გადაწყვეტილება №25547/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.10.2025
№ დოკუმენტი 25547/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25547/2/2025

01 ოქტომბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 4.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 31.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25547/2/2025).

 

დავის საგანი:

1. სალაროს ნაშთის ხელფასის სახით განაცემად განხილვა;

2. ჯართის ფიზიკური პირებისგან შეძენილად განხილვა და გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა;

3. შეძენილი არმატურის რეალიზებულად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2025 წლის №042-11 საგადასახდო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 11.07.2025 წლის №15794 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 190 801,9 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 111 049,53

დღგ - 3 958,36

საშემოსავლო გადასახადი - 107 091,17

ჯარიმა - 55 026,4

საურავი - 24 725,97

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 8.05.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2022 წლიდან 1.03.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2025 წლის №042-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.07.2025 წლის №15794 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. სალაროს ნაშთის ხელფასის სახით განაცემად განხილვა ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების ანალიზის საფუძველზე გაანგარიშდა საწარმოს მიერ მიღებული შემოსავალი და ხარჯები (შემოსავლები გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციების და წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების, ხოლო ხარჯები - დოკუმენტური შეძენების, საბანკო ამონაწერების, გადახდილი ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი თანხების და შემოწმებით დადგენილი ფიზიკურ პირებზე ჯართის შესაძენად გადახდილი თანხების გათვალისწინებით).

ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.03.2025 წლის №5063 ბრძანების საფუძველზე დანიშნული სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სალარო და შესაბამისად ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 (ნული) ლარი, რაზეც შევსებულ იქნა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმი. ფულის მოძრაობის ანალიზის საფუძველზე გაანგარიშდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. დარჩენილი თანხა ჩაითვლა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

ჯართის ფიზიკური პირებისგან შეძენილად განხილვის და გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით და სალაროს ნაშთის ხელფასის სახით განაცემად განხილვის საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 1333 მუხლზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველ პუნქტზე.

ფულის მოძრაობის შესწავლისას შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებსა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ საბანკო ამონაწერებს, რომელთა ანალიზის საფუძველზე გაანგარიშდა საწარმოს მიერ მიღებული შემოსავალი და ხარჯები.

შემოწმებამ შემოსავლების გაანგარიშებისას იხელმძღვანელა გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციებითა და წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით, ხოლო ხარჯების გაანგარიშებისას გაითვალისწინა დოკუმენტური შეძენები, საბანკო ამონაწერები, გადახდილი ხელფასები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები და შემოწმებით დადგენილი ფიზიკურ პირებზე ჯართის შესაძენად გადახდილი თანხები.

ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.03.2025 წლის №5063 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სალაროს ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა სალარო და შესაბამისად, ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 (ნული) ლარი, რაზეც შედგა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად ფულის ნაშთის განსაზღვრისას შემოსავლების გაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებულ დოკუმენტური რეალიზაციები და წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები, ხოლო ხარჯების გაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნა დოკუმენტური შეძენები, საბანკო ამონაწერები, გადახდილი ხელფასები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები და შემოწმებით დადგენილი ფიზიკურ პირებზე ჯართის შესაძენად გადახდილი თანხები. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.03.2025 წლის №5063 ბრძანების საფუძველზე დანიშნული სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სალარო და შესაბამისად ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 (ნული) ლარი. ფულის მოძრაობის ანალიზის საფუძველზე გაანგარიშებული იქნა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. დარჩენილი თანხა ჩაითვლა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემოწმებით ხელფასად მიჩნეული თანხის ნაშთი გამოვლენილია დოკუმენტური რეალიზაციების, დოკუმენტური ხარჯების, საბანკო ამონაწერების და შემოწმებით დადგენილი ფიზიკურ პირებზე ჯართის შესაძენად გადახდილი თანხების გათვალისწინებით. ამასთან, საბჭო მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. ჯართის ფიზიკური პირებისგან შეძენილად განხილვა და გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს სასაქონლო ზედნადებით უფიქსირდება ჯართის შეძენა 658 ტონის, ხოლო რეალიზაცია - 6 035 ტონის ოდენობით. შემოწმების პროცესში გაანგარიშებული იქნა რაოდენობრივი სხვაობა შეძენასა და რეალიზაციას შორის თვეების მიხედვით. შეძენის ფასად განისაზღვრა დოკუმენტური შეძენის საშუალო ფასი შესაბამისი თვეების მიხედვით. გადასახადის გადამხდელს ფიზიკურ პირზე ჯართის შესაძენად გადახდილი თანხა დეკლარირებული აქვს 1 511 500 ლარის ოდენობით.

