გადაწყვეტილება №22285/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22285/2/2024
04 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი:"------"(ს/ნ "------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,12.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "------"ის 17.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22285/2/2024).
დავის საგანი:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატი, გამოსაქვითი ხარჯების, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრა; 2. ბანკიდან მიღებული სესხის პროცენტის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში გაუთვალისწინებლობა;
3. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2023 წლის №068-26 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.01.2024 წლის №739 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 171 222 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 91 935
დღგ - 51 747
ქონების გადასახადი (სასოფლო მიწა) - 144
საშემოსავლო გადასახადი - 39 657
ქონების გადასახადი - 387
ჯარიმა - 57 994
საურავი - 21 293
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით, სიგარეტებით, სასმელებით და სხვა შერეული პროდუქტებით (საქმიანობის ადგილი: "-------").
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.10.2023 წლამდე, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა 14.12.2023 წლის №31612 ბრძანება და 15.12.2023 წლის №068-26 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 22.01.2024 წლის №739 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატი, გამოსაქვითი ხარჯების, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სასაქონლომატერიალური ფასეულობების შეძენას და რეალიზაციას სრულად ახორციელებს ადგილობრივად. გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს, არ ხორციელდება საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სმფ-ის ჩამოწერები, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. რეალიზაციის 99% არის დოკუმენტის გარეშე. დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 3-2%. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 20 სექტემბრის N23055 ბრძანების საფუძველზე გადამხდელის კუთვნილ ობიექტში განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც ამავე წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით სმფების ფაქტობრივი ნაშთი 64 923 ლარს შეადგენს.
გადასახადის გადამხდელის პირველადი დოკუმენტების შესწავლა/ანალიზით სმფ-ის სახეობების მიხედვით, ფაქტობრივი ნაშთის გათვალისწინებით, გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის დეკლარირებულ დასაბეგრ ბრუნვებსა და შემოწმებით დადგენილს შორის.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73- ე მუხლების გათვალისწინებით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი დაჯგუფდა საქონლის სახეობების მიხედვით, რომელზეც გავრცელდა შესაბამისი სახეობის ჯგუფის ფასნამატი (2020-2021 წ.წ. გავრცელდა სხვა აუდირებული დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო 2022- 2023 წ.წ. სმფ-ის ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი) და საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელებული იქნა შესაბამისი პერიოდების მიხედვით დადგენილი ფასნამატი. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშებულ იქნა 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე და 161-ე მუხლების, 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 1601 მუხლების შესაბამისად. დაკორექტირდა გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გადასახდელი დღგ-ის თანხები. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ასევე, დაკორექტირდა გადამხდელის მიერ წარდგენილ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ასახული მონაცემები და დარიცხული იქნა საშემოსავლო გადასახადი საგადასახადო კოდექსის მე-100 და 101-ე მუხლების გათვალისწინებით. მეწარმეს ასევე განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ ქვეპუნქტით, საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-80 მუხლით, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, და 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 105-ე მუხლის პირველი ნაწილით, 72-ე მუხლის პირველი ნაწილით, 155-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს, არ ხორციელდება კანონით დადგენილი წესით სმფ-ის ჩამოწერები და შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, მართლზომიერია შესამოწმებელ პერიოდში შეძენილ საქონელზე შესაბამისი სახეობის ჯგუფის ფასნამატის (2020-2021 წ.წ. გავრცელდა სხვა აუდირებული დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო 2022-2023 წ.წ. სმფ-ის ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი) და საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე შესაბამისი პერიოდების მიხედვით დადგენილი ფასნამატის გავრცელება.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მიაჩნია, რომ არასწორად არის განსაზღვრული ფასნამატები, ერთობლივი შემოსავალი, გამოსაქვითი ხარჯები, დღგ და საშემოსავლო გადასახადი.
