ბრძანება N 9410

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.05.2023
№ დოკუმენტი 9410
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 9410

01.05.2023

შპს „-----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ------------------)

2023 წლის 9 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 31 მარტის სხდომაზე (ოქმი №34) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ -------) №79006/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 დეკემბრის №007-345 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებს და ითხოვს მის გადაანგარიშებას. კერძოდ, გადამხდელი განმარტავს, რომ სალაროს ნაშთის დაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული იმ ფიზიკური პირებისგან საქონლის შესყიდვა, რომლებზეც გადამხდელმა ვერ წარმოადგინა სწორად შედგენილი შესყიდვის აქტები, თუმცა ამ საქონლის ექსპორტის პროცედურაში მოქცევა დასტურდება. ამასთან, მზად არის წარმოადგინოს კატალიზატორის მომწოდებელ ფიზიკურ პირებთან გაფორმებული შესყიდვის აქტები. გადამხდელი აცხადებს, რომ გააჩნია ძირითადი საშუალების (პალადიუმ აპარატი) შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ასევე არ არის გათვალისწინებული ფულის მოძრაობის ხარჯვით ნაწილში. არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნებისთვის შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენებას. აცხადებს, რომ საწარმოს საშუალო ფასნამატი შეადგენს 8-10%-ს, რაც თანხვედრაშია საქართველოს ბაზარზე არსებულ ფასნამატთან.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 აპრილის N9734 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----------“ (ს/ნ ---------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 29 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 16 დეკემბრის №31740 ბრძანება და ამავე თარიღის №007-345 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 178 670 ლარი, მათ შორის, გადასახადი 109 549 ლარი, ჯარიმა 54 374 ლარი, საურავი 14 747 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადამხდელს 2019 წლის საანგარიშო პერიოდში შეძენილი აქვს ნავთობის ბიტუმი, რომელიც მის მიერ სრულად იქნა რეალიზებული 2019 წლის საანგარიშო პერიოდში. ნავთობის ბიტუმზე საშუალო ფასნამატმა წლის ჭრილში შეადგინა 3% (თვეების ჭრილში ფასნამატი მერყეობდა 2%-6% ფარგლებში).

2020 წლიდან საწარმო ახორციელებს ,,კატალიზატორების" შეძენას ფიზიკური პირებისგან, ხოლო შემდგომ ექსპორტის გზით გააქვს ლატვიაში. შემოწმების პროცესში წარმოდგენილი ახსნაგანმარტების თანახმად, გადამხდელის მიერ წლების მიხედვით კატალიზატორები შეძენილია სულ 2020 წელს 581.61 კგ - 604 334 ლარად, 2021 წელს 667.3 კგ - 748 220 ლარად და 2022 წელს 660.3 კგ - 850 090 ლარად. შემოწმების პროცესში წარმოდგენილი იქნა შესყიდვის აქტები მხოლოდ ნაწილზე, რომელიც არ აკმაყოფილებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მოთხოვნებს. აქტებში დაფიქსირებული მონაცემები შერჩევით გადამოწმებული იქნა მეორე მხარესთან და შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული მონაცემები არ დადასტურდა (გამოვლინდა სხვაობები შესყიდვის ფასსა და რაოდენობებს შორის). აქვე აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 3 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინების საფუძველზე დადგენილია, რომ შპს ,,-----------" (ს/ნ ---------) დირექტორმა ------------ 2020 წელს ქ. თბილისში გამოყენების მიზნით დაამზადა და გამოიყენა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში წარადგინა, ექვს ფიზიკურ პირთან შედგენილი ავტომობილის ამორტიზებული მაყუჩის კერამიკული ფილტრების, ე.წ. კატალიზატორების შესყიდვის ყალბი აქტები. შესაბამისად, ექსპორტზე გატანილი საქონლის გამოქვითვებში ასახვის მიზნებისათვის, შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული სიტუაციური სახელმძღვანელოს №0256-ის მიხედვით. შემოწმების პროცესში დამუშავებული იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, საბაჟო დეპარტამენტიდან გამოთხოვილი/მიღებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები და სხვა ხელთ არსებული დოკუმენტები. შპს ,,-------------", 2022 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, არ გააჩნია სმფ-ს ნაშთი, დებიტორული და კრედიტორული დავალიანება და ყოველივე ზემოაღნიშნულის შესწავლის შედეგად განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც გადამხდელს სალაროში უნდა უფიქსირდებოდეს. შპს ,,----------" მიერ წარმოდგენილ სალაროს ნაშთსა და შემოწმებით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობა ჩაითვალა გაცემულ დივიდენდად. შესაბამისად, შემოწმებით დადგენილი თანხა დაბეგრილ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 130-ე მუხლების მიხედვით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