დეკლარირებულსა და შემოწმებით განსაზღვრულ თანხებს (3 787 581 ლარი) შორის სხვაობის თანხა საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადის 3%-იანი განაკვეთით. საწარმოს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა საბუღალტრო პროგრამა, შემოწმების პროცესში არ წარუდგენია ჯართის შესყიდვის აქტები. ასევე, გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, რის გამოც დაჯარიმებულია ინფორმაციის წარუდგენლობისთვის. საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს სასაქონლო ზედნადებით უფიქსირდება ჯართის შეძენა 658 ტონის ოდენობით, ხოლო რეალიზაცია 6 035 ტონა. შემოწმებით გაანგარიშდა რაოდენობრივი სხვაობა შეძენასა და რეალიზაციას შორის თვეების მიხედვით. შეძენის ფასად განისაზღვრა დოკუმენტური შეძენის საშუალო ფასი შესაბამისი თვეების მიხედვით. გადამხდელს ფიზიკურ პირზე ჯართის შესაძენად გადახდილი თანხა დეკლარირებული ჰქონდა 1 511 500 ლარის ოდენობით. შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით და დეკლარირებულსა და შემოწმებით განსაზღვრულ თანხებს შორის სხვაობის თანხა დაიბეგრა 3%-ით გადახდის წყაროსთან.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია.

ამასთან, გადამხდელის მიერ რეალიზებულ და შეძენილ საქონელს შორის გამოვლენილი სხვაობის მიჩნევა ამავე პერიოდში ფიზიკური პირებისგან შეძენილად დოკუმენტური შეძენის საშუალო ფასით და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა 3%-იანი განაკვეთით შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მიუღებელია აუდიტორის მიერ შემოწმების აქტში განვითარებული მსჯელობა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს სასაქონლო ზედნადებით უფიქსირდება ჯართის შეძენა 658 ტონის ოდენობით, ხოლო რეალიზაცია 6 035 ტონა, რადგან დაანგარიშებაში დაშვებულია შეცდომა. საწარმო ეწევა ჯართით 5 (კერძოდ შავი ლითონით) ვაჭრობას და ბუნებრივია თუ არ არსებობს ჯართის შეძენა, ვერანაირად ვერ იქნება რეალიზაცია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:

ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;

ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივანს უფიქსირდება 658 ტონა ჯართის შეძენა, ხოლო რეალიზაციაში უფიქსირდება 6 035 ტონა ჯართი. გაანგარიშებული იქნა რაოდენობრივი სხვაობა შეძენასა და რეალიზაციას შორის თვეების მიხედვით. შეძენის ფასად განისაზღვრა დოკუმენტური შეძენის საშუალო ფასი შესაბამისი თვეების მიხედვით.

დეკლარირებულ ფიზიკურ პირზე ჯართის შესაძენად გადახდილი თანხებსა და შემოწმებით განსაზღვრულ თანხებს შორის სხვაობა დაიბეგრა 3%-ით საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის საფუძველზე.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივნის მიერ რეალიზებულია საქონელი, რომლის შეძენა ბუღალტრულად დაფიქსირებული არ არის, ხოლო ამავდროულად აღნიშნული საქონლის შეძენისას ფიზიკური პირისთვის გადახდილი თანხა წარმოადგენს გადახდის წყაროსთან დაბეგვრის ობიექტს.

საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მომჩივანს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რის შედეგადაც შეუძლებელია გადასახადით დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. შეძენილი არმატურის რეალიზებულად განხილვა ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების საფუძველზე შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს 22 ტონა არმატურა (მათ შორის მხოლოდ შიდა გადაზიდვაში (18 მმ-იანი არმატურა) უფიქსირდება 2 ტონა), ხოლო რეალიზებულია 9 ტონა. გადასახადის გადამხდელის მიერ ზეპირსიტყვიერი განმარტებით საქონლის ნაშთი არ გააჩნია. შემოწმებით რეალიზებას დაექვემდებარა 13 ტონა არმატურა და დაიბეგრა დღგ-ით. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მიუღებელია აუდიტორის მიერ შემოწმების აქტში განვითარებული მსჯელობა, რომ თურმე გადასახადის გადამხდელის ზეპირსიტყვიერი განმარტებით საწარმოს საქონლის ნაშთი არ გააჩნია და შემოწმებით რეალიზებას დაექვემდებარა 13 ტონა არმატურა. როგორც შემოწმების აქტშია მითითებული, თუ გადასახადის გადამხდელს პოზიცია არ წარმოუდგენია, როგორ გაჩნდა შემოწმების აქტში გადასახადის გადამხდელის განმარტება, რომ ნაშთი არ გააჩნია? მაშინ როცა აღნიშნული 13 ტონა არმატურა ამ დრომდე ადგილზე ფაქტობრივად არსებობს, ამ დრომდე არ მომხდარა მისი რეალიზაცია.

აუდიტორმა და შემოსავლების სამსახურმა ასევე არასწორად გამოიყენეს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი, რამაც გამოიწვია გადამხდელის მიმართ გადასახადის უკანონოდ დარიცხვა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს 22 ტონა არმატურა, ხოლო რეალიზებულია 9 ტონა. გადასახადის გადამხდელის ზეპირსიტყვიერი განმარტებით საქონლის ნაშთი არ გააჩნია.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება 22 ტონა არმატურის შეძენა, ხოლო საქონლის ნაშთის თაობაზე საგადასახადო შემოწმების დროს განმარტა, რომ არ გააჩნია ნაშთი, საქონლის რეალიზებულად განხილვა და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელდა კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე, საბჭო მიუთითებს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები და მიიჩნევს, რომ საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. სალაროს ნაშთის ხელფასის სახით განაცემად განხილვა;

2. ჯართის ფიზიკური პირებისგან შეძენილად განხილვა და გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა;

3. შეძენილი არმატურის რეალიზებულად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოწმების შედეგად ფულის ნაშთის განსაზღვრისას შემოსავლების გაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებულ დოკუმენტური რეალიზაციები და წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები, ხოლო ხარჯების გაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნა დოკუმენტური შეძენები, საბანკო ამონაწერები, გადახდილი ხელფასები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები და შემოწმებით დადგენილი ფიზიკურ პირებზე ჯართის შესაძენად გადახდილი თანხები. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სალარო და შესაბამისად ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 (ნული) ლარი. ფულის მოძრაობის ანალიზის საფუძველზე გაანგარიშებული იქნა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. დარჩენილი თანხა ჩაითვლა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ასევე დეკლარირებულ ფიზიკურ პირზე ჯართის შესაძენად გადახდილი თანხებსა და შემოწმებით განსაზღვრულ თანხებს შორის სხვაობა დაიბეგრა 3%-ით საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის საფუძველზე.

გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება 22 ტონა არმატურის შეძენა, ხოლო საქონლის ნაშთის თაობაზე საგადასახადო შემოწმების დროს განმარტა, რომ არ გააჩნია ნაშთი, შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელდა საქონლის რეალიზებულად განხილვა კანონმდებლობის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101 (1); 154 (1); 1332.