ბრძანება N 2065

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 06.02.2024
№ დოკუმენტი 2065
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2065

06 თებერვალი 2024

ბრძანება

შპს „----- -ს “ (ს/ნ "------")

(ფაქტ. მის.: "------")

2024 წლის 3 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 იანვრის სხდომაზე (ოქმი №7) განიხილა შპს „------ -ს “ (ს/ნ "------") 2024 წლის 3 იანვრის №86452/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №007-422 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. გადამხდელი ითხოვს პირუტყვის შეძენიდან ექსპორტამდე პერიოდში გამოკვების მიზნით გაწეული დანახარჯების გათვალისწინებას, მათ შორის არაპირდაპირი მეთოდით.

3. მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოწმების ჩატარებისას დაშვებულია ტექნიკური შეცდომები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 მარტის №4384 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------ -ს“ (ს/ნ "------") საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „------ -ს “ (ს/ნ "------") საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ხარჯების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს დოკუმენტში დაფიქსირებული შესყიდვის მინიმალური ფასის გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

გ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარუდგენლობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს არაპირდაპირი მეთოდით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს შემოწმებისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, ტექნიკური უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტმა უზრუნველყოს დაშვებული შეცდომების გასწორება და საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

5. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 მარტის №4384 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 26 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, დამატებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 27 დეკემბრის №007-422 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

1. გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით და ახსნა-განმარტების მიხედვით, გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მსხვილფეხა რქოსანი საქონლით, წვრილფეხა რქოსანი საქონლით და ღორით ვაჭრობა, კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში კომპანია ადგილობრივი ფერმერებისაგან ყიდულობს საქონელს, რომლის რეალიზაციას ახორციელებს სრულად ექსპორტზე გატანის გზით აზერბაიჯანსა და სომხეთში. შეძენებს ძირითადად ახორციელებს შემგროვებლების მეშვეობით (რომლებიც თავისი განმარტებით არიან ორგანიზაციის დაქირავებული თანამშრომლები), რაზეც ახდენს საერთო შესყიდვის აქტით შეძენილი ცოცხალი საქონლის აღრიცხვას, ვერ ხდება მეორე მხარის იდენტიფიცირება და საქონლის შეძენის რეალური ფასების/რაოდენობების დადგენა. შესაბამისად, შესყიდვის აქტები ვერ ჩაითვლება პირველად დოკუმენტებად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის შესაბამისად. შედეგად, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი გამოთვლების ცხრილებით არ დასტურდება რაიმე დამატებით დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, ამასთანავე დავების შემდგომ გადამხდელის წარმოდგენილ დოკუმენტებში არ იკვეთება ინფორმაცია, რომელიც არ იყო შემოწმების პერიოდში ცნობილი და შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაკორექტირდა.

2. გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზი. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი გამოთვლების ცხრილებით არ დასტურდება რაიმე დამატებით დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. ამასთანავე, წარმოდგენილ დოკუმენტებში არ იკვეთება ინფორმაცია, რომელიც არ იყო შემოწმების პერიოდში ცნობილი და შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაკორექტირდა.

3. გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზი. შემოწმების მიერ ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები გაანგარიშებულია საბაჟო დეკლარაციების რეგისტრაციის თარიღისათვის არსებული ეროვნული ბანკის კურსით და რაიმე ტექნიკურ უზუსტობას ადგილი არ ჰქონია, ამასთანავე, წარმოდგენილ დოკუმენტებში არ იკვეთება ინფორმაცია, რომელიც არ იყო შემოწმების პერიოდში ცნობილი და შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაკორექტირდა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ შესყიდვის მინიმალური ფასების გათვალისწინებით არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულების სწორად განსაზღვრა სრულად შემმოწმებლის პასუხისმგებლობას წარმოადგენდა. ამ პირობებში შემმოწმებელი მიუთითებს, რომ „გადამხდელის წარმოდგენილ დოკუმენტებში არ იკვეთება ინფორმაცია, რომელიც არ იყო შემოწმების პერიოდში ცნობილი და შეცვლიდა შემოწმების გარემოებას“, თითქოს გადაანგარიშება დამოკიდებული იყო გადაანგარიშებისას გადამხდელის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაზე, თუმცა გადაანგარიშება უნდა განხორციელებულიყო არაპირდაპირი მეთოდით, არსებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, სხვა დასაბუთებული და სამართლიანი მიდგომით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს საჩივარზე თანდართული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, მათ შორის საქონლის შესყიდვასთან დაკავშირებით ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტები და სასაქონლო ზედნადებები, ხოლო მომჩივნის მიერ საკითხის ზეპირი განხილვისას განმარტებულ იქნა, რომ შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა დამატებით გარკვეული რაოდენობის ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტაცია პირუტყვის შესყიდვის აქტებში მითითებული რაოდენობებითა და ფასებით, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია პირუტყვის შესყიდვის მინიმალური ფასის დადგენა. შედეგად, გადამხდელი ითხოს შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 მარტის №4384 ბრძანება, შემოწმების მიერ არ არის სრულყოფილად შესწავლილი/გამოკვლეული საქმისთვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები. ამდენად, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ხარჯების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს დოკუმენტში დაფიქსირებული შესყიდვის მინიმალური ფასის გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ მოიპოვა პირუტყვის კვების ნორმები და ამ ნორმების საფუძველზე პირუტყვის ექსპორტის მოცულობების, საკარანტინო ვადებისა და მინიმალური მონაცემების გათვალისწინებით შეადგინა შესაბამისი ხარჯების გაანგარიშების ცხრილი, რომელიც გადასამოწმებლად შემმოწმებელს წარუდგინა, თუმცა არ მოხდა მისი გათვალისწინება.

გადამხდელი ასევე მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით, თუ გადამხდელის მიერ ვერ იქნებოდა წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრისას შემოწმებას უნდა ეხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 მარტის №4384 ბრძანება, ამდენად, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს არაპირდაპირი მეთოდით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. ამავე კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე, რომ მის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების საბაჟო დეკლარაციების მიხედვით გაანგარიშების ცხრილი, რომელშიც მითითებული იყო ტექნიკური უზუსტობები როგორც გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ, ისე მის საწინააღმდეგოდ. კერძოდ, შემმოწმებელს ექსპორტიდან მისაღები შემოსავლები დაფიქსირებული აქვს 20 285 082,21 ლარი, როდესაც მოცემული მაჩვენებელი რეალურად არის 20 283 133,21 ლარი (სხვაობა 1 949 ლარი).

საქმეში არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 მარტის №4384 ბრძანება, ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს შემოწმებისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, ტექნიკური უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტმა უზრუნველყოს დაშვებული შეცდომების გასწორება და საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ხარჯების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს დოკუმენტში დაფიქსირებული შესყიდვის მინიმალური ფასის გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს არაპირდაპირი მეთოდით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს შემოწმებისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, ტექნიკური უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტმა უზრუნველყოს დაშვებული შეცდომების გასწორება და საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. გადამხდელი ითხოვს პირუტყვის შეძენიდან ექსპორტამდე პერიოდში გამოკვების მიზნით გაწეული დანახარჯების გათვალისწინებას.

3. მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოწმების ჩატარებისას დაშვებულია ტექნიკური შეცდომები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით და ახსნა-განმარტების მიხედვით, გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მსხვილფეხა რქოსანი საქონლით, წვრილფეხა რქოსანი საქონლით და ღორით ვაჭრობა, კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში კომპანია ადგილობრივი ფერმერებისაგან ყიდულობს საქონელს, რომლის რეალიზაციას ახორციელებს სრულად ექსპორტზე გატანის გზით.

შედეგად, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი გამოთვლების ცხრილებით არ დასტურდება რაიმე დამატებით დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, ამასთანავე დავების შემდგომ გადამხდელის წარმოდგენილ დოკუმენტებში არ იკვეთება ინფორმაცია, რომელიც არ იყო შემოწმების პერიოდში ცნობილი და შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებას. შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაკორექტირდა.

2. გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზი. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი გამოთვლების ცხრილებით არ დასტურდება რაიმე დამატებით დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. ამასთანავე, წარმოდგენილ დოკუმენტებში არ იკვეთება ინფორმაცია, რომელიც არ იყო შემოწმების პერიოდში ცნობილი და შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაკორექტირდა.

3.შემოწმების მიერ ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები გაანგარიშებულია საბაჟო დეკლარაციების რეგისტრაციის თარიღისათვის არსებული ეროვნული ბანკის კურსით და რაიმე ტექნიკურ უზუსტობას ადგილი არ ჰქონია, ამასთანავე, წარმოდგენილ დოკუმენტებში არ იკვეთება ინფორმაცია, რომელიც არ იყო შემოწმების პერიოდში ცნობილი და შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებას.შესაბამისად,შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაკორექტირდა.

 

გადაწყვეტილება

1.პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადამხდელის მონაწილეობით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ხარჯების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს დოკუმენტში დაფიქსირებული შესყიდვის მინიმალური ფასის გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება.

2.მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს არაპირდაპირი მეთოდით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება.

3.შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 მარტის №4384 ბრძანება, ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს შემოწმებისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი. ტექნიკური უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტმა უზრუნველყოს დაშვებული შეცდომების გასწორება და საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5,9),101,105.