მომჩივანმა 26.04.2024 წელს წარმოადგინა №22967/2/2024 დაზუსტებული საჩივარი, რომლის მიხედვით, მიაჩნია რომ შემოწმების აქტში მოცემული თანხები დათვლილია არასწორად, გარდა ამისა არ არის გათვალისწინებული დარიცხულ თანხებთან დაკავშირებული არსებითი გარემოებები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინება და ადეკვატური ანალიზი მიგვიყვანს იმ დასკვნამდე, რომ აქტით დარიცხული თანხების დიდი ნაწილი დარიცხულია არასწორად, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია შემმოწმებლებსა და გადამხდელის წარმომადგენლებს შორის საკმარისი კომუნიკაციის არ არსებობით.
შემმოწმებლების მიერ ე.წ. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დათვლილ იქნა ი.მ "-------"-ის ერთობლივი შემოსავალი, რის შედეგადაც გაიზარდა დასაბეგრი შემოსავალი და პირს დაერიცხა დღგ და ყოველწლიური საშემოსავლო გადასახადი, სანქციის თანხასთან ერთად. აღნიშნულ პროცესში შემმოწმებლების მიერ დაშვებულ იქნა მთელი რიგი შეცდომები.
როგორც მოგვეხსენება, შესამოწმებელი პერიოდი მოიცავდა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე პერიოდს, შემმოწმებლების მიერ დაშვებული მთავარი შეცდომა ის არის, რომ 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე დამატებული ღირებულების გადასახადის მიზნებისთვის სრულად (ჯამურად) გაანგარიშებული შემოსავლები პროპორციულად გადანაწილებულ იქნა 2020-2022 წლების წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში, მაშინ როცა შეძენილი საქონელი პირდაპირ წლების ჭრილში იქნა დეკლარაციაში ასახული, ამან გამოიწვია ფასნამატების ზრდა საშემოსავლო გადასახადების მიზნებისთვის. მართალია შემმოწმებლებს არ მიუკუთვნებიათ 2023 წლის შემოსავლები 2020-2022 წლების საშემოსავლო დეკლარაციებისთვის, მაგრამ პროპორციულმა გადანაწილებამ გამოიწვია შემოსავლებისა და შესყიდული საქონლის (ხარჯების) პერიოდების არევა, ვინაიდან შესყიდული საქონელი პირდაპირ აღებულია წლების მონაცემებიდან, ხოლო შემოსავალი გადანაწილებულია პროპორციულად. აღნიშნულ ფაქტზე მეტყველებს ისიც, რომ შემმოწმებლის მიერ გამოგზავნილ გაანგარიშების ცხრილში 2020 და 2021 წლის ფასნამატები შეადგენს 17%-ს მაშინ როცა აქტში მოცემული წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით ფასნამატები შესაბამის წლებზე გაცილებით მეტია და შესაბამისი წლების მიხედვით 2020 და 2021 წლებში შეადგენს 23.9%-ს და 20%-ს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საქონლის ერთსა და იმავე კატეგორიებზე სხვა და სხვა წლებში გავრცელებულია რადიკალურად განსხვავებული ფასნამატები, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ფასნამატი განსაზღვრულია არასწორად. გარდა ამისა, ზოგიერთი კატეგორიის საქონელზე გავრცელებულია არაადეკვატურად მაღალი ფასნამატები, მაგალითად კატეგორიაზე ,,სოუსები“ გავრცელებულია 62%-იანი ფასნამატი, ხოლო კატეგორიაზე ,,სხვა“ გავრცელებულია 49%-იანი ფასნამატი, მაშინ როცა წლების მიხედვით საშუალო ფასნამატები გაცილებით ნაკლებია, შემმოწმებელს გაუშიფრავ კატეგორიაზე უნდა გაევრცელებინა მთლიანი საშუალო ფასნამატი.
