს/ორგანიზაციის საჩივრის განხილვა.

საქმეში არსებული მასალებით და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 11 ნოემბრიდან 2023 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები, რა დროსაც საწარმოს ხელმძღვანელ პირს (დირექტორს) წარმოადგენდა ფ/პ ------- (პ/ნ -------), შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადის ოდენობა აღემატება 100 000 ლარს და იწვევს აღნიშნული ფიზიკური პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი უნდა იქნას დაშვებული განსახილველად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 მარტის №6282 და 28 ივნისის №15123 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ს (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 11 ნოემბრიდან 2023 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 4 ივლისს გამოსცა №15808 ბრძანება და 5 ივლისს №007- 168 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 3 008 550 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 873 529 ლარი, ჯარიმა 936 424 ლარი და საურავი 198 597 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

● შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ შპს „-------“ (ს/ნ -------) რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად 2021 წლის 11 ნოემბერს და ამავე პერიოდიდან რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად. საქმიანობის საგანს წარმოადგენს საბითუმო და საცალო ვაჭრობა ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, ქსოვილით და ავტონაწილებით. შპს „-------“ (ს/ნ -------) ახორციელებს საქონლის იმპორტს ------- და -------, ასევე უფიქსირდება ადგილობრივი შეძენები. შესამოწმებელ პერიოდში პირის მიერ შეძენილი სმფ-ს თვითღირებულება შეადგენს 4 590 528 ლარს, ხოლო დეკლარირებული ბრუნვა 3 311 362 ლარს. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №7378 ბრძანებით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით კომპანიას სმფების ნაშთი არ აქვს. აღნიშნული მონაცემებიდან გამომდინარე, პირის მიერ დეკლარირებულია ზარალი და ფასნამატი არ გააჩნია. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე პირისაგან გამოთხოვილი იქნა სრული სააღრიცხვო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, თუმცა პირი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან და არ წარმოადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, შეძენები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინვენტარიზაციის მასალები. შედეგად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 7 ჯგუფზე, დადგენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატები, რომლითაც განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირებულ იქნა იმავე საქონლის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გამოთვლილ იქნა ფასნამატი. აღნიშნულის გათვალისწინებით დადგინდა საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა ------- ტერიტორიაზე მსგავს საქონელზე დადგენილი საცალო ვაჭრობის ფასნამატები და დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე, 1601 , 163-ე და 164-ე მუხლების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

● არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავლების, პირის მიერ გაწეული ხარჯების, შემოწმების მიერ მოძიებული ინფორმაციის (მ.შ ნაღდი ფულისა და დებიტორული და კრედიტორული დავალიანების ნაშთების შესახებ), პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა საფუძველზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული "კრედიტორული დავალიანების შესახებ" მეთოდური მითითების გათვალისწინებით გაანგარიშდა საწარმოში თანხების მოძრაობა და გამოვლინდა განკარგვადი თანხა, რომელზეც გადასახადის გადამხდელს არ აქვს მინიჭებული კვალიფიკაცია. შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული "სააღრიცხვო დოკუმენტაციის არარსებობისას, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული განკარგვადი თანხების დაბეგვრის შესახებ" მეთოდური მითითების საფუძველზე აღნიშნული თანხა ჩაითვალა 11/11/2021-24/03/2023 წლებში არსებულ საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. კომპანიას დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ხოლო ამ კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან და არ წარმოადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შედეგად, საცალოდ რპთ-ზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის გავრცელება და გამოვლენილი სხვაობის დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად გადანაწილება, რამაც თავის მხრივ გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, ასევე, შემოწმებით გამოვლენილი ფულის განკარგვადი ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“-ს (ს/ნ -------) ყოფილი დირექტორის ფ/პ ------- (პ/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ 2023 წლის 22 მარტიდან აღარ არის შპს-ი მეწილე და დირექტორი. შესაბამისად, არ უნდა ჩაჰბარებოდა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება; ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებისა და მის საფუძველზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მოჩივანი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან და არ წარმოადგინა შემოწმების მიერ მოთხოვნილი სრული სააღრიცხვო ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, შეძენები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინვენტარიზაციის მასალები. შედეგად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 7 ჯგუფზე, დადგენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატები, რომლითაც განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირებულ იქნა იმავე საქონლის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გამოთვლილ იქნა ფასნამატი. აღნიშნულის გათვალისწინებით დადგინდა საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა მსგავს საქონელზე დადგენილი საცალო ვაჭრობის ფასნამატები და დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავლების, პირის მიერ გაწეული ხარჯების, შემოწმების მიერ მოძიებული ინფორმაციის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის გათვალისწინებით გაანგარიშდა საწარმოში თანხების მოძრაობა და გამოვლინდა განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა 11/11/2021-24/03/2023 წლებში არსებულ საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159;