ბრძანება N 33429

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 28.12.2023
№ დოკუმენტი 33429
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 33429

28 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------“ (ს/ნ "------")

(ფაქტ. მის.:"------")

2023 წლის 17 ივლისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №130) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 ნოემბრის №20493/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „------- -ს “ (ს/ნ "------" ) №121746/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ივნისის №081-108 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული თავისუფალი ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ ნაღდი ფულის მოძრაობაში მონაწილეობას არ იღებს დირექტორის სამივლინებო ხარჯები, რომლის თაობაზე აუდიტორს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, წინასწარი გაანგარიშებები და ახსნა-განმარტებები. ასევე აცხადებს, რომ გაანგარიშებაში გათვალისწინებული არ არის №22708 ბრძანებით განსაზღვრული სალაროს გონივრული ნაშთით არსებული თანხები. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს დირექტორის საზღვრის კვეთის და მივლინების ხარჯის გაანგარიშების შესახებ ინფორმაცია. გადამხდელი ასევე არ ეთანხმება ხელფასად განხილული თანხის აგროსვას. მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე და მე-5 მუხლებზე, ასევე ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 22-ე და 24-ე მუხლებზე და მიაჩნია, რომ სალაროს ნაშთის სრულად დირექტორზე ხელფასად აღიარება და თანხის აგროსვა წარმოადგენს საბიუჯეტო გადასახადების განსაზღვრული ნორმების ფარული ზრდის მაგალითს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის მოთხოვნებს. მიაჩნია, რომ მიზანშეწონილია საბიუჯეტო ვალდებულება განისაზღვროს დარჩენილი ნაშთიდან სალაროს გონივრული ნაშთის გამოკლებით და არა აგროსვის გზით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 17 ივნისის №15502 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „------ -ის ’’ (ს/ნ "------") 2022 წლის 25 იანვრის საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „------ -ის ’’ (ს/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, მშენებლობის მომსახურების უსასყიდლო მიწოდებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოწმებით გაანგარიშებული თავისუფალი ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს ქონების გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა; 5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 17 ივნისის №15502 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 24 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 197 592 ლარით, მათ შორის გადასახადი 131 728 ლარით, ჯარიმა 65 864 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 21 ივნისის №081-108 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 17 ივლისს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 ივლისის №18087 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 ივლისის №18087 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 16 ნოემბრის №20493/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 ივლისის №18087 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 ნოემბრის №20493/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

 მშენებლობის მომსახურების უსასყიდლო მიწოდებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ის და მოგების გადასახადის ნაწილში დაექვემდებარა შემცირებას.

 შემოწმებამ შეისწავლა შემოწმებით გაანგარიშებული თავისუფალი ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი, რის შედეგადაც არ შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. შედეგად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

 საგადასახადო შემოწმების აქტით შემცირებული ქონების გადასახადი გადაანგარიშებით დაექვემდებარა დარიცხვას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში არ შედის დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნორმის ფარგლებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება ფულადი სახსრების კომპანიის დირექტორის ხელფასად განხილვისას გამოყენებულ ე.წ. აგროსვის მეთოდს, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, ნაღდი ფულის მოძრაობაში მონაწილეობას არ იღებს დირექტორის სამივლინებო ხარჯი, რომლის თაობაზე აუდიტორს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, წინასწარი გაანგარიშებები და ახსნაგანმარტებები, მაგრამ აუდიტის დეპარტამენტმა გადაანგარიშების ეტაპზე არ გაითვალისწინა აღნიშნული მტკიცებულებები. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს დირექტორის საზღვრის კვეთის და მივლინების ხარჯის გაანგარიშების შესახებ ინფორმაცია.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი ნორმებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ფულადი სახსრების გაანგარიშებისას სამივლინებო ხარჯი განსაზღვროს „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ფულადი სახსრების გაანგარიშებისას სამივლინებო ხარჯი განსაზღვროს „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული თავისუფალი ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 მშენებლობის მომსახურების უსასყიდლო მიწოდებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ის და მოგების გადასახადის ნაწილში დაექვემდებარა შემცირებას.

 შემოწმებამ შეისწავლა შემოწმებით გაანგარიშებული თავისუფალი ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი, რის შედეგადაც არ შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. შედეგად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

 საგადასახადო შემოწმების აქტით შემცირებული ქონების გადასახადი გადაანგარიშებით დაექვემდებარა დარიცხვას.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ფულადი სახსრების გაანგარიშებისას სამივლინებო ხარჯი განსაზღვროს „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),101,154.

„დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანება.