გადაწყვეტილება №28002/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.10.2026
№ დოკუმენტი 28002/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№28002/2/2026

19 ოქტომბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ --------ი (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------ის 22.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28002/2/2026).

 

დავის საგანი:

ე.წ. „შავი ჩანაწერების“ საფუძველზე განსაზღვრული შემოსავლები და დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2026 წლის №225-5 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 19.05.2026 წლის №10991 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 49 771.79 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი -34 674.00

ჯარიმა - 9 262.00

საურავი - 5 835.79

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას, შესამოწმებელ პერიოდში, წარმოადგენს სასოფლოსამეურნეო შხამ-ქიმიკატებისა და დამხმარე ინვენტარის შეძენა/რეალიზაცია, საქონლის შეძენას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2023 წლის 24 ნოემბრიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2023 წლიდან 12.12.2025 წლამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2025 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2026 წლის 26 მარტის შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას ელექტრონული პროგრამით და არ გააჩნია სრულყოფილი საბუღალტრო ჩანაწერები. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარადგინა საბანკო ამონაწერები და სხვადასხვა ახსნა-განმარტება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის --------ის სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის №--- საქმე, ი/მ -----ის მიერ ფალსიფიკაციის, ე.ი. მოტყუებით, ნივთის თვისობრიობის შეცვლის ფაქტზე, ჩადენილი ანგარებით, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მეწარმის შემოსავლების განსაზღვრისთვის შესწავლილ იქნა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები, კერძოდ ე.წ. „შავი ჩანაწერები“, „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ“ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 16 დეკემბრის №27559 ბრძანების საფუძველზე, მეწარმის კუთვნილ ობიექტებში, 2025 წლის 16 დეკემბერს ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მასალები, და 2025 წლის 31 ივლისის №17240 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების მასალები. აღნიშნული მასალების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის ურთიერთშეჯერების საფუძველზე გაანგარიშდა მეწარმის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი/გამოქვითვები 2023 და 2024 წლებისათვის. კერძოდ:

- 2023 წლის დასაბეგრი შემოსავალი გაანგარიშდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მასალებითა და მასში არსებული, გადასახადის გადამხდელის მიერ გაცხადებული, სარეალიზაციო ფასებით, რომლის შედეგადაც გამოყვანილ იქნა საშუალო ფასნამატი;

- 2024 წლის ერთობლივი შემოსავალი გაანგარიშდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №----- საქმეში არსებული მასალებისა და ე.წ. „შავი ჩანაწერების“ შესაბამისად, ხოლო ხარჯები არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე, მე-80 და 105-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275- ე მუხლის თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 31 მარტის №7192 ბრძანება და №225-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.05.2026 წლის №10991 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, 81-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

პირის შემოსავლების განსაზღვრისთვის შესწავლილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ------ის სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №---- საქმეში არსებული მასალები, რომელიც შემოწმების მიმდინარეობისას გადმოგზავნილ იქნა საგამოძიებო სამსახურის მიერ, კერძოდ ე.წ. „შავი ჩანაწერები“, „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ“ მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 16 დეკემბრის №27559 ბრძანების საფუძველზე, მეწარმის კუთვნილ ობიექტებში, 2025 წლის 16 დეკემბერს ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მასალები, მონიტორინგის დეპარტამენტის 31.07.2025 წლის №17240 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების მასალები. აქედან გამომდინარე, შემოწმებით, ელექტრონული ბაზების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მონაცემების ურთიერშეჯერების საფუძველზე გაანგარიშებულ იქნა მეწარმის წლიური საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრი ბრუნვები/გამოქვითვები 2023 და 2024 წლებისათვის. კერძოდ, 2023 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრი ბრუნვები გამოთვლილ იქნა, მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მასალებითა და მასში არსებული, გადასახადის გადამხდელის მიერ გაცხადებული სარეალიზაციო ფასებით. რომლის შედეგადაც გამოყვანილ იქნა საშუალო ფასნამატი. ხოლო, 2024 წლის ერთობლივ შემოსავალში ასახულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №---- საქმეში არსებული მასალებით ე.წ. „შავი ჩანაწერების“ შესაბამისად, ხოლო ხარჯები არაპირდაპირი მეთოდით.

ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 19 მაისის №10991 ბრძანების გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან. საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად: ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალების, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის, მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგების, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გაანგარიშდა მეწარმის ერთობლივი შემოსავალი/გამოქვითვები 2023 და 2024 წლებისათვის. კერძოდ, 2023 წლის დასაბეგრი შემოსავალი გაანგარიშდა ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მასალებითა და მასში არსებული გადასახადის გადამხდელის მიერ გაცხადებული სარეალიზაციო ფასებით, რომლის შედეგადაც გამოყვანილ იქნა საშუალო ფასნამატი, ხოლო 2024 წლის ერთობლივი შემოსავალი გაანგარიშდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში არსებული მასალებისა და ე.წ. „შავი ჩანაწერების“ შესაბამისად. ამასთან, ხარჯები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

აუდიტის დეპარტამენტის 9.10.2026 წლის №--- წერილით წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, სადაც დარიცხვის ფაქტობრივ გარემოებებზე დამატებით აღნიშნულია, რომ საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული ე.წ. „შავი ჩანაწერები“, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული 19.02.2026 წლის ახსნა-განმარტებით, არის ყოველდღიური აღრიცხვის რვეული, რომელშიც მითითებულია ნავაჭრი თანხები, ხოლო სადაც რვეულში მითითებულია „+განვადება“, ამ დღეების თანხებში შედის განვადების თანხები.

მომჩივანი, მიუთითებს დარიცხვის ფაქტობრივ გარემოებებზე/საფუძვლებზე და ითხოვს შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილების გაუქმებას, მაგრამ არ წარმოადგენს რაიმე არგუმენტს/მტკიცებულებას თუ რა ნაწილში, რა საფუძველზე არ ეთანხმება სადავო დარიცხვას და შესაბამისად გასაჩივრებული ბრძანებით მიღებულ გადაწყვეტილებას.

საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ 2024 წელთან მიმართებით იხელმძღვანელა ე.წ. „შავი ჩანაწერებით“, კონკრეტულად გადასახადის გადამხდელის რვეულით, რომელიც მიეწოდა საგამოძიებო სამსახურის მიერ. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით რვეულში მითითებულია მიღებული თანხები, რომელშიც ასევე მითითებულია რომელ თანხაში შედის განვადების თანხები.

შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში აღნიშნულია და შესაბამისად ირკვევა, რომ მომჩივანს არც წარდგენილ საჩივარში და არც დავის წარმოების პროცესში არ მიუთითებია ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, არც მანამდე და არც ამჟამად წარმოადგენს რაიმე დოკუმენტს/მტკიცებულებას ან/და პოზიციას, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ე.წ. „შავი ჩანაწერების“ საფუძველზე განსაზღვრული შემოსავლები და დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2023 წლიდან 12.12.2025 წლამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2025 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით ირკვევა,რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას ელექტრონული პროგრამით და არ გააჩნია სრულყოფილი საბუღალტრო ჩანაწერები. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარადგინა საბანკო ამონაწერები და სხვადასხვა ახსნა-განმარტება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, ი/მ-ის მიერ ფალსიფიკაციის, ე.ი. მოტყუებით, ნივთის თვისობრიობის შეცვლის ფაქტზე, ჩადენილი ანგარებით, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მეწარმის შემოსავლების განსაზღვრისთვის შესწავლილ იქნა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები, კერძოდ ე.წ. „შავი ჩანაწერები“, „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ“ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №27559 ბრძანების საფუძველზე, მეწარმის კუთვნილ ობიექტებში, 2025 წლის 16 დეკემბერს ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მასალები და №17240 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების მასალები. აღნიშნული მასალების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის ურთიერთშეჯერების საფუძველზე გაანგარიშდა მეწარმის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი/გამოქვითვები 2023 და 2024 წლებისათვის. კერძოდ:

2023 წლის დასაბეგრი შემოსავალი გაანგარიშდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მასალებითა და მასში არსებული, გადასახადის გადამხდელის მიერ გაცხადებული, სარეალიზაციო ფასებით, რომლის შედეგადაც გამოყვანილ იქნა საშუალო ფასნამატი.ხოლო, 2024 წლის ერთობლივი შემოსავალი გაანგარიშდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალებისა და ე.წ. „შავი ჩანაწერების“ შესაბამისად, ხოლო ხარჯები არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე, მე-80 და 105-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275- ე მუხლის თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №7192 ბრძანება და №225-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №10991 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“); 79(„ა“); 80(1); 81(1); 100(1); 102(1 „ა“); 105(1.2);