გადაწყვეტილება №20480/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20480/2/2023
22 იანვარი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“- ის 4.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20480/2/2023).
დავის საგანი:
2022 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების მიხედვით დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 5.06.2023 წლის №021-30 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18376 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 47 512,97 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 30 203
ჯარიმა - 15 202
საურავი - 2 107,97
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 30.05.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია ელექტრონულად გამოწერილი საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულება. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლით გამოვლინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდებში საწარმოს გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 198 009 ლარის ღირებულების მომსახურების გაწევაზე. გადამხდელს შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდზე წარდგენილი აქვს დღგ-ის ნულოვანი დეკლარაცია. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, დაკორექტირდა 2022 წლის დეკემბრის თვის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 5.06.2023 წლის №021-30 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18376 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე. წარმოდგენილ საჩივარში გადამხდელი განმარტავს, რომ 2022 წლის დეკემბრის თვეში შეძენილი აქვს მასალა და ძირითადი საშუალება, რაზეც ჩასათვლელი დღგ შეადგენს 2 566 ლარს და რომელიც შემმოწმებლის მიერ არ არის გათვალისწინებული. ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში ასახული არ არის საჩივარში მოყვანილი საკითხები, ამიტომ არ დაკმაყოფილების ნაწილში ბრძანება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: 30.05.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტს, 5.06.2023 წლის №12413 ბრძანებას თანხების დარიცხვის შესახებ და 5.06.2023 წლის №021-30 საგადასახადო მოთხოვნას არ დაეთანხმა და შემოსავლების სამსახურში გაასაჩივრა, რომელმაც საჩივარი ნაწილობრივ განიხილა და დააკმაყოფილა, ხოლო საჩივრის ნაწილი საერთოდ არ განიხილა და ბრძანებაში არ დაკმაყოფილებულ ნაწილზე საერთოდ არაფერია აღნიშნული.
საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის 10.05.2023 წლის №10453 ბრძანებით დაინიშნა კომპანიის კამერალური საგადასახადო შემოწმება. ამავე ბრძანებით განისაზღვრა შესამოწმებელი საკითხი: შემოწმდეს ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე. მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულად არ იქნა გამოკვლეული და შემოწმებული შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 10.05.2023 წლის №10453 ბრძანების მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკითხი, რომელიც ითვალისწინებდა, როგორც მომჩივნის მიერ დასაბეგრი ოპერაციებზე გამოწერილი საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების, ისე მომჩივნის მიერ მიღებულ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების, 2022 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენას.
შემმოწმებლის მიერ შესწავლილ იქნა მხოლოდ მომჩივნის მიერ დასაბეგრ ოპერაციაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების 2022 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე. აუდიტის დეპარტამენტმა ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას არ გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვტილება ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე მიიღო. ამასთან, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო ისეთი ფაქტები და გარემოებები, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული აქტის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
შემოსავლების სამსახურს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ჯეროვნად არ განუხორციელებია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა-შეფასება და გადაწყვტილება მიღებულ იქნა ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, რის გამოც 30.05.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი დამატებით შესწავლას საჭიროებს. ბათილად უნდა იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18376 ბრძანება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე და დაევალოს შემოსავლების სამსახურს სრულად შეისწავლოს საჩივარი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საბჭო მიუთითებს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრულია მომჩივნის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე და მიიჩნევს, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრულია მართლზომიერად.
შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18376 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18376 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
2022 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების მიხედვით დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 5.06.2023 წლის №021-30 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18376 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 164.