ბრძანება N 21178
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21178
29 სექტემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 25 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 21 აგვისტოს და 18 სექტემბრის სხდომებზე (ოქმები №69; №78) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 25 ივლისის №97093/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 ივლისის №064-11 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აღნიშნავს, რომ საწარმოს მიმართ დავალიანება გააჩნია შპს „-------“ 963 744,36 ლარის, ხოლო შპს „-------“ 479 580,18 ლარის ოდენობით, რომლებთანაც ოპერაციები ხორციელდება მხოლოდ საბანკო ანგარიშსწორებით, ამასთან, შემოწმების მიერ მოთხოვნილ იქნა შედარების აქტები, რომლის დროულად მიწოდება ვერ მოხერხდა და თან ურთავს საჩივარს. გადამხდელი ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გააჩნია ნაღდი ფულის ნაშთი თიბისი ბანკის სეიფში, რასაც მოწმობდა ხელშეკრულება, თუმცა შემმოწმებლებმა უარი განაცხადეს ბანკში ნაღდი ფულის გადათვლაზე, აღნიშნულზე შედგა ახსნაგანმარტება, თუმცა სალაროს ინვენტარიზაციისას აღნიშნული არ იქნა გათვალისწინებული.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 მარტის №4722 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 29 მარტიდან 2025 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 18 ივლისის №16243 ბრძანება და ამავე თარიღის №064-11 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 696 833 ლარი, მათ შორის გადასახადი 394 369 ლარი, ჯარიმა 197 185 ლარი და საურავი 105 279 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა ნავთობით. გადამხდელი სამეწარემო საქმიანობისთვის საჭირო პროდუქციას ყიდულობს ადგილობრივ ბაზარზე და ახდენს მის რეალიზაციას ადგილობრივ კომპანიებზე. შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს და გადამხდელის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. რეალიზებული პროდუქციის საშუალო ფასნამატი მერყეობს 6%-დან 8%-მდე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლების საფუძველზე, შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელს უნდა გააჩნდეს 1 577 478 ლარის ფულის ნაშთი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დარიცხული თანხა 1 971 848 ლარის ოდენობით ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებსა და გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად გამოვლინდა ფულის განკარგვადი ნაშთი 1 577 478 ლარის ოდენობით, რომელიც შემოწმების მიერ ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის სალაროს ინვენტარიზაციისას მიწოდებულ იქნა სს თიბისი ბანკში ნაქირავები კერძო სეიფის შესახებ ინფორმაცია, რასაც მოწმობდა ხელშეკრულება, თუმცა შემმოწმებლებმა უარი განაცხადეს ბანკში ნაღდი ფულის გადათვლაზე, აღნიშნულზე შედგა ახსნა-განმარტება და მასში გაკეთდა მოკლე აღწერა (აღნიშნული ახსნა-განმარტება თანდართულია საჩივარზე). ამასთან, გადამხდელი აღნიშნავს, რომ სალაროს ნაშთში დაფიქსირებულია 0 ლარი, თუმცა სეიფში ინახებოდა 103 500 ლარი ნაღდი ფული.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციაზე დაყრდნობით დგინდება, რომ სალაროს ადგილმდებარეობის და პასუხისმგებელი პირების შესახებ ახსნაგანმარტებაში გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა შენიშვნის სახით მიუთითა, რომ საწარმოს ნაქირავები აქვს სს თი ბი სი ბანკის სეიფი, უსაფრთხოების მიზნით თანხას ინახავს აღნიშნულ სეიფში და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს შესთავაზა ბანკის სეიფში არსებული თანხის გადათვლა, მაგრამ აღნიშნულ შეთავაზებაზე მიიღო უარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია ფულის განკარგვადი ნაშთის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული ფულის ნაშთის ოდენობა.
რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართულ შედარების აქტებს, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნული დოკუმენტები არ არის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, შესაბამისად, ფულის ნაშთის გაანგარიშებისას მისი გათვალისწინების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ფულის განკარგვადი ნაშთის გაანგარიშებისას გაითვალისწინოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებული ფულის ნაშთის ოდენობა (ბანკის სეიფში არსებული 103 500 ლარი) და აღნიშნულის შედეგად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ფულის განკარგვადი ნაშთის გაანგარიშებისას გაითვალისწინოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებული ფულის ნაშთის ოდენობა (ბანკის სეიფში არსებული 103 500 ლარი) და აღნიშნულის შედეგად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა ნავთობით. გადამხდელი სამეწარემო საქმიანობისთვის საჭირო პროდუქციას ყიდულობს ადგილობრივ ბაზარზე და ახდენს მის რეალიზაციას ადგილობრივ კომპანიებზე. ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებსა და გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად გამოვლინდა ფულის განკარგვადი ნაშთი, რომელიც შემოწმების მიერ ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივ ნორმებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ფულის განკარგვადი ნაშთის გაანგარიშებისას გაითვალისწინოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებული ფულის ნაშთის ოდენობა (ბანკის სეიფში არსებული) და აღნიშნულის შედეგად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154;