ბრძანება N 19039

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 24.08.2026
№ დოკუმენტი 19039
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19039

24 აგვისტო 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ს (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 15 და 29 ივლისის საჩივრების

დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 30 ივლისს და 12 აგვისტოს გამართულ სხდომებზე (ოქმი №68 და №72) განიხილა შპს „-------“-ს (ს/ნ -------) 2026 წლის 15 ივლისის №103458/1/2026 და 29 ივლისის №103717/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 17 ივნისის №056-38 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და მის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, მიუთითებს შემდეგ არგუმენტებზე:

√ არაპირდაპირი მეთოდის დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ აუდიტის აქტი ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლს და აცხადებს, რომ ბუღალტრული აღრიცხვა არასრულყოფილად იყო წარმოებული. აღნიშნული მიდგომა დაუსაბუთებელია, რადგან აქტში არ არის კონკრეტულად მითითებული, რომელი დოკუმენტის, რომელი საქონლის ან რომელი ოპერაციის გამო გახდა შეუძლებელი საგადასახადო ვალდებულების პირდაპირი მეთოდით განსაზღვრა. გადასახადის გადამხდელს ჰქონდა საბუღალტრო პროგრამა, სადაც რეალიზაციები აისახებოდა დროულად. შემოწმებას გადაეცა პროგრამის მონაცემები, იმპორტები, რეალიზაციები და მოთხოვნილი დოკუმენტაცია. მხოლოდ ფრაზა „აღრიცხვა არასრულყოფილია“ ვერ ცვლის იმ აუცილებელ სამართლებრივ დასაბუთებას, რომელიც საჭიროა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისთვის. არსებობს წინააღმდეგობაც: ერთ მხრივ, აუდიტი მიუთითებს აღრიცხვის არასრულყოფილებაზე, მეორე მხრივ, ამბობს, რომ დამუშავდა შესყიდვები და რეალიზაციები თითოეული საქონლის მიხედვით, განისაზღვრა თითოეული საქონლის თვითღირებულება და მხოლოდ ამის შემდეგ გამოითვალა სავარაუდო სხვაობა. თუ თითოეული საქონლის მოძრაობის აღდგენა შესაძლებელი იყო, აუდიტს უნდა განემარტა, რატომ აღარ იყო საკმარისი პირდაპირი მეთოდი და რატომ გახდა საჭირო ანალოგიური პირების ფასნამატის გამოყენება.

√ ინვენტარიზაციის შედეგების პირველადი დოკუმენტებით გამყარებასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ აუდიტის მიერ გადმოგზავნილ Excel-ში მოცემულია „ინვენტარიზაციის ნაშთი“ თითოეული სასაქონლო ჯგუფის მიხედვით, თუმცა მხოლოდ Excel-ში ციფრის არსებობა არ წარმოადგენს ინვენტარიზაციის შედეგის პირველადი მტკიცებულებას. საქმის მასალებში გადამხდელისთვის არ არის გადაცემული ინვენტარიზაციის აღწერის უწყისი, ფაქტობრივი დათვლის ფურცლები, შედარების უწყისი ან შემაჯამებელი აქტი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა შემოწმება, რა დაითვალა ფაქტობრივად, ვინ დაითვალა, რომელ თარიღში, რა იყო პროგრამული ნაშთი და რა სხვაობა დაფიქსირდა. თუ აუდიტის დასკვნა ეყრდნობა ინვენტარიზაციას, აუცილებელია არსებობდეს პირველადი დოკუმენტი და არა მხოლოდ შემდგომ შედგენილი Excel-ცხრილი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადამხდელს არ აქვს რეალური შესაძლებლობა გადაამოწმოს მის წინააღმდეგ გამოყენებული მონაცემები.

