გადაწყვეტილება №24005/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24005/2/2024
05 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.11.2024 და 28.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 26.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24005/2/2024).
დავის საგანი:
მცირე მეწარმის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირთან არსებული ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად დაკვალიფიცირება და ამ ფიზიკურ პირზე საბანკო გადარიცხვით გაცემული ფულადი სახსრების ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 9.07.2024 წლის №006-360 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 6.09.2024 წლის №19886 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 210 319,38 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 126 939
დღგ - 4 036
მოგების გადასახადი - 10 027
საშემოსავლო გადასახადი - 112 660
ქონების გადასახადი - 216
ჯარიმა - 61 802
საურავი - 21 578,38
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობაა სპეც. ტანსაცმლის, უნიფორმებისა და აქსესუარების შეკერვა და მიწოდება ს/ს იურიდიულ პირებზე ტენდერის ფარგლებში.
აუდიტის დეპარტამენტის 12.04.2024 წლის №8322 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.03.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 28.06.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა რომ:
კომპანიის საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მცირე მეწარმის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირზე, ------- (პ/ნ -------), ბანკის მეშვეობით გადარიცხული ჰქონდა მომსახურების ანაზღაურება, 73 648 ლარის ოდენობით. აღნიშნული ფიზიკური პირი ამავდროულად იყო საწარმოს დაქირავებული თანამშრომელი - ბუღალტერი და იღებდა ხელფასის სახით ანაზღაურებას. გადასახადის გადამხდელმა არ წარადგინა ხელშეკრულება თუ რა სახის მომსახურებისთვის მიიღო ფიზიკურმა პირმა აღნიშნული თანხა. სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად ფიზიკურმა პირმა განმარტა, რომ პერიოდულად უწევდა საკონსულტაციო მომსახურებას საწარმოს (მეწარმე ფიზიკურ პირს მცირე ბიზნესის სტატუსი არ მიენიჭება, თუ იგი ახორციელებს მცირე ბიზნესისათვის აკრძალულ საქმიანობას. ასეთი საქმიანობა არის სააუდიტო, საკონსულტაციო საქმიანობა).
საგადასახადო ორგანომ აღნიშნული ურთიერთობა დააკვალიფიცირა დაქირავებით მუშაობად, ხოლო მცირე მეწარმის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირზე, -------, საბანკო გადარიცხვით გაცემული ფულადი სახსრები ჩაითვალა ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 8.07.2024 წლის №16123 ბრძანება და 9.07.2024 წლის №006- 360 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 5.08.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 6.09.2024 წლის №19886 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან (საწარმოს მიერ სხვადასხვა ობიექტში გადარიცხული თანხების და საწარმოს მიერ შეძენილი დიზელის საწვავის არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევასთან) დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 6.09.2024 წლის №19886 ბრძანება არ დაკმაყოფილებულ ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 88-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილების პირველ მუხლზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 81-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საბანკო გადარიცხვით მცირე მეწარმის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირზე გადარიცხული ჰქონდა მომსახურების ანაზღაურება, 73 648 ლარის ოდენობით. აღნიშნული ფიზიკური პირი ამავდროულად იყო საწარმოს დაქირავებული თანამშრომელი (ბუღალტერი) და იღებდა ხელფასის სახით ანაზღაურებას. გადამხდელმა არ წარადგინა ხელშეკრულება თუ რა სახის მომსახურებისთვის მიიღო აღნიშნული თანხა. სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად, ფიზიკურმა პირმა განმარტა, რომ პერიოდულად საწარმოს უწევდა საკონსულტაციო მომსახურებას (საკონსულტაციო მომსახურება წარმოადგენს აკრძალულ საქმიანობას, რომლის განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება). შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილით და აღნიშნული ურთიერთობა დააკვალიფიცირა დაქირავებულ შრომად, ხოლო მცირე მეწარმის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირზე საბანკო გადარიცხვით გაცემული ფულადი სახსრები ჩაითვალა ხელფასად და დაბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
უნიფორმების და სპეცტანსაცმლის წარმოება ხორციელდება შეკვეთის და ხელშეკრულების შემდგომ, შეკვეთების მიღება ხორციელდება, როგორც სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის გზით ასევე, კერძო კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებით, რეალიზაცია სრულად არის დოკუმენტური.
