გადაწყვეტლება №24855/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 31.03.2025
№ დოკუმენტი 24855/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24855/2/2025

31 მარტი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ----- (ს/ნ --------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 4.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24855/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7299 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2024 წლის №056-80 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 10.02.2025 წლის №2196 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 282 619.94 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 151 787

დღგ - 28 738

საშემოსავლო გადასახადი - 123 049

ჯარიმა - 74 996

საურავი - 55 836.94

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 10.02.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს უფიქსირდება როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე დღგ-ისაგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები. ჯამურად, დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 299 902 ლარი, ხოლო გათავისუფლებულმა - 3 080 127 ლარი. სასაქონლო ზედნადებებით რეალიზაცია შეადგენს 1 942 246 ლარს (მთლიანი დეკლარირებული ბრუნვის 44%). ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონულ პროგრამაში („ორისი“) დოკუმენტურად რეალიზებული საქონელი ჩამოიწერება რეალიზაციის მომენტში, ხოლო დოკუმენტის გარეშე რეალიზებული - ჯამურად, თვის ბოლოს. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს 10%-ს, ხოლო დოკუმენტის გარეშე - 9%-ს. შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებულმა ფასნამატმა შეადგინა სულ 9%. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელისაგან საკონტროლო შესყიდვა (2023 წლის 22 ივნისის №815849 ოქმი). შესყიდულ იქნა 11 დასახელების პროდუქტი. ასევე ჩატარდა ფასების ფიქსაცია 73 დასახელების პროდუქციაზე. საკონტროლო შესყიდვის შედეგებით საშუალო შეწონილ ფასნამატად დადგინდა 18%, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული საშუალო ფასნამატი კი 2020-2023 წლების შესაბამისად შეადგენს 10%, 6%, 10%-სა და 12%-ს.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2020 წლის თებერვალში ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა, შესყიდულ იქნა 3 დასახელების საქონელი და თითოეული მათგანის ფასნამატმა შეადგინა დაახლოებით 25%, 67% და 15%. ასევე, განხორციელდა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატების ანალიზი. დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა საკონტროლო შესყიდვის ფასნამატი - 18%. შესაბამისად, დაკორექტირდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-საგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვების ოდენობა. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით მიღებული შემოსავალი, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების №9 დანართის მიხედვით, ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 10.07.2023 წლის №16656 ბრძანება და 11.07.2023 წლის №056- 36 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.10.2023 წლის №25276 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

დავების განხილვის საბჭოს 28.12.2023 წლის №21148/2/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და პირველი დავის საგნის (საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ფასნამატით) ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7299 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, შეისწავლოს საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7299 ბრძანების აღსრულების შედეგად, 2024 წლის 27 დეკემბრის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 27.12.2024 წლის №27607 ბრძანება და 30.12.2024 წლის №056-80 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 10.02.2025 წლის №2196 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით და მიუთითა, რომ გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტები შედარებულ იქნა შემოწმების ეტაპზე წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის „ორისის“ და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს (გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებს). დადგინდა, რომ ბუღალტრულ პროგრამა „ორისსა“ და გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილ რეპორტებში საქონლის დასახელებები განსხვავდება ერთმანეთისგან, რის გამოც ვერ მოხერხდა ყველა საქონლის იდენტიფიცირება და თითოეული ჩანაწერის ერთმანეთთან შედარება. შესაბამისად, აღნიშნული მონაცემები გაანალიზებულ იქნა ჯამურად, თვეების ჭრილში, რის შედეგადაც, გამოვლენილ იქნა გარკვეული სხვაობები. ამასთან, გაყიდვების რეპორტების თანახმად ჩამოწერილი საქონელი რაოდენობრივად არ ედრება „ორისში“ ჩამოწერილს. გადასახადის გადამხდელის მიერ ასევე არ იქნა წარდგენილი შემოწმებით მოთხოვნილი 2023 წლის ივნისის თვის გაყიდვების ანგარიშის რეპორტი, 2023 წლის ივნისში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვისას დაფიქსირებული საქონლის სარეალიზაციო ფასების რეპორტებში დაფიქსირებულთან შესადარებლად. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული შემოსავალი ედრება ბუღალტრულ პროგრამა „ორისში“ აღრიცხულს. შესაბამისად, შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარება კორექტირებას (შემცირებას).

შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს საგადასახადო ვალდებულები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში, რაც შემოწმების მასალებში მითითებული არ არის. აქტში მითითებულ ჩანაწერზე „დოკუმენტურად რეალიზებული საქონელი ჩამოისერება რეალიზაციის მომენტში, ხოლო დოკუმენტის გარეშე რეალიზებული-ჯამურად თვის ბოლოს“- განვმარტავთ, რომ არ მიგვაჩნია აღრიცხვის წესების დარღვევად, ამავდროულად, პროგრამა „ორისი“-ით დოკუმენტურად რეალიზებული საქონელი არ ჩამოიწერება რეალიზაციის მომენტში, არამედ ჩამოიწერება რეალიზაციის თარიღით, რაც ადვილად დასადგენია პროგრამა ,„ორისი“-ს მეშვეობით, დაფიქსირებულია ჩამოწერის გატარების თარიღი, ხოლო დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ჩამოწერა, იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს სპეციალური პროგრამა, ხდება ინვენტარიზაციის ან აღწერის ჩატარებით, რაც ტარდება საანგარიშო პერიოდის ბოლოს, დღგ-ის მიზნებისთვის თვის ბოლოს. ანალოგიურად ხდება დღგ-საგან ჩათვლის უფლების გარეშე ან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვების დადგენა. ამ შემთხვევაში კი გამოყენებულია მარაგების მოძრაობის აღრიცხვის 1 C ბუღალტრული პროგრამა, რომლის მონაცემებზე დაყრდნობითაც ხდება დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ჩამოწერაც და დღგ-საგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვების დადგენა. (როგორ მოახერხა შემოწმებამ დღგ-საგან ჩათვლის უფლების გარეშე ან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვების სისწორის შემოწმება, ინვენტარიზაციის აქტებისა თუ მარაგების მოძრაობის აღრიცხვის 1 C ბუღალტრული პროგრამის მონაცემების შესწავლის გარეშე, უცნობია).

წარმოადგენს, შერჩევის წესით, 1 C ბუღალტრული პროგრამის მონაცემებს რეალიზაციაზე, რის საფუძველზეც ახდენს მარაგების მოძრაობის აღრიცხვას და რომელთა მიხედვითაც ფასნამატი არის მოძველებულ საქონელზე, კონკურენციიდან და იმ დროისათვის არსებული საბაზრო ფასიდან გამომდინარე, უარყოფითი ნიშნულით და არის 633% ფასდარიცხვაც. ასევე ამ პროგრამაში აღირიცხება შეძენებიც. იხ. დანართი მიუხედავად იმისა, რომ მისთვის მიუღებელია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება, ვინაიდან ვთვლით, რომ მის მიერ არ ხდება აღრიცხვის წესების დარღვევა, მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს, რომ რამდენადაც მისთვის ცნობილია, იმ შემთხვევებში, როდესაც პირის საქმიანობაში იკვეთებოდა სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული დარღვევები, საგადასახადო ორგანო დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის საშუალო ფასნამატს (მთლიანი წლის განმავლობაში გაყიდული მარაგების რაოდენობებისა და ფასნამატის გათვალისწინებით) ავრცელებდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ მარაგებზე.

მის შემთხვევაში, კი შემოწმებამ 2023 წლის 22 ივნისს შედგენილი N815849 ოქმის მონაცემებით დაითვალა ფასნამატი, (გაყიდულია თითო ცალი შევაჭრების გარეშე, სავარაუდოდ, რიგ შემთხვევებში, დაშვებულია ბეჭვდითი შეცდომა ოქმში მითითებულ საქონლის დასახელებებში იმ საქონელთან მიმართებაში, რაც კომპანიას აქვს შეძენილი, ერთიდაიგივე საქონელი შეძენილია სხვადასხვა ფასში, ხოლო ფასნამატის დადგენისას გამოყენებულია ფიქსირებული სარეალიზაციო ფასები. შემოწმების პროცესში მიმართა შემოწმებამ, დაეფიქსირებინა პოზიცია 2020 წლის 24 თებერვალს განხორციელებულ საკონტროლო შესყიდვის შედეგებზე, რომლის მიხედვითაც სამართალდარღვევა არ გამოვლენილა, ხოლო მიმდინარე შემოწმებამ საშუალო ფასნამატი დაადგინა 27%.