√ აუდირებული ფასნამატის დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ აქტში მითითებულია, რომ დოკუმენტის გარეშე რეალიზებულად მიჩნეულ ნაწილზე ფასნამატები გაანგარიშდა „ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატებით“. თუმცა არ არის მითითებული, რომელმა გადამხდელებმა შექმნეს შედარების ბაზა, რომელი პერიოდის მონაცემები იქნა გამოყენებული, რა იყო მათი საქმიანობის მოდელი, რა რეგიონში მუშაობდნენ და რატომ ჩაითვალნენ ისინი საწარმოს ანალოგებად. გადმოგზავნილ Excel-ში ჩანს, რომ ყველა მთავარ სასაქონლო ჯგუფზე გამოყენებულია 58%-იანი ფასნამატი. ეს კოეფიციენტი გამოყენებულია მამაკაცის თეთრეულზე, ქალის თეთრეულზე, ქალის პიჟამოზე, წინდებზე და ბიუსჰალტერზე. ამავე დროს, საქონლის კომერციული პირობები ერთნაირი არ ყოფილა. განსაკუთრებით წინდების პარტიას ჰქონდა ხარისხობრივი პრობლემა და რეალური ბაზრის ფასი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა ინვოისით ასახულ ღირებულებას. ფასნამატის ისეთი გამოყენება, რომლის წყარო და კრიტერიუმები გადამხდელისთვის უცნობია, ართმევს გადამხდელს შესაძლებლობას გადაამოწმოს დარიცხვის სისწორე.

√ წინდების პარტიის ხარისხობრივ პრობლემასთან და -------თან დაკავშირებით განმარტავს, რომ 2025 წლის 28 ივნისის იმპორტის დეკლარაციით შპს „-------"-მა -------სგან შემოიტანა რამდენიმე დასახელების საქონელი, მათ შორის წინდების პარტია — 543 400 ერთეული, საინვოისო ღირებულებით 152 152 აშშ დოლარი. საქონლის მიღების შემდეგ დადგინდა, რომ წინდების ხარისხი მნიშვნელოვნად დაბალი იყო შეთანხმებულზე. მომწოდებელთან კომუნიკაცია ხდებოდა შუამავლის მეშვეობით -------ის ზარებით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქონლის დაბრუნება კომერციულად არ იყო მიზანშეწონილი და რეალიზაციის შედეგებზე დაკვირვების შემდეგ განისაზღვრებოდა ფასის შემცირება/-------. 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შედგენილ -------ში დავალიანება დაფიქსირდა სრული ოდენობით, რადგან იმ დროისთვის საბოლოო ზარალი ჯერ არ იყო დათვლილი. მხოლოდ რეალიზაციის შედეგებზე დაკვირვების შემდეგ გახდა შესაძლებელი ფასდაკლების ოდენობის განსაზღვრა. შესაბამისად, 2026 წელს გაცემული ------- ასახავს 2025 წელს დაწყებული კომერციული დავის საბოლოო შედეგს. წინდების თვითღირებულება დღგის ჩათვლით შეადგენდა დაახლოებით 0.91 ლარს, ხოლო ბაზარზე რეალიზაცია ხორციელდებოდა დაახლოებით 0.65 ლარად. სხვაობა 0.26 ლარია, რაც დაახლოებით 28.57%-ს შეადგენს. კომერციული შეთანხმებით 29%-იანი კომპენსაციის შემთხვევაში 152 152 აშშ დოლარზე ფასის კორექტირება შეადგენს დაახლოებით 44 124.08 აშშ დოლარს. აღნიშნული ამცირებს საქონლის რეალურ თვითღირებულებას და პირდაპირ გავლენას ახდენს აუდიტის მიერ გამოთვლილ ფასნამატსა და დასაბეგრ ბრუნვაზე. აუდიტისთვის ეს ინფორმაცია მიწოდებული იყო, თუმცა აქტში არ არის განხილული, რატომ იყიდებოდა მნიშვნელოვანი სასაქონლო პარტია თვითღირებულებაზე დაბალ ფასში და როგორ იმოქმედებდა მომწოდებლის მიერ გასაცემი ------- თვითღირებულებაზე.

