გადაწყვეტილება №26220/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.12.2025
№ დოკუმენტი 26220/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26220/2/2025

16 დეკემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,11.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 26.11.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26220/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 4.08.2025 წლის №17451 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 18.09.2025 წლის №005-169 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 5.11.2025 წლის №24495 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 23 116,45 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 11 814,51

ჯარიმა - 6 525,13

საურავი - 4 776,81

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 19.06.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 14.02.2022-1.03.2025 პერიოდში საკონტროლო-სალარო აპარატითა და საბანკო ანგარიშსწორებით (მათ შორის პოსტერმინალით) მიღებული თანხების და მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორე. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი/დეკლარირებული დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემების შესწავლისას გამოვლინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ მიღებულია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. გადასახადის გადამხდელის დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის წარმოშობის მომენტიდან მიღებული ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად განისაზღვრა ჩასათვლელი დღგ-ის თანხა. საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად, შემოწმებით გაიზარდა შესაბამის პერიოდებში ჩასათვლელი დღგ-ის თანხა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის №005-102 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 4.08.2025 წლის №17451 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 4.08.2025 წლის №17451 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 11.09.2025 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების მიმდინარეობის პროცესში გათვალისწინებული იყო გადასახადის გადამხდელის დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის წარმოშობის მომენტიდან მიღებული ანგარიშ-ფაქტურები და შემოწმებით ჩათვლილი იქნა დღგ-ის თანხები შესაბამის პერიოდებში, თუმცა შემოწმების დასრულების და აქტის გამოცემის შემდეგ, შესამოწმებელ პერიოდზე დამატებით მიღებულ იქნა ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც დადასტურებულია მეორე მხარის მიერაც. ვინაიდან აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები არ იყო გამოწერილი შემოწმების მიმდინარეობისას (აქტის შედგენის თარიღამდე) შესაბამისად არ იყო გათვალისწინებული შემოწმების აქტით განსაზღვრულ ჩასათვლელ დღგ-ის თანხებში. შემოსავლების სამსახურის 4.08.2025 წლის №17451 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად განისაზღვრა დამატებით ჩასათვლელი თანხები, გამომდინარე აქედან დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები.

აუდიტის დეპარტამენტის 11.09.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 18.09.2025 წლის №005-169 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 5.11.2025 წლის №24495 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა შემოწმების აქტის გამოცემის შემდეგ, შესამოწმებელ პერიოდზე მიღებული და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რის შედეგადაც სალდირებულად დაკორექტირდა შემოწმების მიერ განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

წარდგენილი დასკვნით ვერ დგინდება, როგორ განისაზღვრა დამატებით დარიცხული დღგ-ის თანხა. უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 5.11.2025 წლის №24495 ბრძანება და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით;

2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია, ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

შემოსავლების სამსახურის 4.08.2025 წლის №17451 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 11.09.2025 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების დასრულების და აქტის გამოცემის შემდეგ, შესამოწმებელ პერიოდზე დამატებით მიღებულ იქნა ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც დადასტურებულია მეორე მხარის მიერაც. აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები არ იყო გათვალისწინებული შემოწმების აქტით განსაზღვრულ ჩასათვლელ დღგ-ის თანხებში. საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად განისაზღვრა დამატებით ჩასათვლელი თანხები, გამომდინარე აქედან დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით მიღებულ ანგარიშ-ფაქტურები და შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.

ამასთან, მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება დამატებით დღგ-ის თანხის ჩათვლის გათვალისწინების საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 11.09.2025 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 4.08.2025 წლის №17451 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი მიიჩნევს,რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 5.11.2025 წლის №24495 ბრძანება და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მონაცემების შესწავლისას გამოვლინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ მიღებულია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.გადამხდელის დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის წარმოშობის მომენტიდან მიღებული ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად განისაზღვრა ჩასათვლელი დღგ-ის თანხა. სსკ-ის 174-ე მუხლის თანახმად, შემოწმებით გაიზარდა შესაბამის პერიოდებში ჩასათვლელი დღგ-ის თანხა. შემოწმების აქტის საფუძველზე გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოწმების მიმდინარეობის პროცესში გათვალისწინებული იყო გადამხდელის დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის წარმოშობის მომენტიდან მიღებული ანგარიშ-ფაქტურები და შემოწმებით ჩათვლილი იქნა დღგ-ის თანხები შესაბამის პერიოდებში, თუმცა შემოწმების დასრულების და აქტის გამოცემის შემდეგ, შესამოწმებელ პერიოდზე დამატებით მიღებულ იქნა ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც დადასტურებულია მეორე მხარის მიერაც. ვინაიდან აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები არ იყო გამოწერილი შემოწმების მიმდინარეობისას შესაბამისად არ იყო გათვალისწინებული შემოწმების აქტით განსაზღვრულ ჩასათვლელ დღგ-ის თანხებში.სსკ-ის 174-ე მუხლის თანახმად განისაზღვრა დამატებით ჩასათვლელი თანხები, გამომდინარე აქედან დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 11.09.2025 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 4.08.2025 წლის №17451 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

174,175,176.