ამასთან, შემმოწმებლების მიერ გამოგზავნილ გაანგარიშების ცხრილებში მონაცემები მოცემულია ფორმულების გარეშე, შესაბამისად გაუგებარი რის მიხედვით არის დაანგარიშებული არსებული მაჩვენებლები. გარდა ამისა წარმოდგენილი ცხრილი არის საერთოდ გაუგებარი, მოუწესრიგებელი და არა აღქმადი ნებისმიერი მკითხველისთვის. კიდევ ერთი გარემოება რაც მინიშნებს იმაზე, რომ აუდიტი ჩატარებულია ზედაპირულად და გაანგარიშებული გადასახადები არასწორია, არის ის, რომ არცერთი წარმოდგენილი ინფორმაცია ერთმანეთს არ ემთხვევა. კერძოდ, შემმოწმებლის მიერ წარდგენილი გაანგარიშების ცხრილებში ასახული მაჩვენებლები არ არის შესაბამისობაში აქტში ასახულ იგივე მაჩვენებლებთან და თავის მხრივ, აქტში დარიცხული გადასახადები განსხვავდება ასევე აქტში წარმოდგენილი დანართების იგივე მაჩვენებლებისგან. ზოგიერთი დანართი კი, მაგალითად 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის დანართი საერთოდ არ არის თანდართული აქტზე. ყოველივე აღნიშნული შეცდომები და უზუსტობები, მიუთითებს კვლავ იმაზე, რომ შემმოწმებლის მიერ გულგრილი დამოკიდებულებითა და ზედაპირული მიდგომით არის შემოწმება ჩატარებული, რამაც გამოიწვია გადასახადებისა და სანქციის თანხების არასწორად დარიცხვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ ვეთანხმებით შემოწმების მიერ განსაზღვრულ ფასნამატს და მოითხოვს ხარჯებისა და შემოსავლების უშუალოდ წლების მიხედვით გადანაწილებას, ვინაიდან არამართებულად მიაჩნია დღგ-ის მიზნებისთვის დათვლილი შემოსავლების საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის 2020-2022 წლებზე პროპორციული გადანაწილება, მაშინ როცა ხარჯები (შეძენილი საქონელი) მიკუთვნებულია წლებზე კონკრეტული წლის შეძენების მიხედვით. ასევე თვლის, რომ ფასნამატების გაანგარიშება კატეგორიების მიხედვით თავიდან არის დასამუშავებელი და ზემოხსენებული შეცდომები, რაც არ არის მის მიერ გამოვლენილი შეცდომებისა და ხარვეზების სრული ჩამონათვალი, უნდა დაექვემდებაროს დამატებით სიღრმისეულად შესწავლას და შესაბამისად გასწორებას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვს, დაევალოს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს საკითხის ხელახალი და სიღრმისეული შესწავლა და რაც მთავარია შემმოწმებელმა უზრუნველყოს შესაბამისი თანამშრომლობა გადამხდელთან. შედეგად კი, შემცირდეს არასწორად დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხები.
2. ბანკიდან მიღებული სესხის პროცენტის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში გაუთვალისწინებლობა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, ამ სადავო საკითხის ნაწილში ინფორმაცია არ არის ასახული.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 105-ე მუხლის პირველი ნაწილით, 72-ე მუხლის პირველი ნაწილით.
შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოსაქვითი ხარჯი დეკლარირებული იყო სულ 628 138 ლარის ოდენობით, ხოლო შემოწმებით დადგენილი იქნა 653 729 ლარი (გაიზარდა როგორც შეძენილი სმფ-ების რაოდენობა, ასევე, ელ. ენერგიის ხარჯი). რაც შეეხება, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნულ არგუმენტს სესხის პროცენტთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის სიტყვიერი ახსნა-განმარტებით, ბანკიდან აღებული სესხი არ წარმოადგენდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ფულად სახსრებს.
ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელს არც დავის წარმოების პროცესში არ აქვს დამატებით წარმოდგენილი ხარჯების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საშემოსავლო გადასახადის განსაზღვრისას გამოსაქვით ხარჯში არ არის გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობისათვის ბანკიდან აღებულ სესხზე გადახდილი პროცენტები.