აღნიშნულთან დაკავშირებით მისი პოზიცია შემდეგია: შესყიდული 3 საქონლიდან:

1. ფეირი 650 მლ. (ოქმი N ---). აღნიშნული დასახელების საქონელი ვერ იქნა მოძიებული 2020, 2021, 2022 წლების შეძენებში. კომპანიას (შეძენები დაწყებული აქვს 2020 წლის 19 თებერვლიდან, ხოლო რეალიზაციები დაიწყო 2020 წლის 24 თებერვალს) შეძენილი აქვს 19 და 20 თებერვალს 3 სახის ფეირი: FAIRY ნლ ჭურჭლის სარეცხი ჟელე 1*2, FAIRY 675 მლ ჭურჭლის ჟელე 1*20 და FAIRY პლატინიუმი 750 მლ *20.

2. საპონი ვინექსი 12.5 გრ.-შეძენილია 2020 წლის თებერვალში, იგი არ წარმოადგენდა და არც დღეს არ წარმოადგენს მოთხოვნადს ბაზარზე და 2022-2023 წლებში არც მისი შეძენა არ მომხდარა და მასზე არსებული ფასნამატის გამოყენება არ მიაჩნია ლოგიკურად, მითუმეტეს საკონტროლო შესყიდვა განხორციელებულია 1 ცალზე.

3. სველი ხელსახოცი 120 ცალი-(ასე იკითხება ოქმი N-----). იმ პერიოდისათვის შეძენილ მარაგებში ვერ მოიძია საქონელი დასახელებით სველი ხელსახოცი. მოიძია დანიშნულებასთან მიახლოებული 4 სახის სველი სალფეთქი: სვ. სალფეთქი 120 ცალი *12-შეძენის ფასი 1 ყუთი - 14.75 ლარი, სვ. სალფეთქი ---120 ც *12- შეძენის ფასი 1ყ-15 ლარი, სვ. სალფეთქი -- 120 ცალი*12 შეძენის ფასი 1 ყუთი - 14.75 ლარი, სვ სალფეთქი --- (მარკირებული 0 დან 3 წლამდე ბავშთათვის) - შეძენის ფასი 1 ყუთი - 14.4 დარი. შესაბამისად, ფასნამატის შესახებ პოზიციის ჩამოყალიბება ვერ შეძლო. დანართი არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ოქმში მითითებულ საქონელზე შევაჭრების შემთხვევაში ან დიდი ოდენობით შეძენისას ხდებოდა ფასდაკლება (საბითუმო ვაჭრობა, რასაც თავადვე აფიქსირებს) გაავრცელა საკონტროლო შესყიდვის ფასნამატი-18% მთლიანი რეალიზაციის 56%-ზე (შემოწმების მონაცემებით).

მომჩივანი შემმოწმებელთა პოზიციაზე, რომ ფასების ფიქსაციის პროცედურა 73 დასახელების პროდუქციაზე, რაზე დაყრდნობითაც გამოყენებულია 18%-იანი ფასდარიცხვა, განმარტავს, რომ:

1. უცნობია, თუ რამდენად შესაბამისობაშია შემმოწმებელთა მხრიდან ე.წ. ფასების ფიქსაციისას პროდუქციათა შესაბამისობა 73 დასახელებაზე;

2. კომპანიის მიერ განხორციელებულია დაახლოებით 1000 დასახელების საქონლის შეძენა/რეალიზაცია, თითოეულის ბრუნვა ასახულია როგორც ბუღალტრულ ვერსია „ორისი“-ში, ასევე 1 C პროგრამაში და საინტერესოა რის მიხედვით შეირჩა 73 დასახელება; მის მიერ ნაწარმოები მარაგების მოძრაობის 1 C ბუღალტრული პროგრამის მონაცემების მიხედვით, ფასნამატი არის მოძველებულ საქონელზე უარყოფითი ნიშნულით და არის 633% ფასდარიცხვაც და რამდენად ლოგიკურია იმის მტკიცება, რომ აღნიშნული 73 დასახელება ზუსტად განსაზღვრავს სავაჭრო ფასნამატს, ხოლო 1 C და „ორისი“ ბუღალტრული პროგრამების მონაცემები არასწორია;

3. საგადასახადო კოდექსისა და ბასს-ის მიხედვით, სარეალიზაციო ფასი თავისუფალია, თითოეულ სასაქონლო მარაგზე სავარაუდო ფიქსირებული ფასები და ფასნამატები გამართლებული იყო პოსტსაბჭოური ბუღალტრული აღრიცხვით, როდესაც სარეალიზაციო ფასები იყო წინასწარ განსაზღვრული, სავაჭრო ფასდარიცხვა ტარდებოდა ანგარიშზე „42“. ბასს-ის მიხედვით, სავაჭრო ფასდარიცხვას ბუღალტრული გატარება არ გააჩნია, ვინაიდან თავისუფალია. სარეალიზაციო ფასები;

4. ზემოთ მითითებული 1000 დასახელების საქონლის ბრუნვიდან და ფასნამატიდან გამომდინარე, ყოველთვის არის შესაძლებლობა აირჩეს 73 (მეტიც და ნაკლებიც) დასახელების საქონელი, რომელთა საშუალო ფასნამატი შესაძლებელია იყოს როგორც 18%, ასევე 50% ან 3% ან კიდევ რაღაც განუსაზღვრელი ციფრი, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ნიშნულით და თუ ასეთი მიდგომა კანონიერია და ასე უნდა დაითვალოს შემოსავლები, უნდა განიმარტოს, რა პრინციპით მოხდეს იმ საქონლის შერჩევა, რომელთა მიხედვითაც უნდა დადგინდეს სავაჭრო ფასნამატი.

მიუხედავად იმისა, რომ კატეგორიულად მიუღებელია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება, მაგალითისათვის დღგ-ის ნაწილში, საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებული პოზიციას გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ დოკუმენტის თანხების გარეშე რეალიზებულ საქონელზე გავრცელებული ფასნამატის (18%) გაანგარიშებას დაშვებულია მათემატიკური შეცდომები, ან ვერ ანგარიშობს სწორად, ან შემოწმებამ განახორციელა დამატებით დარიცხვა, რაზეც შემოწმების აქტში არ არის დაფიქსირებული. კერძოდ, აუდიტით მოცულ პერიოდზე ჩამოწერილია 960066 ლარის თვითღირებულების საქონელი (დღგ-ით დასაბეგრი, დაახლოებით ედრება პროგრამა „ორისი“-ს მონაცემს), რისი 18%-იც არის 172812 ლარი. 18%-იანი ფასნამატი 172812 ლარი+თვითღირებულება 960066 ლარი=1132878 ლარი. თუ დავუმატებთ დოკუმენტით განხორციელებულ მიწოდებას (რისი ცვლილებაც შემოწმების აქტით არ ფიქსირდება), რაც ბუღალტრული ვერსიის მიხედვით შეადგენს 237170 ლარს, დღგით დასაბეგრი თანხა გახდება 1370048 ლარი და არა შემოწმების მიერ დადგენილი 1463938 ლარი (იხ. შემოწმების აქტი, გვ.13). სხვაობა 93890 დარი, რაც შემოწმების მიერ დაბეგრილია, როგორც დღგ-ით, ასევე სავარაუდოდ, დამატებული აქვს დღგ. აგროსილია და დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით.

შემოწმებისას არაპირდაპირი მეთოდით დღგ-საგან ჩათვლის უფლების გარეშე და ჩათვლის უფლებით ბრუნვებს შორის გამოვლენილი სხვაობა (კომპანიის მონაცემებსა და შემოწმების მონაცემებს შორის 20602 ლარი და 164036 ლარი შესაბამისად, რაც დაფიქსირებულია შემოწმების აქტით გვ.13) დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ჩათვლის უფლებით ბრუნვებს შორის გამოვლენილი სხვაობაზე 164036 ლარზე მისი პოზიცია განხილულია დღგ-ის ნაწილში. არაპირდაპირი მეთოდით „დადგენილი“ სხვაობა შემოწმებამ ჩათვალა ნაღდი ანგარიშსწორების შედეგად განხორციელებულ მიწოდებად, ხოლო „მიღებული“ თანხები დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით, მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებისას ყოველთვის გამოიყენებოდა საკონტროლო სალარო დაწყების პირველსავე აპარატი, რაც დასტურდება, როგორც რეალიზაციების დღეს ჩატარებული საკონტროლო შესყიდვით, ისე შემდგომში ჩატარებულით. ამ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოება, რაც იძლევა რეალიზაციების ხელოვნურად გაზრდის, ხოლო სხვაობის ხელფასის სახით განაცემად ჩათვლის საფუძველს.

