გადაწყვეტილება №18648/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 24.02.2023
№ დოკუმენტი 18648/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18648/2/2023

24.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ "----------" (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "----------" 14.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18648/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო შემოწმების პროცედურების დარღვევა;

2. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

3. შემოწმებით გაანგარიშებული ფასნამატი;

4. ხანდაზმული პერიოდის შემოწმების მართლზომიერება;

5. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 ივლისის №19507 ბრძანება;

2. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 სექტემბრის №249-13 საგადასახადო მოთხოვნა;

3. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 დეკემბრის №32994 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 780 086 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 381 709

დღგ - 260 870

საშემოსავლო გადასახადი - 120 839

ჯარიმა - 190 321

საურავი - 208 056

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საქონლით ---------- სავაჭრო ცენტრში.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 ივლისის №19507 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივლისამდე, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2022 წლის 20 ივლისის ჩათვლით. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 12 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 სექტემბრის №23774 ბრძანება და №249-13 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 780 086 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 13 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 27 დეკემბრის №32994 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი:

- მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, შესწავლის შედეგად დადგენილი ფასნამატი არ გაავრცელოს დოკუმენტურ რეალიზაციაზე და აღნიშნულის გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შესამოწმებელი პერიოდის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთი გაიანგარიშოს/განსაზღვროს გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 დეკემბრის №32994 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო შემოწმების პროცედურების დარღვევა

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 ივლისის №19507 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივლისამდე, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2022 წლის 20 ივლისის ჩათვლით.

გადასახადის გადამხდელს მიაჩნია, რომ შემოწმება ჩატარდა პროცედურების დარღვევით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 51-ე, 262-ე, 263-ე მუხლებზე და საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ კამერალური საგადასახადო შემოწმება შეეხო კონკრეტულ საკითხს, სადაც განსაზღვრულია კონკრეტული შესამოწმებელი პერიოდი. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ კამერალური საგადასახადო შემოწმება ჩატარდა საგადასახადო კანონმდებლობის დაცვით, აღნიშნული შემოწმების დროს არ არის პროცედურული და სამართლებრივი ნორმები დარღვეული. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს სადავო საკითხები შესწავლილი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს საკითხების დამატებით შესწავლა დაევალა ისე, რომ სადავო, არაკანონიერი აქტები ბათილად არ იქნა ცნობილი.

მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების შედეგებს, რადგანაც გამოცემული ადმინისტრაციული აქტები მიაჩნია არაკანონიერად მათი შინაარსობრივი და პროცესუალური უსწორობის გამო.

შემოწმებისას დარღვეულია საგადასახადო კოდექსის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად განსაზღვრული ნორმები.

აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 ივლისის №19507 ბრძანება კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ არაკანონიერია, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე. ანუ კამერალური საგადასახადო შემოწმება, კანონმდებლობის თანახმად, შესაძლებელია ჩატარდეს მხოლოდ კონკრეტულ ერთ საკითხზე, რომელიც განისაზღვრება ბრძანებით. მოცემულ შემთხვევაში შემოწმება ჩატარდა და 12.09.2022 წლის შემოწმების აქტი შედგენილია 2022 წლის 22 ივლისის №19507 ბრძანების (ასევე, მასში ცვლილებების ბრძანებების) საფუძველზე, რომლითაც შესამოწმებლად განსაზღვრულია არა ერთი რაიმე კონკრეტული საკითხი, არამედ კანონის მოთხოვნის დარღვევითა და საწინააღმდეგოდ რამოდენიმე, ზოგადად ყველა მოქმედი გადასახადებით დაბეგვრის საკითხები.

შემოწმების აქტში მოცემულია, რომ შემოწმდა: დღგ, ქონების გადასახადი და საშემოსავლო გადასახადი.

2022 წლის 12 სექტემბრის შემოწმების აქტი შედგა სწორედ ზემოაღნიშნული, უკანონო ბრძანებების საფუძველზე, ხოლო თავის მხრივ 12.09.2022 წლის აქტი წარმოადგენს 14.09.2022 წლის №23774 ბრძანების და №249-13 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველს.

