ბრძანება N 24042

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.11.2024
№ დოკუმენტი 24042
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24042

13 ნოემბერი 2024

ბრძანება

შპს „-------- -ის “ (ს/ნ "--------")

(ფაქტ. მის.:"-------")

2024 წლის 14 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 31 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №116) განიხილა შპს „--------- -ის “ (ს/ნ "----------") 2024 წლის 14 ოქტომბრის №92338/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 სექტემბრის №022-22 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას, ასევე შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს. აცხადებს, რომ ფასნამატის გაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო ბაზრის სპეციფიკა, მალფუჭებადობა, შრობა და წონის დანაკარგი, ბითუმად საქონლის რეალიზაციის შემთხვევები და ა.შ. განმარტავს, რომ კომპანია ახორციელებს ძირითადად მალფუჭებადი საქონლის ექსპორტს და იმპორტს, რომლის საქართველოში შემოსვლისა და საწყობში დასაწყობებისას გარკვეული რაოდენობა უვარგისია სარეალიზაციოდ, ხშირ შემთხვევაში ხდება მისი გადარჩევა და გადაყრა, ხოლო როდესაც გაფუჭების რისკი მაღალია, კომპანია აღნიშნულ საქონელს ყიდის საცალოდ და უმნიშვნელო ფასნამატით, ხშირად ზარალითაც. გადამხდელი ასევე მიუთებს, რომ მათი მხრიდან წარდგენილი იქნა საქონლის შეძენის ცხრილი საქონლის დასახელებისა და რაოდენობების გაშიფრვით, რომლის შესაბამისად შემმოწმებლების მხრიდან არასწორად განხორციელდა ნაშთის საბაზრო ფასის და თვითღირებულების განსაზღვრაც. გადამხდელი ასევე არ ეთანხმება ადგილობრივი ფიზიკური პირებისგან შეძენილი ხილ-ბოსტნეულის ღირებულების 25%-ის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქცია შეძენილი იყო შესყიდვის აქტებით და გატანილი იყო ექსპორტზე, საქონლის განბაჟებისას აღნიშნული შესყიდვის აქტები თანდართული იყო საქონლის წარმოშობის მტკიცებულების სახით, რაც შეეხება საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, თითქოს შესყიდვის აქტებში არსებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, დირექტორის ან სხვა პირის მიმართ პირველად დოკუმენტებში ასახული ინფორმაციის საეჭვოობა არ არის დადასტურებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების ან კანონიერ ძალაში შესული განაჩენის სახით. ასევე მიუთითებს, რომ პროდუქციის იმპორტი ხორციელდება სხვადასხვა ქვეყნებიდან და შესაბამისად ძირითადად თანხის გადახდა ხდება ნაღდი ფულის სახით იმპორტისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მეშვეობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ითხოვს მიეცეს შემმოწმებლებთან ერთად ხელახლა გაანგარიშებების შესწავლის საშუალება, ასევე მოძიებული და გონივრულ ვადაში მოწოდებული იქნება მომწოდებლებთან ანგარიშსწორების შესახებ ურთიერთშედარების აქტები.

2. გადამხდელი ითხოვს ჯარიმა/საურავისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახდო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 6 მარტის №5034 და 11 სექტემბრის №20179 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------- -ის “ (ს/ნ "--------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 18 ნოემბრიდან 2024 წლის 15 მარტის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 16 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 23 სექტემბრის №20773 ბრძანება და ამავე თარიღის №022-22 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 2 595 992 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 592 469 ლარი, ჯარიმა 797 022 ლარი და საურავი 206 501 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

 საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს თხილის გულით, მოცვით, წაბლით და სხვადასხვა დასახელების მწვანილით ვაჭრობა, როგორც იმპორტირებული საქონლის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია, აგრეთვე ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი და რეექსპორტი (ძირითადად რუსეთი, უკრაინა, ირანი). შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით, დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 511 345 ლარს. საწარმოში 2024 წლის 6 მარტს ჩატარებულია სმფ-ებისა და ნაღდი ფულის ინვენტარიზაცია. აღნიშნული მასალების შესწავლით დადგინდა, რომ საწარმოს საქონლის ნაშთი არ გააჩნია. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დირექტორის განმარტებით სამეურნეო ოპერაციები ბუღალტრულად არ აქვს აღრიცხული, შესაბამისად, შემოწმების შედეგად შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლისა და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განსაზღვრულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ: შესამოწმებელ პერიოდში, ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი, იმპორტირებული და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზებული, აგრეთვე ექსპორტზე გატანილი საქონლის რაოდენობების მიხედვით გაანგარიშებული იქნა საქონლის სახეობების მიხედვით დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლის (მწვანილი) რაოდენობა, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად გადამხდელის მიერ დოკუმენტურად რეალიზებული საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასით. საქონლის მოძრაობის შესწავლის შედეგად ასევე გამოვლინდა საქონლის (მოცვი) ნაშთი, რომელიც გადამხდელს სრულად აქვს რეალიზებული შესამოწმებელ პერიოდში. გადამხდელის განმარტებით, იმპორტის სასაქონლო რეჟიმით შეძენილი მოცვი (321 000 კგ) შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულია თვითღირებულებით დოკუმენტის გარეშე (საკატროლო სალარო აპარატზეა დაფისქირებული შემოსავლის მიღება) 1 კგ - 1,59 ლარად (დღგ-ის გარეშე). შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ საქონლის შეძენის ფასი იმპორტის დროს შეადგენდა 1 კგ - 1.56 ლარს, რაც არსებითად განსხვავდება, იმავე საანგარიშო პერიოდში იგივე საქონლის იმპორტის სასაქონლო რეჟიმში სხვა მსგვასი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ შეძენილ ფასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმპორტის სასაქონლო რეჟიმით შეძენილი მოცვი ჩაითვალა რეალიზებულად იმავე პერიოდში სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების დოკუმენტური საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასით, რაც შეადგენს 9.32 ლარს (დღგ-ის გარეშე). ზემოაღნიშნულის შესაბამისად, დადგინდა დღგ-ის დამატებითი ბრუნვა 2 896 381 ლარის ოდენობით, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა დღგით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 შემოწმების შედეგად პირველად დოკუმენტებზე (შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა, საბაჟო დეკლარაციები, საბანკო ამონაწერები, ფიზიკურ პირებთან გაფორმებული შესყიდვის აქტები) დაყრდნობით შესწავლილი იქნა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობა. დოკუმენტურად დადასტურებულ შემოსავალს (ექსპორტი, რეექსპორტი, ადგილობრივი რეალიზაცია) დაემატა ასევე შემოწმებით დამატებით დადგენილი შემოსავალი, გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი, ხოლო საქონლის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელზეც საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალებით დადგინდა, რომ წარმოდგენილ შესყიდვის აქტებში არსებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, ხარჯად აღიარებული იქნა შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული ღირებულების 75%. გარდა ამისა, გადამხდელის მიერ ექსპორტზე საქონლის გატანისას გაწეულია 124 720 ლარის საერთაშორისო გადაზიდვის სატრანსპორტო ხარჯები, რომლის შესაბამისი დოკუმენტები ვერ წარმოადგინა შემოწმების მიმდინარეობისას, შემოწმებით ხარჯად გათვალისწინებული იქნა აღნიშნულ სატრანსპორტო მომსახურებაზე გაწული ხარჯის 75%, ასევე შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების შესაბამისად გაანგარიშებული იქნა სალაროში გონივრული ნაშთის ოდენობა, ზემოაღნიშნულის შესაბამისად დადგინდა ფულის ნაშთი 4 290 000 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე, შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების გათვალისწინებით). შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს დირექტორს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია, აგრეთვე საწარმოში ჩატარებული ნაღდი ფულის ინვენტარიზაციით დადგენილია, რომ სალაროში ნაღდი ფული კომპანიას არ გააჩნდა. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმებით გამოვლენილი ფულის განკარგვადი ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმები.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა, შესაბამისად, შემოწმების შედეგად შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

შემოწმებით ასევე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმოში 2024 წლის 6 მარტს ჩატარებულია სმფ-ებისა და ნაღდი ფულის ინვენტარიზაცია, რომლის შესწავლით დადგინდა, რომ საწარმოს საქონლის ნაშთი არ გააჩნია. შესამოწმებელ პერიოდში, ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი, იმპორტირებული და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზებული, აგრეთვე ექსპორტზე გატანილი საქონლის რაოდენობების მიხედვით გაანგარიშებული იქნა, საქონლის სახეობების მიხედვით დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლის (მწვანილი) რაოდენობა, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად გადამხდელის მიერ დოკუმენტურად რეალიზებული საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასით. საქონლის მოძრაობის შესწავლის შედეგად ასევე გამოვლინდა საქონლის (მოცვი) ნაშთი, რომელიც გადამხდელს სრულად აქვს რეალიზებული შესამოწმებელ პერიოდში. შემოწმებით, იმპორტის სასაქონლო რეჟიმით შეძენილი მოცვი ჩაითვალა რეალიზებულად იმავე პერიოდში სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების დოკუმენტური საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასით.

შემოწმების მიერ ასევე შესწავლილი იქნა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობა. დოკუმენტურად დადასტურებულ შემოსავალს (ექსპორტი, რეექსპორტი, ადგილობრივი რეალიზაცია) დაემატა ასევე შემოწმებით დამატებით დადგენილი შემოსავალი, გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი, ხოლო საქონლის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელზეც საგამოძიებო სამსახურის მასალებით დადგინდა, რომ წარდგენილ შესყიდვის აქტებში არსებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, ხარჯად აღიარებული იქნა შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული ღირებულების 75%. გარდა ამისა, გადამხდელის მიერ ექსპორტზე საქონლის გატანისას გაწეულია 124 720 ლარის საერთაშორისო გადაზიდვის სატრანსპორტო ხარჯები, რომლის შესაბამისი დოკუმენტები ვერ წარმოადგინა შემოწმების მიმდინარეობისას, შემოწმებით ხარჯად გათვალისწინებული იქნა აღნიშნულ სატრანსპორტო მომსახურებაზე გაწული ხარჯის 75%, ასევე გაანგარიშებული იქნა სალაროში გონივრული ნაშთის ოდენობა. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ფულის ნაშთის გაანგარიშებისას სრულად იქნა გათვალისწინებული იმპორტირებულ საქონელზე საინვოისო ღირებულების შესაბამისად არარეზიდენტ მომწოდებლებზე გადასახდელი თანხა. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, დადგენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------- -ის “ (ს/ნ "---------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას, ასევე შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს.

2. გადამხდელი ითხოვს ჯარიმა/საურავისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახდო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 18 ნოემბრიდან 2024 წლის 15 მარტის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა ბრძანება და ამავე თარიღის საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 2 595 992 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 592 469 ლარი, ჯარიმა 797 022 ლარი და საურავი 206 501 ლარი.

 

გადაწყვეტილება

1.პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2.შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5,9),101,154,269,291.