კომპანია ნედლეულს იძენს, როგორც ადგილობრივ ბაზარზე ასევე, იმპორტის გზით საზღვარგარეთიდან, კერძოდ თურქეთიდან და ჩინეთიდან, თუმცა კომპანიას არ გააჩნია კადრი ვინც მოიძიებს, შეამოწმებს და მოახდენს საჭირო ნედლეულის იმპორტის უზრუნველყოფას. აღნიშნულ მომსახურებას, ასევე პერიოდულად სატრანსპორტო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან საშუამავლო მომსახურებას უწევს ინდ. მეწარმე -------, რომელიც მომსახურებას ეწევა მცირე მეწარმის სტატუსის ფარგლებში.
საყურადღებოა, რომ არცერთი აღნიშნული მომსახურება არ არის აკრძალული „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილების პირველი მუხლით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე. აღნიშნული მუხლის საფუძველზე კომპანიასა და ინდ. მეწარმე ------- შორის არსებული გადარიცხვები დაკვალიფიცირდა მიღებულ ხელფასად და განხილულ იქნა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ გადახდებად. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ამყარებენ თითქოს სატელეფონო საუბრისას მიღებული ინფორმაციით, რომ კომპანია იღებდა საკონსულტაციო მომსახურებას (რომელიც აკრძალულია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილების შესაბამისად).
საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო აქტში უნდა მიეთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, მტკიცებულება და არგუმენტი, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას. თუ შემოწმება ექსპერტის დასკვნას დაეყრდნო, აქტში მიეთითება ამ დასკვნის შინაარსი. თუმცა არც აქტში და შემდგომ არც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში არ არის დასაბუთებული ვალდებულების განსაზღვრის საფუძვლები და შემოწმების დროს გამოვლენილი კანონდარღვევა. აუდიტორი, ასევე ყურადღებას ამახვილებს, რომ აღნიშნული ფიზიკური პირი ამავდროულად არის საწარმოს დაქირავებული თანამშრომელი (ბუღალტერი), რომლის მიღებული ხელფასი დაბეგრილია გადახდის წყაროსთან და დეკლარირებულია შესაბამისად. აღნიშნული კიდევ უფრო ამყარებს მოსაზრებას, რომ როგორც ინდ. მეწარმემ ასევე, კომპანიამ იცოდა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილების შესაბამისად აკრძალული საქმიანობის შესახებ და საკონსულტაციო მომსახურებას ვერ გაუწევდა.
