ბრძანება N 20301

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.09.2026
№ დოკუმენტი 20301
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20301

15 სექტემბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“ (ს/ნ ----- ) (მის.: ----- )

2026 წლის 12 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 9 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი N 80) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) N 140379/01 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 15 ივლისის N ----- წერილს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 15 ივლისის N ----- წერილით დაკისრებული ვალდებულება დამოუკიდებელ, თვითმყოფად სამართლებრივ საფუძველს არ ეყრდნობა. მისი ერთადერთი ფაქტობრივი და სამართლებრივი წყარო სწორედ სადავო N EL318755 ოქმით დაფიქსირებული დარღვევაა. შესაბამისად, აღნიშნული ვალდებულება წარმოებული (აქცესორული) ხასიათისაა და 2026 წლის პირველი ივლისის N EL318755 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმისა და შემოსავლების სამსახურის N 17462 ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში იგი ავტომატურად კარგავს არსებობის საფუძველს.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს შეჩერდეს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 15 ივლისის N ----- წერილით განსაზღვრული სანებართვო პირობის შესრულების 90 კალენდარული დღის დინება და აღნიშნული ვადის ათვლა, მომჩივნის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დაიწყოს დავის დამთავრების (გასაჩივრების ყველა მექანიზმის ამოწურვის) შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2026 წლის 15 მაისს საბაჟო დეპარტამენტის არასატარიფო კონტროლის სამმართველოს N ----- სამსახურებრივი ბარათით საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს ეცნობა, რომ შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საბაჟო საწყობის ----- გარკვეულ ტერიტორიაზე არ არის დაცული შესაბამისი სანიტარიულ - ჰიგიენური პირობები (მოუწესრიგებელია ზედაპირის საფარი), რის გამოც არსებობს დაბინძურების პოტენციური წყაროს რისკი.

ამასთან, მოუწესრიგებელი საფარი ხელს უშლის/აფერხებს საბაჟო ფორმალობების ჯეროვნად განხორციელებას. აღნიშნული გარემოების შესწავლის მიზნით, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 2026 წლის 9 ივნისის N 12682 ბრძანების საფუძველზე, 2026 წლის 11 ივნისს განხორციელდა ქალაქ ----- მდებარე შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საბაჟო საწყობის ----- სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი.

შემოწმებისას გამოვლინდა სხვადასხვა სანებართვო პირობის დარღვევა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „კ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა. კერძოდ, დადგინდა, რომ გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით არ ფიქსირდება საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე მდებარე სათავსზე (ტვირთის დროებითი შენახვის საწყობი) ნებართვის მფლობელის მიერ სათავსისათვის მინიჭებული ნომერი და იმ სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო (სანომრე ნიშანი) ე.წ. რამპასთან, რომლითაც გადაიზიდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი. ამასთან, საბაჟო საწყობის ტერიტორიის მონაკვეთზე, ტვირთის დროებითი შენახვის საწყობის მიმდებარე ტერიტორიის მთელ პერიმეტრზე მოყრილია ქვიშა - ხრეშის ნარევი გრუნტი, სადაც სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შედეგად წარმოიქმნება და ჰაერში იფანტება დიდი რაოდენობით მტვრის ნაწილაკები. წვიმიანი ამინდის შემთხვევაში ტერიტორიის ადგილები იტბორება და ხელს უშლის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს საბაჟო ფორმალობების ჯეროვნად განხორციელებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საბაჟო საწყობის ----- სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების აქტი. გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე კი, შედგენილ იქნა N EL318752, N EL318753 და N EL318755 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და შპს „-----“ (ს/ნ ----- ) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

ზემოხსენებული სანებართვო პირობების დარღვევის გამო, შპს „-----“ გაეგზავნა საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 15 ივლისის N ----- წერილი და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად მიეცა შემდეგი ვადები:

– N EL318753 სამართალდარღვევის ოქმში განსაზღვრული სანებართვო პირობის შესასრულებლად (ვიდეოჩამწერი საშუალებებით დაფიქსირდეს საწყობის ტერიტორიაზე მდებარე სათავსზე (ტვირთის დროებითი შენახვის საწყობი) ნებართვის მფლობელის მიერ მინიჭებული ნომერი და იმ სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი, რომლითაც გადაიზიდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი) მიეცა წერილის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადა;

– N EL318755 სამართალდარღვევის ოქმში განსაზღვრული სანებართვო პირობის შესასრულებლად (ტვირთის დროებითი შენახვის საწყობის მიმდებარე ტერიტორიის მთელი პერიმეტრი, მოეწყოს მყარი და გადაადგილებისთვის შეუფერხებელი საფარით) მიეცა წერილის ჩაბარებიდან 90 კალენდარული დღის ვადა.

ამავე წერილით ეცნობა, რომ აღნიშნული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მის მიმართ გატარდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამასთანავე, ეთხოვა, რომ უმოკლეს ვადაში წარმოედგინა განახლებული სიტუაციური გეგმა (ნახაზი), რომელზეც დატანილი იქნება საბაჟო საწყობთან დაკავშირებული ყველა მონაცემი და ასევე წერილობითი ინფორმაცია ტერიტორიის ვიდეოჩამწერი საშუალებებით აღჭურვის თაობაზე (განთავსების ადგილისა და ნუმერაციის მითითებით).

საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 15 ივლისის N ----- წერილი ადრესატს ჩაბარდა 2026 წლის 17 ივლისს.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს, რომ ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს ნებართვის გამცემი.

ამავე კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის. მე-4 პუნქტით კი, დადგენილია, რომ თუ ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად ნებართვის მფლობელის მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი სანებართვო პირობების შესრულება, ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების შესახებ.

რაც შეეხება საქართველოს საბაჟო კოდექსის 33-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილ წესს, აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია, რომ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ საბაჟო ორგანომ/დავის განმხილველმა ორგანომ მთლიანად ან ნაწილობრივ უნდა შეაჩეროს გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობას ან მისი აღსრულება შესაბამის პირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. მე-7 ნაწილი კი ეხება იმპორტის გადასახდელის/საბაჟო სანქციის გადახდის ვალდებულების დავის დაწყების დღიდან მის დასრულებამდე შეჩერებულად მიჩნევის საკითხს. მოცემულ შემთხვევაში დასახელებულ გარემოებებს ადგილი არ აქვს.

ამდენად, საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას და არ არსებობს საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 15 ივლისის N ----- წერილით განსაზღვრული სანებართვო პირობის შესრულების 90 კალენდარული დღის დინების შეჩერების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს 90-დღიანი ვადის ათვლის შეჩერებას დავის დასრულებამდე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

გადასახადის გადამხდელის შემოწმების შედეგად გამოვლინდა სანებართვო პირობების დარღვევები, კერძოდ, ვიდეოკონტროლისა და ტერიტორიის საფარის მოწყობის ხარვეზები. კომპანიას დაევალა აღნიშნული დარღვევების გამოსწორება და შესაბამისი პირობების შესრულება დადგენილ ვადებში.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 176; 33;.