გადაწყვეტილება №20874/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.10.2023
№ დოკუმენტი 20874/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20874/2/2023

26 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------- 20.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20874/2/2023).

 

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ივლისის №022-27 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 სექტემბრის №22185 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 43 269,37 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 23 562

ქონების გადასახადი - 161

საშემოსავლო გადასახადი - 23 401

ჯარიმა - 11 781

საურავი - 7 926,37

 

ფაქტების აღწერა

მომჩივნის საქმიანობაა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და ნარჩენების შეძენა- რეალიზაცია.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

მომჩივანი გადამხდელად რეგისტრირებულია 2016 წლის 31 მაისს, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსი მინიჭებული აქვს 2021 წლის 1 იანვრიდან. მეწარმე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. გადამხდელის განმარტებით ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვას ბუღალტრულ პროგრამაში არ აწარმოებს. ასევე არ ჰყავს დებიტორ/კრედიტორები. არ გააჩნია სმფ-ის ნაშთები, არ აქვს შავი ან/და ფერადი ლითონის ჯართის და ნარჩენების შესყიდვის აქტები. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, მომჩივნის მიერ ფიზიკური პირებისგან შეძენილი შავი ან/და ფერადი ლითონის ჯართის და ნარჩენების ღირებულება გადახდის წყაროსთან დაბეგრილი არ არის, ვინაიდან გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული პროგრამა, ასევე არ აქვს სხვა სახის დოკუმენტაცია.

შემოწმებით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისთვის, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გამოყენებულია არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების მიხედვით განისაზღვრა კომპანიის მიერ დოკუმენტაციის გარეშე მიღებული საქონლის ღირებულება შემდეგი გზით: შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და ნარჩენების რეალიზაციის დამადასტურებელი ელექტრონული დოკუმენტებში დაფიქსირებული საქონლის ღირებულების 75 პროცენტი ჩაითვალა საწარმოს მიერ აღნიშნული საქონლის შეძენის ღირებულებად. შედეგად მცირე მეწარმეს დაერიცხა 154-ე მუხლის შესაბამისად წყაროსთან დასაკავებელი გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

ასევე, შემოწმების შედეგად მომჩივნის საბანკო ანგარიშზე ფიქსირდება ფიზიკური პირების მიერ თანხების ჩარიცხვა, რომლებზეც საქონლის რეალიზაციის დამადასტურებელი სასაქონლო ზედნადები არ არის გამოწერილი. გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ახსნა განმარტებაში მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელი თავისი საქმიანობიდან გამომდინარე დაკავშირებულია ი/მ ------- (ს/ნ -------), ფ/პ ------- (პ/ნ -------) და შპს „-------“-თან (ს/ნ -------).

გადამხდელი აღნიშნულ მეწარმეებს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებაში ორგანიზაციული სახის დახმარებას უწევდა თანხების გადარიცხვა-მიღებაში, საქონლის შესყიდვაში, კლიენტების მოძიებაში და ა.შ. ამგვარი დახმარების ფარგლებში მას მოცემული მეწარმეებისგან ცალკეულ შემთხვევებში ერიცხებოდა მათთვის შესასყიდი საქონლის თანხის ნაწილი. ამასთან, პირს მასთან დაკავშირებული მეწარმეების დებიტორებისგან ნაწილობრივ ერიცხებოდა მათ მიერ რეალიზებული საქონლის თანხები, რომელიც შემდგომში გადამხდელის მიერ გადაეცემოდა აღნიშნულ პირებს.

გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საქონლის შემძენი შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ აღნიშნული მეწარმე სუბიექტებისთვის ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია, სადაც მითითებულია, რომ შეძენილი ჯართის ღირებულების გარკვეული ნაწილის ანგარიშსწორება მოხდა ნაღდი ანგარიშსწორებით.

ასევე, შპს „-------“ ანგარიშვალდებული პირის მიერ წარმოდგენილია ახსნა-განმარტება, სადაც აღნიშნულია, რომ მას შპს „-------“ დირექტორის დავალებით შეძენილი ჯართის დავალიანების თანხა შეჰქონდა მომწოდებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე.