არსებული კანონისა და კანონქვემდებარე აქტზე დაყრდნობით, არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი მიღებული შემოსავალი „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის N22708 ბრძანების N9 დანართის მიხედვით, დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩაითვლება იმ შემთხვევაში: ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ბ) თუ არსებობს ერთზე მეტი შემდეგი პირობა: ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას; ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს; ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა, ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის. აღნიშნულთაგან მის მიერ არცერთის დარღვევის ფაქტი არ არსებობს და არც შემოწმების აქტში არ იკითხება.

შესაბამისად, შემოწმების პოზიცია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შესახებ და ამ მიდგომით განხორციელებული საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა ეწინააღმდეგება, როგორც საგადასახადო კოდექსის, ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის ბრძანების 9 დანართის მოთხოვნებს.

2. შემოწმების პოზიცია: საწარმოს მიერ წარმოებული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის თანახმად, 2022 წლის იანვარში შეძენილია სატრანსპორტო საშუალება (ავტომობილი, სატვირთო მერსედესი) ფიზიკური პირისაგან, რაც საწარმოს აღრიცხული აქვს ძირითად საშუალებად, აღნიშნული პროგრამის თანახმად ფიზიკური პირის იდენტიფიცირება შეუძლებელია და ამასთან, ავტომობილის ღირებულება 12356.80 ლარი ანაზღაურებულია სალაროს მეშვეობით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანიის სახელზე 10.02.2020-1.03.2023 წწ. პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული/რეგისტრაციიდან მოხსნილი არ ყოფილა. აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმების ჯგუფის მიერ გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა შესყიდვის აქტი/ხელშეკრულება/გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც მისი მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი. სსკ-ის 73-მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენებით შეუცვალა შემოწმებამ ოპერაციას კვალიფიკაცია, 12356.8 ლარი ჩათვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად 2022 წლის იანვარში და დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

არ ეთანხმება შემოწმების პოზიციას შემდეგ გარემოებათა გამო: შესყიდვის აქტის/ხელშეკრულება/- ის არ ქონა, მისი აზრით, არ წარმოადგენს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ოპერაციას. აღნიშნული ავტომობილი სახეზეა და მონაწილეობს კომპანიის საქმიანობაში (მითითებულია სასაქონლო ზედნადებებში საქონლის ტრანსპორტირებისას), რაც დასტურდება სასაქონლო ზედნადებებით, აღებულია შემოსავალზე, მიტანილია ქონების გადასახადით დასაბეგრ ძირითად საშუალებათა ნუსხაში და დაბეგრილია ქონების გადასახადით, ამავდროულად, გარიგებები ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. აღნიშნული კოდექსის 69-ე მუხლის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით. ამავე კოდექსის 186-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, ხოლო მოძრავი ნივთის შემთხვევა რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც გარიგების მონაწილეებს არ გააჩნიათ ვალდებულება წერილობითი დოკუმენტის შედგენაზე, რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას, აღნიშნულთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ,,სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია არ წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ აქტს. ამ ვალდებულების განხორციელება წარმოადგენს მხოლოდ ერთ-ერთ აუცილებელ პირობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის და არა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის". 1ხ. დანართი შესაბამისად, შემმოწმებელთა მხრიდან დაფიქსირებული პოზიცია წინააღმდეგობაშია როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებთან, ასევე საკასაციო პალატის პოზიციასთან და იგი, მისი აზრით კანონსაწინააღმდეგოა.