სამეწარმეო საქმიანობის შესახებ კანონის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კანონის დარღვევით განხორციელებული შემოწმების შედეგად მიღებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვს.

ვინაიდან შემოწმების შესახებ ბრძანებები არაკანონიერია, 12.09.2022 წლის შემოწმების აქტს იურიდიული ძალა არ აქვს და შესაბამისად, მის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 14.09.2022 წლის №23774 ბრძანება და №249-13 საგადასახადო მოთხოვნა ექვემდებარება ბათილობას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები.

ამავე კოდექსის 262-ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი.

საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის თანახმად:

1. კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე.

2. კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა.

3. კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება პირის საქმიანობის ადგილზე გაუსვლელად, საგადასახადო ორგანოში არსებული პირის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე გადასახადის გადამხდელისაგან მიღებული ახსნა-განმარტებისა და სააღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე.

4. თუ კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლენილი შეცდომები იწვევს გადასახადის თანხის ცვლილებას, კამერალური საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი ადგენს საგადასახადო შემოწმების აქტს.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 ივლისის №19507, 26 აგვისტოს №22366 და 31 აგვისტოს №22619 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივლისამდე, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისთვის - 2022 წლის 20 ივლისის ჩათვლით. შემოწმება შეეხო კონკრეტულ საკითხს, განსაზღვრულია კონკრეტული შესამოწმებელი პერიოდი. შესაბამისად, კამერალური საგადასახადო შემოწმება ჩატარდა საგადასახადო კანონმდებლობის დაცვით და შემოწმებისას არ დარღვეულა პროცედურული და სამართლებრივი ნორმები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

2. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით

ფაქტების აღწერა

საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №---------- საქმეზე, გადასახადის გადამხდელის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე. მომჩივანი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. შემოწმებისთვის წარდგენილი ინფორმაციით/დოკუმენტაციით ვერ ხდება დაბეგვრის ობიექტის დადგენა. გადასახადის გადამხდელის 2019-2021 წლებში დეკლარირებული საწყისი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები შეადგენს 0 ლარს.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად, მომჩივანს 2019-2021 წლებში არ უფიქსირდება სასაქონლომატერიალური ფასეულობების შეძენა და რეალიზაცია. მეწარმის განმარტებით, ეკონომიკური საქმიანობა მცირე მეწარმის სტატუსით აღდგენილი აქვს 2022 წლიდან. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 20 ივლისს ჩატარებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. მიწოდებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს ინვენტარიზაციისას განესაზღვრა 224 023 ლარის ფაქტიური სმფ-ების ნაშთი, სადაც 22 114 ლარის ღირებულების საქონელი იყო 2016 წელს იმპორტირებული საქონლის ნაწილი.

საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებულ იქნა მომჩივნის საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რომელიც ამოღებულია მეწარმის ობიექტიდან. დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი ახორციელებდა ფართო მოხმარების კერამიკის და მინის ჭურჭლის რეალიზაციას როგორც 2022 წელს, ასევე წინა საგადასახადო პერიოდებშიც. ამასთან, საბაჟოზე წარდგენილ ინვოისებში თითოეულ საქონელს მინიჭებული აქვს სპეციალური კოდი, რომლის საშუალებითაც ხდება ამა თუ იმ პროდუქციის იდენტიფიცირება სახეობის და ღირებულების მიხედვით. საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ მეწარმეს აღრიცხული აქვს თითოეული რეალიზაცია საქონლის მაიდენტიფიცირებადი კოდების სარეალიზაციო ფასების მითითებით.

