გადაწყვეტილება №23826/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23826/2/2024
08 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------ი“ (ს/ნ -----------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------ის“ 30.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23826/2/2024).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და ფასნამატით;
2. საგადასახდო მოთხოვნაში ასახული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2024 წლის №007-172 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 9.08.2024 წლის №18483 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 23 599,23 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 14 595
ჯარიმა - 3 869
საურავი - 5 135,23
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობის საგანს წარმოადგენს მეორადი საბურავების იმპორტი და რეალიზაცია. კომპანია საქმიანობს იჯარით აღებულ ფართში ქ. თბილისში ------ი №--ში.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 21 მაისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები.შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 28 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 5 ივლისს გამოსცა №15912 ბრძანება და ამავე თარიღის №007-172 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 9.08.2024 წლის №18483 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და ფასნამატით
ფაქტების აღწერა
მეორადი საბურავების იმპორტი ხდება ------დან. გადასახადის გადამხდელს აღრიცხვა ნაწარმოები აქვს ჯამურად წლის ჭრილში, კერძოდ მის მიერ მოწოდებულ იქნა აქტივების, ვალდებულებებისა და კაპიტალის ნაშთები, მ.შ. ფულის, საქონლის, დებიტორ/კრედიტორების, აღებული სესხების და ა.შ. შესაბამისად არ ხდება კონტროლი საქონლის მოძრაობაზე, ვერ იდენტიფიცირდება თითოეული რეალიზებული პროდუქტის ოდენობა და თვითღირებულება. კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 731 551 ლარს, რაც დაფიქსირებულია ბანკში ჩარიცხული და სალაროში ამობეჭდილი თანხებით. ამავე პერიოდში გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები შეადგენს 6%-ს. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მაისის №11544 ბრძანებით ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.
საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ მის ხელთ არსებული მონაცემებით ვერ დგინდებოდა დაბეგვრის ობიექტი. შედეგად, შემოსავლების დაანგარიშება მოხდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, საბაჟო დეკლარაციების, ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი საბოლოო ნაშთის შეპირისპირებით დაანგარიშდა არადოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი, რაც შეესაბამება დოკუმენტურ ფასნამატს 77%-ს. შესაბამისად, 2021-2024 წლების პერიოდში საწარმოს შემოსავალი გაიზარდა 81 142 ლარით. მიღებული შემოსავალი გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ამასთან, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება ფულადი თანხების განკარგვაზე. საწარმოს დამფუძნებლისგან ჰქონდა აღებული სესხი. გადამხდელის განმარტებით, არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავლის შესაბამისად განსაზღვრული განკარგვადი თანხით შემცირდა დამფუძნებლისგან აღებული სესხი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე" ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა" ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებულ მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წუნდებულ/დეფექტურ საქონელთან მიმართებით, იხელმძღვანელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ საგადასახადო მონიტორინგის/აუდიტის დეპარტამენტების მიერ დადგენილი მონაცემით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
მეორადი საბურავების ბიზნესის ყველა თავისებურებების, სპეციფიკისა და ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, ასევე გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში არის საბურავების უტილიზაციის გლობალური პრობლემა და წუნდებული მარაგების ჩამოწერა პრობლემატურია, წუნდებული და დეფექტური საქონლისგან ტერიტორიის გათავისუფლების მიზნით, კომპანია მინიმალურ, ხშირ შემთხვევაში თვითღირებულებაზე დაბალ ფასადაც კი ყიდის გამოუსადეგარ საქონელს, რის შესახებაც შემმოწმებელს თავის დროზე მიეწოდა შესაბამისი განმარტება.
შესამოწმებელი პერიოდი დაემთხვა პანდემიის პერიოდს, აღნიშნულმა ისედაც დიდი ზარალი მიაყენა კომპანიას. კერძოდ, პანდემიის პერიოდში მკვეთრად შემცირდა მეორადი საბურავების რეალიზაცია, საბურავების გარკვეულ ნაწილზე გავიდა მათი გამოყენების ვადა, რამაც გამოუსადეგარი გახადა საბურავები და მოუწია თვითღირებულებაზე გაცილებით დაბალ ფასად მისი რეალიზაცია, მითუმეტეს, რომ საწყობის ტერიტორიაც უნდა გაეთავისუფლებინა ასეთი საბურავებისგან. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისას საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას არ ყოფილა ზემოთ მითითებული გარემოებები გათვალისწინებული, რამაც არარეალურად გაზარდა მათი საგადასახადო ტვირთი. სამართლიანად მიაჩნია ზემოაღნიშნულ არგუმენტებზე დაყრდნობით შემოწმებით დარიცხული თანხების შემცირება, ხოლო დარჩენილ ნაწილზე ითხოვს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269.7 მუხლის საფუძველზე დარიცხული ჯარიმისგან და საურავისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებაში ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის პოზიციაზე, რომ არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემმოწმებლის მიერ გამოყენებული ფასნამატით გაზრდილი იქნა სარეალიზაციო ფასი. იგივე ფასნამატი გავრცელდა ასევე წუნდებულ საბურავებზეც. დეფექტური საბურავების რაოდენობის ხვედრითი წილი საშუალოდ შეადგენს 6-9 პროცენტს, რაც არ იქნა შემოწმების მიერ გათვალისწინებული. აცხადებს, რომ ქვეყანაში არის საბურავების უტილიზაციის გლობალური პრობლემა და წუნდებული მარაგების ჩამოწერა პრობლემატურია, ასეთი საქონლისგან ტერიტორიის გათავისუფლების მიზნით, კომპანია მინიმალურ ფასად ყიდის გამოუსადეგარ საქონელს, რის შესახებაც შემმოწმებელს თავის დროზე მიეწოდა შესაბამისი განმარტება. ინვენტარიზაცია განხორციელდა ფაქტობრივი ნაშთით და შემმოწმებლის მიერ დეფექტური საბურავების რაოდენობაზეც გავრცელდა არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილი სარეალიზაციო ფასი. აცხადებს, რომ ფასნამატი არ უნდა გავრცელდეს წუნდებულ/დეფექტურ საქონელთან მიმართებით. ითხოვს წუნდებულ/დეფექტურ საბურავებზე ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგენილი მონაცემით ხელმძღვანელობას და შემოწმებით დარიცხული თანხების შემცირებას.
მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, შემოსავლების გასაჩივრებული ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წუნდებულ/დეფექტურ საქონელთან მიმართებით, იხელმძღვანელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ საგადასახადო მონიტორინგის/აუდიტის დეპარტამენტების მიერ დადგენილი მონაცემით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 9.08.2024 წლის №18483 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
2. საგადასახდო მოთხოვნაში ასახული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივლისის №007-172 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა - 3 869 ლარის ოდენობით და დაერიცხა საურავი - 5 135,23 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურმა, საგადასახადო კოდექსის 269.7 მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ პირი მხოლოდ მაშინ მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება და მიუთითა, რომ საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია. საგადასახადო კოდექსის 269.7 მუხლის შემოსავლების სამსახურისეული განმარტება პრაქტიკულად გამორიცხავს ნებისმიერი ბიზნესსუბიექტის მიმართ აღნიშნული მუხლის გამოყენებას. თურმე, ჯარიმისგან გათავისუფლების მთავარი პირობა ყოფილა, რომ პირმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კანონმდებლობის ნებისმიერი აქტი გამოქვეყნებულია და ასევე არსებობს კანონის ცოდნის პრეზუმფცია, რაც გამორიცხავს იმას, რომ პირს არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა სამართალდარღვევას. შემოსავლების სამსახურმა მიუთითა, რომ „განსახილველ შემთხვევაში მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.“
მიაჩნია, რომ დავის განმხილველ ორგანოს არასაკმარისი ინფორმაცია ჰქონდა პანდემიის შედეგად ამ კონკრეტულ ბიზნესში არსებული ფორსმაჟორულ სიტუაციაზე, რამაც შესაბამის პერიოდში კომპანიის საქმიანობაზე უარყოფითად იმოქმედა, რადგან შეაფერხა რეალიზაცია და საბურავების გარკვეული ნაწილი გაცდა სარეალიზაციო წლოვანების ზღვარს. სწორედ აღნიშნულმა გამოიწვია თვითღირებულებაზე დაბალ ფასად საბურავების რეალიზაცია. მუდმივად ხომ ვერ დატოვებდა ასეთ საბურავებს საწყობის ტერიტორიაზე, იმ პირობებში, როცა ქვეყანაში საბურავების უტილიზაციის გლობალური პრობლემა იყო, ხოლო წუნდებული მარაგების ჩამოწერა - პრობლემატური.
შემოსავლების სამსახურმა საჩივარი განიხილა გადამხდელის მონაწილეობის გარეშე. მისი მონაწილეობით განხილვის შემთხვევაში კითხვა-პასუხის რეჟიმში მაინც მოხდებოდა იმ ფაქტების დაზუსტება, რაც შემოსავლების სამსახურმა დაუსაბუთებლად მიიჩნია. კომპანიას მიაჩნია, რომ სწორედ ეს, ასეთი და მსგავსი გარემოებებია განმსაზღვრელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენებისას კეთილსინდისიერი გადამხდელის სანქციებისგან გათავისუფლებისთვის. მხოლოდ გადამხდელის დასჯა არ უნდა იყოს შემოსავლების სამსახურის მიზანი, რადგან ის უნდა იყოს მოწოდებული ხელი შეუწყოს ქართულ ბიზნესს არსებობაში და საქმიანობის სწორად განხორციელებაში. ჯარიმისგან და საურავისგან გათავისუფლების გარეშე კომპანიას გაუჭირდება არსებობა და გადასახადის სახით დარიცხული თანხის იმ ნაწილის გადახდაც, რაც გადაანგარიშების შედეგად იქნება გადასახდელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს, ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 9 აგვისტოს №18483 ბრძანება რა ნაწილშიც უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გაგვათავისუფლოთ 2024 წლის 5 ივლისის №007-172 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული ჯარიმისგან და საურავისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და ფასნამატით;
2. საგადასახდო მოთხოვნაში ასახული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 21 მაისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები.შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა №15912 ბრძანება და №007-172 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №18483 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
ამასთან,საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“); 159(1 „ა“ და „ბ“); 269(7);