გადაწყვეტილება №27839/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.09.2026
№ დოკუმენტი 27839/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27839/2/2026

08 სექტემბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ ----- )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 03.09.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 23.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 27839/2/2026).

 

დავის საგანი:

1. შემოწმების შედეგად დადგენილ და დეკლარირებულ დღგ-ის ბრუნვას შორის გამოვლენილი სხვაობის თანხით შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 11.05.2026 წლის N ----- საგადასახადო შემოწმების აქტი;

2. აუდიტის დეპარტამენტის 20.05.2026 წლის N 11168 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 20.05.2026 წლის N 021 - 46 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 07.07.2026 წლის N 15282 ბრძანება;.

 

დარიცხული თანხა: 174 875.03 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 103 873 ლარი;

ჯარიმა - 51 896 ლარი;

საურავი - 19 106.03 ლარი;.

 

პროცედურული გარემოებები:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა კვებითი მომსახურება (სასადილო).

22.07.2024 წლიდან 01.02.2026 წლამდე საანგარიშო პერიოდებში საკონტროლო - სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის 06.03.2026 წლის N 5073 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 11.05.2026 წლის N AR023052 საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 20.05.2026 წლის N 11168 ბრძანება და ამავე თარიღის N 021 - 46 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 07.07.2026 წლის N 15282 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

 

1. შემოწმების შედეგად დადგენილ და დეკლარირებულ დღგ-ის ბრუნვას შორის გამოვლენილი სხვაობის თანხით შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის (საკონტროლო - სალარო აპარატისა და პოსტერმინალების შემოსავლები) და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის, მათ შორის საბანკო ამონაწერის ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობები 22.07.2024 - 01.02.2026 წ.წ. საანგარიშო პერიოდებზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ დღგ-ის დეკლარირებულ ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილ შემოსავალს შორის.

შემოწმების შედეგად დადგენილსა და დეკლარირებულს შორის გამოვლენილი სხვაობის თანხა, 577 064 ლარის ოდენობით, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, ჩართულ იქნა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით მოხდა შესამოწმებელ პერიოდში მიღებული დადასტურებული სტატუსის მქონე ელექტრონული ანგარიშ - ფაქტურების ანალიზი და გაირკვა, რომ საწარმოს სრულად ჰქონდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა მიღებული ანგარიშ - ფაქტურების შესაბამისად. შესამოწმებელ პერიოდზე გადამხდელს არ უფიქსირდება მიღებული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები, რომლებზეც არ ჰქონდა მიღებული ჩათვლები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საგადასახადო შემოწმების პრინციპს, რის მიხედვითაც გადასახადით დასაბეგრი ობიექტების განსაზღვრა განხორციელდა, კერძოდ, აქტში მოყვანილი ფაქტობრივი მდგომარეობა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ შეძენებზე მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები, თუმცა აღნიშნული ფაქტურებით განსაზღვრული დღგ-ის თანხა დღგ-ის გაანგარიშებაში შემმოწმებელს ნაჩვენები არ აქვს და არ ეთანხმება. ამ ნაწილში ითხოვს, რომ ის საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები, რომლებიც არ არის ნაჩვენები დღგ-ის გაანგარიშებაში გათვალისწინებული იქნას შემმოწმებლის მიერ.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლი პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ; ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ; საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია: ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა; ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;

დ) უკუდაბეგვრის წესით დაბეგვრის შემთხვევაში დარიცხული დღგ. მომჩივანი ითხოვს ის საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები, რომლებიც არაა ნაჩვენები დღგ-ის გაანგარიშებაში, გათვალისწინებული იქნას შემმოწმებლის მიერ.

მომჩივნის არგუმენტებზე წარმოდგენილი აუდიტის დეპარტამენტის 27.07.2026 წლის N ----- ინფორმაციით ირკვევა, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა არ წარუდგენია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების (საკონტროლო - სალარო აპარატისა და პოსტერმინალების შემოსავლები) და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის, მათ შორის საბანკო ამონაწერებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 1 621 534 ლარს, ხოლო გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა იყო 1 044 470 ლარი. გამოვლენილი სხვაობის თანხა ჩართულია შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით შესამოწმებელ პერიოდში მიღებული დადასტურებული სტატუსის მქონე ელექტრონული ანგარიშ - ფაქტურების ანალიზით გაირკვა, რომ საწარმოს სრულად ჰქონდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა მიღებული ანგარიშ - ფაქტურების შესაბამისად.

აღნიშნული გარემოებებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:

საგადასახადო შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დაეკისრა ჯარიმა 51 896 ლარის ოდენობით. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 20.05.2026 წლის N 021 - 46 საგადასახადო მოთხოვნით დაეკისრა საურავი 19 106.03 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

მომჩივანი მიუთითებს, რომ დარიცხვა დამატებული ღირებულების გადასახადში, რაც შემოწმების აქტში არის განხილული მართლაც გადასახადის გადამხდელის არცოდნით არის გამოწვეული, კერძოდ საქმე იმაშია, რომ კომპანიის წარმომადგენლები (მთლიანად გამოწვეულია არ ცოდნით, თუ რა პირველადი დოკუმენტები უნდა მიეღოთ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის, თუ მომსახურების შეძენისას) არ ითხოვდნენ შესაბამის შესყიდვის დოკუმენტებს (საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურებს). კომპანიის საქმიანობის სპეციფიკიდან (სარესტორნო მომსახურება) გამომდინარე ობიექტური გადაწყვეტილება იქნება კომპანიას, რომლის საქმიანობის მიზანი ნამდვილად არ ყოფილა ბიუჯეტში გადასახდელი გადასახადების ხარჯზე შეღავათის მიღება დაერიცხოს ის სამართლიანი გადასახადი, რაც რეალურად შეიძლება დაერიცხოს ამ შემოსავალს ანუ კომპანიას რომელსაც არანაირი საშუალება არა აქვს აქტით დარიცხული გადასახადის გადახდისა, დაერიცხოს ობიექტურად და სამართლიანად გაანგარიშებული გადასახადი, რომელიც მას დაერიცხებოდა სწორად (ფინანსური აღრიცხვის მცოდნე პირის მიერ) რომ ეწარმოებინა ყველა ოპერაცია.

გარდა ამისა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გარდა ზემოთ აღწერილი გადასახადისა ითხოვს შემცირდეს აქტით დარიცხული სანქცია (ჯარიმა და საურავი).

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.

ამგვარად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

1. შემოწმების შედეგად დადგენილ და დეკლარირებულ დღგ-ის ბრუნვას შორის გამოვლენილი სხვაობის თანხით შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ შემოწმდა კომპანიის საქმიანობა, საკონტროლო - სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. აღნიშნულის საფუძველზე დაეკისრა გადასახადები. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება რამდენჯერმე გაასაჩივრა, თუმცა უარი მიიღო და საბოლოოდ საქმე განსახილველად გადავიდა დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება:

საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 175; 275 (მე-2, 21 და 22); 269(7);.