ბრძანება N 18771

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 31.07.2023
№ დოკუმენტი 18771
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18771

31 ივლისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“-ს (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 28 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 და 28 ივლისის სხდომებზე (ოქმები №75 და №79) განიხილა შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) №81957/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 30 მაისის №EL211274 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ შპს „----------“ არ ეთანხმება საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში მოყვანილ ფორმულირებას „ნანახი იქნა აქციზური მარკების გარეშე არადეკლარირებული სიგარეტი (---------- 214687 კოლოფი, ფილტრიანი სიგარეტი ---------- 98309 კოლოფი)“ ვინაიდან 214687 კოლოფი სიგარეტი ---------- ეკუთვნის შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) 2019 წლის 23 დეკემბრის №---------- საბაჟო დეკლარაცია, ხოლო 98309 კოლოფი ფილტრიანი სიგარეტი ---------- ეკუთვნის შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) - 2021 წლის 12 იანვრის №---------- საბაჟო დეკლარაცია.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2021 წლის 16 დეკემბრის №----------/15-04- 02 (რეგ. №----------/21-10 17.12.2021) და 20 დეკემბრის №----------/15-04-02 (რეგ. №----------/21-10 20.12.2021) მომართვებისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 20 დეკემბრის №39356 და 2022 წლის 21 იანვრის №1120 ბრძანებების საფუძველზე, 2021 წლის 21 დეკემბრიდან - 2023 წლის 18 მაისის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა ---------- ში მდებარე, შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) კუთვნილი საბაჟო საწყობების (----------; ----------) სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი და ამავე საწყობში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ნაშთების შემოწმება.

აღნიშნული ბრძანებების ფარგლებში, საბაჟო საწყობის სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი და საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ნაშთების შემოწმება განხორციელდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საბაჟო კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციისა და „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შერჩევით შემოწმებაზე დამყარებული პრინციპით.

შპს „----------“-ის საბაჟო საწყობში (----------) არსებული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაშთების შემოწმებისას (შემოწმების აქტი №---------- 18.05.2023), აღნიშნულ საბაჟო საწყობში აღმოჩნდა არადეკლარირებული საქონელი – ფილტრიანი სიგარეტი (აქციზური მარკების გარეშე): „----------“ – 214 687 კოლოფი („----------“ – 212 201 კოლოფი; „----------“ – 500 კოლოფი; „----------“ – 500 კოლოფი; „----------“ – 486 კოლოფი; „----------“ – 1000 კოლოფი) და „----------“ – 98 309 კოლოფი.

ზემოაღნიშნული არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 8 მარტის ექსპერტის №---------- დასკვნით შეადგენს 327 420.10 ლარს.

ვინაიდან შპს „----------“-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 30 მაისს შედგენილ იქნა №EL211274 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 327 420.10 ლარის (საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი) ოდენობით.

რაც შეეხება მომჩივნის განცხადებას, რომ აღნიშნული საქონელი წარმოადგენს 2019 წლის 23 დეკემბრის №---------- და 2021 წლის 12 იანვრის №---------- საბაჟო დეკლარაციებით საბაჟო საწყობის პროცედურაში დეკლარირებულ საქონელს (ფილტრიანი სიგარეტი: „----------“ – 215 000 კოლოფი და „----------“ – 100 000 კოლოფი), აღსანიშნავია, რომ მითითებული დეკლარაციების 30-ე გრაფის (საქონლის ადგილმდებარეობა) მიხედვით, დეკლარირებული საქონლის შენახვის ადგილს წარმოადგენდა სხვა საბაჟო საწყობი და მისი რაოდენობაც არ შეესაბამება ---------- საბაჟო საწყობში აღმოჩენილი არადეკლარირებული საქონლის მონაცემებს.

შპს „----------“-ის დირექტორი ---------- და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი თანამშრომლები (----------; ----------) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 იანვრის განაჩენით (საქმე №1/3659-32; №092141221007) ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 214-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ამავე განაჩენით, სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დამნაშავედ იქნა ცნობილი იურიდიული პირი – შპს „----------“ (ს/ნ ----------).

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:

საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;

საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ განზრახული აქვს საქონლის მიმართ შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენება, და რომელშიც საჭიროების შემთხვევაში დამატებით პირობას უთითებს;

დეკლარანტი არის პირი, რომელიც საბაჟო ორგანოს თავისი სახელით წარუდგენს საბაჟო დეკლარაციას, დროებით შენახვის დეკლარაციას, საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციას, საქონლის გატანის ზოგად დეკლარაციას, რეექსპორტის დეკლარაციას ან რეექსპორტის შეტყობინებას, ან პირი, რომლის სახელითაც საბაჟო ორგანოს წარედგინება შესაბამისი დეკლარაცია ან შეტყობინება.

ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

დადგენილია, რომ საბაჟო საწყობში აღმოჩნდა არადეკლარირებული საქონელი – ფილტრიანი სიგარეტი (აქციზური მარკების გარეშე): „----------“ – 214 687 კოლოფი („----------“ – 212 201 კოლოფი; „----------“ – 500 კოლოფი; „----------“ – 500 კოლოფი; „----------“ – 486 კოლოფი; „----------“ – 1000 კოლოფი) და „----------“ – 98 309 კოლოფი. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს სადავო აქტის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო საწყობში აღმოჩნდა არადეკლარირებული საქონელი – სხვადასხვა დასახელების ფილტრიანი სიგარეტი: (214 687 კოლოფი; 212 201 კოლოფი; 500 კოლოფი; 500 კოლოფი; 486 კოლოფი; 1000 კოლოფი და 98 309 კოლოფი). შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტი შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 168.