ითხოვს ზემოთ მოცემული საკითხის ნაწილში დაკორექტირდეს საგადასახადო მოთხოვნა, შემცირდეს გადასახადები და შესაბამისი ჯარიმა. ასევე, ითხოვს დარიცხული გადასახადის სრულად გადახდის შემთხვევაში მოეხსნას დამატებით დარიცხული ჯარიმა და საურავი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, აკრძალოს ცალკეული საქმიანობის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მცირე ბიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებულია „აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება მეწარმე ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება“ (დანართი №4), რომლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით:
1. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
2. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საჩივარში მითითებულია, რომ კომპანია ნედლეულს იძენს, როგორც ადგილობრივ ბაზარზე ასევე, იმპორტის გზით საზღვარგარეთიდან, თუმცა კომპანიას არ გააჩნია კადრი, ვინც მოიძიებს, შეამოწმებს და მოახდენს საჭირო ნედლეულის იმპორტის უზრუნველყოფას. აღნიშნულ საშუამავლო მომსახურებას, პერიოდულად, სატრანსპორტო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან უწევს ინდ. მეწარმე -------, რომელიც მომსახურებას ეწევა მცირე მეწარმის სტატუსის ფარგლებში. არც შემოწმების აქტში და არც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში არ არის დასაბუთებული ვალდებულების განსაზღვრის საფუძვლები და შემოწმების დროს გამოვლენილი კანონდარღვევა.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა, ------- განმარტა, რომ წარმოადგენს, როგორც კომპანიაში დასაქმებულ პირს, ასევე შესაბამისი კვალიფიკაციის და ცოდნის ფარგლებში სხვადასხვა ორგანიზაციებს უწევს მომსახურებას, რაც წარმოადგენს მცირე მეწარმის სტატუსის ფარგლებში განხორციელებულ მომსახურებას და რაც იბეგრება 1 პროცენტით. რაც შეეხება, მომსახურებას, იგი სხვადასხვა კომპანიებს, მათ შორის მომჩივანსაც უწევს საშუამავლო მომსახურებას, რაშიც იგულისხმება, რომ როგორც ფიზიკური პირი, -------, ბიზნესის სხვადასხვა ობიექტებს, მისი კონტაქტების საშუალებით, აკავშირებს ერთმანეთთან და უწევს მოლაპარაკებებს ორგანიზებას. კომპანია მონაწილეობას იღებს ტენდერებში, სადაც წარადგენს დოკუმენტებს, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო მოთხოვნას, მაგალითად: ქსოვილების შეძენა, ექსპერტიზა, ნიმუშების წარდგენა ანუ ბიზნესს უწევს მხარდაჭერას ასეთ საკითხებში და აორგანიზებს ტენდერის ფარგლებში ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას. აღსანიშნია, რომ შემოწმების აქტში არასწორად არის დაფიქსირებული სატელეფონო საუბრისას მისი განმარტება, რაც შესაძლოა გამოწვეულია ხარვეზით, რადგან შეზღუდვები რაც დაწესებულია მცირე მეწარმის საქმიანობაში მისთვის ცნობილია და აუდიტორს სატელეფონო საუბრისას ხაზგასმით განუმარტა, რომ მისი საქმიანობა შემოიფარგლება შუამავლობით, რასაც ახორციელებს კომპანიასთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე. რაც შეეხება, მიღებულ ანაზღაურებას, განმარტა, რომ სიტყვიერი და შემდგომ ინვოისით გამოხატული ურთიერთობა აქვს კომპანიასთან, რომ კონკრეტული პროექტის ფარგლებში უნდა მიეღო შეძენასა და რეალიზაციას შორის სხვაობის და გადასახადების გადახდის შემდგომ დარჩენილი თანხის 30%. ამასთან, თითოეულ გადარიცხვაში დანიშნულება მითითებულია - საშუამავლო მომსახურება.
მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის მიერ საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას განმარტებით და მომჩივნის არგუმენტზე 19.11.2024 წლის №108276-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, ფ/პ ------- განმარტებით იგი დასაქმებულია საწარმოში ბუღალტრად. შემოწმების მიმდინარეობისას იყო საწარმოს მხრიდან საკონტაქტო პირი. შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ ზემოაღნიშნულ ფიზიკურ პირზე საბანკო გადარიცხვით, 2022 წლის აგვისტოს თვიდან 2024 წლის თებერვლის თვის ჩათვლით, გაცემულია ხელფასი 6 890 ლარის (დარიცხული 8 613 ლარის) ოდენობით, რაც არ იყო დეკლარირებული გადასახადის გადამხდელის მიერ. რაც შეეხება, მცირე მეწარმის სტატუსის მქონე ფ/პ ------- (რეგისტრირებულია მცირე მეწარმედ 1.09.2022 წლიდან) მიღებული აქვს შემოსავალი მომსახურების ანაზღაურების სახით, 1.09.2022 წლიდან 1.03.