ბრძანება N 13797

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 12.06.2024
№ დოკუმენტი 13797
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 13797

12 ივნისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 23 მაისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 ივნისის სხდომაზე (ოქმი №60) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2024 წლის 23 მაისის №89827/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 აპრილის №001-62 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ვალდებულებებს. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა შესყიდვის აქტები, რომლებიც ფიზიკური პირისგან შეძენილ ძირითად საშუალებებს შეიცავდა, ასევე, არ გაითვალისწინა ფქვილის დანაკარგის შესახებ ახსნაგანმარტება და უკან დაბრუნებული პროდუქცია.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №33362 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 27 სექტემბრიდან 2023 წლის პირველ დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 29 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 24 აპრილის №9589 ბრძანება და ამავე თარიღის №001–62 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 247 573 ლარი, მათ შორის გადასახადი 153 933 ლარი, ჯარიმა 77 314 ლარი და საურავი 16 326 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობაა პურ-ფუნთუშეულის წარმოებარეალიზაცია. რეალიზაცია ხორციელდებოდა როგორც საბითუმოდ, ასევე, საცალოდ. კომპანია არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულებების დადგენის მიზნით, შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე. კერძოდ, გამოწერილი დოკუმენტების შესაბამისად დადგინდა წარმოებული პროდუქციის რაოდენობა კონკრეტული სახეობების მიხედვით, რომელზეც წარმოდგენილი კალკულაციების თანახმად ჩამოიწერა ნედლეული (ფქვილი). დარჩენილი ფქვილისგან, ბუნებრივი დანაკარგისა (1.66%) და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ფქვილის ნაშთის გათვალისწინებით, შემოწმებამ აწარმოა დოკუმენტური რეალიზაციის პროპორციულად გაანგარიშებული სახეობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმებამ ჩაატარა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, გაითვალისწინა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავალი და ხარჯი, ასევე, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი და დაადგინა განკარგვადი თანხა, რომელიც დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

წარმოდგენილ საჩივარში გადამხდელი არ ეთანხმება ფქვილის დანაკარგის ოდენობას. აცხადებს, რომ კომპანიამ აღწერა ერთი სრული სმენის პროცესში ფქვილის დანაკარგი. ცხობას ესწრებოდა საწარმოს დირექტორი, მენეჯერი, სმენის უფროსები. ეს ყველაფერი დეტალურად დაიწერა ახსნა-განმარტების სახით (წარმოდგენილი აქვს დანართად), მიეწოდა შემმოწმებელს, თუმცა არ იქნა გათვალისწინებული. მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილ ცხრილში დაშვებულია გარკვეული უზუსტობები. კერძოდ, მომჩივნის განმარტებით, შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა, რომ საწარმოში ცხვება ერთი და იმავე დასახელების რამდენიმე წონის პური და დისტრიბუტორებს არ მიაქვთ პატარა წონის პური. ასევე, გასათვალისწინებელია პურის ამოსავლიანობა. თავდაპირველად წარმოება დაიწყო რუსულ ფქვილზე, რომელსაც ყველაზე დიდი ამოსავლიანობა ჰქონდა, შემდგომ კი ვინაიდან შეწყდა რუსული ფქვილის მოწოდება, გადამხდელმა პურის წარმოებისთვის გამოიყენა „პროგრესის“ და „მადლის“ ფქვილი, სხვაობა კი რუსულ ფქვილსა და პროგრესს შორის ამოსავლიანობაზე 1 ტომარაზე შეადგენდა 10- 13 პურს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა მართლზომიერია. ხოლო, საწარმოო დანაკარგის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან (საექსპერტო დაწესებულება) გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, საწარმოო დანაკარგის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან (საექსპერტო დაწესებულება) გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობაა პურ-ფუნთუშეულის წარმოებარეალიზაცია. რეალიზაცია ხორციელდებოდა როგორც საბითუმოდ, ასევე, საცალოდ. კომპანია არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულებების დადგენის მიზნით, შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით. გამოწერილი დოკუმენტების შესაბამისად დადგინდა წარმოებული პროდუქციის რაოდენობა კონკრეტული სახეობების მიხედვით, რომელზეც წარმოდგენილი კალკულაციების თანახმად ჩამოიწერა ნედლეული (ფქვილი). დარჩენილი ფქვილისგან, ბუნებრივი დანაკარგისა (1.66%) და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ფქვილის ნაშთის გათვალისწინებით, შემოწმებამ აწარმოა დოკუმენტური რეალიზაციის პროპორციულად გაანგარიშებული სახეობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

შემოწმებამ ჩაატარა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი და დაადგინა განკარგვადი თანხა, რომელიც დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა მართლზომიერია. ხოლო, საწარმოო დანაკარგის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან (საექსპერტო დაწესებულება) გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101; 154; 159