ბრძანება N 2110
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 2110
10 თებერვალი 2025
ბრძანება
შპს „-------” (ს/ნ „-------”)
(ფაქტ. მის.: „-------”)
2025 წლის 15 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 23 იანვრის სხდომაზე (ოქმი №5) განიხილა შპს „-------” (ს/ნ „-------”) 2025 წლის 15 იანვრის №93669/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 დეკემბრის №127-28 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს კაპიტალში დამფუძნებლის შენატანის უკან დაბრუნების ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლას და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ ამგვარი კვალიფიკაციის საფუძვლად შემოწმებამ დაუდო ის გარემოება, რომ მოცემული თანხა კომპანიის მიერ მიღებულია არა დამფუძნებლის შენატანის სახით, არამედ მყიდველისაგან/დამკვეთისაგან მიღებული შემოსავლის სახით. აღნიშნავს, რომ თანდართული საგადახდო დავალებიდან ჩანს, რომ თანხა ჩამორიცხა არა მყიდველმა ან დამკვეთმა, არამედ სადაზღვევო ორგანიზაციამ - "--------", ხოლო გადახდის დანიშნულებაა საექსპორტო კომპანია „---------“-ის მოთხოვნის გადახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანია „---------“- ს ჰქონდა დამფუძნებელ "--------"-ს დავალიანება, რომლის დასაფარად მან მიმართა სადაზღვევო ორგანიზაციას ტრანზაქცია განეხორციელებინა "--------"-ს "--------"-ს მიერ მითითებული კომპანიის ანგარიშზე. შესაბამისად, ვინაიდან საექსპორტო კომპანია „-------“-ს არ ჰქონდა შპს „-------“ დავალიანება, სწორია ამ თანხის დამფუძნებლის მიერ კომპანიიდან თანხის გატანის ოპერაციის დამფუძნებლის შენატანის დაბრუნების ოპერაციად კვალიფიკაცია. ასევე მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი კვალიფიკაცია მართლზომიერი იქნებოდა, შენატანების გათვალისწინებით მხოლოდ 66 881,4 ლარის გაცემა დაექვემდებარებოდა გადაკვალიფიცირებას, ამასთან, დივიდენდის გაცემის ოპერაციაზე, ვინაიდან თანხა დამფუძნებლისთვისაა გადაცემული, მოგების არსებობის პირობებში, დამფუძნებლის მიერ თანხის გატანის კვალიფიკაცია იქნებოდა დივიდენდის გაცემა (მოგების განაწილება).
2. გადამხდელი არ ეთანხმება დებიტორული დავალიანებების მიღებულად ჩათვლას და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ შემოწმების განკარგულებაში იყო შედარების აქტი, რომლითაც დასტურდებოდა კონკრეტული კომპანიის კრედიტორული დავალიანება. ასევე, არსებობს ვალის აღიარების დოკუმენტი, რომლითაც 2027 წლამდე გაქარწყლებულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის დენა და, შესაბამისად, არ არსებობს 2027 წლამდე სამართლებრივი პროცედურების დაწყების საჭიროება. ხოლო, თუ ფაქტობრივი გარემოება ამ სახით იარსებებდა, ამგვარი კვალიფიკაცია მაინც არასწორია, ვინაიდან კონტრაგენტი კომპანიის დირექტორი და თანადამფუძნებელი არის შპს „-------“ დამფუძნებელი და არა დირექტორი, შესაბამისად, გაუნაწილებელი მოგების არსებობის პირობებში დამფუძნებლის მიერ თანხის მიღების კვალიფიკაცია იქნებოდა მოგების განაწილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნისა და მის საფუძველზე დარიცხული თანხების გაუქმებას. ამასთან, გადამხდელს საჩივარზე თანდართული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 აპრილის №7581 და 10 დეკემბრის №25941 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------” (ს/ნ „-------”) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის 2024 წლის 4 აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 10 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 16 დეკემბრის №26369 ბრძანება და ამავე თარიღის №127-28 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 474 386 ლარი, მათ შორის გადასახადი 280 914 ლარი, ჯარიმა 140 457 ლარი და საურავი 53 015 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. შპს „-------“ საგადასახადო რეგისტრაციის და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღია 06.12.2018 წელი, საქმიანობის სახეა ნიგოზის მიღება, მისი გადამუშავება და რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით ნაშთად არსებული ქართული თხილის რეალიზაცია (სულ 266 319,29 ლარის ღირებულების), ასევე კომპანიის მიერ ჩილედან, აშშ-დან, ვიეტნამსა და არაბ. გაერთ. საამიროებიდან შემოტანილია სხვადასხვა რეჟიმებით (საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავების რეჟიმით, საბაჟო საწყობში შენახვის რეჟიმით) კაკალი