ბრძანება N 26155
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26155
12 დეკემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“(ს/ნ ------)
(მის.:---------)
2024 წლის 10 ივნისის და 2 დეკემბრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 28 ნოემბრის და 5 დეკემბრის სხდომებზე (ოქმები: №125 და №128) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 ნოემბრის №23464/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „------------”-ს (ს/ნ ----------) №90103/1/2024 საჩივარი და გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენლი №--------- (რეგ.: №----------) საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 13 მაისის №081-91 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არარეზიდენტ საწარმოზე ავანსის სახით გადახდილი თანხის არარეზიდენტ პირზე გაცემულ სესხად მიჩნევას. სადავო ოპერაციასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სსიპ ---------- მიერ კომპანიისგან უნდა მომხდარიყო კატარღის შესყიდვა. შესაბამისად, მათ პარტნიორებთან მოიძიეს მსგავსი სპეციფიკის საქონელი. რის შედეგადაც კომპანიის მიერ 2019 წლის პერიოდში არარეზიდენტთან გაგზავნილ იქნა საქონლის შესაძენად ინვოისები. გადამხდელი აღნიშნავს, რომ საუბარია ინვოისებზე, და არა ხელშეკრულებებზე, რაზეც აქტშია ყურადღება გამახვილებული და მათ მომწოდებელთან ხელშეკრულება არ გაუფორმებიათ. აღნიშნავენ, რომ --------- პარტნიორებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, საქონლის მოწოდების ვადა განისაზღვრა 26 თვით. გადამხდელი აცხადებს, რომ ვინაიდან საქონლის მოწოდებას არსებითი დრო ჭირდებოდა, თადარიგი დაიჭირეს, მომწოდებელთან განათავსეს დაკვეთა და ავანსის სახით 2020 წლის იანვრის თვეში გადაიხადეს
50 000 ევრო, ხოლო იმავე წლის დეკემბერში - დარჩენილი 55 000 ევრო. მომჩივანი მიუთითებს, რომ მათი მხრიდან პანდემიის დროს კატარღის არ შემოყვანა შინაარსობრივად სწორი გადაწყვეტილება იყო და არ მოდიოდა წინააღმდეგობაში თანხის გადახდასთან, რადგანაც უნდა გაეწიათ დამატებითი დანახარჯები, რაც ბიზნესისთვის ძალიან წამგებიანი იქნებოდა. ამასთან, გადამხდელი აღნიშნავს, რომ არარეზიდენტი მომწოდებელი ყოველწლიურად ადასტურებს დავალიანების ოდენობას, ხოლო მიმდინარე წლის 20 მაისს მხარეებს შორის ნოტარიულად გაფორმდა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც მომწოდებელი არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა უკან დააბრუნებს ავანსის თანხას. ასევე, საჩივარში აღნიშნულია, რომ მომწოდებელმა უკვე განახორციელა ნაწილი თანხის დაბრუნება, რაზეც წარმოდგენილია დოკუმენტები (შედარების აქტები, ანგარიშზე საწარმოს დირექტორის მიერ თანხის შეტანის შესახებ დოკუმენტები ბანკიდან). გადამხდელი აცხადებს, რომ ფისკალური თვალსაზრისით, უკან დაბრუნებული სახსრებით, დიდი ალბათობით (ვინაიდან კომპანიას ამ ეტაპზე არ აქვს რაიმე სახის ვალდებულებები მომწოდებლებთან) მოხდება მოგების განაწილება დივიდენდის სახით და ბიუჯეტში გადახდილი იქნება კუთვნილი მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები.
2. გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 თებერვლის №2583 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------”-ს (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის პირველ მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის 13 მაისის №11001 ბრძანება და ამავე თარიღის №081-91 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 131 638 ლარი, მათ შორის, გადასახადი 69 685 ლარი, ჯარიმა 34 748 ლარი, საურავი 27 205 ლარი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 ნოემბრის №23464/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„მხარეთა არგუმენტების, წარმოდგენილი მასალების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საჩივარზე მართებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ასევე, მომჩივნის არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ დამატებით შესწავლას საჭიროებს არარეზიდენტ საწარმოზე ავანსის სახით გადახდილი თანხის არარეზიდენტ პირზე უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირების (განხილვის) საკითხი, რის გამოც წარმოდგენილი საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის საბუღალტრო ჩანაწერების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში ფიქსირდება ----------- კომპანიაზე გადახდილი ავანსი 378 635 ლარის ოდენობით. საწარმოს დირექტორის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტების მიხედვით, ---------- კომპანიასთან გაფორმებულია ხელშეკრულება და ყოველი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოსთვის მხარეებს შორის ფორმდება შედარების აქტები. წარმოდგენილი განმარტებით, ერთ-ერთი სახელმწიფო უწყების მიერ უნდა მომხდარიყო კატარღის შეძენა. პანდემიის გამო სახელმწიფო შესყიდვა არ გამოცხადებულა, რის გამოც საქონლის იმპორტი არ განხორციელდა, აღნიშნულ საქონელზე ბაზარზე მოთხოვნის არ არსებობის და დამატებით ხარჯების თავიდან არიდების მიზნით, არ განხორციელდა კატარღის იმპორტი, ხოლო შესაბამისი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში განხორციელდება იმპორტი.
