გადაწყვეტილება №27600/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27600/2/2026
03 ივლისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,25.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------"-ის 17.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27600/2/2026).
დავის საგანი:
შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადის გაანგარიშება და დაკისრებული სანქციების გაუქმება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 17.04.2026 წლის №005-84 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 9.06.2026 წლის №12641 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 16 376.84 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 8 973.86
ჯარიმა - 4 486
საურავი - 2 916.98
ფაქტების აღწერა
მომჩივნის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით, სასმელებით და ხილბოსტნეულით.
აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 27 თებერვლის №4572 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდების დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორე განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2026 წლის 16 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო დარიცხვასთან დაკავშირებით ირკვევა შემდეგი გარემოებები:
გადასახადის გადამხდელი თანამშრომლობდა შემოწმებასთან, წარმოდგენილია ყველა მოთხოვილი დოკუმენტაცია, კერძოდ, საბანკო ცნობები და ამონაწერები, განცხადებები, ახსნა-განმარტება საქმიანობის შესახებ და შესყიდვის დოკუმენტები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ მომჩივანის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა 2023 წლის 12 ნოემბრიდან. შესაბამისად, მომჩივანს მოუწია დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია. ამასთან, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღიდან უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ დღგ-ის გარეშე 100 000 ლარიან ზღვარს არ გადააჭარბა, შესაბამისად, გადამხდელს 2024 წლის პირველი დეკემბრიდან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია გაუუქმდა. ამასთან, გადასახადის გადამხდელს შემოწმებით განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი, რის შემდგომაც მიღებული შემოსავლით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დადგინდა კუთვნილი გადასახადი. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის თანახმად დაეკისრა სანქცია.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 17.04.2026 წლის №8579 ბრძანება და №005-84 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახური.
შემოსავლების სამსახურის 9.06.2026 წლის №12641 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე, 61-ე, 158-ე, 159-ე, 165-ე, 163-ე, 164-ე, 1651 -ე, 145-ე, 43-ე, 272-ე, 282-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა და სანქციის შეფარდება განხორციელებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გამორჩა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის 100 000 ლარიანი ზღვარი. ხილბოსტნეული არ ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას და აღნიშნულის გათვალისწინების შემთხვევაში დაერიცხებოდა ნაკლები თანხა. მალფუჭებადი პროდუქციის გადაყრაც უწევდა. მძიმე ოჯახურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე მითითებით, ითხოვს დარიცხული გადასახადისა და სანქციების შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივანის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა 2023 წლის 12 ნოემბრიდან. შესაბამისად, აღნიშნული თარიღიდან განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. ამასთან, 2024 წლის პირველი დეკემბრიდან გაუუქმდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია, ვინაიდან დღგ-ით დასაბეგრი შემოსავალი არ აჭარბებდა 100 000 ლარს. ამასთან, მომჩივანს განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი, რის შემდგომაც მიღებული შემოსავლით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დადგინდა კუთვნილი გადასახადი. შედეგად, დაერიცხა დღგ და დაეკისრა სანქცია.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით, რომ ხილ-ბოსტნეული არ ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას და შემოწმების შედეგად აღნიშნულის გათვალისწინების შემთხვევაში დაერიცხებოდა ნაკლები თანხა, განაცხადა, რომ შესყიდვის დოკუმენტებით რაც ჰქონდა შეძენილი ხილ - ბოსტნეული ყველაფერი გათვალისწინებულია შემოწმებისას. ამასთან, მომჩივანს საჩივარს განხილვის არცერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტები/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს დარიცხული გადასახადისა და სანქციების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გამოვლინდა, რომ მომჩივანის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა 2023 წლის 12 ნოემბრიდან. შესაბამისად, მომჩივანს მოუწია დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია. ამასთან, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღიდან უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ დღგ-ის გარეშე 100 000 ლარიან ზღვარს არ გადააჭარბა, შესაბამისად, გადამხდელს 2024 წლის პირველი დეკემბრიდან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია გაუუქმდა. ამასთან, გადამხდელს შემოწმებით განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი, რის შემდგომაც მიღებული შემოსავლით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დადგინდა კუთვნილი გადასახადი. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და სსკ-ის 282-ე მუხლის თანახმად დაეკისრა სანქცია.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
163,164,282.