გადაწყვეტილება №27935/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27935/2/2026
16 სექტემბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,10.09.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ს 7.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27935/2/2026).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 28.04.2026 წლის №9280 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.05.2026 წლის №047-13 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 15.07.2026 წლის №16201 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 697 397,47 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 886 392,81
დღგ - 887 398,81
მიწა - არასასოფლო - (- 1 006)
ჯარიმა - 443 218,32
საურავი - 367 786,34
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2025 წლის კამერალური საგადასახდო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2025 წლის №047-33 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 28.04.2026 წლის №9280 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ზედმეტად დარიცხული მიწაზე ქონების გადასახადის თანხების შემცირების საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 28.04.2026 წლის №9280 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 20.05.2026 წლის დასკვნის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 25 დეკემბრის №047-33 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრულ თანხაში გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ ზედმეტად დეკლარირებული მიწაზე ქონების გადასახადი. გადაანგარიშება მოხდა 1 აპრილის მდგომარეობით მომჩივნის საკუთრებაში არსებული ფართის მთლიან ფართთან პროპორციის მიხედვით და გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა ზედმეტად დეკლარირებული თანხა ჯამში 1 006 ლარის ოდენობით. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 25 დეკემბრის №047-33 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრულ თანხაში გათვალისწინებულ იქნა, გადასახადის გადამხდელის მიერ ჩასათვლელი/შესამცირებელი დღგ-ის თანხა ჯამში 371 ლარის ოდენობით.
აუდიტის დეპარტამენტის 20.05.2026 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 27.05.2026 წლის №047-13 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 15.07.2026 წლის №16201 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები, ჯამში 371 ლარის ოდენობით. ასევე, გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ ზედმეტად დეკლარირებული მიწაზე ქონების გადასახადი. კერძოდ, გადაანგარიშება განხორციელდა პირველი აპრილის მდგომარეობით მთლიანი ფართის მიმართ საწარმოს საკუთრებაში არსებული ფართის წილის პროპორციულად.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
დღგ-ის ნაწილში არ ეთანხმება დაბეგვრის პერიოდებს, საწარმოს მშენებლობა დაფინანსებული ჰქონდა სს „--------“ ბანკის მეშვეობით, რიგ შემთხვევაში კომპანიის ბინების რეალიზაცია ხდებოდა სს „--------“ ბანკის მიერ გაცემული იპოთეკური სესხის მეშვეობით, რომელიც ითვალისწინებდა გირავნობის სქემას, რაც ითვალისწინებდა მყიდველის მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებას (მაგ:„--------“-ის სესხი ბანკის მიერ გაცემულია 2023 წლის 6 თებერვალს, რომლის თანხა სრულებით დაგირავებულია იმავე დღეს, ხოლო ამავე თანხაზე შეზღუდვა მოხსნილია 2024 წლის 26 იანვარს, რომლის განკარგვა საწარმოს მიერ მოხდა ამის შემდგომ). შემოწმებით აღნიშნული თანხა დაბეგრილია 2023 წლის თებერვლის თვეში და არა 2024 წლის იანვრის თვეში, აღნიშნულმა გამოიწვია ზედმეტი თანხების დარიცხვა.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 160-ე, 163-ე და 203-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გათვალისწინებული უნდა იქნას მოყვანილი არგუმენტაცია და დღგ-ის ნაწილში შემცირდეს დარიცხული სანქცია/საურავი. საწარმოს 2025 წელს რეალიზებული აქვს ყველა საცხოვრებელი ბინა, კომპანიას ზედმეტად გადახდილი აქვს მიწაზე ქონების გადასახადი აშენებულ და გაყიდულ კორპუსის ბინებზე 2023-2024 წლებში. შემოწმებით არ განხორციელებულა ზედმეტად დარიცხული მიწაზე ქონების გადასახადის თანხების შემცირება. ქონების გადასახადში ზედმეტად გადახდილი თანხა უნდა შემცირდეს. მიწაზე ქონების გადასახადის გაანგარიშების ნაწილში არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის დასკვნას, ვინაიდან გადაანგარიშება განხორციელდა მომჩივნის მონაწილეობის გარეშე და სრულად არ შემცირებულა მიწაზე ქონების გადასახადის თანხა.
ვინაიდან კომპანია არის კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად უნდა გათავისუფლდეს სადავო საკითხების გადაანგარიშების შედეგად დარჩენილი სანქციისაგან (ჯარიმა და საურავი).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:
ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;
გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგი წესით:
ა) გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით;
ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთი მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ამასთანავე, ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის 28.04.2026 წლის №9280 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ზედმეტად დარიცხული მიწაზე ქონების გადასახადის თანხების შემცირების საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 20.05.2026 წლის დასკვნის მიხედვით, გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ ზედმეტად დეკლარირებული მიწაზე ქონების გადასახადი. გადაანგარიშება მოხდა 1 აპრილის მდგომარეობით მომჩივნის საკუთრებაში არსებული ფართის მთლიან ფართთან პროპორციის მიხედვით და გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა ზედმეტად დეკლარირებული თანხა ჯამში 1 006 ლარის ოდენობით. ასევე, გათვალისწინებულ იქნა, გადასახადის გადამხდელის მიერ ჩასათვლელი/შესამცირებელი დღგ-ის თანხა ჯამში 371 ლარის ოდენობით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწაზე ქონების გადასახადის ზედმეტად გადახდის საკითხი და ჩასათვლელი დღგ-ის საკითხი, შესაბამისად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 20.05.2026 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 28.04.2026 წლის №9280 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
მომჩივანი ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 28.04.2026 წლის №9280 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი დღგ-ის ნაწილში არ ეთანხმება დაბეგვრის პერიოდებს.ასევე,გადამხდელი მიიჩნევს,რომ სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად უნდა გათავისუფლდეს სადავო საკითხების გადაანგარიშების შედეგად დარჩენილი სანქციისაგან.
ფაქტობრივი გარემოებები
ზედმეტად დარიცხული მიწაზე ქონების გადასახადის თანხების შემცირების საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრულ თანხაში გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ ზედმეტად დეკლარირებული მიწაზე ქონების გადასახადი. გადაანგარიშება მოხდა 1 აპრილის მდგომარეობით მომჩივნის საკუთრებაში არსებული ფართის მთლიან ფართთან პროპორციის მიხედვით და გადამხდელს შეუმცირდა ზედმეტად დეკლარირებული თანხა.უდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრულ თანხაში გათვალისწინებულ იქნა, გადამხდელის მიერ ჩასათვლელი/შესამცირებელი დღგ-ის თანხა ჯამში 371 ლარის ოდენობით. აუდიტის დეპარტამენტის 20.05.2026 წლის დასკვნის საფუძველზე გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 15.07.2026 წლის №16201 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 20.05.2026 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 28.04.2026 წლის №9280 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
მომჩივანი ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა შემოსავლების სამსახურის 28.04.2026 წლის №9280 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
203,204,205,269(7).