ბრძანება N 20383
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20383
16 სექტემბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---“-ის (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის.:---) 2026 წლის 24 ივლისის
საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 6 აგვიტოს და 3 სექტემბრის სხდომებზე (ოქმები №70; №78) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) 2026 წლის 24 ივლისის №103640/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის პირველი ივლისის №024-42 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ, არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული ჯართის შეძენების დაბეგვრას გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით და შემოწმებით გაანგარიშებული ფულადი სახსრების დირექტორის ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ გაუგებარია და ლოგიკას არის მოკლებული არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ხარჯების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა, აღნიშნულ შემთხვევაში მხოლოდ პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული, რომ საქონელი ნამდვილად შეძენილია ფიზიკური პირისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს არ აქვს მისი წყაროსთან დაკავების ვალდებულება. შესაბამისად, შემოწმებით გაანგარიშებული ჯართის შეძენების დაბეგვრას გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით მიიჩნდევს დაუსაბუთებლად.
გადამხდელი აღნიშნავს, რომ შავი და ფერადი ლითონის ჯართის რეალიზაციაზე, რომლის შეძენაც არ არის დოკუმენტალურად დაფიქსირებული (შემმოწმებელმა დაადასტურა რომ შავი და ფერადი ლითონის ჯართის ჟურნალები მას საერთოდ არ შეუსწავლია), შემმოწმებით გამოყენებულ იქნა სიტუაციური სახელმძღვანელო 0256, ხოლო ხარჯების განსაზღვრისათვის შემოწმებით გამოყენებულ იქნა მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტალურად დაფიქსირებული მინიმალური ფასები, თუმცა გაუგებარია, რატომ იქნა გამოყენებული შემოწმებით შეძენის მინიმალური ფასები. აღნიშნულ ნაწილში ასევე შესასწავლილია თუ რამდენად სწორად დაადგინა შემმოწმებელმა იდენტური საქონელი და რატომ არ გამოიყენა საშუალო ფასი. შედეგად, გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 27 მაისის №11607 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---“-ის (ს/ნ ---) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2026 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის პირველი ივლისის №14822 ბრძანება და ამავე თარიღის №024-42 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 2 052 472 ლარი, მათ შორის გადასახადი 1 326 916 ლარი, ჯარიმა 663 458 ლარი და საურავი 62 098 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს შავი ლითონების შეძენა-რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციისა და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, საქონლის მოძრაობის ანალიზის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება უდოკუმენტო შენაძენები. შემოწმების მიერ სმფ-ების ღირებულება განისაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდით.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ მე-8 დანართის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, შემოწმების მიერ შპს-ს მიერ გაწეული უდოკუმენტო ხარჯებიდან ანაზღაურებულად ჩაითვალა 75%. რეალიზაციის ზედნადებებში დაფიქსირებული საქონელი, რომლის შეძენაც დოკუმენტით არ ფიქსირდება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, განხილულ იქნა ფიზიკური პირებისგან შეძენილად. გადამხდელის მიერ ფიზიკური პირებისგან შეძენები დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად 3%-იანი განაკვეთით. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების საინფორმაციო სისტემის და გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის მეშვეობით დადგენილი იქნა სხვაობა სასაქონლომატერიალური ფასეულობებიდან მიღებული/მისაღები ფულადი შემოსავლებსა და შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ხარჯებს შორის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი, რომლის არსებობაც საწარმოში არ დასტურდება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.
3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:
ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;
ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საქონლის მოძრაობის ანალიზის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება უდოკუმენტო შენაძენები. შემოწმების მიერ სმფ-ების ღირებულება განისაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდით და საწარმოს მიერ გაწეული უდოკუმენტო ხარჯებიდან ანაზღაურებულად ჩაითვალა 75%. რეალიზაციის ზედნადებებში დაფიქსირებული საქონელი, რომლის შეძენაც დოკუმენტით არ ფიქსირდება, განხილულ იქნა ფიზიკური პირებისგან შეძენილად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადის 3%-იანი განაკვეთით.
ამასთან, შემოწმების მიერ დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი, რომლის არსებობაც საწარმოში არ დასტურდება, მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
საქმის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ წინა შემოწმებებისაგან განსხვავებით მოცემულ შემთხვევაში ხარჯებში გათვალისწინებულია შეძენილი ჯართის უმცირესი ფასის 75%. შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 თებერვლის №2968 ბრძანების საფუძველზე ჩატარებულია შპს „---“-ის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომელიც მოიცავდა 2024 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის 18 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდებს. აღნიშნული საგადასახადო შემოწმებით, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შეძენილი ჯართის ღირებულება (დოკუმენტურად დაუდასტურებელი) გაანგარიშდა მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტალურად დაფიქსირებული მინიმალური ფასებით და აღნიშნულის შესაბამისად განხორციელდა პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეძენილი ჯართის ღირებულება (დოკუმენტურად დაუდასტურებელი) გაიანგარიშოს მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტალურად დაფიქსირებული მინიმალური ფასებით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეძენილი ჯართის ღირებულება (დოკუმენტურად დაუდასტურებელი) განსაზღვროს მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტალურად დაფიქსირებული მინიმალური ფასებით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ, არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული ჯართის შეძენების დაბეგვრას გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით და შემოწმებით გაანგარიშებული ფულადი სახსრების დირექტორის ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს შავი ლითონების შეძენა-რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციისა და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, საქონლის მოძრაობის ანალიზის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება უდოკუმენტო შენაძენები. შემოწმების მიერ სმფ-ების ღირებულება განისაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდით.
შემოსავლების სამსახურის უფროსის №22708 ბრძანების საფუძველზე, შემოწმებით მომჩივნის მიერ გაწეული უდოკუმენტო ხარჯებიდან ანაზღაურებულად ჩაითვალა 75%. რეალიზაციის ზედნადებებში დაფიქსირებული საქონელი, რომლის შეძენაც დოკუმენტით არ ფიქსირდება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, განხილულ იქნა ფიზიკური პირებისგან შეძენილად. გადამხდელის მიერ ფიზიკური პირებისგან შეძენები დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების საინფორმაციო სისტემის და გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის მეშვეობით დადგენილი იქნა სხვაობა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებიდან მიღებული/მისაღები ფულადი შემოსავლებსა და შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ხარჯებს შორის. შემოწმების მიერ დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი, რომლის არსებობაც საწარმოში არ დასტურდება, მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეძენილი ჯართის ღირებულება (დოკუმენტურად დაუდასტურებელი) გაიანგარიშოს მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტალურად დაფიქსირებული მინიმალური ფასებით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101 (1); 154 (1,3); 133 3; 105 (2); 72 (1).