შემოწმების მიერ დამუშავდა ზემოაღნიშნული ინფორმაცია და თითოეული საქონლის კოდის ინვოისში არსებული შესაბამისი საქონლის თვითღირებულებასთან დაკავშირებით დადგენილმა საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 77.3%. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით დამუშავდა მეწარმის მიერ 2014- 2019 წლების საანგარიშო პერიოდებში დეკლარირებული საწყისი და საბოლოო ნაშთები, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები და მასთან დაკავშირებული ერთობლივი შემოსავლები. აღნიშნულის გათვალისწინებით,საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მეწარმის შემოსავალი განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შედეგად, მომჩივნის 2019 წლის საწყისი სმფ-ების ნაშთმა შეადგინა 803 735 ლარი, ხოლო საბოლოო ნაშთმა - 22 114 ლარი (ვინაიდან აღნიშნული საქონელი 2022 წლის ინვენტარიზაციის დროსაც ფაქტიურად არსებობდა). შესაბამისად, 2019 წელს მეწარმის ერთობლივმა შემოსავალმა, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებისა და საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულ დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით დადგენილი ფასნამატის (77.3%-ის) გათვალისწინებით, შეადგინა 1 385 814 ლარი. გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი. ასევე, ინვენტარიზაციის შედეგების და დადგენილი ფასნამატის შედეგად გაანგარიშებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში არსებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადები, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

მე-2, მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 73-ე, 49-ე, 491 , 61-ე, მე-2, 160-ე, 161-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, მე-100, 102-ე, 145-ე და 43-ე მუხლებზე.

მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, ხოლო შემოწმებისთვის წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით ვერ ხდება დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

წარდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფასნამატის ოდენობას და აცხადებს, რომ ჩატარებული ინვენტარიზაციის მონაცემებით 2022 წელსაც კი ფასნამატი არ აღემატება 40%-ს, ხოლო შემოწმებისას გამოყენებული ფასნამატის გაანგარიშების ცხრილის მიხედვით, მრავალ შემთხვევაში ფასნამატი აჭარბებს 200%-ს. ცალკეულ შემთხვევებში ფასნამატი 1 100%-დან 1 500%-მდეა, ხოლო ერთ შემთხვევაში 3 300%-მდე. თითქოს ეს კოლოსალური ფასნამატი გაანგარიშებისას არ გამოყენებულა, მაგრამ 250-370% ფასნამატიც ნებისმიერ საქონელზე არარეალურია. ამასთან, ფასნამატი გამოყენებულია ზედნადებებითა და ანგარიშ-ფაქტურებით რეალიზებულ საქონელზეც, რის შედეგადაც არასწორადაა გაზრდილი შემოსავლები.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, შესწავლის შედეგად დადგენილი ფასნამატი არ გაავრცელოს დოკუმენტურ რეალიზაციაზე და აღნიშნულის გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების შედეგად განხორციელებული დარიცხვები ძირითადად გამოწვეულია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად შემოსავლების გაზრდით, რომელიც დაიბეგრა როგორც დღგ-ით, ასევე საშემოსავლო გადასახადით.

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება არაკანონიერია, ვინაიდან არ არსებობდა მისი გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.

შემოწმების აქტში მითითებულია, რომ თითქოსდა „გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად’’.

სინამდვილეში საგადასახდო კოდექსის 43-ე მუხლი საერთოდ არ განსაზღვრავს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების წესს და არც შეიძლება განსაზღვრავდეს, რადგანაც ეს არაა ამ კანონის რეგულირების სფერო.