ნაჭუჭგაუცლელი, კეშიუ ნაჭუჭგაცლილი, ნუში კანგაცლილი, რომელიც რიგ შემთხვევაში მოქცეულია იმპორტის რეჟიმში, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ექსპორტის (საბაჟო საწყობში გადამუშავების შემდგომ გატანილია არაბ. გაერთ. საამიროებში, სომხეთში, ჩილეში) და რეექსპორტის (საბაჟო საწყობიდან გადამუშავების გარეშე გატანილია სომხეთში, თურქეთში, არაბ. გაერთ. საამიროებში) რეჟიმში. შესამოწმებელ პერიოდში სმფების საწყისი ნაშთის თვითღირებულება შეადგენს 838 588 ლარს (მათ შორის, ადგილობრივ ბაზარზე შეძენილია 266 319.29 ლარის ქართული თხილი). შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სმფ-ების თვითღირებულება შეადგენს 1 824 162 ლარს (საქართველოს ტერიტორიის გარეთ წარმოებული ნიგოზი), ხოლო საბოლოო ნაშთის თვითღირებულება 1 325 ლარს. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 3 700 264 ლარს (მათ შორის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 852 480 ლარს, დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვა - 2 259 865 ლარს, ხოლო ბრუნვა, რომელიც არ გაითვალისწინება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხაში და რომელზეც ჩათვლილი დღგ არ ექვემდებარება გაუქმებას - 587 919 ლარს). ამასთან, დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 39%-ს. შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ინფო“, რომლის მიხედვით მესამე პირებთან (მათ შორის არარეზიდენტებთან) ანგარიშსწორება ხდებოდა როგორც გადარიცხვით, ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით. ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ინფოს“ მონაცემებით დებიტორული დავალიანების ოდენობა 01.01.2021 წლის მდგომარეობით შეადგენს 2 505 139,77 ლარს, ხოლო 01.03.2024 წლის მდგომარეობით შეადგენს 2 234 019,66 ლარს. კრედიტორული დავალიანების ოდენობა 01.01.2021 წლის მდგომარეობით შეადგენს 1 945 264,22 ლარს, ხოლო 01.03.2024 წლის მდგომარეობით - 710 789 ლარს. ბუღალტრული პროგრამა „ინფოს“ მონაცემებით, საწარმოს ვალდებულება 01.01.2021 წლის მდგომარეობით დამფუძნებლის მიმართ შეადგენს 521 330 ლარს. აღნიშნულის მტკიცებულებად კომპანიის მხრიდან წარმოდგენილია მხოლოდ 01.11.2020 წლით დათარიღებული სალაროს შემოსავლის ორდერი, რომელზეც ხელს აწერს საწარმოს დირექტორი "--------". ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში დირექტორის მიერ შეტანილია ბანკში თანხები დანიშნულებით „დამფუძნებლის შენატანი“ სულ 203 116,17 ლარის ოდენობით, ხოლო ქეშად სალაროში 169 400 ლარი. ასევე, დამფუძნებლის მიმართ კომპანიის ვალდებულება გაზრდილია თანხით 128 592, 52 ლარით, რომელიც სს „------- -ის“ დოლარის ანგარიშის ამონაწერის მიხედვით გადმორიცხულია პარტნიორი ბანკისგან ("-------") და გადმორიცხვის შინაარსით წარმოადგენს „ჩარიცხულია მყიდველებისაგან-დამკვეთებისაგან - 40 860.64 "---------". აღნიშნული შენატანების მიხედვით, საწარმოს ვალდებულება დამფუძნებლის "--------"-ს მიმართ სულ შეადგენს 1 022 438.69 ლარს, რის საფუძველზეც სალაროდან 16.10.2021 წელს გატანილია 851 735,57 ლარი, ხოლო 28.02.2022 წელს-108 992 ლარი, როგორც დამფუძნებლის შენატანის უკან დაბრუნება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თანხა, რომელიც ჩარიცხულია მყიდველებისაგან-დამკვეთებისაგან - 40 860.64 "--------" - 128 592, 52 ლარი, შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე, მისი გატანის მომენტისთვის მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და ამავე კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ინფო“, რომლის მიხედვით, მესამე პირებთან (მათ შორის არარეზიდენტებთან) ანგარიშსწორება ხდებოდა როგორც გადარიცხვით, ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით. ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით, დებიტორული დავალიანების ოდენობა, 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, შეადგენს 2 505 139,77 ლარს, ხოლო 2024 წლის პირველი მარტის მდგომარეობით შეადგენს 2 234 019,66 ლარს. მათ შორის, 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით დებიტორული დავალიანების ოდენობა შპს „----- -სთან“ შეადგენს 841 139.41 ლარს, ხოლო 2024 წლის პირველი მარტის მდგომარეობით შეადგენს 842 287.28 ლარს. ამასთან, შპს „------ -ს “ ხელმძღვანელი/დამფუძნებელი და 50%-იანი წილის მფლობელს წარმოადგენს შპს „--------“ დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი ფიზიკური პირი"--------". ასევე, შპს „------- -ის“ დებიტორული დავალიანების ოდენობა შპს „--------“ მიმართ 2021 წლის პირველი იანვრისთვის შეადგენს 162 729.67 ლარს, ხოლო 2024 წლის პირველი მარტისთვის შეადგენს 151 546.17 ლარს. ამასთან, შპს „--------“ წარმოადგენს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებულ პირს. გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია აღნიშნული დავალიანებების საფუძველზე წარმოშობილ სამართლებრივ დავაზე რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ამასთან, 2021 წლის აგვისტოდან შპს „--------“ ფაქტობრივად აღარ საქმიანობს, 2021 წლის აგვისტოს შემდგომ მხოლოდ 2022 წლის იანვარ-თებერვალში ფიქსირდება ნაშთად არსებული საქონლის რეალიზაცია (მცირედი ნაშთის ამოყიდვა). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებით შპს „------ -ს “ და შპს „------ - ს “ დებიტორული დავალიანებები მიჩნეულ იქნა მიღებულად შპს „-------“ მიერ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, ხოლო მიღებული თანხები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ანაზღაურებად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს სმფ-ების საწყისი ნაშთის თვითღირებულება შეადგენს 838 588 ლარს. შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სმფ-ების თვითღირებულება შეადგენს 1 824 162 ლარს, ხოლო საბოლოო ნაშთის თვითღირებულება 1 325 ლარს. ამასთან, დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 39%-ს. შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ინფო“, რომლის მიხედვით, მესამე პირებთან (მათ შორის არარეზიდენტებთან) ანგარიშსწორება ხორციელდება როგორც გადარიცხვით, ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით. ბუღალტრული პროგრამა „ინფოს“ მონაცემებით, საწარმოს ვალდებულება 01.01.2021 წლის მდგომარეობით დამფუძნებლის მიმართ შეადგენს 521 330 ლარს. აღნიშნულის მტკიცებულებად კომპანიის მხრიდან წარდგენილია მხოლოდ 01.11.2020 წლით დათარიღებული სალაროს შემოსავლის ორდერი, რომელზეც ხელს აწერს საწარმოს დირექტორი "--------". ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში, დირექტორის მიერ შეტანილია ბანკში თანხები დანიშნულებით „დამფუძნებლის შენატანი“ სულ 203 116,17 ლარის ოდენობით, ხოლო ქეშად სალაროში 169 400 ლარი. ასევე, დამფუძნებლის მიმართ კომპანიის ვალდებულება გაზრდილია თანხით 128 592, 52 ლარით, რომელიც სს „------ -ის “ დოლარის ანგარიშის ამონაწერის მიხედვით გადმორიცხულია პარტნიორი ბანკისგან ("--------") და გადმორიცხვის შინაარსით წარმოადგენს „ჩარიცხულია მყიდველებისაგან-დამკვეთებისაგან - 40 860.64 "---------". აღნიშნული შენატანების მიხედვით, საწარმოს ვალდებულება დამფუძნებლის "--------"-ს მიმართ სულ შეადგენს 1 022 438.69 ლარს, რის საფუძველზეც სალაროდან 16.10.2021 წელს გატანილია 851 735,57 ლარი, ხოლო 28.02.2022 წელს-108 992 ლარი, როგორც დამფუძნებლის შენატანის უკან დაბრუნება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თანხა, რომელიც ჩარიცხულია მყიდველებისაგან-დამკვეთებისაგან - 40 860.64 "----------"- 128 592, 52 ლარი, მისი გატანის მომენტისთვის, შემოწმებით მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომ დამფუძნებლისათვის მოხდა არა 128 592,52 ლარის გაცემა, არამედ 108 992 ლარის გაცემა დაბრუნების კვალიფიკაციით. ამასთან, იმ შემთხვევაშიც, თუ 128 592,52 ლარი შენატანს არ წარმოადგენდა, 108 992 ლარის ნაწილის გატანის შენატანის დაბრუნებად კვალიფიკაცია მართლზომიერი იქნებოდა. კერძოდ, შემოწმების აქტის თანახმად, შენატანის თანხა ჯამურად არის 521 330 + 203 116,1 + 169 400 + 128 592,52 = 1 022 438,69 ლარი, ამავე აქტის თანახმად, 128 592,52 ლარი არ არის შენატანი. შესაბამისად, შემოწმების აქტიდან გამომდინარე, შენატანი თანხა არის 1 022 438,69 – 128 592,52 = 893 846,17 ლარი. დაფუძნებლისათვის სულ გაცემულია 851 735,57 + 108 992 = 960 727,57 ლარი. შესაბამისად, დამფუძნებლისათვის შენატანის დაბრუნების სახით არასწორად იქნებოდა გაცემული 960 727,57 – 893 846,17 = 66 881,4 ლარი. შესაბამისად, თუ 128 592,52 ლარი შენატანს არ წარმოადგენდა, მხოლოდ 66 881,4 ლარის გაცემა დაექვემდებარებოდა გადაკვალიფიცირებას. ამასთან, დივიდენდის გაცემის ოპერაციაზე, ვინაიდან თანხა დამფუძნებლისთვისაა გადაცემული, მოგების არსებობის პირობებში, დამფუძნებლის მიერ თანხის გატანის კვალიფიკაცია იქნებოდა დივიდენდის გაცემა (მოგების განაწილება).