3. 2023 წლის 1 მარტის მდგომარეობით უფიქსირდება დებიტორული დავალიანების ნაშთი 256955 ლარის ოდენობით. აქედან, ჯამურად 247 870 ლარის მოთხოვნაზე, შემოწმების ჯგუფის მიერ გადასახადის გადამხდელისაგან გამოთხოვილ იქნა დებიტორებთან გაფორმებული შედარების აქტები, დავალიანების თაობაზე. პირის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული დოკუმენტაცია, შემმოწმებლები აღნიშნავენ, რომ მათ მიერ მოძიებული იქნა აღნიშნულზე ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ზოგიერთ შემთხვევაში, დებიტორული დავალიანება არ ფიქსირდება და მთლიანი თანხა 247 870 ლარი შემოწმებამ ჩათვალა ხელფასის სახით განაცემად და დაბეგრა საშემოსავლო გადასახადითა და ჯარიმით. დარიცხვის საფუძვლად მითითებულია შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის 22708 ბრძანება „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით“ მეთოდური მითითება.

1. ზემოთ აღნიშნული დებიტორული დავალიანებები არის რეალური, ვინაიდან მათ დავალიანება არ დაუფარავთ და შესაბამისად, მათი მხრიდან ვალის დაფარვის შესახებ რაიმე სახის დოკუმენტაცია ან წერილობითი შეთანხმება ვალის პატიებაზე არ არსებობს.

