გადაწყვეტილება №21991/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 29.04.2024
№ დოკუმენტი 21991/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21991/2/2024

29 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: -------------- (ს/ნ ------------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------ის 15.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21991/2/2024).

 

დავის საგანი:

საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 20.10.2023 წლის №ა205-2110 „საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების შუალედური“ აქტი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 3.11.2023 წლის №27167 ბრძანება;

3. საბაჟო დეპარტამენტის 3.11.2023 წლის №056-52 საგადასახდო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 27.12.2023 წლის №33147 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 97 719,36 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 73 121,05

საურავი - 24 598,31

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საბაჟო დეპარტამენტის 20.10.2023 წლის №25979 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მომჩივნის სახელზე გაფორმებული №-----/---/---- 05.01.2021, №------/------/------ 20.11.2021, №-----/---/---- 17.08.2022 საბაჟო დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება. მოცემული დეკლარაციებით მომჩივნის მიერ განხორციელდა საქონლის (მოთუთიებული ლითონის ფურცლები რულონებად, სასაქონლო კოდი --------) იმპორტი ----ის სახალხო რესპუბლიკიდან.

საქონლის ღირებულების, მათ შორის გადახდილი/გადასახდელი ყველა ხარჯის და შესაბამისად, საბაჟო ღირებულების სიზუსტის დადგენის მიზნით საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია მომჩივნისგან. მოწოდებული და საბაჟო დეპარტამენტში არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე გაირკვა შემდეგი:

1) მომჩივნის მიერ 11.11.2022 წლის №------/21-11 განცხადებით წარმოდგენილი 01/01/2019- 31/10/2022 პერიოდზე განხორციელებული გადარიცხვების დამადასტურებელი „-------ი“ ბანკის საბანკო ამონაწერიდან იკვეთება, რომ მოცემულ პერიოდში ტვირთის ექსპორტიორთან (-------- LTD, ---) ეტაპობრივად გადარიცხული თანხის ოდენობა (458 850.83 აშშ დოლარი) ბევრად (133 563.26 აშშ დოლარით) აღემატება შესაბამის პერიოდში მომჩივნის საბაჟო დეკლარაციებში დაფიქსირებულ საქონლის საბაჟო ღირებულებას (325 284.57 აშშ დოლარი);

2) საბაჟო დეპარტამენტში არსებული ელექტრონული ბაზის ინფორმაციის ანალიზისას გამოიკვეთა, რომ ზემოაღნიშნული დეკლარაციების შესაბამის პერიოდებში გაფორმებული მსგავსი საქონლის ერთეულის ფასი (მ.შ. ზემოხსენებული ექსპორტიორისგან) გაცილებით მაღალია. ამასთან, საბაჟო დეპარტამენტში არსებული ელექტრონული ბაზების მიხედვით გადამხდელს 29.08.2022 წლის შემდგომ პერიოდში საბაჟო ოპერაციები არ უფიქსირდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის მიერ იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრა საბაჟო კოდექსის მე-40 მუხლის შესაბამისად (მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მეთოდით ექსპორტის თარიღსა და ერთზე მეტი გარიგების ფასის გამოვლენისას, უმცირესი ფასის გათვალისწინებით) მომჩივნის №№-----/---/---- საბაჟო დეკლარაციაზე ერთეულის ფასი (1 კგ-ის ფასი) განისაზღვრა 0.732 აშშ დოლარით; №№-----/---/---- საბაჟო დეკლარაციაზე-1.132 აშშ დოლარით და №-----/---/---- საბაჟო დეკლარაციაზე-1.183 აშშ დოლარით.

20.10.2023 წლის №ა ------21-10 საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების შუალედურ აქტის მიხედვით მომჩივნის შემოწმების შედეგად №№-----/---/---- 05.01.2021, №-----/---/---- 20.11.2021, №-----/---/---- 17.08.2022 საბაჟო დეკლარაციებზე დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ იმპორტის გადასახდელი, კერძოდ დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) – 73 121.05 ლარი, საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საკითხი გადაწყდება საქმეზე საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო საურავის თანხამ შეადგინა 24 598,31 ლარი.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.12.2023 წლის №33147 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლზე, 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტზე, 30-ე მუხლის მე-2, მე-9 და მე10 ნაწილებზე, 37-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 40-ე მუხლზე, საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ 11.11.2022 წლის №----/21-11 განცხადებით წარმოდგენილი 01/01/2019-31/10/2022 პერიოდზე განხორციელებული გადარიცხვების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერის შესაბამისად, მოცემულ პერიოდში ტვირთის ექსპორტიორთან ეტაპობრივად გადარიცხული თანხის ოდენობა აღემატება შესაბამის პერიოდში მომჩივნის საბაჟო დეკლარაციებში დაფიქსირებულ საქონლის საბაჟო ღირებულებას.

