ბრძანება N 14619

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.07.2025
№ დოკუმენტი 14619
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 14619

02 ივლისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

----- ის (პ/ნ -----) (მის.:------)

2025 წლის 16 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 ივნისის სხდომაზე (ოქმი N 51) განიხილა -----ის (პ/ნ -----) N 96253/1/2025 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 2 აპრილის N ELA049833 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალება იყო დაზიანებული, რის გამოც კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, ვერ განახორციელა მისი დეკლარირება. აღნიშნულზე და პირველ შემთხვევაზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის 29 ნოემბერს -----ის მიერ განხორციელდა სატრანსპორტო საშუალების (ს/ნ ----, სატრანზიტო N ----) ზოგადი დეკლარირება. აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენის ბოლო თარიღად განესაზღვრა 2025 წლის 28 იანვარი.

ვინაიდან სატრანსპორტო საშუალება არ გამოცხადებულა დანიშნულების საბაჟო ორგანოში და ასევე არ განხორციელებულა მისი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევა ან/და საქართველოდან გატანა, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 2 აპრილს შედგენილი N ELA ----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ----ეს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით გაგზავნილ სადავო აქტს ადრესატი გაეცნო 2025 წლის 10 ივნისს და ზემოაღნიშნული ავტომობილი იმავე დღეს N ----- ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით მოექცა საბაჟო საწყობის პროცედურაში. 2025 წლის 10 ივნისს კი N ----- ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალების წარდგენისა და დეკლარირების ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

საგულისხმოა, რომ მომჩივანს წარსულში სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში დეკლარირების ფაქტი უფიქსირდება. შესაბამისად მისთვის კარგად არის ცნობილი სატრანსპორტო საშუალების წარდგენისა და დეკლარირების ვადები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. -----ის (პ/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის მიერ განხორციელდა სატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება. აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენის ბოლო თარიღად განესაზღვრა 2025 წლის 28 იანვარი. ვინაიდან სატრანსპორტო საშუალება არ გამოცხადებულა დანიშნულების საბაჟო ორგანოში და ასევე არ განხორციელებულა მისი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევა ან/და საქართველოდან გატანა, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 2 აპრილს შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალების წარდგენისა და დეკლარირების ვადის დარღვევაში. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 165.