ბრძანება N 17279

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 23.07.2024
№ დოკუმენტი 17279
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17279

23 ივლისი 2024

ბრძანება

ი/მ "-------" (ს/ნ "-------" )

(ფაქტ. მის.: "-------")

2024 წლის 29 ივნისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 11 ივლისის სხდომაზე (ოქმი №75) განიხილა ი/მ "-------" (ს/ნ "-------") 2024 წლის 29 ივნისის №90446/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 28 მაისის №125-11 საგადასახადო მოთხოვნასა და 2024 წლის 29 მაისის №125-12 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების, მათ შორის გადაანგარიშების შედეგებს. მიუთითებს, რომ გამოკითხვის შედეგად დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში მეწარმის მიერ ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალი და გაწეული ხარჯი, კერძოდ, მიღებული შემოსავალი შეადგენს 69 200 ლარს, ხოლო გაწეული ხარჯი 38 060 ლარს. მიაჩნია, რომ თუ შემოწმებამ, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას, გაითვალისწინა გამოძიების მიერ დადგენილი შემოსავალი, ასევე უნდა გაეთვალისწინებინა გამოძიების მიერ დადგენილი ხარჯები. ამასთან, აღნიშნავს, რომ შემმოწმებელს შეეძლო ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯების გამოქვითვა განეხორციელებინა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით, რომლის მიხედვით ხარჯად ჩაითვლება გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული თანხა, მაგრამ არაუმეტეს მისი საბაზრო ღირებულების 75%-ის ოდენობით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 და 96-ე მუხლებზე მითითებით ითხოვს საგადასახადო მოთხოვნების ბათილად ცნობას.

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 28 მაისის №125-11 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 15 მაისის №11200 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ "-------" (ს/ნ "-------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის ყოველწლიური საშემოსავლო გადასახადის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 21 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 28 მაისის №12298 ბრძანება და ამავე თარიღის №125- 11 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 15 809 ლარი, მათ შორის, გადასახადი 11 101 ლარი, ჯარიმა 4 440 ლარი, საურავი 268 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საპარიკმახეროების და სხვა სილამაზის სალონების მომსახურება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაშია საქმე გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენა-რეალიზაციისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე. გამოძიებით დადგენილია, რომ მეწარმე თავისი სილამაზის სალონიდან ლიცენზიის გარეშე სისტემატურად ახორციელებდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენას და შემდგომ რეალიზაციას. 2023 წლის 14 ივნისს გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა ჩხრეკა, საიდანაც ამოღებულ იქნა დიდი რაოდენობით ფსიქოტროპული აბები. გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა 2022 წლის პირველი ოქტომბრიდან 2023 წლის 14 ივნისამდე. აღნიშნულ პერიოდში მეწარმემ შემოსავლის სახით მიიღო 69 200 ლარი, საიდანაც 38 060 ლარი გადახდილი ჰქონდა ფსიქოტროპულ აბებში. შესაბამისად, დადგინდა, რომ მეწარმის მიერ მიღებული მოგება 31 140 ლარის ტოლია. ამასთან, შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება გამოსაქვითი ხარჯი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, იგი ვალდებული იყო მიღებული შემოსავალი აესახა საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავალი დაექვემდებარა დაბეგვრას. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 29 მაისის №125-12 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივლისის №16438 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ "-------" (ს/ნ "-------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი ოქტომბრიდან 2023 წლის 6 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 19 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 25 სექტემბრის №23415 ბრძანება და ამავე თარიღის №125-21 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 27 805 ლარი, მათ შორის, გადასახადი 17 294 ლარი, ჯარიმა 8 647 ლარი, საურავი 1 864 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 13 ნოემბრის №27852 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. ი/მ "-------" (ს/ნ "-------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების და ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, მ.შ. მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების და სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან გამოსვლის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ნოემბრის №27852 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 31 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 5 თებერვლის №125-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 22 მარტის №6302 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

1. ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ნოემბრის №27852 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით, სრულყოფილად შეისწავლოს მიღებული შემოსავლის ხელფასად განხილვის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 მარტის №6302 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 23 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 18 509 ლარით, მათ შორის, გადასახადი 12 340 ლარით, ჯარიმა 6 170 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 29 მაისის №125-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

საგადასახადო შემოწმებით ხელახლა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის შესწავლა, რომლის შედეგად შემცირდა გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების შესახებ დეკლარაციის მიხედვით დარიცხული თანხა. მიუხედავად აღნიშნულისა, გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო მიღებული შემოსავალი დაებეგრა ყოველწლიური საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, მეწარმეს არ გააჩნდა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა გამოსაქვითი ხარჯი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 28 მაისის №125-11 საგადასახადო მოთხოვნასთან და 2024 წლის 29 მაისის №125-12 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ), ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას, ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 80-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ მეწარმე თავისი სილამაზის სალონიდან ლიცენზიის გარეშე სისტემატურად ახორციელებდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენას და შემდგომ რეალიზაციას. გადასახადის გადამხდელის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა 2022 წლის პირველი ოქტომბრიდან 2023 წლის 14 ივნისამდე. აღნიშნულ პერიოდში მეწარმემ შემოსავლის სახით მიიღო 69 200 ლარი, ხოლო აღნიშნული თანხიდან 38 060 ლარი გადახდილი ჰქონდა ფსიქოტროპულ აბებში, შესაბამისად, მეწარმის მიერ მიღებული მოგება 31 140 ლარის ტოლია. ამასთან, შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა გამოსაქვითი ხარჯი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, იგი ვალდებული იყო მიღებული შემოსავალი აესახა საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

ასევე, დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, საგადასახადო შემოწმებით ხელახლა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა, რომლის შედეგად შემცირდა გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების შესახებ დეკლარაციის მიხედით დარიცხული თანხები. მიუხედავად აღნიშნულისა, გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო მიღებული შემოსავალი დაებეგრა ყოველწლიური საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, მეწარმეს არ გააჩნდა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა გამოსაქვითი ხარჯი. შედეგად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებასა და გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემოწმების მიერ არ არის გათვალისწინებული ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები, რის საფუძველზეც მომჩივანი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას ითხოვს გამოკითხვის შედეგად დადგენილი მეწარმის მიერ გაწეული ხარჯების გათვალისწინებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, იხელმძღვანელოს შემდეგი პრინციპით: გამოსაქვით ხარჯებში გაითვალისწინოს გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული ხარჯის 75% და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ "-------" (ს/ნ "-------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, იხელმძღვანელოს შემდეგი პრინციპით: გამოსაქვით ხარჯებში გაითვალისწინოს გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული ხარჯის 75% და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების, მათ შორის გადაანგარიშების შედეგებს.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 და 96-ე მუხლებზე მითითებით ითხოვს საგადასახადო მოთხოვნების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საპარიკმახეროების და სხვა სილამაზის სალონების მომსახურება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაშია საქმე გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენა-რეალიზაციისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე.გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავალი დაექვემდებარა დაბეგვრას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, იხელმძღვანელოს შემდეგი პრინციპით: გამოსაქვით ხარჯებში გაითვალისწინოს გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული ხარჯის 75% და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5),80,81,100,102,105.