არც ამ საკანონმდებლო ნორმაშია მოცემული და არც შემოწმებას დაუკონკრეტებია, თუ რატომ, რა სამართლებრივი საფუძვლის გამოყენებით იყო შესაძლებელი ე.წ. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლში მკაცრად არის განსაზღვრული თუ რა შემთხვევაში შეიძლება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება, ხოლო მოცემულ შემთხვევაში ასეთი პირობები არც დამდგარა და არც შემოწმებას აქვს მითითებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არანაირი საფუძველი არ არსებობს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების და მითუმეტეს, ყოვლად უსაფუძვლოდ, შემოსავლების გაზრდისთვის.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

ამავე კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერად განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. შემოწმებით გაანგარიშებული ფასნამატი

ფაქტების აღწერა

შემოწმებით დადგენილმა საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 77.3%.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

მითითებულია მე-2 დავის საგნის ნაწილში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი ნორმების დარღვევის გამო საგადასახადო მოთხოვნა და მისი საფუძველი - დარიცხვის შესახებ ბრძანება ექვემდებარება ბათილობას ყოველგვარი შინაარსობრივი განხილვის გარეშეც. ამდენად, დარიცხული თანხებიც უნდა გაუქმდეს სრული ოდენობით.

მიუხედავად აღნიშნულისა, თუ მაინც განვიხილავთ საკითხებს შინაარსობრივად, არ ეთანხმება გადასახადის თანხების დარიცხვას მისი არაკანონიერებისა და არასწორობის გამო.

ორივე გადასახადში შემოწმების შედეგად დამატებით ბიუჯეტში გადასახდელი თანხების დარიცხვას იწვევს არაკანოიერად ე.წ. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება და აღნიშნული საბაბით ფასნამატის არასწორი გაანგარიშება, ნაშთების უსაფუძვლოდ და არაკანონიერად არასწორი გაანგარიშება და არასწორად გაანგარიშებულ საქონლის რაოდენობასა და თვითღირებულებაზე ზედმეტად გაზრდილი ფასნამატით არარეალური შემოსავლების განსაზღვრა.

შემოწმების შედეგად განსაზღვრული შემოსავლების ოდენობა არასწორია, ვინაიდან:

ა) არასწორადაა გაანგარიშებული ფასნამატის ოდენობა.

ჩატარებული ინვენტარიზაციის მონაცემებით 2022 წელსაც კი ფასნამატი არ აღემატება 40 პროცენტს, ხოლო შემოწმებისას გამოყენებული ფასნამატის გაანგარიშების ცხრილით მრავალ შემთხვევაში ფასნამატი აჭარბებს 200%-ს. ფასნამატის გაანგარიშებისას გამოყენებული მონაცემები მომჩივნისთვის უცნობია, არარეალურია და მის აბსურდულობას ისიც ადასტურებს, რომ ცალკეულ შემთხვევებში ფასნამატი 1100%-დან 1500%-მდეა, ხოლო ერთ შემთხვევაში 3300%-მდეა.

თითქოსდა ეს კოლოსალური ფასნამატი გაანგარიშებისას არ გამოყენებულა, მაგრამ 250-370% ფასნამატიც ნებისმიერ საქონელზე არარეალურია და მთლიანობაში გაუგებარი მონაცემების გამოყენებაც არასწორია.

შესაბამისად, გაანგარიშებული ფასნამატი არარეალურია და მისი გამოყენება არაკანონიერია.

ბ) ფასნამატი არასწორად გაზრდილ საქონლის რაოდენობაზეა გამოყენებული.

შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდი გამოყენებული უნდა იქნეს რეალობის დადგენის მიზნით, ხოლო მოცემულ შემთხვევაში მისმა არაკანონიერად გამოყენებამ მიიღო დასჯის ხასიათი და გახდა გადასახადების არასწორად, არანორმალურად, შეუსაბამოდ დიდი ოდენობით დარიცხვის მექანიზმი.

არარეალური ფასნამატის არასწორად გამოყენებას ადასტურებს ასევე ის გარემოებაც, რომ თუ არაპირდაპირი მეთოდით ზოგადად უნდა დადგინდეს ზედნადებების გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავლების რეალობა, მოცემულ შემთხვევაში შემოსავლების გადაანგარიშებისას, ფასნამატი გამოყენებულია ზედნადებებითა და ანგარიშ-ფაქტურებით რეალიზებულ საქონელზეც, რომლის შედეგადაც ასევე არასწორად, ზედმეტადაა გაზრდილი შემოსავლები, დასაბეგრი თანხები და გადასახადები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოწმების აქტის მიხედვით, შემოწმებით დადგენილმა საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 77.3%.