შემოწმების პროცესში დამუშავდა ფიზიკური პირების შესახებ ინფორმაცია, რომელთა მიერ ხდებოდა მეწარმის ანგარიშზე თანხების ჩარიცხვა. ფიზიკური პირები, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ შპს „-------“ (ფიქსირდება ხელფასის ჩარიცხვა), მათ მიერ ჩარიცხული თანხები მხედველობაში არ იქნა მიღებული, ხოლო ფიზიკური პირების მიერ ჩარიცხული თანხები, რომლის მიზნობრიობის შესახებ ინფორმაცია არ იქნა წარმოდგენილი მეწარმის მიერ ჩაითვალა გადამხდელის მიერ მიღებულ შემოსავლად და დაექვემდებარა დაბეგვრას. კერძოდ, ფიზიკური პირებისგან ჩარიცხული თანხები, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ჯართის შემძენ საწარმოებთან (ფიქსირდება ხელფასის ჩარიცხვა), მათ მიერ ჩარიცხული თანხები დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლით განსაზღვრული 1 %-იანი განაკვეთით, ხოლო „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების მიხედვით ჩარიცხული თანხის 75% ჩაითვალა მიღებული ჯართის ღირებულებად, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის თანახმად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ი/მ ------- მიერ ჩარიცხული თანხა 9 810 ლარი განხილული იქნა სარგებლად და დაექვემდებარა დაბეგვრას საერთო წესით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ივლისის №15981 ბრძანება და ამავე თარიღის №022-27 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 სექტემბრის №22185 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს გადასახადის ძირითად თანხასთან ერთად დაეკისრა საგადასახადო სანქციები. ამასთან დაკავშირებით შემოწმებას არ შეუსწავლია საგადასახადო სანქციებისაგან გათავისუფლების საფუძვლები. კერძოდ, შემოწმებას არ დაუდგენია მეწარმის კეთილსინდისიერება და საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენა საგადასახადო კანონმდებლობის ნორმების არცოდნის/შეცდომის გამო. გადასახადის გადამხდელის პოზიციით, მან არ იცოდა, რომ ჯართის ფიზიკური პირისაგან შეძენისას ამ ფიზიკური პირისათვის უნდა დაეკავებინა გაცემული შემოსავლის 3%, რასთან დაკავშირებითაც იგი უნდა გათავისუფლდეს სსკ-ის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური, მიიჩნევს, რომ სსკ-ის 269.7 მუხლს, რომ მის გამოყენება დაუშვებელია საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რაც არასწორია, ვინაიდან ნორმით გათვალისწინებულია საგადასახადო პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების და არა მისი დაკისრების საკითხი. ამასთან დაკავშირებით საყურადღებოა უზენაესი სასამართლოს შემდეგი განმარტება: საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზნებისათვის კი გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერების საკითხი წყდება იმ ჩადენილი სამართალდარღვევის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულებით, რასაც შედეგად მოჰყვა გადამხდელის მიმართ საგადასახადო სანქციების გამოყენება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, შპს ,,-------“-ის კეთილსინდისიერების გამომრიცხველ გარემოებად ვერ განიხილება გადასახადის გადამხდელის მხრიდან საგადასახადო ვალდებულებების შემდგომი გადაუხდელობა, ვინაიდან, გადამწვეტია ჩადენილი სამართალდარღვევის მიმართ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერების საკითხი (იხ. 13.10.2022 წ. სუსგ №------- საქმეზე).ფაქტობრივ გარემოებებს საკითხს რაც შეეხება, საჩივარში მომჩივანი მიუთითებდა, რომ მან არ იცოდა, რომ ჯართის ფიზიკური პირისაგან შეძენისას ამ ფიზიკური პირისათვის უნდა დაეკავებინა გაცემული შემოსავლის 3%. ამასთან, შემოწმების აქტით დადასტურებულია, რომ გადამხდელის მიერ ხდებოდა მცირე ბიზნესის ყოველთვიური დეკლარაციების წარდგენა და შესაბამისი გადასახადების დადგენა. ამის გარდა, გადამხდელის ინტერესში არ ყოფილა შემოსავლის მიმღები პირებისათვის გადასახადის დაუკავებლობა. მოცემული გარემოებები კი არც აუდიტის დეპარტამენტს და არც შემოსავლების სამსახურს არ შეუფასებია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 სექტემბრის №22185 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7)