გადაწყვეტილება №25373/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.07.2025
№ დოკუმენტი 25373/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25373/2/2025

23 ივლისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 11.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----ის 25.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25373/2/2025).

 

დავის საგანი:

1. შემოწმების შედეგად დამატებით დადგენილი შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრა;

2. დამატებით დადგენილი შემოსავლის საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 24.03.2025 წლის №071-2 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.05.2025 წლის №10937 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 464 817,37 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 777 358,2

დღგ - 282 640,80

საშემოსავლო გადასახადი - 494 717,40

ჯარიმა - 396 862,10

საურავი - 290 597,07

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 21.03.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 12.02.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 24.03.2025 წლის №071-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.05.2025 წლის №10937 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. შემოწმების შედეგად დამატებით დადგენილი შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს შეძენილი აქვს 179 553 კგ ნაჭუჭგაცლილი კაკალი, რეალიზებული აქვს დოკუმენტებით (სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები) 58 928 კგ, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაშთად აქვს 3 950 კგ, შესაბამისად, 116 675 კგ ნაჭუჭგაცლილი კაკალი რეალიზებულია დოკუმენტების გარეშე, რომლის შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები საწარმოს არ აქვს შესრულებული. საწარმო 2023 წლის დეკემბრის შემდგომ ეკონომიკურ საქმიანობას აღარ ახორციელებს. შემოწმების შედეგად 116 675 კგ ნაჭუჭგაცლილი კაკალი ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად საწარმოს მიერ დოკუმენტურად დადასტურებული საშუალო შეწონილი ფასით, დადგინდა დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლისგან მიღებული შემოსავალი, 1 677 008 ლარის (დღგ-ის გარეშე) ოდენობით, რაც საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა დღგ-ით, საწარმოს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 145-ე მუხლის პირველ და მე-6 ნაწილებზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის წარმოების პროცესში, მათ შორის, საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი საჩივრებში მითითებული პოზიციის შესაბამისი არგუმენტაცია/დოკუმენტაცია, რომელიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დარიცხვა არის უკანონო, რადგან ის პროდუქტი რაზეც მოხდა შპს დაჯარიმება არის მალფუჭებადი, კანგაცლილი ნიგოზი წვიმაში დასველდა და გაფუჭდა, რისი გადარჩენაც შეძლეს სახეზეა. ასევე ძალიან ბევრი პროდუქტი გაცემული იყო შემდეგი გადახდით, რაც აუდიტის დეპარატამენტის მიერ არ იქნა გაზიარებული და კომპანია დააჯარიმეს. შემოწმების დროს აუდიტის დეპარატამენტის თანამშრომელს არ მოუთხოვია პროდუქციის ნახვა, არც რაიმე დოკუმენტაცია, თავისით მოახდინა შემოწმება და დაჯარიმება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს შემოსავლების სამსახურის 28.05.2025 წლის №10937 ბრძანების გაუქმებას, ასევე 24.03.2025 წლის აუდიტის დეპარატამენტის ბრძანების გაუქმებას, რადგან კომპანიის დაჯარიმება მოხდა უკანონოდ. კომპანია არის გადასახადების კეთილსინდისიერი გადამხდელი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 2.07.2025 წლის №57776-21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილი იქნა შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციები, საწარმოს დირექტორის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული ჩანაწერები, ასევე შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალები, შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს შეძენილი აქვს 179 553 კგ ნაჭუჭგაცლილი კაკალი, რეალიზებული აქვს დოკუმენტებით (სასაქონლო ზედნადებები, ანგარიშ-ფაქტურები) 58 928 კგ, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაშთად აქვს 3 950 კგ ნაჭუჭგაცლილი კაკალი, შესაბამისად 116 675 კგ ნაჭუჭგაცლილი კაკალი რეალიზებული დოკუმენტების გარეშე, რომლის შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები საწარმოს არ აქვს შესრულებული.

აღსანიშნავია, რომ საწარმო 2023 წლის დეკემბრის შემდგომ ეკონომიკურ საქმიანობას აღარ ახორციელებს. შემოწმების შედეგად 116 675 კგ ნაჭუჭგაცლილი კაკალი ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად საწარმოს მიერ დოკუმენტურად დადასტურებული საშუალო შეწონილი ფასით, შესაბამისად დადგინდა დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლისგან მიღებული შემოსავალი რაც შეადგენს 1 677 008 ლარს (დღგ-ის გარეშე).

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დამატებით დადგენილი შემოსავალი 1 677 008 ლარი (დღგ-ის გარეშე) საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების მიხედვით დამატებით დაიბეგრა დღგ-ით, საწარმოს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დღგ-ის დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.

საბჭო აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივანს არ წარმოუდგენია მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2. დამატებით დადგენილი შემოსავლის საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვა ფაქტების აღწერა/დარიცხვის

საფუძვლები შემოწმებით დადგენილი დამატებით მიღებული შემოსავლის (1 978 869 ლარი) საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს დირექტორს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარუდგენია, ასევე, არ დასტურდება აღნიშნული ფულის სალაროში არსებობის ფაქტი. აღნიშნული თანხა (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საწარმოს ასევე დაეკისრა ჯარიმები საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში. მომჩივნის არგუმენტაცია მომჩივნის არგუმენტაცია მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 2.07.2025 წლის №57776-21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმებით დამატებით დადგენილი მიღებული შემოსავლის 1 978 869 ლარის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს დირექტორს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარუდგენია, ასევე არ დასტურდება აღნიშნული ფულის სალაროში არსებობის ფაქტი, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 73-ე მუხლების და მეთოდური მითითების გათვალისწინებით აღნიშნული თანხა (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან.

წარმოდგენილ საჩივარში დარიცხულ თანხებთან დაკავშირებით არაა წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული არგუმენტები და მტკიცებულებები. მომჩივანი ვერ მიუთითებს, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ამგვარად, ვინაიდან შემოწმებით დადგენილი დამატებით მიღებული შემოსავლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება ან/და სალაროში არსებობის ფაქტი არ დასტურდება, ხოლო მომჩივანი ვერ უთითებს რაიმე გარემოებაზე, რაც მისი საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. შემოწმების შედეგად დამატებით დადგენილი შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრა;

2. დამატებით დადგენილი შემოსავლის საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს შეძენილი აქვს 179 553 კგ ნაჭუჭგაცლილი კაკალი, რეალიზებული აქვს დოკუმენტებით (სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები) 58 928 კგ, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაშთად აქვს 3 950 კგ, შესაბამისად, 116 675 კგ ნაჭუჭგაცლილი კაკალი რეალიზებულია დოკუმენტების გარეშე, რომლის შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები საწარმოს არ აქვს შესრულებული. საწარმო 2023 წლის დეკემბრის შემდგომ ეკონომიკურ საქმიანობას აღარ ახორციელებს. შემოწმების შედეგად 116 675 კგ ნაჭუჭგაცლილი კაკალი ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად საწარმოს მიერ დოკუმენტურად დადასტურებული საშუალო შეწონილი ფასით, დადგინდა დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლისგან მიღებული შემოსავალი, 1 677 008 ლარის (დღგ-ის გარეშე) ოდენობით, რაც საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა დღგ-ით, საწარმოს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს : 159 (1); 163 (1); 164 (1); 73 (4;9); 101 (1); 154 (1,ა).