√ ფულის ნაშთის ხელფასად დაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ აქტის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლებისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების საფუძველზე შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა და გამოიკვეთა 161 269 ლარის განკარგვადი თანხების ნაშთი. აღნიშნული ნაშთი აუდიტმა დააკვალიფიცირა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ფულადი სახსრების ნაშთი ავტომატურად არ უდრის ხელფასს. ხელფასად კვალიფიკაციისთვის უნდა არსებობდეს მინიმუმ მტკიცებულება, რომ თანხა ფაქტობრივად გადაეცა ფიზიკურ პირს შრომითი ან მასთან გათანაბრებული ურთიერთობის ფარგლებში და წარმოადგენს მის პირად შემოსავალს. საქმეში არსებობს სპეციფიკური გარემოებები: მომწოდებელთან ანგარიშსწორების ნაწილი ხდებოდა ნაღდი ფულით, თანხები ზოგჯერ მიჰქონდა დირექტორს, ზოგჯერ შუამავალს ან სხვა პირს. არსებობს Cash Disbursement Order და ანგარიშსწორების აქტები. ასეთ პირობებში ფულადი მოძრაობის ნაშთის პირდაპირ ხელფასად ჩათვლა ფორმალურია. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 19 თებერვლის №3715 და 9 ივნისის №12677 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ს (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2025 წლის 17 არილიდან 2026 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 10 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 17 ივნისის №13293 ბრძანება და №056-38 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 104 856 ლარი, მათ შორის, გადასახადი 72 054 ლარი, ჯარიმა 32 572 ლარი, საურავი 230 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები აქვს საბუღალტრო პროგრამაში არასრულყოფილად (არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობითი დადგენილი წესით). შემოწმების შედეგად ბიუჯეტის კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავებული იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული დოკუმენტური შეძენები და რეალიზაციები თითოეული საქონლის მიხედვით. დადგენილი იქნა შესამოწმებელ პერიოდში სრულად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება (თითოეული საქონლის მიხედვით). ამასთან, მთლიანი რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება შემცირდა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულებით, ხოლო დარჩენილი პროდუქცია წარმოადგენს დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებას, რაზედაც გაანგარიშებული იქნა ფასნამატები ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატებით უდოკუმენტო რეალიზაციისას ფაქტობრივი შემოსავლის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგად გამოვლენილი სხვაობა 176 286 ლარის ოდენობით დაექვემდებარა დღგ-ის ბრუნვებში დამატებით ასახვას გადამხდელის დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან, შემოწმების შედეგად, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ შემოსავლებისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლა, რომლის შედეგად გამოვლინდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განკარგვადი თანხების ნაშთი 161 269 ლარის ოდენობით. შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხების ნაშთი დაკვალიფიცირდა საწარმოს წარმომადგენელზე ------- (პ/ნ -------) გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

საქმის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელმა განმარტა, რომ ჰქონდა საბუღალტრო პროგრამა, სადაც რეალიზაციები აისახებოდა დროულად. შემოწმებას გადაეცა პროგრამის მონაცემები, იმპორტები, რეალიზაციები და მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

აუდიტის დეპარტამეტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები აქვს საბუღალტრო პროგრამაში არასრულყოფილად.

შემოსავლების სამსახური ეყრდნობა წარმოდგენილ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გადასახადის გადამხდელს ნაწარმოები აქვს ბუღალტრული აღრიცხვა, რეალიზებული პროდუქცია სრულად არის აღრიცხული პროდუქციისა და თარიღის მიხედვით, შესაბამიასდ, აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს არ ჰქონდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის 5-ე ნაწილის „ა“ პუნქტით განსაზღვრული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მიზანშეწონილად არ მიაჩნია

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“-ს (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მიმართ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება და მის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმო არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობითი დადგენილი წესით. შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავებული იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული დოკუმენტური შეძენები და რეალიზაციები თითოეული საქონლის მიხედვით. დადგენილი იქნა შესამოწმებელ პერიოდში სრულად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება (თითოეული საქონლის მიხედვით). ამასთან, მთლიანი რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება შემცირდა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულებით, ხოლო დარჩენილი პროდუქცია წარმოადგენს დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებას, რაზედაც გაანგარიშებული იქნა ფასნამატები ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატებით უდოკუმენტო რეალიზაციისას ფაქტობრივი შემოსავლის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგად გამოვლენილი სხვაობა დაექვემდებარა დღგ-ის ბრუნვებში დამატებით ასახვას გადამხდელის დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

ამასთან, შემოწმების შედეგად, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ შემოსავლებისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლა, რომლის შედეგად გამოვლინდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განკარგვადი თანხების ნაშთი. შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხების ნაშთი დაკვალიფიცირდა საწარმოს წარმომადგენელზე გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 163; 164