ბრძანება N 11864

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 09.06.2025
№ დოკუმენტი 11864
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11864

09 ივნისი 2025

ბრძანება

შპს „--------“ (ს/ნ „--------“)

(ფაქტ. მის.: „--------“)

2025 წლის 29 აპრილის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 15 და 22 მაისის სხდომებზე (ოქმი №39 და №42) განიხილა შპს „------“ (ს/ნ „--------“) 2025 წლის 29 აპრილის №95367/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 31 მარტის №001-26 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. მომჩივანი არ ეთანხმება სხვადასხვა მისამართზე მდებარე სავაჭრო დაწესებულებებში საქონლის ხორცის შიდა გადაზიდვის ოპერაციის დოკუმენტური ფასით მიწოდებად განხილვას და რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კომპანიაზე გადარიცხული ავანსის თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და ითხოვს აღნიშნული თანხის სესხად დაკვალიფიცირებას.

3. საქმის ზეპირი განხილვისას, მომჩივანი არ დაეთანხმა საქართველოს საწარმოების მიმართ არსებული დებიტორული დავალიანების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 თებერვლის №1435 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------“ (ს/ნ „--------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 27 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 31 მარტის №6046 ბრძანება და ამავე თარიღის №001–26 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განისაზღვრა სულ 53 567 ლარი, მათ შორის გადასახადი 31 366 ლარი, ჯარიმა 16 124 ლარი და საურავი 6 077 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

1. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების (ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების) მიხედვით, შპს „------ -ს " მიერ განხორციელებულია საქონლის ხორცის შიდა გადაზიდვა სხვადასხვა მისამართზე მდებარე სავაჭრო დაწესებულებებში. აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებით, გადამხდელი განმარტავს, რომ პროდუქცია სრულად არის უკან დაბრუნებული. თუმცა, დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემოწმებისთვის არ წარუდგენია. ასევე, არ ფიქსირდება ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით უკან დაბრუნება. შემოწმებით, აღნიშნული ოპერაცია დაკვალიფიცირდა მიწოდებად, შესაბამისი პერიოდების დოკუმენტური ფასით. რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. შემოწმებისთვის წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამა „ორისის“ და საბანკო ამონაწერების მიხედვით, 2023 წელს შპს „------“ მიერ კომპანიაში (LTD "------") გადარიცხულია 32 040 ლარის ექვივალენტი "------", საქონლის შესაძენად. შპს „------ -ს “ უნდა მოეხდინა სახაშე მასალის იმპორტი "------"-დან. თუმცა, შეძენილი პროდუქციის საქართველოში შემოტანა ვერ მოხერხდა, რადგან პროდუქცია არ აკმაყოფილებდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხარისხის სტანდარტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო გამშვები პუნქტიდან საქონელი დაექვემდებარა უკან დაბრუნებას. პროდუქციის შესაძენად გადარიცხული თანხა, ამ დრომდე არ არის დაბრუნებული შპს „------ -სთვის“. აღნიშნული ოპერაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გადამხდელის მიერ წარმოდგენილია. შესამოწმებელ პერიოდში, გადარიცხული თანხის უკან დაბრუნება არ დასტურდება. გადამხდელს შედარების აქტი შემოწმებისთვის არ წარუდგენია. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი 11) მე-7 მუხლის გათვალისწინებით, ვინაიდან გონივრულ ვადაში, ასევე, საგადასახადო შემოწმების დანიშვნის თარიღისთვის, არ დადასტურდა არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ, შესაბამისი საქონლის მიწოდების ან არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ ავანსის თანხის უკან დაბრუნების ფაქტი, გადახდილი ავანსი დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

3. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამა „ორისის“ მიხედვით, შპს „----- -ს “ 2022 წლიდან უფიქსირდებოდა დებიტორული დავალიანება 9 260 ლარის ოდენობით (შპს „------“ 6 520 ლარი, 31.08.2022 წ., შპს „-------“ 2 740 ლარი 7.10.2022წ.). აღნიშნულთან დაკავშირებით, გადამხდელს შედარების აქტები შემოწმებისთვის არ წარუდგენია. 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი 11-ის) მე-7 მუხლის გათვალისწინებით, საქონლის ღირებულების თანხა 9 260 ლარი დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების (ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების) მიხედვით, შპს „------ -ს " მიერ განხორციელებულია საქონლის ხორცის შიდა გადაზიდვა სხვადასხვა მისამართზე მდებარე სავაჭრო დაწესებულებებში. აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებით, გადამხდელს პროდუქციის უკან დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემოწმებისთვის არ წარუდგენია. ასევე, არ ფიქსირდება ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით უკან დაბრუნება. შემოწმებით, აღნიშნული ოპერაცია დაკვალიფიცირდა მიწოდებად, შესაბამისი პერიოდების დოკუმენტური ფასით. რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

მომჩივანი არ ეთანხმება სხვადასხვა მისამართზე მდებარე სავაჭრო დაწესებულებებში საქონლის ხორცის შიდა გადაზიდვის ოპერაციის დოკუმენტური ფასით მიწოდებად განხილვას და რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას. აცხადებს, რომ ერთი და იგივე პროდუქცია საწარმოს ორჯერ დაებეგრა. განმარტავს, რომ შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებებში მითითებული მისამართებიდან ქალაქ ბათუმში გადაზიდული პროდუქცია წაღებული იყო შემდგომი რეალიზაციის მიზნებისთვის და ახალი მომხმარებლების მოსაზიდად, თუმცა ვერ მოხდა ადგილზე მომწოდებლებთან ფასზე და გადახდაზე შეთანხმება და პროდუქცია სრულად დაბრუნდა უკან, ხოლო შემდგომ გაიყიდა ადგილობრივ მომხმარებლებზე. ასევე, ყველა სხვა შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებში მითითებული პროდუქცია სრულად იყო მიტანილი ქალაქ "-------"-ში, "------"-ის ქუჩის №32- ში განთავსებულ საწყობში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, რაც ასახულია სხვადასხვა მყიდველთან გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებშიც.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ერთი და იმავე პროდუქციის ორმაგად დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება თურქულ კომპანიასთან გადარიცხული თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და ითხოვს აღნიშნული თანხის სესხად დაკვალიფიცირებას. ითხოვს მიეცეს ვადა დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინოს მაისის თვის ბოლომდე. აღნიშნავს, რომ კომუნიკაცია აქვს თურქულ კომპანიასთან და ეს უკანასკნელი 1 თვის ვადას ითხოვს თანხის ჩასარიცხად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უცხოური კომპანიის მიმართ არსებული დებიტორული დავალიანების ხელფასად კვალიფიკაციის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საქმის ზეპირი განხილვისას, მომჩივანი არ დაეთანხმა საქართველოს საწარმოების მიმართ არსებული დებიტორული დავალიანების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას და მის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

შემოსავლების სამსახური, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის №ბს-854-846 (კ-16) საქმეზე მიღებულ გაწაყვეტილებაზე, რომლითაც განიმარტა, რომ ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ სამეურნეო ოპერაცია თავისი არსით ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე9 ნაწილი არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, ის ეხება ბათილი ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს და არა მართლზომიერ გარიგებებს, რომელთა შინაარსიც შეესაბამება მისივე ფორმას.

შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამა „ორისის“ მიხედვით, შპს „------“ 2022 წლიდან უფიქსირდებოდა დებიტორული დავალიანება 9 260 ლარის ოდენობით (შპს „------“ 6 520 ლარი, 31.08.2022 წ., შპს „-------“ 2 740 ლარი 7.10.2022წ.). აღნიშნულთან დაკავშირებით, გადამხდელს შედარების აქტები შემოწმებისთვის არ წარუდგენია.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად არ იქნა გამოთხოვილი ინფორმაცია შპს „------ ს“ და შპს „----- - სგან“ თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით და არ დასტურდება დებიტორული დავალიანების ანაზღაურების ან ნაწილობრივ ანაზღაურების ფაქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს საწარმოების მიმართ არსებულ დებიტორულ დავალიანებაზე კვალიფიკაციის განსაზღვრისას შესასწავლია შპს „------“ და შპს „------ - ის“ მიერ დავალიანების ანაზღაურების საკითხი, შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს საწარმოებისგან გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია დებიტორული დავალიანების ანაზღაურების თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საქართველოს საწარმოების მიმართ არსებული დებიტორული დავალიანების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს ერთი და იმავე პროდუქციის ორჯერ დაბეგვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს საწარმოებისგან გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია დებიტორული დავალიანების ანაზღაურების თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საქართველოს საწარმოების მიმართ არსებული დებიტორული დავალიანების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. მომჩივანი არ ეთანხმება სხვადასხვა მისამართზე მდებარე სავაჭრო დაწესებულებებში საქონლის ხორცის შიდა გადაზიდვის ოპერაციის დოკუმენტური ფასით მიწოდებად განხილვას და რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას.

2.გადამხდელი არ ეთანხმება კომპანიაზე გადარიცხული ავანსის თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და ითხოვს აღნიშნული თანხის სესხად დაკვალიფიცირებას.

3.მომჩივანი არ დაეთანხმა საქართველოს საწარმოების მიმართ არსებული დებიტორული დავალიანების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, მომჩივანის მიერ განხორციელებულია საქონლის ხორცის შიდა გადაზიდვა სხვადასხვა მისამართზე მდებარე სავაჭრო დაწესებულებებში. აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებით, გადამხდელი განმარტავს, რომ პროდუქცია სრულად არის უკან დაბრუნებული. თუმცა, დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემოწმებისთვის არ წარუდგენია. ასევე, არ ფიქსირდება ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით უკან დაბრუნება. შემოწმებით, აღნიშნული ოპერაცია დაკვალიფიცირდა მიწოდებად, შესაბამისი პერიოდების დოკუმენტური ფასით. რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და სსკ-ის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და სსკ-ის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. მომჩივანის მიერ თურქულ კომპანიაში გადარიცხულია 32 040 ლარის ექვივალენტი თურქული ლირა, საქონლის შესაძენად. მომჩივანს უნდა მოეხდინა სახაშე მასალის იმპორტი თურქეთიდან. თუმცა, შეძენილი პროდუქციის საქართველოში შემოტანა ვერ მოხერხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო გამშვები პუნქტიდან საქონელი დაექვემდებარა უკან დაბრუნებას. პროდუქციის შესაძენად გადარიცხული თანხა, ამ დრომდე არ არის დაბრუნებული.აღნიშნული ოპერაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გადამხდელის მიერ წარმოდგენილია. შესამოწმებელ პერიოდში, გადარიცხული თანხის უკან დაბრუნება არ დასტურდება. გადამხდელს შედარების აქტი შემოწმებისთვის არ წარუდგენია.ვინაიდან გონივრულ ვადაში, ასევე, საგადასახადო შემოწმების დანიშვნის თარიღისთვის, არ დადასტურდა არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ, შესაბამისი საქონლის მიწოდების ან არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ ავანსის თანხის უკან დაბრუნების ფაქტი, გადახდილი ავანსი დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და სსკ-ის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

3. გადამხდელს 2022 წლიდან უფიქსირდებოდა დებიტორული დავალიანება.აღნიშნულთან დაკავშირებით, გადამხდელს შედარების აქტები შემოწმებისთვის არ წარუდგენია.საქონლის ღირებულების თანხა დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და სსკ-ის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ერთი და იმავე პროდუქციის ორმაგად დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უცხოური კომპანიის მიმართ არსებული დებიტორული დავალიანების ხელფასად კვალიფიკაციის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

3.შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს საწარმოებისგან გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია დებიტორული დავალიანების ანაზღაურების თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საქართველოს საწარმოების მიმართ არსებული დებიტორული დავალიანების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),101,154.