გადაწყვეტილება №23736/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.10.2024
№ დოკუმენტი 23736/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23736/2/2024

15 ოქტომბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----“-ის 18.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23736/2/2024).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 18 ივნისის №041-29 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 აგვისტოს №17997 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 475 215 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 288 831

დღგ - 58 039

საშემოსავლო გადასახადი - 230 792

ჯარიმა - 136 656

საურავი - 49 728

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ---ს ტერიტორიაზე, იმპორტირებული (ადგილობრივი შეძენა მცირეა) სანტექნიკის მასალების საბითუმო და საცალო რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 აგვისტოს №19677 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 10 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: საწარმოს უფიქსირდება როგორც დოკუმენტური, ასევე საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით რეალიზაციები. შემოწმებისას გადასახადის გადამხდელს ჩაუტარდა სმფ-ების ინვენტარიზაციის და სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურები.

სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგების, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარადგინა პირველადი აღრიცხვის დოკუმენტები (ბუღალტრული პროგრამა ორისი, საბანკო ამონაწერები, იმპორტირებული საქონლის ინვოისები (ნაწილობრივ) და სხვადასხვა ახსნაგანმარტებები). კომპანიას ბუღალტრული აღრიცხვა წარმოებული აქვს არასრულყოფილად. კერძოდ, საცალოდ რეალიზებული საქონელი ჩამოწერილი აქვს ერთიანად (2022 წელს წლის ბოლოს, ხოლო 2023 წელს თვის ბოლო რიცხვში). აღნიშნული დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა, რის გამოც შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი თითოეული საქონლის მიხედვით, ხოლო თუ კონკრეტულ რეალიზებულ საქონელზე ვერ დადგინდა შიდა დოკუმენტური ფასნამატი, მასზე გავრცელდა დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასნამატი, რომელიც შეადგენდა 69%-ს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 18 ივნისის №14230 ბრძანება და №041-29 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 475 215 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 15 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 2 აგვისტოს №17997 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი, თუმცა დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილ სადავო საკითხში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 აგვისტოს №17997 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 43-ე მუხლებზე, საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების მიერ, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება თითოეული საქონლის მიხედვით, ხოლო იმ საქონელზე, რომელზეც ვერ დადგინდა შიდა დოკუმენტური ფასნამატი, დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა, განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას არ უფიქსირდება რაიმე სახის საგადასახადო სამართალდარღვევა და არც საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნული რომელიმე წინაპირობა არსებობს. როგორც შემოწმების აქტშია აღნიშნული, მხოლოდ ის ფაქტი, რომ სასაქონლო ზედნადების გარეშე რეალიზებული საქონელი ჩამოწერილია საანგარიშო პერიოდის ბოლოს, მიჩნეულ იქნა მიღებული შემოსავლების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისთვის საკმარის საფუძვლად. შემმოწმებლის განმარტებით, ზედნადების გარეშე რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი განისაზღვრა შიდა დოკუმენტური ფასნამატის მიხედვით. შემოწმების შედეგად გადაანგარიშებული ზედნადების გარეშე რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი ნაანგარიშებია 75%-იანი ფასნამატის შესაბამისად, მაშინ როდესაც შიდა დოკუმენტური ფასნამატი რეალურად შეადგენს 66%-ს. ასევე, გაურკვეველია თუ რატომ მოხდა საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულ საქონლად დაკვალიფიცირება.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილზე და 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოდ არის გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდი. მომჩივანი ითხოვს მოხდეს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დაკორექტირებული შემოსავლების გადაანგარიშება. ასევე, გამოვლენილი დანაკლისი დაიბეგროს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად და არ იქნეს განხილული შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულ საქონლად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი თითოეული საქონლის მიხედვით, ხოლო იმ საქონელზე, რომელზეც ვერ დადგინდა შიდა დოკუმენტური ფასნამატი, გავრცელდა დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასნამატი (69%). კომპანიის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ბუღალტრული აღრიცხვა სრულად არის ნაწარმოები, მხოლოდ ჩამოწერები ხდება თვის ბოლოს ჯამურად. ყოველ გაცემულ ჩეკზე ჩამოწერის განხორციელება ფიზიკურად შეუძლებელია. აღნიშნული მოითხოვს დამატებით რესურსს, რის საშუალებაც არ არის.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ადგილი ჰქონდა ჯამურ ჩამოწერებს და ვერ ხდებოდა კონკრეტული საქონლის იდენტიფიცირება. შესაბამისად, დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა საწარმოს დოკუმენტური ფასნამატი თითოეული საქონლის მიხედვით, ხოლო იმ საქონელზე, რომელზეც ვერ დადგინდა შიდა დოკუმენტური ფასნამატი, გავრცელდა დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასნამატი - 69%. ასევე, საწარმოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გამოვლენილი დანაკლისი არ არის დაბეგრილი საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ინვენტარიზაცია არ იყო დასრულებული, დათვლილი იყო საქონლის ფაქტობრივი ნაშთი და შედეგები არ იყო გამოყვანილი. არ იყო შევსებული დანართი №19. შესაბამისად, არ მოხდა გამოვლენილი დანაკლისის აღმოჩენის მომენტში მიწოდებად განხილვა. ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარადგინა პირველადი აღრიცხვის დოკუმენტები. კომპანიას ბუღალტრული აღრიცხვა წარმოებული აქვს არასრულყოფილად. კერძოდ, საცალოდ რეალიზებული საქონელი ჩამოწერილი აქვს ერთიანად (2022 წელს წლის ბოლოს, ხოლო 2023 წელს თვის ბოლო რიცხვში). აღნიშნული დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა, რის გამოც შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი თითოეული საქონლის მიხედვით, ხოლო თუ კონკრეტულ რეალიზებულ საქონელზე ვერ დადგინდა შიდა დოკუმენტური ფასნამატი, მასზე გავრცელდა დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასნამატი, რომელიც შეადგენდა 69%-ს.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5).