მომჩივანმა 26.04.2024 წელს წარმოადგინა №22967/2/2024 დაზუსტებული საჩივარი, რომლის მიხედვით, როგორც შემოწმების აქტის დანართებისა და გაანგარიშების ცხრილებიდან ირკვევა, შემმოწმებლის მიერ ყოველწლიურ საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებაში არ არის გათვალისწინებული გადამხდელის მიერ აღებული სესხის პროცენტი. აღნიშნული სესხი პირის მიერ გამოყენებულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობაში, შესაბამისად ასეთ სესხთან დაკავშირებით გადახდილი პროცენტი ექვემდებარება ხარჯებში ასახვას და შესაბამისი თანხით გადასახადის შემცირებას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვს, დაევალოს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს საკითხის ხელახალი და სიღრმისეული შესწავლა და რაც მთავარია შემმოწმებელმა უზრუნველყოს შესაბამისი თანამშრომლობა გადამხდელთან. შედეგად კი, შემცირდეს არასწორად დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხები.
3. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2023 წლის №068-26 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 57 994 ლარი და საურავი - 21 293 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმების შედეგად თანხების დარიცხვა მოხდა პირველად და მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულად გადასახადებისგან თავის არიდებას, ითხოვს შემცირდეს ზემოთ ხსენებული თანხების მოხსნის შემდეგ დარჩენილი სანქციის თანხები, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის
განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, რომლითაც სადავოდ ხდის საგადასახადო შემოწმების აქტში და შემოსავლების სამსახურის 22.01.2024 წლის №739 ბრძანებაში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ ნორმებს, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტების სათანადო შესწავლა/გამოკვლევა არ მომხდარა, მომჩივანმა დავის განხილვის ამ ეტაპზე (დაზუსტებული საჩივრებით) წარმოადგინა მყარი და დასაბუთებული დამატებითი არგუმენტები და მტკიცებულებები, ამრიგად, შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია მომჩივნის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებზე და მტკიცებულებებზე, რომლის თანახმად, განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს არგუმენტები და დასკვნები დაუსაბუთებელია, არ შეესაბამება მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის ნორმებს.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭოს განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 22.01.2024 წლის №739 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი მოითხოვს, დაევალოს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს საკითხის ხელახალი და სიღრმისეული შესწავლა და რაც მთავარია შემმოწმებელმა უზრუნველყოს შესაბამისი თანამშრომლობა გადამხდელთან. შედეგად კი, შემცირდეს არასწორად დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხები.
2.მომჩივანი მოითხოვს, დაევალოს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს საკითხის ხელახალი და სიღრმისეული შესწავლა და რაც მთავარია შემმოწმებელმა უზრუნველყოს შესაბამისი თანამშრომლობა გადამხდელთან. შედეგად კი, შემცირდეს არასწორად დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხები.
3.მომჩივანი ითხოვს შემცირდეს ზემოთ ხსენებული თანხების მოხსნის შემდეგ დარჩენილი სანქციის თანხები, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
1.გადამხდელის პირველადი დოკუმენტების შესწავლა/ანალიზით სმფ-ის სახეობების მიხედვით, ფაქტობრივი ნაშთის გათვალისწინებით, გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის დეკლარირებულ დასაბეგრ ბრუნვებსა და შემოწმებით დადგენილს შორის.
გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი დაჯგუფდა საქონლის სახეობების მიხედვით, რომელზეც გავრცელდა შესაბამისი სახეობის ჯგუფის ფასნამატი და საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელებული იქნა შესაბამისი პერიოდების მიხედვით დადგენილი ფასნამატი. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშებულ იქნა 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე და 161-ე მუხლების, 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 1601 მუხლების შესაბამისად. დაკორექტირდა გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გადასახდელი დღგ-ის თანხები.ასევე, დაკორექტირდა გადამხდელის მიერ წარდგენილ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ასახული მონაცემები და დარიცხული იქნა საშემოსავლო გადასახადი საგადასახადო კოდექსის მე-100 და 101-ე მუხლების გათვალისწინებით. მეწარმეს ასევე განესაზღვრა ჯარიმა.
2.აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, ამ სადავო საკითხის ნაწილში ინფორმაცია არ არის ასახული.
3.აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2023 წლის №068-26 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 57 994 ლარი და საურავი - 21 293 ლარი.
გადაწყვეტილება
საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
269(7)