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფასნამატის ოდენობას და აღნიშნავს, რომ ფასნამატი გამოყენებულია ზედნადებებითა და ანგარიშ-ფაქტურებით რეალიზებულ საქონელზეც, რის შედეგადაც არასწორადაა გაზრდილი შემოსავლები.

შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა მომჩივნის არგუმენტაცია და გადასახადის გადამხდელს მისცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). ამასთან, დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, შესწავლის შედეგად დადგენილი ფასნამატი არ გაავრცელოს დოკუმენტურ რეალიზაციაზე და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ ფასნამატი გაანგარიშებულია მათთვის უცნობი დოკუმენტების საფუძველზე მაშინ, როდესაც მომჩივანს უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია და ასევე, საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებულია სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია. მომჩივანი ითხოვს დოკუმენტური ან ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის გავრცელებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, მოახდინოს დოკუმენტური და ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის ანალიზი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

4. ხანდაზმული პერიოდის შემოწმების მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოწმდა ხანდაზმული პერიოდი და ხანდაზმულ პერიოდში რეალიზებული საქონელი გადმოტანილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში და ჩათვლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.

წარდგენილ საჩივარში მომჩივანი აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არაკანონიერად შეამოწმა ხანდაზმული პერიოდი და არასწორად გამოიტანა დასკვნები ხანდაზმულ პერიოდში საქონლის რეალიზაცია-თვითღირებულებაზე. ხანდაზმულ პერიოდში რეალიზებული საქონელი გადმოტანილი იქნა შესამოწმებელ პერიოდში და არასწორად იქნა ჩათვლილი შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად. არაკანონიერია გაანგარიშება შემდეგი მიდგომით: შემოწმებით აღებული იქნა ხანდაზმული პერიოდის შემოსავლები, გაიყო შემოწმებით დადგენილ ფასნამატზე და გაანგარიშდა რეალიზებული საქონლის ღირებულება. შედეგად, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება დადგინდა ხანდაზმულ პერიოდში რეალიზებულზე ნაკლები ღირებულებით, სხვაობა დაბეგრილი იქნა 2019 წლიდან, შესამოწმებელ პერიოდში.

გადასახადის გადამხდელი აცხადებს, გარდა იმისა, რომ ფასნამატი არარეალურად დიდია, დამატებით შემოწმდა ხანდაზმული პერიოდი და მიმდინარე პერიოდში შემოსავლების გაზრდის მსგავსად, ხანდაზმულ პერიოდშიც შემოსავლები კი არ გაიზარდა, არამედ ვინაიდან ხანდაზმულ პერიოდზე დარიცხვა ვერ განხორციელდებოდა, განხორციელდა თვითღირებულების შემცირება და ვითომდა მიმდინარე პერიოდის ნაშთზე დამატებით იქნა დარიცხული მიმდინარე პერიოდის გადასახადები. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და არალოგიკურია, რომ 2015 წელს მიღებული და რეალიზებული საქონელი ჩაითვალოს მიმდინარე პერიოდის ნაშთად და 4-5 წლის შემდეგ რეალიზებულად. ამ საკითხის აბსურდულობა მტკიცდება იმითაც, რომ შეუძლებელი იქნებოდა საქონლის ნაშთად შენახვა და ამავდროულად სხვა საქონლის შეძენა.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შესამოწმებელი პერიოდის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთი გაიანგარიშოს/განსაზღვროს გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გამო არა მარტო გადასახადების დარიცხვაა აკრძალული, არამედ ხანდაზმული პერიოდის შემოწმებაც აკრძალულია მე5 ნაწილის შესაბამისად.

