ბრძანება N 12561
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 12561
17 ივნისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------------ის“ (ს/ნ -----------------)
(მის.: ---------------------------------------)
2025 წლის 13 მაისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 5 ივნისის სხდომაზე (ოქმი №46) განიხილა შპს „-------------ის“ (ს/ნ -----------------) 2025 წლის 13 მაისის №--------/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 აპრილის №063-11 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ შემოწმების აქტში დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოებები და მათზე დაფუძნებული დასკვნები სრულად არ შეესაბამება კომპანიის სამეურნეო საქმიანობის რეალურ სურათს, თანდართული დოკუმენტაციის გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ დარიცხული თანხები როგორც ძირითადი გადასახადის, ისე ჯარიმის ნაწილში არის უსაფუძვლო და უკანონო, დარიცხვები არ ეფუძნება კომპანიის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელებულ რეალურ სამეურნეო ოპერაციებსა და მათ დეკლარირებულ მონაცემებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 29 ნოემბრის №25128 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------------ის“ (ს/ნ -----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 7 აპრილს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 14 აპრილის №7008 ბრძანება და ამავე თარიღის №063-11 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 895 735 ლარი, მათ შორის გადასახადი 566 139 ლარი, ჯარიმა 279 870 ლარი და საურავი 49 726 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით: გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობს შემოწმებასთან, შესაბამისად, არ წარმოუდგენია ცნობები დებიტორ-კრედიტორების შესახებ და ინფორმაცია ფულადი ნაკადების მოძრაობის შესახებ. ასევე დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები, რომლითაც გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. შემოწმებამ იხელმძღვანება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე და 73-ე მუხლებით. ფულადი ნაკადების მოძრაობისთვის, ამავე შემოწმების აქტის პირველ და მე-2 საკითხში დადგენილი შემოსავლები, კერძოდ, ექსპორტის სახით და ავტომობილის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები ჩაითვალა საწარმოს მიერ სრულად მიღებულად. ხარჯში გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები, სხვა ხარჯი, ხოლო სასაქონლო-მატერიალური მარაგების შეძენის ნაწილში გათვალისწინებულ იქნა შემოსავლების სამსახურის სიტუაციური სახელმძღვანელო N0256. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, სალაროს ნაშთის შესაბამისი თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარუდგენია ცნობები დებიტორ-კრედიტორების შესახებ და ინფორმაცია ფულადი ნაკადების მოძრაობის შესახებ. შესაბამისად, ფულადი ნაკადების მოძრაობისას, დადგენილი შემოსავლები, კერძოდ, ექსპორტის სახით და ავტომობილის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები ჩაითვალა საწარმოს მიერ სრულად მიღებულად. ხარჯში გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები, სხვა ხარჯი, ხოლო სასაქონლო-მატერიალური მარაგების შეძენის ნაწილში გათვალისწინებულ იქნა შემოსავლების სამსახურის სიტუაციური სახელმძღვანელო N0256. აღნიშნულის გათვალისწინებით, სალაროს ნაშთის შესაბამისი თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ პოზიციაზე, რომლითაც არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილი განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და აღნიშნავს, რომ კამერალური საგადასახადო შემოწმების პროცესში საწარმომ სრულად ვერ ითანამშრომლა საგადასახადო ორგანოსთან და ვერ უზრუნველყო ყველა საჭირო დოკუმენტაციის დროულად წარდგენა, ვინაიდან კომპანიის დოკუმენტაციაზე პასუხისმგებელი პირი არ იმყოფებოდა საქართველოში. გადამხდელს მიაჩნია, რომ აღნიშნული მიზეზით, საგადასახადო ორგანომ ვერ შეძლო საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და, შესაბამისად, შემოწმების აქტში ასახული დასკვნები ეფუძნება არასრულ ინფორმაციას. აღნიშნავს, რომ საჩივარს თან ურთავს კომპანიის ხარჯებთან და შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებულ პირველად დოკუმენტაციას, მათ შორის, ექსპორტის დეკლარაციასთან მიმართებით წარმოდგენილია შესაბისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კომპანიის მიერ გაწეული ხარჯები სრულად შეესაბამება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და ექვემდებარება გამოქვითვას, ხოლო შემოსავლები კორექტულად არის აღრიცხული და ასახული, რის შედეგადაც სადავო დარიცხვები უსაფუძვლოა და ექვემდებარება შემცირებას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს საჩივარზე თანდართული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია და მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ფულის განკარგვადი ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საბანკო ამონაწერი და შესყიდვის დამადასტურებელი მტკიცებულებები. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივარზე თანდართული), გადაამოწმოს საგამოძიებო სამსახურში აღნიშნული დოკუმენტაციის ავთენტურობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------------ის“ (ს/ნ -----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ფულის განკარგვადი ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საბანკო ამონაწერი და შესყიდვის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივარზე თანდართული), გადაამოწმოს საგამოძიებო სამსახურში აღნიშნული დოკუმენტაციის ავთენტურობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის №25128 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №7008 ბრძანება და №063-11 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 895 735 ლარი, მათ შორის გადასახადი 566 139 ლარი, ჯარიმა 279 870 ლარი და საურავი 49 726 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა,რომ გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობს შემოწმებასთან, შესაბამისად, არ წარმოუდგენია ცნობები დებიტორ-კრედიტორების შესახებ და ინფორმაცია ფულადი ნაკადების მოძრაობის შესახებ. ასევე დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები, რომლითაც გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. შემოწმებამ იხელმძღვანება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე და 73-ე მუხლებით. ფულადი ნაკადების მოძრაობისთვის, ამავე შემოწმების აქტის პირველ და მე-2 საკითხში დადგენილი შემოსავლები, კერძოდ, ექსპორტის სახით და ავტომობილის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები ჩაითვალა საწარმოს მიერ სრულად მიღებულად. ხარჯში გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები, სხვა ხარჯი, ხოლო სასაქონლო-მატერიალური მარაგების შეძენის ნაწილში გათვალისწინებულ იქნა შემოსავლების სამსახურის სიტუაციური სახელმძღვანელო N0256. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, სალაროს ნაშთის შესაბამისი თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივ ნორმებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ფულის განკარგვადი ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საბანკო ამონაწერი და შესყიდვის დამადასტურებელი მტკიცებულებები. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივარზე თანდართული), გადაამოწმოს საგამოძიებო სამსახურში აღნიშნული დოკუმენტაციის ავთენტურობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“ .9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“)