გადაწყვეტილება №27363/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27363/2/2026
19 ივნისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,28.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 15.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27363/2/2026).
დავის საგანი:
დღგ-ის არაკვალიფიციური სტატუსის გამო ანგარიშ-ფაქტურების გაუთვალისწინებლობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 12.03.2026 წლის №021-18 საგადასახდო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 28.04.2026 წლის №9285 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 11 784,93 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 7 640,9
ჯარიმა - 3 820,45
საურავი - 323,58
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 10.03.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2025 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ჩათვლაში გასათვალისწინებელი საგადასახადო ანგარიშფაქტურების მიხედვით, დღგ-ის თანხამ შეადგინა 14 441 ლარი, რაც სრულად იქნა გათვალისწინებული ჩასათვლელ თანხაში. შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და სასაქონლო ზედნადებების შესწავლით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს წარდგენილი ჰქონდა დღგ-ის ნულოვანი დეკლარაცია. ამავე პერიოდში კომპანიას გამოწერილი ჰქონდა 122 676 ლარის ღირებულების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, თუმცა აღნიშნული თანხა არ ჰქონდა ასახული შესაბამისი პერიოდის დასაბეგრ ბრუნვაში. შემოწმების შედეგად, ბრძანებით განსაზღვრული პერიოდის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების საფუძველზე (გამოწერილი და მიღებული სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით), გაანგარიშდა საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლები. აღნიშნული მონაცემები შედარდა დეკლარირებულ მაჩვენებლებთან, გამოვლენილი სხვაობა, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, დაიბეგრა დღგ-ით . მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 12.03.2026 წლის №021-18 საგადასახდო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 28.04.2026 წლის №9285 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 180-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება. კონკრეტულად არ დაადგინა და არ გაითვალისწინა, რომ კომპანიამ ვერ მიიღო ჩათვლა 2025 წლის ივლისი შპს „--------“-ის მიერ გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაზე თანხით 6 375 ლარის ოდენობით და ასვე 2025 წლის ნოემბერში შპს „--------“-ის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე თანხით 6 718 ლარის ოდენობით.
აღნიშნული თანხების ჩათვლაში გათვალისწინების საფუძველზე კომპანიას წარმოეშობოდა ზედმეტობა და აღარ დაერიცხებოდა ჯარიმა 3 820 ლარი და საურავი 324 ლარი. ადგილი აქვს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებს, ოპერაციებში მონაწილე პირები არიან დღგ-ის გადამხდელები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგის ჩათვლის მიღების საფუძველია: ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა; ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
მომჩივანი საჩივარში აღნიშნავს, რომ კომპანიამ ვერ მიიღო ჩათვლა 2025 წლის ივლისი შპს „-------“-ის მიერ გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაზე თანხით 6 375 ლარის ოდენობით. ასევე, კომპანიამ ვერ მიიღო ჩათვლა 2025 წლის ნოემბერში შპს „--------“-ის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე თანხით 6 718 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხების ჩათვლაში გათვალისწინების საფუძველზე კომპანიას წარმოეშობოდა ზედმეტობა და აღარ დაერიცხებოდა ჯარიმა 3 820 ლარი და საურავი 324 ლარი.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 28.04.2026 წლის №9285 ბრძანება;
3. საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ჩათვლაში გასათვალისწინებელი საგადასახადო ანგარიშფაქტურების მიხედვით, დღგ-ის თანხამ შეადგინა 14 441 ლარი, რაც სრულად იქნა გათვალისწინებული ჩასათვლელ თანხაში. შემოწმების პროცესში, გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და სასაქონლო ზედნადებების შესწავლით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს წარდგენილი ჰქონდა დღგ-ის ნულოვანი დეკლარაცია. ამავე პერიოდში კომპანიას გამოწერილი ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, თუმცა აღნიშნული თანხა არ ჰქონდა ასახული შესაბამისი პერიოდის დასაბეგრ ბრუნვაში.გაანგარიშდა საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლები. აღნიშნული მონაცემები შედარდა დეკლარირებულ მაჩვენებლებთან, გამოვლენილი სხვაობა,სსკ-ის 159-ე მუხლის საფუძველზე, დაიბეგრა დღგ-ით . მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
174,175,176.