შემოწმების შედეგად დგინდება, რომ საწარმომ წყლის ტრანსპორტის სპეციფიკური მახასიათებლების მქონე კატარღის დამზადებისთვის 2020 წლის იანვარში ----------- კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება, ხელშეკრულების პირობების მიხედვით, ---------- კომპანიას უნდა შეეძინა სპეციფიკური მახასიათებლების მქონე კატარღა, აღნიშნულისთვის ავანსად 2020 წლის იანვარში გადახდილია 105 000 ევრო (378 635 ლარი), ხელშეკრულების პირობების მიხედვით საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 26 თვის ვადაში, ხელშეკრულების მიხედვით დადგენილი ვადა (26 თვე) სრულდება 2022 წლის მარტში, ----------- კომპანიისგან შესამოწმებელ პერიოდში საქონლის შეძენა არ განხორციელებულა, წარმოდგენილი შედარების აქტების მიხედვით,------------ კომპანიის მიერ აღიარებულია ვალდებულება 105 000 ევროს ოდენობით.
შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, არარეზიდენტზე ავანსად გადახდილი თანხა ხელშეკრულების მოქმედის ვადის დასრულებისთვის, 2022 წლის მარტიდან, დაკვალიფიცირდა არარეზიდენტ პირზე გაცემულ სესხად. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, საწარმოს მიერ არარეზიდენტ პირზე გაცემული სესხის თანხა
378 635 ლარის ოდენობით დაბეგრილ იქნა მოგების გადასახადით, საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:
ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის საბუღალტრო ჩანაწერებში, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში ფიქსირდება ---------- კომპანიაზე გადახდილი ავანსის თანხა 378 635 ლარის ოდენობით. კერძოდ, გადამხდელმა წყლის ტრანსპორტის სპეციფიკური მახასიათებლების მქონე კატარღის დამზადებისთვის 2020 წლის იანვარში ---------- კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება. რომლის შესაბამისად, ქართულ კომპანიას უნდა შეეძინა სპეციფიკური მახასიათებლების მქონე კატარღა, აღნიშნულისთვის ავანსად გადახდილია ჯამში 105 000 ევრო (378 635 ლარი). ხელშეკრულების თანახმად, საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 26 თვის ვადაში, აღნიშნული ვადის (26 თვე) დასრულდა 2022 წლის მარტის თვეში. ----------- არარეზიდენტი კომპანიისგან შესამოწმებელ პერიოდში საქონლის შეძენა არ განხორციელებულა, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შედარების აქტების მიხედვით, ----------- კომპანიის მიერ აღიარებულია ვალდებულება 105 000 ევროს ოდენობით. შემოწმების მიერ, არარეზიდენტ პირზე ავანსად გადახდილი თანხა ხელშეკრულების მოქმედის ვადის დასრულებისთვის, 2022 წლის მარტიდან, დაკვალიფიცირდა არარეზიდენტ პირზე გაცემულ სესხად. შესაბამისად, საწარმოს მიერ არარეზიდენტ პირზე გაცემული სესხის თანხა 378 635 ლარის ოდენობით დაბეგრილ იქნა მოგების გადასახადით.
გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილ დოკუმენტებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ მოცემული ინფორმაციის/დოკუმენტების მიხედვით თანხის დაბრუნება განხორციელებულია შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ, რაც არ ცვლის შემოწმების შედეგად შესამოწმებელ პერიოდში დადგენილ გარემოებებს (გადახდილი თანხის სესხად კვალიფიკაციის შინაარს). აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ არარეზიდენტზე გადახდილი თანხების არარეზიდენტ პირზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირება შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----------”-ს (ს/ნ ----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არარეზიდენტ საწარმოზე ავანსის სახით გადახდილი თანხის არარეზიდენტ პირზე გაცემულ სესხად მიჩნევას.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში ფიქსირდება უცხოურ კომპანიაზე გადახდილი ავანსი. კომპანიასთან გაფორმებულია ხელშეკრულება და ყოველი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოსთვის მხარეებს შორის ფორმდება შედარების აქტები. წარმოდგენილი განმარტებით, ერთ-ერთი სახელმწიფო უწყების მიერ უნდა მომხდარიყო კატარღის შეძენა. პანდემიის გამო სახელმწიფო შესყიდვა არ გამოცხადებულა, რის გამოც საქონლის იმპორტი არ განხორციელდა, აღნიშნულ საქონელზე ბაზარზე მოთხოვნის არ არსებობის და დამატებით ხარჯების თავიდან არიდების მიზნით, არ განხორციელდა კატარღის იმპორტი, ხოლო შესაბამისი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში განხორციელდება იმპორტი.
შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, არარეზიდენტზე ავანსად გადახდილი თანხა ხელშეკრულების მოქმედის ვადის დასრულებისთვის, 2022 წლის მარტიდან, დაკვალიფიცირდა არარეზიდენტ პირზე გაცემულ სესხად. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, საწარმოს მიერ არარეზიდენტ პირზე გაცემული სესხის თანხა ლარის ოდენობით დაბეგრილ იქნა მოგების გადასახადით, საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9);97(1);982(3ზ);270(1);272(1);275(2);