ამავე კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5 პროცენტიანი განაკვეთით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ" ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საწარმო ახორციელებს კატალიზატორების შეძენას ფიზიკური პირებისგან და შემდგომ მის ექსპორტს ლატვიაში. შემოწმების პროცესში წარმოდგენილი შესყიდვის აქტები არ აკმაყოფილებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მოთხოვნებს. შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული მონაცემების მეორე მხარესთან შერჩევით გადამოწმების შედეგად გამოვლინდა სხვაობები შესყიდვის ფასსა და რაოდენობებს შორის. ამასთან, სასამართლო განჩინების საფუძველზე დადგენილია შპს ,,-----------" (ს/ნ --------) დირექტორის მიერ კატალიზატორების შესყიდვის ყალბი აქტების დამზადება-გამოყენების ფაქტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, კატალიზატორის შესაძენად გაწეული ხარჯების განსაზღვრის მიზნით, შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული სიტუაციური სახელმძღვანელოს №0256-ის მიხედვით. კერძოდ, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი, შემოსავლების სამსახურის სისტემაში და ხელთ არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის საფუძველზე განისაზღვრა ფულის ნაშთი. გადამხდელის მიერ წარმოდგენილ სალაროს ნაშთსა და შემოწმებით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრა, ასევე შემოწმების მიერ ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად გაანგარიშებულ ფულის ნაშთსა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილ სალაროს ნაშთსა შორის სხვაობის საწარმოს დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებს და ითხოვს მის გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

2020 წლიდან საწარმო ახორციელებს ,,კატალიზატორების" შეძენას ფიზიკური პირებისგან, ხოლო შემდგომ გააქვს ექსპორტზე. შემოწმების პროცესში წარმოდგენილი იქნა შესყიდვის აქტები მხოლოდ ნაწილზე, რომელიც არ აკმაყოფილებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მოთხოვნებს. აქტებში დაფიქსირებული მონაცემები შერჩევით გადამოწმებული იქნა მეორე მხარესთან და შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული მონაცემები არ დადასტურდა (გამოვლინდა სხვაობები შესყიდვის ფასსა და რაოდენობებს შორის). აქვე აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 3 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინების საფუძველზე დადგენილია, რომ საწარმოს დირექტორმა გამოყენების მიზნით დაამზადა და გამოიყენა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში წარადგინა, ექვს ფიზიკურ პირთან შედგენილი ავტომობილის ამორტიზებული მაყუჩის კერამიკული ფილტრების, ე.წ. კატალიზატორების შესყიდვის ყალბი აქტები. შესაბამისად, ექსპორტზე გატანილი საქონლის გამოქვითვებში ასახვის მიზნებისათვის, შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული სიტუაციური სახელმძღვანელოს №0256-ის მიხედვით. საწარმოს 2022 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, არ გააჩნია სმფ-ს ნაშთი, დებიტორული და კრედიტორული დავალიანება და ყოველივე ზემოაღნიშნულის შესწავლის შედეგად განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც გადამხდელს სალაროში უნდა უფიქსირდებოდეს. საწარმოს მიერ წარმოდგენილ სალაროს ნაშთსა და შემოწმებით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობა ჩაითვალა გაცემულ დივიდენდად. შესაბამისად, შემოწმებით დადგენილი თანხა დაბეგრილ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 130-ე მუხლების მიხედვით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 49(1), 61(3), 136(3), 73, 97(1), 130(1), 981, 72, 105(2), 154(1"ზ").