ბრძანება N 17462
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17462
31 ივლისი 2026
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
(მის.: „-------“)
2026 წლის 13 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 24 ივლისის სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) №118821/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის პირველი ივლისის №EL318755 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ კომპანიას სანებართვი პირობა არ დაურღვევია. მყარი საფარის არსებობის ვალდებულება საწყობს გააჩნია, მხოლოდ სპეციალურ შემთხვევაში - ავტომობილებით დატვირთული კონტეინერების დამამუშავებელი საბაჟო საწობებისთვის და ისიც სამ კონკრეტულ მოედანზე და არა საწყობის მთელ ტერიტორიაზე. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლი კი ანალოგიურ მოთხოვნას არ შეიცავს. ის ფაქტი, რომ ტერიტორია დაფარულია ქვიშა-ხრეშის ნარევი გრუნტით თავისთვად ვერ ჩაითვლება დარღვევად. ამასთან საბაჟო ორგანოს არ ჩაუტარებია მტვრის კონცენტრატის ინსტრუმენტული გაზომვა, არ გამოუყენებია, რაიმე ტექნიკური საშუალება ან მეთოდიკა, არ აუღია სინჯი და არ ჩაუტარებია ლაბორატორიული კვლევა, არ მოუპოვებია დარგის ექსპერტის/აკრედიტებული ორგანოს დასკვნა და არ დაუფიქსირებია, რომელ ნორმატიულ მაჩვენებელს და რა ოდენობით აჭარბებს მტვრის კონცენტრაცია.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2026 წლის 15 მაისს საბაჟო დეპარტამენტის არასატარიფო კონტროლის სამმართველოს №„-------“ სამსახურებრივი ბარათით საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს ეცნობა, რომ მომჩივანის საბაჟო საწყობის („-------“; „-------“) გარკვეულ ტერიტორიაზე არ არის დაცული შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები (მოუწესრიგებელია ზედაპირის საფარი), რის გამოც არსებობს დაბინძურების პოტენციური წყაროს რისკი. ამასთან, მოუწესრიგებელი საფარი ხელს უშლის/აფერხებს საბაჟო ფორმალობების ჯეროვნად განხორციელებას. აღნიშნული გარემოების შესწავლის მიზნით, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 2026 წლის 9 ივნისის №12682 ბრძანების საფუძველზე, 2026 წლის 11 ივნისს განხორციელდა ქალაქ „-------“-ში „-------“-ში მდებარე შპს „------- - ის“ (ს/ნ „-------“) საბაჟო საწყობის („-------“; „-------“) სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი.
შემოწმებისას გამოვლინდა სხვადასხვა სანებართვო პირობის დარღვევა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ზ“ ქვეპუნტით განსაზღვრული სანებართვო პირობის დარღვევა. კერძოდ, საბაჟო საწყობის ტერიტორიის მონაკვეთზე, ტვირთის დროებითი შენახვის საწყობის მიმდებარე ტერიტორიის მთელ პერიმეტრზე მოყრილია ქვიშა-ხრეშის ნარევი გრუნტი, სადაც ავტოტრანსპორტის გადაადგილების შედეგად წარმოიქმნება და ჰაერში იფანტება დიდი რაოდენობით მტვრის ნაწილაკები. ამასთან, წვიმიანი ამინდის შემთხვევაში ტერიტორიის ადგილები იტბორება და ხელს უშლის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს საბაჟო ფორმალობების ჯეროვნად განხორციელებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, 25 ივნისს შედგა შპს „-------- - ის “ (ს/ნ „-------“) საბაჟო საწყობის ( „-------“; „-------“) სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების აქტი.
ვინაიდან მომჩივანის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2026 წლის პირველ ივლისს შედგენილ იქნა №EL318755 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „-------- - ს“ (ს/ნ „-------“) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ზ“ პუნქტის შესაბამისად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობში შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები, გამორიცხოს დაბინძურების ყველა პოტენციური წყაროს არსებობა, სურსათის, ფიტოსანიტარიულ ან/და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ან სხვა სპეციფიკური საქონლის შენახვის შემთხვევაში – უზრუნველყოს აღნიშნული საქონლის სხვა პროდუქტებისაგან განცალკევებულ ადგილზე შენახვა და შენახვისათვის საჭირო სათანადო პირობების დაცვა.
ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
კანონმდებლობა ვალდებულ პირს აკისრებს ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს ამ ვალდებულებათა დარღვევას, რაც გამოიწვევს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ზ“ ქვეპუნტით განსაზღვრული სანებართვო პირობის დარღვევას, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
სადავო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს ეცნობა, რომ მომჩივანის საბაჟო საწყობის გარკვეულ ტერიტორიაზე არ არის დაცული შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები, რის გამოც არსებობს დაბინძურების პოტენციური წყაროს რისკი.
შემოწმებისას გამოვლინდა სხვადასხვა სანებართვო პირობის დარღვევა.ვინაიდან მომჩივანის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
127,163,176,