არაკანონიერია შემოწმების მხრიდან იმის მტკიცება, რომ ხანდაზმული პერიოდის გადასახადების დეკლარაციების ინფორმაციის მოპოვება, საბაჟო ინფორმაციის დამუშავება, ხანდაზმულ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის ღირებულების განსაზღვრა, ხანდაზმულ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრა არ წარმოადგენს შემოწმებას და მხოლოდ ინფორმაციის მიღებაა.

სწორედ ჩატარებული კვლევა-გაანგარიშებები, ინფორმაციის გამოთხოვა და მათი მონაცემების დამუშავება და დეკლარირებულ მონაცემებთან შედარება წარმოადგენს შემოწმებას, რაც ცალსახად აკრძალულია კანონმდებლობით და დაუშვებელია გამოყენებულ იქნეს მიმდინარე პერიოდის შემოწმებისას.

ამდენად, შემოწმება ამ მხრივაც არაკანონიერად ჩატარდა, რადგანაც შემოწმებამ არაკანონიერად შეამოწმა ხანდაზმული პერიოდი, არაკანონიერად გამოიტანა დასკვნები ხანდაზმულ პერიოდში საქონლის რეალიზაცია-თვითღირებულებებზე.

აღნიშნულიდან გამომდინარეც, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები ექვემდებარება ბათილობას და შესაბამისად, დარიცხული თანხები გაუქმებას.

ამასთანავე, იმის გარდა, რომ არაკანონიერად შემოწმდა ხანდაზმული პერიოდი, შემოწმების შედეგად ხანდაზმულ პერიოდში რეალიზებული საქონელი „გადმოტანილი იქნა“ შესამოწმებელ 2019 წელში და ჩათვლილი იქნა, რომ თითქოსდა რეალიზდა შესამოწმებელ პერიოდში და თანაც არასწორად „დადგენილი“ არარეალურად გაზრდილი ფასნამატით.

აღნიშნული წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს სურვილს არაკანონიერად, არარეალური ფასნამატის გამოყენებით დაარიცხოს გადამხდელს გადასახადები არა მხოლოდ მიმდინარე პერიოდზე, არამედ ხანდაზმულ პერიოდზეც.

აბსურდული და არაკანონიერია შემოწმების ამგვარი მიდგომა, რადგანაც შემოწმებით, ყოველგვარი დასაბუთებისა და შესაბამისი მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში, განხორციელდა შემდეგი გაანგარიშება: აღებული იქნა ხანდაზმული პერიოდების შემოსავლები, რომლებიც გაიყო შემოწმებით დადგენილ ფასნამატზე და ვითომდა გაანგარიშდა რეალიზებული საქონლის ღირებულება. აღნიშნულის შემდგომ, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება დადგინდა ხანდაზმულ პერიოდებში რეალიზებულზე ნაკლები ღირებულებით, ეს სხვაობა დაბეგრილი იქნა 2019 წლიდან შესამოწმებელ პერიოდში.

ამდენად, იმის გარდა, რომ შემოწმებით გაანგარიშებული ფასნამატი არ ეყრდნობა მტკიცებულებებს და არარეალურად დიდია, დამატებით შემოწმდა ხანდაზმული პერიოდი და ამ არარეალურად დიდი ფასნამატით მიმდინარე პერიოდში შემოსავლების გაზრდის მსგავსად, ხანდაზმულ პერიოდშიც შემოსავლები კი არ გაიზარდა, არამედ ვინაიდან ვერ განხორციელდებოდა გადასახადების ხანდაზმულ პერიოდზე დარიცხვა, განხორციელდა პირიქით თვითღირებულების შემცირება და ვითომდა მიმდინარე პერიოდში იყო საქონლის ნაშთი, გადაანგარიშდა დამატებით მიმდინარე პერიოდის გადასახადები.

