ბრძანება N 31224
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 31224
12 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------ -ის “ (ს/ნ "-------")
(მის.:"-------" )
2023 წლის 23 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №124) განიხილა შპს „------ -ის “ (ს/ნ "-------") №85297/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 ოქტომბრის №005-173 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილი სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ სარგებლად განხილვას. აცხადებს, რომ კომპანიას 2023 წლის პირველ თებერვალს გაცემული აქვს სესხი, რომელიც დასტურდება ბუღალტრული პროგრამით და თანხის სალაროდან გასავლის ორდერით. პირი აცხადებს, რომ შემოწმებისათვის, წარდგენილია სესხის ხელშეკრულება და საჭიროების შემთხვევაში მზადაა წარმოადგინოს სხვა მტკიცებულებები. მომჩივანი ითხოვს ზემოაღნიშნული ფაქტის შესწავლას და საგადასახადო მოთხოვნის კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 მარტის №4333 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------ -ის “ (ს/ნ "-------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 10 ივნისიდან 2023 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 20 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 18 ოქტომბრის №25824 ბრძანება და ამავე თარიღის №005-173 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 268 834 ლარი, მათ შორის გადასახადი 164 950 ლარი, ჯარიმა 82 475 ლარი და საურავი 21 409 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადამხდელის საქმიანობის წარმოადგენს ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი ავტომობილის კატალიზატორების შეძენა და ექსპორტი იტალიაში. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელი კატალიზატორების შეძენას შესყიდვის აქტებით ახორციელებს ფიზიკური პირებიდან (შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება 26 756 805 ლარის კატალიზატორების შეძენა). საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს ბუღალტრულ პროგრამა „ორისში“. საწარმოს სააღრიცხვო პროგრამით 2022 წლის 31 დეკემბერს უფიქსირდება 659 800 ლარის სესხის გაცემა, თუმცა ბუღალტრული პროგრამით ვერ იდენტიფიცირდება პირი, რომელზეც იყო გაცემული აღნიშნული სესხი. შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ურთიერთდამოკიდებულ პირთან შპს N1-თან (ს/ნ "-------") გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, რომელიც დადებული იყო შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ 2023 წლის პირველ თებერვალს. ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის მე-4 მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად, ნაღდი ფულის ნაშთის ცვლილებაზე (ზრდა/შემცირება) გავლენის მოხდენის მიზნებისთვის, მხედველობაში მიიღება სალაროდან სესხის გაცემის, კაპიტალის შემცირების, დივიდენდის განაწილების, ხარჯის გაწევის ან/და სხვა ოპერაცი(ებ)ის ამსახველი დოკუმენტები მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ ოპერაციები განხორციელდა საგადასახადო შემოწმებით მოცულ (შესამოწმებელ) პერიოდში და ამავე დროს, შესაბამის ოპერაციაზე სათანადო ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია (სესხის ხელშეკრულება, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი და ა. შ, რომელსაც სარწმუნოდ მიიჩნევს საგადასახადო ორგანო) პირის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილია საგადასახადო შემოწმების დასრულებამდე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან სესხის ხელშეკრულება დადებული იყო შესამოწმებელი პერიოდის დასრულების შემდგომ, ბუღალტრულად სესხად გაცემული თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა გადასახადი და ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ხოლო ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმოს სააღრიცხვო პროგრამით 2022 წლის 31 დეკემბერს უფიქსირდება 659 800 ლარის სესხის გაცემა, თუმცა პროგრამით ვერ იდენტიფიცირდება პირი, რომელზეც გაცემულია სესხი. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ურთიერთდამოკიდებულ პირთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, რომელიც შედგენილია შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ, 2023 წლის პირველ თებერვალს. იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს მიერ წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულება დადებული იყო შესამოწმებელი პერიოდის დასრულების შემდგომ, შემოწმების მიერ, ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული დანართი 9-ის გათვალისწინებით, გაცემული თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს სალაროდან გაცემული აქვს თანხა, ხოლო საწარმოს მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი სესხის ხელშეკრულების შედგენის თარიღი არ ემთხვევა შესამოწმებელ პერიოდს, შემოწმების მიერ, ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული დანართი 9-ის გათვალისწინებით, საწარმოდან გასული თანხის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება მართლზომიერია.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება ან/და იმგვარი არგუმენტი, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------ -ის “ (ს/ნ "-------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილი სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ სარგებლად განხილვას.
მომჩივანი ითხოვს ზემოაღნიშნული ფაქტის შესწავლას და საგადასახადო მოთხოვნის კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
ვინაიდან სესხის ხელშეკრულება დადებული იყო შესამოწმებელი პერიოდის დასრულების შემდგომ, ბუღალტრულად სესხად გაცემული თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა გადასახადი და ასევე ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9),101,154.