დადგენილია ასევე, რომ საბაჟო დეპარტამენტში არსებული ელექტრონული ბაზის ინფორმაციით, ზემოაღნიშნული დეკლარაციების შესაბამის პერიოდებში გაფორმებული მსგავსი საქონლის ერთეულის ფასი (მ.შ. ზემოხსენებული ექსპორტიორისგან) გაცილებით მაღალია. ასევე დადგენილია, რომ საბაჟო დეპარტამენტში არსებული ელექტრონული ბაზების მიხედვით მომჩივანს 2022 წლის 29 აგვისტოს შემდგომ პერიოდში საბაჟო ოპერაციები არ უფიქსირდება. ამდენად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო ღირებულების და შესაბამისად იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებას და სადავო აქტით ზემოაღნიშნულ საბაჟო დეკლარაციებზე დამატებით გადასახდელად დარიცხული იმპორტის გადასახდელი და საურავი მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და მათ საფუძველზე დარიცხული თანხები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ იზიარებს დავის განმხილველი ორგანოს მსჯელობას სადავო საკითხებთან მიმართებაში, არ ეთანხმება დავის განხილვის შედეგებზე გამოცემულ სამართლებრივ აქტს. უარს აცხადებს წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის შესრულებაზე და წარმოადგენს საჩივარს საბაჟო დეპარტამენტის 3.11.2023 წლის №--- საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების მოთხოვნის თაობაზე იმ ფაქტობრივ გარემოებებზე და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რასაც ემყარება მომჩივნის კანონიერი მოთხოვნა:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის საფუძველზე, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია, გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები.

პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის 3 უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლებამოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ადმინისტრაციული კანონმდებლობის იმპერატიული დანაწესი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი კუთხით დასაბუთების ვალდებულების თაობაზე ემსახურება მიღებული გადაწყვეტილების არა მომავალ დროში, არამედ საკითხის გადაწყვეტის დროისთვის დასაბუთებას.

ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში ცალსახად და არაორაზროვნად უნდა იყოს მითითებული ის კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები, რაც საფუძვლად უდევს მოთხოვნის უარყოფას და შეძლებისდაგვარად უნდა გამოირიცხოს ზოგადი ხასიათის ბუნდოვანი განმარტებები. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას.

როგორც უკვე აღინიშნა, მომჩივნის მიმართ ჩატარდა №-----/---/---- 05.01.2021, №-----/---/---- 20.11.2021, №-----/---/---- 17.08.2022 საბაჟო დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება. როგორც შემოწმების აქტშია აღნიშნული, მეწარმის მიერ უცხოელ მომწოდებელთან 01/01/2019-31/10/2022 წლებში გადარიცხულია 133 563,26 დოლარით მეტი თანხა, რაც გახდა საქონლის თვითღირებულების აფასების და მასზე დამატებული ღირებულების დარიცხვის საფუძველი.

აქტში მოყვანილი ფაქტების სწორად ფორმულირებისთვის განმარტავს, რომ მომწოდებლის შესახებ ინფორმაცია, კერძოდ „------- LTD“ წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ ექსპორტიორ საწარმოს -----ში, რომელთანაც დიდი ძალისხმევის შედეგად გახდა შესაძლებელი თანამშრომლობა. ზემოაღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში აუცილებელ პირობას წარმოადგენს და წარმოადგენდა თანხის ავანსად გადარიცხვა, ხოლო საქონელი ეტაპობრივად იქნებოდა მოწოდებული „-------- LTD“-ის მიერ, რაც ნაწილობრივ განხორციელდა 2020-2022 წლებში.

მეწარმის საქმიანობას წარმოადგენს რულონებად იმპორტირებული მოთუთიებული ფურცლებისგან ჭერის CD და UD პროფილების წარმოებას. ვინაიდან მოწოდებული საქონლის ხარისხი არ შეესაბამებოდა ხელშეკრულების პირობებს (აღმოჩნდა უფრო დაბალი ხარისხის, ვიდრე სიტყვიერი შეთანხმებით და ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული), მეწარმესა და ---- კომპანიას შორის დროებით შეჩერდა თანამშრომლობა, ვინაიდან გაუმჯობესებული ხარისხის საქონლის მოწოდება მოხდება 2024 წელს, ვინაიდან ქარხანას გაფორმებული აქვს წინასწარი შეკვეთები და შესაბამისი საქონლის მიწოდება დამკვეთებისთვის ხორციელდება ეტაპობრივად.

ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ გადამხდელს არ მიეცა თავისი პოზიციის დაცვის საშუალება, ვინაიდან შემოსავლების სამსახურმა 22.12.2023 წელს საკითხი განიხილა გადამხდელის მონაწილეობის გარეშე და მეწარმეს არ მიეცა თავისი მტკიცებულებების წარმოდგენის უფლება. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ ცალსახად და 100%-ით გადაჭრით მიიღო გადაწყვეტილება, რაც თვლის, რომ აზიანებს გადამხდელის ინტერესებს, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს უნდა განეხორციელებინა საქმის არსებითი შესწავლა გაეცა დამატებით რეკომენდაცია გადამხდელისთვის მტკიცებულებების წარმოდგენასთან დაკავშირებით, მაგალითად კანონით დადგენილი შედარების აქტი, ხელშეკრულება, საქონლის მიწოდების ეტაპები, საქონლის ხარისხის შესახებ ინფორმაცია ან შეთანხმება ხარისხის კრიტერიუმების შესახებ და ა.შ.

ამასთანავე „-------- LTD“-ს მეწარმესთან გაფორმებული აქვს შედარების აქტი 2022 წლის მდგომარეობით, რომლითაც აღიარებს არსებულ დავალიანებას 133 563,26 აშშ დოლარის ოდენობით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ არ არსებობს ზემოაღნიშნული თანხის უკვე შესრულებული შეკვეთების თვითღირებულების გაზრდის გზით დამატებული ღირებულების დარიცხვის საფუძველი.

მომჩივანი მიუთითებს ---ზე და განმარტავს, რომ დავის განმხილველ ორგანოს ყურადღების მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისათვის იგი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს განზრახ და ბრალეულად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 27.12.2023 წლის №33147 ბრძანება, საბაჟო დეპარტამენტის 3.11.2023 წლის №13686 ბრძანება და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაავალოთ მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება ძირითადი გადასახადისა და სანქციის (ჯარიმასაურავი) სახით დარიცხული თანხების შემცირებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2, მე-9 და მე-10 ნაწილების მიხედვით:

2. საბაჟო ორგანოს შეუძლია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას შეამოწმოს:

ა) საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა;

ბ) დეკლარანტის საბუღალტრო და სხვა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია შესამოწმებელ საქონელთან ან მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან ამ საქონლის გაშვებამდე ან გაშვების შემდეგ.

9. თუ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად გამოვლინდა პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების აუცილებლობა, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ.

10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება პირს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.

საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის შემდეგი საფუძველი: პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

დადგენილია, რომ დაინიშნა მომჩივნის სახელზე გაფორმებული №-----/---/---- 05.01.2021, №-----/---/---- 20.11.2021, №-----/---/----17.08.2022 საბაჟო დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება. მოცემული დეკლარაციებით მომჩივნის მიერ განხორციელდა საქონლის (მოთუთიებული ლითონის ფურცლები რულონებად, სასაქონლო კოდი ---------) იმპორტი ------ის სახალხო რესპუბლიკიდან.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 27.12.2023 წლის №33147 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო დეპარტამენტის №25979 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მომჩივნის სახელზე გაფორმებული საბაჟო დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება. მოცემული დეკლარაციებით მომჩივნის მიერ განხორციელდა საქონლის იმპორტი.

საქონლის ღირებულების, მათ შორის გადახდილი/გადასახდელი ყველა ხარჯის და შესაბამისად, საბაჟო ღირებულების სიზუსტის დადგენის მიზნით საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია მომჩივნისგან. მოწოდებული და საბაჟო დეპარტამენტში არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე გაირკვა შემდეგი:

1) მომჩივნის მიერ განცხადებით წარმოდგენილი 01/01/2019- 31/10/2022 პერიოდზე განხორციელებული გადარიცხვების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერიდან იკვეთება, რომ მოცემულ პერიოდში ტვირთის ექსპორტიორთან ეტაპობრივად გადარიცხული თანხის ოდენობა ბევრად აღემატება შესაბამის პერიოდში მომჩივნის საბაჟო დეკლარაციებში დაფიქსირებულ საქონლის საბაჟო ღირებულებას ;

2) საბაჟო დეპარტამენტში არსებული ელექტრონული ბაზის ინფორმაციის ანალიზისას გამოიკვეთა, რომ დეკლარაციების შესაბამის პერიოდებში გაფორმებული მსგავსი საქონლის ერთეულის ფასი გაცილებით მაღალია. ამასთან, საბაჟო დეპარტამენტში არსებული ელექტრონული ბაზების მიხედვით გადამხდელს 29.08.2022 წლის შემდგომ პერიოდში საბაჟო ოპერაციები არ უფიქსირდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის მიერ იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრა საბაჟო კოდექსის მე-40 მუხლის შესაბამისად.

ამასთან,20.10.2023 წელს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების შუალედური აქტის მიხედვით მომჩივნის შემოწმების შედეგად საბაჟო დეკლარაციებზე დამატებით გადასახდელად პირს დაერიცხა იმპორტის გადასახდელი.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №33147 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 272;

ასევე საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 13; 27(1 „თ“); 30(2, 9 ,10); 37(2); 40; 64 (2 „დ“);