შემოწმებით გაანგარიშებული ფასნამატი სწორიც რომ იყოს, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და არალოგიკურიცაა, რომ 2015 წელს მიღებული და რეალიზებული საქონელი ჩაითვალოს, რომ ისევ ნაშთად ირიცხებოდა მიმდინარე პერიოდში და 4-5 წლის შემდეგ მოხდა მისი რეალიზაცია განსაკუთრებულად დიდი ფასნამატით. ამასთანავე, ერთიდაიმავე ოპერაციებზე შემოწმება მიუდგა განსხვავებულად, ხანდაზმულ პერიოდში შეამცირა თვითღირებულება და გაზარდა საქონლის ნაშთი, ხოლო მიმდინარე პერიოდში გაზარდა შემოსავალი.

ზემოაღნიშნული მიდგომა და მის შედეგად განსაზღვრული შემოსავლები და გადასახადები არ ეყრდნობა არანაირ საფუძველს, უკანონოა და შესაბამისად, უნდა გაუქმდეს

მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 601 მუხლებზე.

შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, აუდიტის დეპარტამენტმა ხელახლა უნდა განახორციელოს გადაანგარიშება-შესწავლა: გამოყენებული ფასნამატის ოდენობის საკითხის, ფასნამატის სასაქონლო ზედნადებებით განხორციელებულ მიწოდებებზე გამოყენების საკითხის, 2019 წლის საწყისი სმფ-ის ნაშთის საკითხის.

ამ ნაწილებშიც მომჩივნის მოთხოვნები უფრო კონკრეტულია, კერძოდ:

- ფასნამატის გაანგარიშება უნდა ხორციელდებოდეს სასაქონლო ზედნადებებით საქონლის მიწოდებისას და ინვენტარიზაციისას მოცემული ფასების შესაბამისად;

- განსხვავებული ფასნამატის გამოყენება შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ სასაქონლო ზედნადებების გარეშე რეალიზაციებზე;

- 2019 წლის 1 იანვრისათვის სმფ-ის ნაშთი იყო ნულის ტოლი, შესაბამისად, ე.წ. „წინა წლების ნაშთის“ 2019 წელს რეალიზაცია არ განხორციელებულა და ამ მეთოდით გაანგარიშებული გადასახადები უნდა გაუქმდეს.

საბჭოში წარმოდგენილი საჩივრის განხილვამდე აღნიშნული საკითხების გადაანგარიშების (შემცირების) შემთხვევაში, შესაძლოა შემცირდეს განსახილველი საკითხები და მოთხოვნები.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მომჩივანი არ ეთანხმება გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ითხოვს ნაწილობრივ (დაუკმაყოფილებელ ნაწილში) ბათლიდ იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის 27.12.2022 წლის №32994 ბრძანება, ბათილად იქნეს ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 14.09.2022 წლის №249-13 საგადასახადო მოთხოვნა და №23774 ბრძანება. შესაბამისად, ითხოვს გაუქმდეს 12.09.2022 წლის შემოწმების აქტის შედეგად დარიცხული თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოწმდა ხანდაზმული პერიოდი და ხანდაზმულ პერიოდში რეალიზებული საქონელი გადმოტანილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში და ჩათვლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად.

მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა ამ ნაწილში ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი და დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, შესამოწმებელი პერიოდის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთი გაიანგარიშოს/განსაზღვროს გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

5. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 სექტემბრის №249-13 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 780 086 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 381 709 ლარი, ჯარიმა - 190 321 ლარი და საურავი - 208 056 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციების მიმართ მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ შემოწმების შედეგად დასარიცხად გაანგარიშებული ძირითადი თანხები და ჯარიმები ექვემდებარება გაუქმებას. ამასთანავე, ცალსახაა, რომ გადამხდელი კეთილსინდისიერია და თუ რაიმე სანქცია იქნება გამოყენებული, ეს იქნება მისგან დამოუკიდებელი მიზეზით და აღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციების დაკისრების საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც, მომჩივანი ითხოვს გათვალისწინებულ იქნას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 დეკემბრის №32994 ბრძანება;

3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, მოახდინოს დოკუმენტური და ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის ანალიზი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.