ბრძანება N 18589

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.08.2026
№ დოკუმენტი 18589
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18589

17 აგვისტო 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს„-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 21 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 30 ივლისის სხდომაზე (ოქმი №68) განიხილა შპს „---- (ს/ნ ----) 2026 წლის 21 ივლისის №103564/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 30 ივნისის №006-265 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას, კერძოდ, შემოწმების მიერ კომპანიის მიმართ არსებული დებიტორული დავალიანების ანაზღაურებულად ჩათვლას და აღნიშნული თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ გადამხდელს შემსყიდველ არარეზიდენტ კომპანიასთან გაფორმებული აქვს რეალიზაციის ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვით გადახდის პერიოდი მოიცავს პროდუქციის მიწოდებიდან 180 დღიან ვადას. მიუთითებს, რომ თითოეული კონტრაქტი გაფორმებულია 10 000 ტონა მაკულატურის შესყიდვაზე, ხოლო მათი მიწოდება ხდება ეტაპობრივად. საქონლის თითოეული პარტიის მიწოდების შემდეგ ფორმდება ახალი ხელშეკრულება. განმარტავს, რომ არარეზიდენტი კომპანიის მიმართ დებიტორული მოთხოვნა წარმოიშობა საქონლის საბაჟო საწყობიდან გაშვების თარიღში, ხოლო გადახდა ხორციელდება 180 დღის განმავლობაში. აღნიშნავს, რომ ვინაიდან 2025 წლის თებერვლის თვიდან პროდუქციის მიწოდება მზარდია, შესაბამისად, მზარდია დებიტორული დავალიანების ნაშთიც. მიუხედავად ამისა, შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოება და არარეზიდენტი კომპანიის სააღრიცხო ბარათზე დაფიქსირებული 339 591 ლარი განიხილა უძრავ ნაშთად. მიაჩნია, რომ დებიტორული დავალიანების წარმოშობიდან არ გასულა გონივრული ვადა, რაც დასტურდება არარეზიდენტი კომპანიის სააღრიცხვო ბარათით, სადაც ჩანს, რომ ინვოისების ნუმერაციის მიხედვით თითოეული მიწოდების თარიღიდან თანხის გადარიცხვა ხორციელდება არაუგვიანეს 180 დღის ვადაში. აქედან გამომდინარე, აცხადებს, რომ ზემოაღნიშნული თანხა წარმოადგენს არა უძრავ ნაშთს, არამედ მიმდინარე წლის 25 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდში მიწოდებული პროდუქციის მოთხოვნას 26 ივნისის მდგომარეობით, რომელიც დაიფარა მიმდინარე წლის 7 ივლისს. ამასთან, გადამხდელს

საჩივარზე დანართის სახით წარმოდგენილი აქვს არარეზიდენტ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებები, არარეზიდენტი კომპანიის სააღრიცხვო ბარათი და საბანკო ამონაწერი 7 ივლისის საგადახდო დავალებასთან დაკავშირებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 აპრილის №7628 და 26 ივნისის №14230 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----“ (ს/ნ ----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 29 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 30 ივნისის №14606 ბრძანება და ამავე თარიღის №006-265 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 127 804 ლარი, მათ შორის, გადასახადი 84 898 ლარი, ჯარიმა 42 449 ლარი, საურავი 457 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ადგილობრივ ბაზარზე მაკულატურის შეძენა და ექსპორტის სასაქონლო ოპერაციების გზით ----- გატანა. შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, საბაჟო ოპერაციების ამსახველი დოკუმენტაცია, გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერები, ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, შესყიდვის აქტები, განმარტებები და სხვა მსგავსი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში დეკლარირებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები 22 598 ლარის ოდენობით (აღნიშნულ ბრუნვაზე გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები), ხოლო მთლიანი დეკლარირებული შემოსავლების უმეტესი ნაწილი (11 480 754 ლარი) წარმოადგენს ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გზით მიღებულ შემოსავლებს. შემოწმების მიმდინარეობისას ჩატარებული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება დებიტორული დავალიანების ნაშთი 1 652 614 ლარი. აღნიშნული დავალიანების ძირითადი ნაწილი არის ერთ არარეზიდენტ პირთან (-----) 1 645 103 ლარის ოდენობით. აღნიშნულ პირთან სავაჭრო ურთიერთობები დაწყებულია 2025 წლის თებერვლის თვიდან და დღეის მდგომარეობით წარმოადგენს ერთპიროვნულ შემსყიდველ მხარეს. დებიტორული დავალიანების ნაშთი მზარდია, კერძოდ, პერიოდულად იზრდება 2025 წლის თებერვლის შემდეგ. „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №11-ის (დებიტორული დავალიანების შესახებ) შესაბამისად ბოლო უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში გადამხდელის მიმართ არსებული დებიტორული დავალიანების უძრავი ნაშთი (339 591 ლარი) ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება დებიტორული დავალიანების ნაშთი 1 652 614 ლარი. აღნიშნული დავალიანების ძირითადი ნაწილი არის ერთ არარეზიდენტ პირთან (----). აღნიშნულ პირთან სავაჭრო ურთიერთობები დაწყებულია 2025 წლის თებერვლის თვიდან და დღეის მდგომარეობით წარმოადგენს ერთპიროვნულ შემსყიდველ მხარეს. დებიტორული დავალიანების ნაშთი მზარდია, კერძოდ, პერიოდულად იზრდება 2025 წლის თებერვლის შემდეგ. შესაბამისად, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №11-ის (დებიტორული დავალიანების შესახებ) შესაბამისად, ბოლო უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში არსებული დებიტორული დავალიანების უძრავი ნაშთი (339 591 ლარი) ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, დებიტორული დავალიანების მზარდ ნაშთთან დაკავშირებით შემოწმების მიმდინარეობისას კომპანიის დირექტორის მიერ წარმოდგენილია განმარტება, სადაც აცხადებს, რომ ორივე კომპანიის დირექტორებს შორის მუდმივად ხორციელდება სატელეფონო შეთანხმება დავალიანების შემცირების შესახებ, ხოლო ბოლო რამდენიმე ინვოისში დაწყებულია გადახდის ვადის მითითება. შემოწმების მიერ აღნიშნული საკითხის შესწავლა შემოწმების პროცესში განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან, ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარს. ზემოაღნიშნული არარეზიდენტი კომპანია წარმოადგენს ერთპიროვნულ შემძენ მხარეს, ხოლო მხარეთა შეთანხმება გადახდის ვადასთან დაკავშირებით, არ ცვლის აღნიშნული ოპერაციის რეალურ შინაარს და იმ ფაქტს, რომ დებიტორული დავალიანების ნაშთი მუდმივად მზარდია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას, შემოწმების მიერ კომპანიის მიმართ არსებული დებიტორული დავალიანების ანაზღაურებულად ჩათვლას და აღნიშნული თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

გადასახადის გადამხდელი ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის საქმიანობა მაკულატურის ადგილობრივ შესყიდვას და ექსპორტს მოიცავს. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (22 598 ლარი) მინიმალურია მთლიან შემოსავალთან (11 480 754 ლარი) შედარებით, რომლის უდიდესი წილიც ექსპორტიდანაა მიღებული. გამოვლენილია დებიტორული დავალიანება 1 652 614 ლარი, საიდანაც 1 645 103 ლარი ერთადერთ არარეზიდენტ კონტრაჰენტს ერგება. ბოლო უწყვეტი 12 თვის უცვლელი ნაშთი (339 591 ლარი) დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩაითვალა, რის საფუძველზეც დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9);101(1);154(1)