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდში, 73 648 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი ახსნა-განმარტება, ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა რაიმე დოკუმენტი, თუ რა სახის მომსახურება გაუწია აღნიშნულმა ფიზიკურმა პირმა საწარმოს. შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს 13.06.2024 წელს ელექტრონულად მეილზე (-------) შესავსებად გაეგზავნა ცხრილის სახით „მცირე მეწარმის რეესტრი“, სადაც უნდა მიეთითებინა შპს „-------“ მომსახურების გაწევის პერიოდი (დაწყება, დასასრული), შესრულებული სამუშაოს შინაარსი, მოცულობა, ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც იყო ეს ხარჯი გაწეული. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული ინფორმაცია არ წარუდგენია. შესაბამისად, უცნობია მიღებული თანხის მიზნობრიობა. რაც შეეხება, ------- გაცემულ მცირე ბიზნესის სტატუსის სერტიფიკატს, მასში მითითებულია ტურისტული საქმიანობა და სატრანსპორტო მომსახურების გაწევა. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნული პირის საკუთრებაში არსებული (FORD-ის მარკის) სატრანსპორტო საშუალება მითითებულია სამ სასაქონლო ზედნადებში (მომჩივანი არ დაეთანხმა აღნიშნულ განმარტებას და აღნიშნა, რომ მისი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებით მომსახურების გაწევაზე, შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილია 41 სასაქონლო ზედნადები).
ამდენად, დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საბანკო გადარიცხვით მცირე მეწარმის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირზე გადარიცხული ჰქონდა 73 648 ლარი. აღნიშნული ფიზიკური პირი ამავდროულად იყო საწარმოს დაქირავებული თანამშრომელი (ბუღალტერი) და იღებდა ხელფასის სახით ანაზღაურებას. გადასახადის გადამხდელმა არ წარადგინა ხელშეკრულება თუ რა სახის მომსახურებისთვის მიიღო აღნიშნული თანხა ფიზიკურმა პირმა. სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად, ფიზიკურმა პირმა განმარტა, რომ პერიოდულად საწარმოს უწევდა საკონსულტაციო მომსახურებას, რომელიც წარმოადგენს აკრძალულ საქმიანობას და რომლის განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის მითითებას, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. მომჩივანს არც დავის ამ ეტაპზე აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ზემოთ აღნიშნული ურთიერთობის დაკვალიფიცირება დაქირავებით მუშაობად, ხოლო, მცირე მეწარმის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირზე საბანკო გადარიცხვით გაცემული ფულადი თანხის განხილვა ხელფასად მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მცირე მეწარმის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირთან არსებული ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად დაკვალიფიცირება და ამ ფიზიკურ პირზე საბანკო გადარიცხვით გაცემული ფულადი სახსრების ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა სპეც. ტანსაცმლის, უნიფორმებისა და აქსესუარების შეკერვა და მიწოდება ს/ს იურიდიულ პირებზე ტენდერის ფარგლებში.
აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 28.06.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა რომ:
კომპანიის საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მცირე მეწარმის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირზე, ბანკის მეშვეობით გადარიცხული ჰქონდა მომსახურების ანაზღაურება. აღნიშნული ფიზიკური პირი ამავდროულად იყო საწარმოს დაქირავებული თანამშრომელი - ბუღალტერი და იღებდა ხელფასის სახით ანაზღაურებას. გადასახადის გადამხდელმა არ წარადგინა ხელშეკრულება თუ რა სახის მომსახურებისთვის მიიღო ფიზიკურმა პირმა აღნიშნული თანხა. საგადასახადო ორგანომ აღნიშნული ურთიერთობა დააკვალიფიცირა დაქირავებით მუშაობად, ხოლო მცირე მეწარმის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირზე, გივი ხაბეიშვილზე, საბანკო გადარიცხვით გაცემული ფულადი სახსრები ჩაითვალა ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ ზემოთ აღნიშნული ურთიერთობის დაკვალიფიცირება დაქირავებით მუშაობად, ხოლო, მცირე მეწარმის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირზე საბანკო გადარიცხვით გაცემული ფულადი თანხის განხილვა ხელფასად მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154