ბრძანება N 15315

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.06.2024
№ დოკუმენტი 15315
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 15315

28 ივნისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ -------------ს (ს/ნ ---------------)

(მის.: --------------------------------)

2024 წლის 16, 28 მაისის და 20 ივნისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 და 20 ივნისის სხდომებზე (ოქმები №60 და №66) განიხილა ი/მ -------------ს (ს/ნ ---------------) 2024 წლის 16 მაისის №89701/1/2024, 28 მაისის №89909/1/2024 და 20 ივნისის №90299/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 18 აპრილის №054-3 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას. განმარტავს, რომ მის მიერ წარდგენილი კალკულაციები აუდიტორების მიერ არ იქნა გათვალისწინებული. აღნიშნავს, რომ მზა პროდუქციის საწარმოებლად საჭიროა დამატებითი პროდუქცია, რომელიც არასაკმარისი რაოდენობით იყო შეძენილი დოკუმენტით, მაგალითად: მარგარინი, ზეთი, საფუარი, შაქარი, ლიმონმჟავა და ა.შ., შესაბამისად, იმ შემოსავალის მიღებას, რაც აუდიტორებმა გამოიანგარიშეს სჭირდებოდა იმაზე მეტი ნედლეული, ვიდრე შემოწმების მიერ იქნა გათვალისწინებული დასაბეგრი ბაზის მიღებისთვის ხარჯის ნაწილად. აცხადებს, რომ აღნიშნულის დასადასტურებლად გადამხდელს წარმოდგენილი აქვს გაანგარიშების ცხრილი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №33363 ბრძანების საფუძველზე ი/მ -------------ს (ს/ნ ---------------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 15 აპრილს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 18 აპრილის №9018 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №054-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 229 945 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 136 207 ლარი, ჯარიმა 64 151 ლარი და საურავი 29 587 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

. გადასახადის გადამხდელს საქონლის რეალიზაცია უფიქსირდება როგორც დოკუმენტურად (წილი 0.5%), ასევე საკონტროლო-სალარო აპარატით. გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა და საქონლის მოძრაობის მონაცემები. გადამხდელის მიერ 2022 წელს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია წარდგენილია ზარალით 137 146 ლარის ოდენობით, კერძოდ, 224 642 ლარის ღირებულების საქონელი რეალიზებულია 135 627 ლარად, ხოლო 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მონაცემების მიხედვით დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 54%-ს. გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში არ ფიქსირდება მონაცემები დეფექტური ან მიწოდებისთვის უვარგისი საქონლის აღრიცხვაზე. ასევე არ დაფიქსირებულა დაუძლეველი ძალის მიერ (ხანძარი, წყალდიდობა და ა.შ.) დაზიანებული საქონლის ჩამოწერის შემთხვევები.

ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი. კერძოდ, 2021-2022 წლების შემოსავლის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული კალკულაციები და წარმოებული პროდუქციის რაოდენობა თვის ჭრილში. შეძენილი ფქვილის რაოდენობა წარმოებული პროდუქციის წილის მიხედვით იქნა გადანაწილებული და შედეგად გამოვლინდა კონკრეტული სახეობების მიხედვით წარმოებული პროდუქციის რაოდენობა. ზემოაღნიშნულის მიხედვით გაანგარიშებულ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი და საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და ერთობლივ შემოსავალში, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და ასევე 2021-2022 წლების ერთობლივი შემოსავლის გაზრდა. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

. შესამოწმებელ პერიოდში, გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები, სადაც შეძენილი საქონლის ღირებულებები დაანგარიშებულია არასწორად. შემოწმების პროცესში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე და 145-ე მუხლების გათვალისწინებით, დაანგარიშდა შეძენილი საქონლის ღირებულება, რამაც გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. ასევე, გადასახადის გადამხდელს არ აქვს ბაზარში შეძენილი პროდუქციის (ლობიო, კარტოფილი, ყველი) დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შესყიდვის აქტები). საანგარიშო წლებში გაიზარდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი სმფ-ის ხარჯი. კერძოდ, წარმოებული პროდუქციის რაოდენობის მიხედვით მოხდა პროდუქციის ჩამოწერა და ხარჯებში გათვალისწინება იმავე პროდუქციის შეძენის ფასების გათვალისწინებით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრების განხილვა შემოსავლების სამსახურში ჩანიშნული იყო 2024 წლის 6 ივნისს და 20 ივნისს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრების ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, რომლის თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/ მომსახურების გაწევისათვის.

2. დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს.

3. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი საქონლის ღირებულებაში შეიტანს მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, შესაბამისად, საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამეტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმებამ იხელმძღვანელა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი კალკულაციების მიხედვით. კერძოდ, შეძენილი ფქვილი წარმოებული პროდუქციის წილის პროპორციულად გადანაწილდა სახეობებზე და შესაბამისი რაოდენობის ფქვილით რა რაოდენობის პროდუქციაც იწარმოა ჩართულ იქნა რეალიზაციაში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბაზრო ღირებულებებით წლების მიხედვით. ასევე, არაპირდაპირი მეთოდით გათვალისწინებულ იქნა ხარჯები.

შემოსავლების სამსახური საჩივრების დანართად წარმოდგენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა შემდეგი: ი/მ -----------ს მიერ საჩივრებზე თანდართული ცხრილის შესწავლის შედეგად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ იცვლება, რადგან ძირითად ინგრედიენტს გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში წარმოებული პროდუქციისათვის წარმოადგენს ფქვილი, რომელიც სრულად შეძენილია დოკუმენტით, ხოლო მარგარინისა და ზეთის ხარჯი გათვალისწინებულია დოკუმენტური შეძენების მიხედვით, რადგან შემოწმებისთვის უცნობია რა სიხშირით იცვლებოდა ზეთი და რა რაოდენობა იყო საჭირო. ამასთან, ზემოაღნიშნული პროდუქციის წილი წარმოებული პროდუქციის ნაწილში არაარსებითია.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ამასთან, მართლზომიერად განხორციელდა ერთობლივი შემოსავლის/დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას გადამხდელის მიერ წარდგენილი კალკულაციების გათვალისწინება და რეალიზაციაში ჩართვა მის მიერ წარდგენილი საბაზრო ღირებულებების მიხედვით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ -------------ს (ს/ნ ---------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №33363 ბრძანების საფუძველზე მომჩივანის ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №9018 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და №054-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 229 945 ლარის ოდენობით.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით გადასახადის გადამხდელს საქონლის რეალიზაცია უფიქსირდება როგორც დოკუმენტურად , ასევე საკონტროლო-სალარო აპარატით. გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა და საქონლის მოძრაობის მონაცემები. გადამხდელის მიერ 2022 წელს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია წარდგენილია ზარალით , ხოლო 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მონაცემების მიხედვით დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 54%-ს. გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში არ ფიქსირდება მონაცემები დეფექტური ან მიწოდებისთვის უვარგისი საქონლის აღრიცხვაზე. ასევე არ დაფიქსირებულა დაუძლეველი ძალის მიერ დაზიანებული საქონლის ჩამოწერის შემთხვევები. ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

გადაწყვეტილება

ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“ ); 159(1 „ა“) ; 163(1.2); 164(1);