2. აღნიშნული მეთოდური მითითების შესრულება მოითხოვს შემოწმების პროცესში სალაროს ინვენტარიზაციის ჩატარებას, კომპანიის დირექტორის ან ბუღალტრის მიერ წერილობით ხელმოწერილ დოკუმენტს თანხის მიღებასთან დაკავშირებით ან რაიმე დოკუმენტურ მტკიცებულებას შემოწმების მხრიდან, რაც შემოწმებას არ წარმოუდგენია და მისი აზრით, ვერც წარმოადგენს მისი არ არსებობის გამო და შესაბამისად, მიაჩნია, რომ ამ კუთხითაც განხორციელებული დარიცხვა არ შეესაბამება არც სსკ-ის მოთხოვნებს და არც შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის N22708 ბრძანება ,,ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით" დადგენილ მეთოდური მითითებას და რაც ეწინააღმდეგება მის კონსტიტუციურ უფლებას უდანაშაულობის პრეზუმფციის შესახებ. ნაღდი ანგარიშსწორებისას ყოველთვის გამოიყენებოდა საკონტროლო სალარო აპარატი, რაც დასტურდება, როგორც რეალიზაციების დაწყების პირველსავე დღეს ჩატარებული საკონტროლო შესყიდვით, ისე შემდგომში ჩატარებულით, ბუღალტრული აღრიცხვისათვის ვიყენებთ: პროგრამა „ორისი“-ს და 1 C ბუღალტრულ პროგრამას, გაფორმებული გვაქვს საკმაოდ კომპეტენტურ კომპანიასთან ხელშეკრულება ბუღალტრული მომსახურების შესახებ, ორი თანამშრომელი ერთდროულად მუშაობს 1 C პროგრამაში მარაგების მოძრაობის ასახვაზე და ეს ყოველივე შემოწმებამ არ გაითვალისწინა გამოიყენა რა სრულიად უცნობი და კატეგორიულად მიუღებელი ე. წ. ფასების ფიქსაციის მეთოდი და მოახდინა რეალიზაციების ხელოვნურად გაზრდა, ხოლო ე.წ. ნამეტი, დაბეგრილია როგორც დღგ-ით, ასევე სავარაუდოდ, დამატებული აქვს დღგ, აგროსილია და დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება. ახორციელებდა ყველა იმ მოთხოვნას, რაც განსაზღვრულია საგადასახადო კოდექსითა და ბასს-ით, რათა ბიუჯეტის მიმართ ყოფილიყო კეთილსინდისიერი გადამხდელი, თუმცა არ იქნა გათვალისწინებული არც ბასს-ის შესაბამისად მარაგების მოძრაობის აღრიცხვა, არც საგადასახადო კოდექსის 145-ე და 73-ე მუხლების მოთხოვნები, ვერც თუ არც მიუთითეს საქმიანობისას რომელი კანონმდებლობა აქვს დარღვეული, განხორციელებული რეალიზაციები უსაფუძვლოდ გაზარდეს ე. წ. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7299 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, შეისწავლოს საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2024 წლის დასკვნის და ამავე დეპარტამენტის 14.03.2025 წლის №19507-21-14 წერილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი იქნა 2021 წლის ივლისიდან 2023 წლის მარტამდე საანგარიშო პერიოდების გაყიდვების ანგარიში, წლების მიხედვით. კერძოდ, ექსელისა და PDF ფორმატში, სადაც ჩანს, დღის ჭრილში გაყიდული საქონლის დასახელება, ზომის ერთეული, ბარკოდი, რაოდენობა, სარეალიზაციო ფასი, თვითღირებულება და ფასნამატი. აღნიშნული მონაცემები, გადაანგარიშების პროცესში, შედარებულ იქნა შემოწმების ეტაპზე წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის „ორისისა“ და გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მონაცემებს (გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებს). აღსანიშნავია, რომ ბუღალტრულ პროგრამა „ორისსა“ და გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილ რეპორტებში საქონლის დასახელებები განსხვავდება ერთმანეთისაგან, რის გამოც ვერ მოხერხდა ყველა საქონლის იდენტიფიცირება და თითოეული ჩანაწერის ერთმანეთთან შედარება. შესაბამისად, აღნიშნული მონაცემები, გაანალიზებულ იქნა ჯამურად, თვეების ჭრილში, რის შედეგადაც,გამოვლენილ იქნა შემდეგი სხვაობები: გაყიდვების რეპორტებში (1.07.2021-1.02.2023 წლების პერიოდში) ჯამურად ჩამოწერილია 2 334 289 ლარის საქონელი, ხოლო ამავე პერიოდში, ბუღალტრულ პროგრამა „ორისში“ - 2 249 965 ლარის. გაყიდვების რეპორტებში (07.2021-02.2023 წლების პერიოდში) შემოსავალი ჯამურად შეადგენს 2 578 858 ლარს, ხოლო „ორისში“ - 2 479 155 ლარს; გაყიდვების რეპორტების თანახმად ჩამოწერილი საქონელი რაოდენობრივად არ ედრება „ორისში“ ჩამოწერილს. მაგალითად, 2022 წლის აგვისტოში, გაყიდვების რეპორტში რეალიზებულია 24 399 ცალი საქონელი, ხოლო „ორისში“ ჩამოწერილია - 15 514. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის სხვაობები გამოვლენილია შესადარისი პერიოდის (1.07.2021-1.02.2023 წლების პერიოდი) ყველა თვეში. გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელისაგან გამოთხოვილ იქნა 2023 წლის ივნისის თვის გაყიდვის ანგარიშის რეპორტი, 2023 წლის ივნისში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვაში დაფიქსირებული საქონლის სარეალიზაციო ფასების რეპორტებში დაფიქსირებულთან შესადარებლად. აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილ იქნა თვის ჭრილში რეალიზებული საქონლის მიხედვით და ვერ მოხერხდა დღის ჭრილში რეალიზებული საქონლის რეპორტის მოწოდება. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული შემოსავალი ედრება ბუღალტრულ პროგრამა „ორისში“ აღრიცხულს. შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

საბჭო ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნულ ინფორმაციაზე და იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს/მტკიცებულებებს, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გაბათილების, შესაბამისად, დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა. ამასთან, მომჩივანი სადავოდ ხდის: 1. სატრანსპორტო საშუალების შესაძენად გადახდილ თანხაზე კვალიფიკაციის შეცვლა და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლას და 2. დებიტორული დავალიანების ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აღნიშნულზე საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7299 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7299 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის №7299 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 10.02.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში,შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა №16656 ბრძანება და №056- 36 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №25276 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

დავების განხილვის საბჭოს №21148/2/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ , მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის №7299 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, შეისწავლოს საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის №7299 ბრძანების აღსრულების შედეგად, 2024 წლის 27 დეკემბრის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა №27607 ბრძანება და №056-80 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №2196 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის №7299 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);