ბრძანება N 28072

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.11.2023
№ დოკუმენტი 28072
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 28072

14 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------ -ის “ (ს/ნ "------")

(იურ.მის.: "------")

2023 წლის 18 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №111) განიხილა შპს „------ -ის “ (ს/ნ "------") №84190/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 სექტემბრის №086-49 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, აღნიშნული მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატს და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებას.

2. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ ფულის ნაშთს და ამ ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 აპრილის N7066 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „------ -ის “ (ს/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნებისათვის 2023 წლის 6 ივნისის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 11 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 18 სექტემბრის №22870 ბრძანება და ამავე თარიღის №086-49 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 188 881 ლარი, მათ შორის, გადასახადი 115 104 ლარი, ჯარიმა 56 487 ლარი, საურავი 17 290 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელის საქმიანობა არის საკვები პროდუქტებით და შერეული საქონლით ვაჭრობა. საწარმო რეგისტრირებულია 2014 წლის 10 აპრილს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 11 აპრილს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით საწარმოს უფიქსირდება 2 სალარო აპარატი, მისამართზე: "------". გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. საწარმოს მიერ არ ხორციელდება საქონლის დადგენილი წესით ჩამოწერები, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე.

საწარმოს მიერ არ არის დაცული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილის მოთხოვნები (ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაციის სწორად და სრულად აღრიცხვა) და შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ: დამუშავებულ იქნა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული შესყიდვები და დოკუმენტური რეალიზაციები. შედეგად, შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობები დაყოფილ იქნა 31 ჯგუფად ( 343 დასახელების საქონელი) და თითოეულ ჯგუფის რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა შესაბამისი წლის იდენტიფიცირებული დოკუმენტური ფასნამატი. დოკუმენტური რეალიზაცია დეკლარირებული შემოსავლის 30%-მდეა, ხოლო 2020 წლის საშუალო ფასნამატი არის 8.2%, 2021 წლის - 9%, 2022 წლის - 14.9%, 01.01.2023 წლიდან 01.03.2023 წლამდე პერიოდში - 12.4%. სმფ-ების საწყის და საბოლოო მარაგებში საქონლის თითოეული ჯგუფის წილი განსაზღვრულ იქნა შესაბამის საანგარიშო პერიოდში მისი შეძენის წილის პროპორციულად მთლიანი პერიოდის შეძენაში. გადამხდელის წერილობითი ახსნა - განმარტებით 2020 წლის საანგარიშო პერიოდის დასაწყისში სმფ-ების ნაშთი არის 20 150 ლარი, 2020 წლის ბოლოს - 82 691 ლარი, 2021 წლის საანგარიშო პერიოდის ბოლოს - 259 994 ლარი, 2022 წლის ბოლოს- 379 714 ლარი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 05 ივნისის N12464 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ,,------ -ის “ კუთვნილი სმფ-ების ინვენტრაიზაცია, რომლის მიხედვითაც დადგენილმა სმფების ფაქტობივმა ნაშთმა საბაზრო ფასით შეადგინა 459 803 ლარი, ხოლო შემოწმების მიერ დადგენილ იქნა სმფ-ის თვითღირებულება, რომელმაც შეადგინა - 337 722 ლარი. (შემოწმების მიერ ინვენტარიზაციის შედეგად აღწერილი სმფ-ის ფასნამატი გამოვლინდა 15.38%-ის ოდენობით) და ფაქტობრივი ნაშთიდან გამომდინარე შემოწმებით გამოვლენილი დოკუმენტური ფასნამატის გათვალისწინებით დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. საწარმოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე (ძვ.161-ე) მუხლის შესაბამისად დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა, რომელშიც გათვალისწინებულ იქნა შემოწმების მიერ განსაზღვრული შემოსავალი. გადასახადის გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში სალაროში ნაღდი ფული უფიქსირდება 500 ლარის ოდენობით, საანგარიშო პერიოდების მიხედვით ვერ შიფრავს დებიტორულკრედიტორულ დავალიანებებს, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დებიტორული დავალიანება გააჩნია - 12 803 ლარი, ხოლო კრედიტორული დავალიანება - 44 464 ლარი, ასევე არ მომხდარა საწარმოში კაპიტალის შეტანა/გატანა. შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, საბანკო ამონაწერში არსებული საწყისი და საბოლოო ფულის ნაშთები, შესამოწმებელ პერიოდში ბიუჯეტში გადახდილი/უკან დაბრუნებული გადასახადები. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის N6788 ბრძანების საფუძველზე 2023 წლის 03 აპრილს შპს ,,------ -ის “ კუთვნილ ობიექტში ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგად, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი გამოვლინდა 1200 ლარის ოდენობით. აღნიშნული შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გონივრულ ნაშთად იქნა მიჩნეული და გათვალისიწინებული შემოწმების მიერ ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის დროს. ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი ფულადი ნაშთის ოდენობამ, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, შეადგინა 215 891 ლარი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაკვალიფიცირდა, როგორც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემული ხელფასი. საწარმოს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. საწარმოს მიერ არ ხორციელდება საქონლის დადგენილი წესით ჩამოწერები, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ: დამუშავებულ იქნა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული შესყიდვები და დოკუმენტური რეალიზაციები. შედეგად, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაყოფილ იქნა 31 ჯგუფად და თითოეულ ჯგუფის რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა შესაბამისი წლის იდენტიფიცირებული დოკუმენტური ფასნამატი. შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა, რომელშიც გათვალისწინებულ იქნა შემოწმების მიერ განსაზღვრული შემოსავალი. ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილ იქნა ფულადი ნაშთი, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------- -ის “ (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, აღნიშნული მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატს და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებას.

2. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ ფულის ნაშთს და ამ ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.ჩატარდა მომჩივანის კუთვნილი სმფ-ების ინვენტრაიზაცია, რომლის მიხედვითაც დადგენილმა სმფებ-ის ფაქტობივმა ნაშთმა საბაზრო ფასით შეადგინა 459 803 ლარი, ხოლო შემოწმების მიერ დადგენილ იქნა სმფ-ის თვითღირებულება, რომელმაც შეადგინა - 337 722 ლარი. და ფაქტობრივი ნაშთიდან გამომდინარე შემოწმებით გამოვლენილი დოკუმენტური ფასნამატის გათვალისწინებით დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. საწარმოს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა.

2. შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა, რომელშიც გათვალისწინებულ იქნა შემოწმების მიერ განსაზღვრული შემოსავალი. გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში სალაროში ნაღდი ფული უფიქსირდება 500 ლარის ოდენობით.საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის N6788 ბრძანების საფუძველზე 2023 წლის 03 აპრილს გადამხდელის კუთვნილ ობიექტში ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგად, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი გამოვლინდა.აღნიშნული შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გონივრულ ნაშთად იქნა მიჩნეული და გათვალისიწინებული შემოწმების მიერ ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის დროს. ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი ფულადი ნაშთი,რომელიც დაკვალიფიცირდა, როგორც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემული ხელფასი. საწარმოს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5,9),101,136(3),154,159,160,161,163,164.