ბრძანება N 28115

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 23.12.2025
№ დოკუმენტი 28115
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 28115

23 დეკემბერი 2025

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

(მის.: „-------“)

2025 წლის 13 და 15 სექტემბრის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 6 და 20 ნოემბრის სხდომებზე (ოქმები: №92, №96) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“ ) 2025 წლის 13 სექტემბრის №97973/1/2025 და 15 სექტემბრის №97998/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 აგვისტოს №063-27 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

მომჩივანი აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე შედგენილ დასკვნას არ ახლავს გაანგარიშებები, მტკიცებულებები და დასაბუთებები, რაც საშუალებას მისცემდა გადამხდელს შეეფასებინა რამდენად მართლზომიერად მოხდა მონაცემების შედარება. მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა გამოეყენებინა რეალურად შესადარისი კომპანიები, უნდა გაეთვალისწინებინა, რომ შპს „--------“ საქონლის შეძენას ახდენდა შემდგომი გადახდის პირობით და ინვოისში ასახული ღირებულება მოიცავდა საქონლის საქართველოში ტრანსპორტირების ხარჯებსაც. ასევე აცხადებს, რომ საქონლის შესყიდვის ფასები აბსოლუტური სიზუსტით ვერ დაემთხვეოდა და საქართველოს კანონმდებლობით საბაზრო ფასის შედარებისას დასაშვებ სხვაობად მიიჩნევა 10%. მიუთითებს, რომ შემოწმების პროცესში წარდგენილი ჰქონდა მხარეთა შორის გაფორმებული და ბეჭდით დამოწმებული შედარების აქტები, რომლითაც დასტურდებოდა თანხის გადახდა. მომჩივანი ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 აგვისტოს №18335 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 6 თებერვლის №063-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2024 წლის 29 თებერვლის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ინვოისების არსებობის შემთხვევაში,საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში იმ ნაწილში, სადაც ღირებულებები შესაბამისობაშია შესაბამის სფეროში დაფიქსირებულ აუდირებულ ფასებთან და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 აგვისტოს №18335 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 6 აგვისტოს დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას სულ 94 216 ლარით, მ.შ. გადასახადი 62 810 ლარით და ჯარიმა 31 406 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 12 აგვისტოს №063-27 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოწმების მიერ, გადასახადის გადამხდელის საქონლის საინვოისო ღირებულება შეუდარდა შესაბამის სფეროში დაფიქსირებულ აუდირებულ ფასებს, რის შემდეგაც გაირკვა, რომ მოცემული თანხები ერთმანეთის შესაბამისობაში იყო მხოლოდ 2022 წლის აგვისტოს თვეში. შესაბამისად, მოცემულ პერიოდში შეძენილი საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად იქნა გათვალისწინებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას/შემცირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა გამოეყენებინა რეალურად შესადარისი კომპანიები, უნდა გაეთვალისწინებინა, რომ შპს „-------“ საქონლის შეძენას ახდენდა შემდგომი გადახდის პირობით და ინვოისში ასახული ღირებულება მოიცავდა საქონლის საქართველოში ტრანსპორტირების ხარჯებსაც. ასევე აცხადებს, რომ საქონლის შესყიდვის ფასები აბსოლუტური სიზუსტით ვერ დაემთხვეოდა და საქართველოს კანონმდებლობით საბაზრო ფასის შედარებისას დასაშვებ სხვაობად მიიჩნევა 10%, ხოლო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში 2-3%-ით მეტად დაფიქსირებული შესყიდვები შემოწმების მიერ ხელფასად არის განხილული.

საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ შემოწმებით იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადასახდელი თანხის, 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო დარჩენილი თანხა, ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით გაცემულად.

გადაანგარიშების შედეგად, საქონლის საინვოისო ღირებულება შეუდარდა შესაბამის სფეროში დაფიქსირებულ აუდირებულ ფასებს, რის შემდეგაც გაირკვა, რომ მოცემული თანხები ერთმანეთის შესაბამისობაში იყო მხოლოდ 2022 წლის აგვისტოს თვეში. შესაბამისად, მოცემულ პერიოდში შეძენილი საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად იქნა გათვალისწინებული.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტიცებულ №0256 სიტუაციურ სახელმძღვანელოზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, გამოსაქვითი ხარჯი შესაძლოა განისაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით, მ.შ. იდენტური/მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური შესყიდვის ფასის გათვალისწინებითაც.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულების ხარჯში გათვალისწინებისას, იხელმძღვანელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულების ხარჯში გათვალისწინებისას, იხელმძღვანელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 აგვისტოს №18335 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.აღნიშნულზე, გადამხდელს წარედგინა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულების ხარჯში გათვალისწინებისას, იხელმძღვანელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5,9),101,154.