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ საწარმოდან გატანილი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამასთან, ვინაიდან, დადგენილია და სადავოდ არ გამხდარა საწარმოს კაპიტალში განხორციელებული შენატანი, საწარმოდან გატანილი და ხელფასად ჩათვლილი თანხის ოდენობა და შესაბამისად მის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების საკითხი საჭიროებს დაზუსტებას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწესდებო კაპიტალში შენატანების გათვალისწინებით, განახორციელოს საწარმოდან გატანილი თანხების (სალდირებული) დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ინფო“, რომლის მიხედვით მესამე პირებთან (მათ შორის, არარეზიდენტ პირებთან) ანგარიშსწორება ხდებოდა როგორც გადარიცხვით, ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით. ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით დებიტორული დავალიანების ოდენობა 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით შეადგენს 2 505 139,77 ლარს, ხოლო 2024 წლის პირველი მარტის მდგომარეობით შეადგენს 2 234 019,66 ლარს. მათ შორის, 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით დებიტორული დავალიანების ოდენობა შპს „------ -სთან“ შეადგენს 841 139.41 ლარს, ხოლო 2024 წლის პირველი მარტის მდგომარეობით შეადგენს 842 287.28 ლარს. ამასთან, შპს „------- -ს“ ხელმძღვანელი/დამფუძნებელი და 50%-იანი წილის მფლობელს წარმოადგენს შპს „--------“ დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი ფიზიკური პირი "--------". ასევე, შპს „-------“ დებიტორული დავალიანების ოდენობა შპს „------- -ის “ მიმართ 2021 წლის პირველი იანვრისთვის შეადგენს 162 729.67 ლარს, ხოლო 2024 წლის პირველი მარტისთვის შეადგენს 151 546.17 ლარს. ამასთან, შპს „-------“ წარმოადგენს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებულ პირს. გადასახადის გადამხდლს შემოწმებისთვის არ წარუდგენია აღნიშნული დავალიანებების საფუძველზე წარმოშობილ სამართლებრივ დავაზე რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ამასთან, 2021 წლის აგვისტოდან შპს „--------“ ფაქტობრივად აღარ საქმიანობს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით შპს „-------- -ს “ და შპს „------ -ის “ დებიტორული დავალიანებების მიღებულად ჩათვლა და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებული მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------- -ის” (ს/ნ „-------”) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწესდებო კაპიტალში შენატანების გათვალისწინებით, განახორციელოს საწარმოდან გატანილი თანხების (სალდირებული) დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს კაპიტალში დამფუძნებლის შენატანის უკან დაბრუნების ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლას და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება დებიტორული დავალიანებების მიღებულად ჩათვლას და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. მომჩივანის საგადასახადო რეგისტრაციის და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღია 06.12.2018 წელი, საქმიანობის სახეა ნიგოზის მიღება, მისი გადამუშავება და რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით ნაშთად არსებული ქართული თხილის რეალიზაცია,ასევე კომპანიის მიერ ჩილედან, აშშ-დან, ვიეტნამსა და არაბ. გაერთ. საამიროებიდან შემოტანილია სხვადასხვა რეჟიმებით კაკალი ნაჭუჭგაუცლელი, კეშიუ ნაჭუჭგაცლილი, ნუში კანგაცლილი, რომელიც რიგ შემთხვევაში მოქცეულია იმპორტის რეჟიმში, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ექსპორტის და რეექსპორტის რეჟიმში.
შემოწმებით სსკ-ის 101-ე მუხლის საფუძველზე, მისი გატანის მომენტისთვის მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და ამავე კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა.
2.სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებით დებიტორული დავალიანებები მიჩნეულ იქნა მიღებულად მომჩივანის მიერ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, ხოლო მიღებული თანხები სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ანაზღაურებად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწესდებო კაპიტალში შენატანების გათვალისწინებით, განახორციელოს საწარმოდან გატანილი თანხების (სალდირებული) დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9),101,154.