ბრძანება N 19115
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19115
25 აგვისტო 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--------“-ის (ს/ნ --------------)
(მის.: --------------------------------)
2026 წლის 30 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 20 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №75) განიხილა შპს „--------“-ის (ს/ნ --------------) 2026 წლის 30 ივლისის №-----/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 30 ივნისის №081-137 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ კომპანია აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რომელშიც ასახული იყო ყველა სამეურნეო ოპერაცია, შესაბამისად შემოწმებას არ ჰქონდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი. განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 450 288 ლარს, რომლის 80% გატანილია ექსპორტზე, ხოლო, 20%-ის რეალიზაცია განხორციელდა ადგილობრივად. ამასთან, მიუთითებს, რომ საცალო რეალიზაცია არ გააჩნია და სასაქონლო ზედნადებების გარეშე არცერთი პროდუქცია არ გაუყიდია. აქედან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ წარმოების კალკულაცია არასწორად არის გაანგარიშებული. შესაბამისად, ითხოვს, მიეცეს შესაძლებლობა შემმოწმებელთან ერთად დამატებით შეისწავლოს საკითხი, რათა მართებულად იქნეს გაანგარიშებული პროდუქციის თვითღირებულება და წარმოების კალკულაცია, ხოლო, აღნიშნულის საფუძველზე განხორციელდეს დარიცხული გადასახადისა და შეფარდებული სანქციის სრული ან ნაწილობრივი გაუქმება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 28 აპრილის №9174 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“-ის (ს/ნ --------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 7 ივლისიდან 2026 წლის 27 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 23 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 30 ივნისის №14604 ბრძანება და ამავე თარიღის №081-137 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 18 424 ლარი, მათ შორის, გადასახადი 10 760 ლარი, ჯარიმა 4 905 ლარი, საურავი 2 759 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „-----“-ის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს იმპორტირებული ნედლეულის (პოლიეთილენით დაფარული ქაღალდის/მუყაოს რულონები და ნამზადი) გადამუშავებით ყავის ჭიქების წარმოება. კერძოდ, პირი ---დან და ----დან ახორციელებს პოლიეთილენით დაფარული ქაღალდის რულონებისა და ნამზადის (ჭიქის ფორმებად დაჭრილი ქაღალდი) იმპორტს, რომლსაც ამუშავებს საქართველოში სხვა იურიდიული პირისგან იჯარით აღებულ ქარხანაში, ხოლო, მიღებული პროდუქციის (ყავის ჭიქები) რეალიზაციას ახორციელებს როგორც საქართველოში, ასევე გააქვს ექსპორტზე. გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება უშუალოდ პოლიეთილენით დაფარული ქაღალდის რულონებისა და მისი გადამუშავებით ჭიქის ფორმებად ამოჭრილი ნამზადის ექსპორტი. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ იმპორტირებული ნედლეულის მოცულობა შეადგენს 187 271 კილოგრამს, რომელიც ამავე პერიოდში სრულად იქნა გახარჯული ჭიქების წარმოებაში ან/და ნედლეულის სახით გატანილ იქნა ექსპორტზე (არ უფიქსირდება სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთი). გადასახადის გადამხდელის მიერ, შემოწმებისთვის წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის მონაცემებითა და შემოწმების ანალიზით 187 271 კილოგრამი ნედლეულის (ექსპორტირებული ნედლეულის გამოკლებით) გადამუშავებით მიღებული პროდუქციის მოცულობა დანაკარგების გათვალისწინებით შეადგენს 5 316 602 ერთეულ (6 და 7 ზომის) ჭიქას, რომლისგანაც ექსპორტირებული ჭიქების რაოდენობა 60 000 ერთეულია. რაც შეეხება დანარჩენ ჭიქებს, მათგან 3 073 500 ცალი ჭიქის რეალიზაცია განახორციელდა ადგილობრივ ბაზარზე დოკუმენტურად, რომელიც დაბეგრა დღგ-ით და ასახა შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებში, ხოლო 2 183 102 ცალი ჭიქის რეალიზაცია დეკლარირებული მონაცემების მიხედვით არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით. გარდა ზემოაღნიშნულისა შესამოწმებელ პერიოდში კომპანიამ ერთჯერადად აწარმოა ე.წ. 2 სანტიმეტრიანი ტრავერტინის ფილები, კერძოდ, -----დან განახორციელა 50 260 კილოგრამი ტრავერტინის ლოდების იმპორტი, რომლის გადამუშავებითაც მიღებული პროდუქციის - 294 მ2 2 სანტიმეტრიანი ტრავერტინის ფილის რეალიზაცია განახორციელა ადგილობრივ ბაზარზე, მათგან 228 მ2 დოკუმენტურად და 66 მ2 დოკუმენტაციის გარეშე. აღნიშნული რეალიზაციით მიღებული შემოსავალი ასახა შესაბამის პერიოდებზე წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში. უნდა აღინიშნოს, რომ გადასახადი გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში არ არის ასახული ინფორმაცია ტრავერტინს ფილების წარმოებასთან დაკავშირებით. შემოწმების მიერ მოძიებული ინფორმაცია/დოკუმენტაციაზე (საერთაშორისო პრაქტიკა-ექსპერიმენტი) დაყრდნობით, გათვალისწინებულ იქნა ქვის/ლოდების გადამუშავებისას დანაკარგების მაქსიმალური მოცულობა, რომლის შესაბამისადაც 50 260 კილოგრამი ტრავერტინის ლოდების წარმოებით მიღებული მზა პროდუქციის მოცულობა უარეს შემთხვევაში (უსწორმასწორო ზედაპირის მქონე ლოდები ან/და ბზარები) შეადგენს 474 მ2 2 სანტიმეტრიან ტრავერტინის ფილას. როგორც უკვე აღინიშნა, აქედან გადასახადის გადამხდელმა 294 მ2 სანტიმეტრიანი ტრავერტინის ფილის რეალიზაცია განახორციელა ადგილობრივ ბაზარზე და ასახა დღგ-ის შესაბამის დეკლარაციებში, ხოლო, დანარჩენი, 180 მ2 2 სანტიმეტრიანი ტრავერტინის ფილის რეალიზაცია დეკლარირებული მონაცემების მიხედვით არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებამ ტრავერტინის ფილების წარმოების ნაწილში იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, 2 183 102 ცალი ყავის ჭიქა (6 და 7 ზომის) და 180 მ2 2 სანტიმეტრიანი ტრავერტინის ფილა განხილულ იქნა მიწოდებად საწარმოს მიერვე პერიოდების გათვალისწინებით პირველად საგადასახადო დოკუმენტებში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასებით. აღნიშნულის გათვალისწინებით დეკლარირებული შემოსავლის გარდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებულმა შემოსავალმა დამატებით შეადგინა 70 948 ლარი. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ 187 271 კილოგრამი ნედლეულის გადამუშავებით მიღებული პროდუქციის მოცულობა დანაკარგების გათვალისწინებით შეადგენდა 5 316 602 ერთეულ ჭიქას, რომლისგანაც ექსპორტზე გატანილია 60 000 ერთეული. დარჩენილი 3 073 500 ცალი ჭიქის რეალიზაცია კი განახორციელა ადგილობრივ ბაზარზე დოკუმენტურად, რომელიც დაბეგრა დღგ-ით და ასახა შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებში, ხოლო, 2 183 102 ცალი ჭიქის რეალიზაცია დეკლარირებული მონაცემების მიხედვით გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა დაბეგრილი დღგ-ით. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიამ ერთჯერად აწარმოა ე.წ. 2 სანტიმეტრიანი ტრავერტინის ფილები. აღსანიშნავია, რომ გადასახადი გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში არ იყო ასახული ინფორმაცია ტრავერტინის ფილების წარმოებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებამ ტრავერტინის ფილების წარმოების ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, 2 183 102 ცალი ყავის ჭიქა და 180 მ2 2 სანტიმეტრიანი ტრავერტინის ფილა განხილულ იქნა მიწოდებად საწარმოს მიერვე პერიოდების გათვალისწინებით პირველად საგადასახადო დოკუმენტებში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასებით. აღნიშნულის გათვალისწინებით დეკლარირებული შემოსავლის გარდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებულმა შემოსავალმა დამატებით შეადგინა 70 948 ლარი.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან მიმართებით, რომლის მიხედვითაც შემოწმების მიერ კალკულაცია არასწორად არის გაანგარიშებული, რის გამოც ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა შემმოწმებელთან ერთად დამატებით შეისწავლოს საკითხი, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ შემოწმების მიერ გაანგარიშებული კალკულაცია გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან არაერთხელ, დეტალურად არის გავლილი.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში არ იყო ასახული ინფორმაცია ტრავერტინს ფილების წარმოებასთან დაკავშირებით და შემოწმებისათვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები/სანქცია არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა და სანქციის შეფარდება განხორციელებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------“-ის (ს/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.ითხოვს, მიეცეს შესაძლებლობა შემმოწმებელთან ერთად დამატებით შეისწავლოს საკითხი, რათა მართებულად იქნეს გაანგარიშებული პროდუქციის თვითღირებულება და წარმოების კალკულაცია, ხოლო, აღნიშნულის საფუძველზე განხორციელდეს დარიცხული გადასახადისა და შეფარდებული სანქციის სრული ან ნაწილობრივი გაუქმება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №9174 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 7 ივლისიდან 2026 წლის 27 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №14604 ბრძანება და №081-137 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 18 424 ლარი, მათ შორის, გადასახადი 10 760 ლარი, ჯარიმა 4 905 ლარი, საურავი 2 759 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ, შემოწმებისთვის წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის მონაცემებითა და შემოწმების ანალიზით 187 271 კილოგრამი ნედლეულის (ექსპორტირებული ნედლეულის გამოკლებით) გადამუშავებით მიღებული პროდუქციის მოცულობა დანაკარგების გათვალისწინებით შეადგენს 5 316 602 ერთეულ , რომლისგანაც ექსპორტირებული ჭიქების რაოდენობა 60 000 ერთეულია. რაც შეეხება დანარჩენ ჭიქებს, მათგან 3 073 500 ცალი ჭიქის რეალიზაცია განახორციელდა ადგილობრივ ბაზარზე დოკუმენტურად, რომელიც დაბეგრა დღგ-ით და ასახა შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებში, ხოლო 2 183 102 ცალი ჭიქის რეალიზაცია დეკლარირებული მონაცემების მიხედვით არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიამ ერთჯერად აწარმოა ე.წ. 2 სანტიმეტრიანი ტრავერტინის ფილები. აღსანიშნავია, რომ გადასახადი გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში არ იყო ასახული ინფორმაცია ტრავერტინის ფილების წარმოებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებამ ტრავერტინის ფილების წარმოების ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, 2 183 102 ცალი ყავის ჭიქა და 180 მ2 2 სანტიმეტრიანი ტრავერტინის ფილა განხილულ იქნა მიწოდებად საწარმოს მიერვე პერიოდების გათვალისწინებით პირველად საგადასახადო დოკუმენტებში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასებით. აღნიშნულის გათვალისწინებით დეკლარირებული შემოსავლის გარდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებულმა შემოსავალმა დამატებით შეადგინა 70 948 ლარი.შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა და სანქციის შეფარდება განხორციელებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“); 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1); 168(1);