გადაწყვეტილება №24350/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24350/2/2024
25 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ს 27.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24350/2/2024).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატის ოდენობა;
2. ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.09.2024 წლის №005-141 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.11.2024 წლის №24059 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 741 185,64 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 450 970,80
დღგ - 170 893
საშემოსავლო გადასახადი - 280 077,8
ჯარიმა - 224 499,80
საურავი - 65 715,04
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროა ტანსაცმლით, ფეხსაცმლითა და აქსესუარებით ვაჭრობა --- ს ბაზრობის ტერიტორიაზე. აუდიტის დეპარტამენტის 17.09.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 27.02.2023 წლიდან 1.06.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.09.2024 წლის №005-141 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.11.2024 წლის №24059 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატის ოდენობა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს იმპორტირებული აქვს 1 226 766 ლარის საქონელი, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჰქონდა 286 777 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთი. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში დოკუმენტაცია წარმოადგინა ნაწილობრივ, რის გამოც შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია. გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციით, პირის მიერ დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 7%-ს. შემოწმების პარალელურად გადასახადის გადამხდელთან დანიშნული იყო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, ასევე, საკონტროლო შესყიდვა და ფასების ფიქსაცია, თუმცა აღნიშნული პროცედურები ვერ განხორციელდა იმ მიზეზით, რომ პირს არ გააჩნია სავაჭრო ობიექტი. იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა (fina) არ არის სრულყოფილი და მისი საშუალებით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო ვალდებულებების განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, ---ს ბაზრობის ტერიტორიაზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტის აუდირებული ფასნამატის გამოყენებით. აღნიშნული ფასნამატი გავრცელებულ იქნა კატეგორიების მიხედვით საწარმოს მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩანიშნული იყო გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა დავის განხილვაზე. ამასთან, არ ყოფილა წარმოდგენილი განცხადება საჩივრის განხილვის გადადების მოთხოვნით. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადამხდელს შემოწმების პროცესში არ წარუდგენია სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, პირს არ გააჩნია სავაჭრო ობიექტი, ასევე, წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა (fina) არ არის სრულყოფილი, რითაც შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტისა და მიღებული შემოსავლის სისწორის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. კერძოდ, კატეგორიების მიხედვით საწარმოს მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტის აუდირებული ფასნამატი, რის შედეგადაც გაიზარდა პირის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ხოლო შემოწმებით გამოვლენილი ფულის განკარგვადი ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს პოზიციას, მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, განიხილავს თითოეული პუნქტს ცალ-ცალკე და აღნიშნავს შემდეგს:
1 - თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. გადასახადის გადამხდელს გააჩნია სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ბუღალტრული ჩანაწერები ნაწარმოებია სააღრიცხვო პროგრამა ორისში, აღრიცხულია ყველა სამეურნეო ოპერაცია, სასაქონლო-მატერიალური მარაგების მიღება ასახულია დოკუმენტების მიხედვით, ხოლო მისი გასვლა და ჩამოწერა კი, პერიოდის მიხედვით, აღრიცხულია ყველა შემოსავალი და დოკუმენტალურად დადასტურებული ყველა ხარჯი, ყველა მოთხოვნა და ვალდებულება. ბუღალტრული პროგრამის ჩანაწერები წარედგინა შემოსავლების სამსახურს შემოწმების მიზნით. აღნიშნული დოკუმენტაციით სავსებით შესაძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
2 - ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას-არც აღნიშნული შემთხვევა არ ფიქსირდება არც საბუღალტრო მონაცემებით არც სხვა რაიმე წყაროდან მიღებული მონაცემებით;
3 - პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს-არც ეს ფაქტი არ ფიქსირდება არანაირი წყაროდან;
4 - მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევაშესამოწმებელ პერიოდში, არ ფიქსირდება გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა
5 - გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის-ამ პუნქტში მოყვანილი ღონისძიებების შედეგად შემოწმების აქტის შედგენის პერიოდისთვის საერთოდ არ არის გამოვლენილი სხვაობები.
გამომდინარე აღნიშნულიდან, მომჩივანი არ ეთანხმება საწარმოს შემოსავლების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით, რადგან საგადასახადო კოდექსში მოყვანილი არცერთი დებულება არ კმაყოფილდება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ამასთან დასძენს, რომ გავრცელებული აუდირებული ფასნამატი 61 პროცენტის სახით არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან გადასახადის გადამხდელი სარგებლობდა მხოლოდ 9 პროცენტიანი ფასნამატით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოწმების აქტში მითითებულ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში არ წარუდგენია სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, პირს არ გააჩნია სავაჭრო ობიექტი, ასევე, წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა (fina) არ არის სრულყოფილი, რითაც შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტისა და მიღებული შემოსავლის სისწორის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, კატეგორიების მიხედვით საწარმოს მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებული მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტის აუდირებული ფასნამატით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
მომჩივნის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად. შესაბამისად, არ არსებობს ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელს სრულად არ აქვს ნაწარმოები დოკუმენტური აღრიცხვა, შემოწმების პროცესში ფულის ნაშთი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი, ხარჯში კი ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და ბიუჯეტში გადახდები, ხოლო დარჩენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
ნაღდი ფულის ნაშთის არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშება არ არის მართებული და არ გააჩნია კანონიერი საფუძველი, რადგან გადამხდელმა არა თუ სარგებელი მიიღო არამედ მისი კუთვნილი თანხა შეიტანა კომპანიაში, რასაც ადასტურებს ბუღალტრული აღრიცხვა და ის გადარიცხვები რაც დასტურდება საბანკო ამონაწერებით, აგრეთვე ნაღდი ფულით დაფარული კრედიტორული დავალიანება. ამიტომ გადასახადის გადამხდელი ითხოვს, შემოწმება დაეყრდნოს უტყუარ მონაცემებს და არა საეჭვო რიცხვებს და მოხდეს აღნიშნული დარიცხვის ბათილად ცნობა.
ამასთან მომჩივანი ადასტურებს, რომ შემოწმების თარიღისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბუღალტრო ნაშთი 286 777 ლარის ოდენობით წარმოადგენს დანაკლისს და მხოლოდ ამ თანხაზე შეიძლება გავრცელდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და არა არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებულ დასაბეგრ სიდიდეებზე.
ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ აქტის გამოცემის პროცესში არ მომხდარა საკითხის ყოველმხრივ შესწავლა. საკითხისათვის არსებითი ხასიათის გარემოებების შესწავლის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ასევე არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობა, რომელსაც გამოაკლდა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და ბიუჯეტში გადახდები, ხოლო დარჩენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
მომჩივანი ვერ მიუთითებს, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ამგვარად, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს სრულად არ აქვს ნაწარმოები დოკუმენტური აღრიცხვა, ხოლო მომჩივანი ვერ უთითებს რაიმე გარემოებაზე, რაც მისი საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატის ოდენობა;
2. ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, მოძიებულ იქნა ბაზრობის ტერიტორიაზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტის აუდირებული ფასნამატი და აღნიშნული ფასნამატი გავრცელებულ იქნა კატეგორიების მიხედვით საწარმოს მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, შემოწმებით გაანგარიშებულ იქნა ფულის ნაშთი, კერძოდ, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი, ხარჯში კი ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და ბიუჯეტში გადახდები, ხოლო დარჩენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 101; 154.