გადაწყვეტილება №22287/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.04.2024
№ დოკუმენტი 22287/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22287/2/2024

30 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“ 18.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22287/2/2024).

 

დავის საგანი:

1. ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებული ნაშთის რეალიზებულად მიჩნევა;

2. აუდირებული ფასნამატის გამოყენება;

3. ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივლისის №074-22 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 იანვრის №934 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 165 737 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 734 682

დღგ - 355 580

საშემოსავლო გადასახადი - 379 102

ჯარიმა - 367 341

საურავი - 63 714

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა ტანსაცმლის შეძენა/რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელი საქმიანობას ეწევა --------- ტერიტორიაზე.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 მარტის №5150 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივლისის №16297 ბრძანება და 7 ივლისის №074-22 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 1 165 737 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 13 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 29 სექტემბრის №24090 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 9.10.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 18.12.2023 წლის №21016/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 სექტემბრის №24090 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით).

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2024 წლის 24 იანვრის №934 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი:

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს ამავე დეპარტამენტში არსებული ინფორმაცია, კერძოდ, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ გადამხდელებთან დადგენილი მონაცემები (ფასნამატი) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წინა პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით დადგენილი ნამეტი შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 იანვრის №934 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებული ნაშთის რეალიზებულად მიჩნევა

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელს წარდგენილი სააღრიცხვო პროგრამით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის უფიქსირდება 1 192 553 ლარის თვითღირებულების (დღგ-ის გარეშე) სმფ-ის ნაშთი. საწარმოში 2023 წლის აპრილის თვეში ჩატარდა სმფ-ის ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვით 6 აპრილის მდგომარეობით კომპანიას სმფ-ის ნაშთი არ გააჩნდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2023 წლის 1 მარტის მდგომარეობით ბუღალტრულად დაფიქსირებული სმფ-ის ნაშთი ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად (სმფ-ის ნაშთზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი), ხოლო მიღებული თანხით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, მე-8, 61-ე, 73-ე, 159-ე, 160-ე, 163-ე, 164-ე, 43-ე მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში ასახულ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გავრცელებული ფასნამატი შეადგენს 59%-ს, თუმცა ვერ დასახელდა, რომელი გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატია გამოყენებული და არის თუ არა აღნიშნული გადამხდელი შესადარისი მოცემულ შემთხვევაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს ამავე დეპარტამენტში არსებული ინფორმაცია, კერძოდ, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ გადამხდელებთან დადგენილი მონაცემები (ფასნამატი) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების აქტის მიხედვით, 2023 წლის აპრილის თვეში საწარმოში ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია (რომლის მიხედვით 6 აპრილის მდგომარეობით კომპანიას სმფ-ის ნაშთი არ გააჩნდა), რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. 5.04.2023 წლის №7379 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა საწარმოს სმფ-ს ინვენტარიზაცია, თუმცა კომპანიაში ინვენტარიზაცია ფაქტობრივად არ ჩატარებულა.

მომჩივანი მიუთითებს „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლომატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებაზე და აღნიშნავს, რომ ნორმატიულ აქტში დეტალურად არის გაწერილი ინვენტარიზაციის დაწყების, დასრულების და შედეგების პროცედურები, გადამხდელის ინფორმირებულობა ინვენტარიზაციის დაწყებამდე. აღსანიშნავია, რომ საინვენტარიზაციო კომისია უნდა შექმნას თავად გადამხდელმა და მისი უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით მოხდეს საქონლის აღწერა, შედარება და შედეგების გამოყვანა, შემდგომში შენიშვნების/დამატებებით გათვალისწინება და მხოლოდ ამ პროცედურების დასრულების შემდგომ უნდა შედგეს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელის მიმართ სმფ-ს ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა, თუმცა აუდიტის დეპარტამენტი ამ გარემოებას უსაფუძვლოდ არ ითვალისწინებს და თვლის, რომ საწარმოს სმფ შემოწმების დაწყებამდე იყო ნული, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ კომპანიაში ჩატარდა სმფ-ის ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვით 2023 წლის 6 აპრილის მდგომარეობით საწარმოს სმფ-ის ნაშთი არ გააჩნდა. ამასთან, გადასახადის გადამხდელს წარდგენილი სააღრიცხვო პროგრამით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის უფიქსირდება 1 192 553 ლარის თვითღირებულების (დღგ-ის გარეშე) სმფ-ის ნაშთი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბუღალტრულად დაფიქსირებული სმფ-ის ნაშთი ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად და სმფ-ის ნაშთზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი. შესაბამისად, მიღებული თანხით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად.

მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს ამავე დეპარტამენტში არსებული ინფორმაცია, კერძოდ, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ გადამხდელებთან დადგენილი მონაცემები (ფასნამატი) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. აუდირებული ფასნამატის გამოყენება

ფაქტების აღწერა

საწარმოს სააღრიცხვო პროგრამის ანალიზით დადგინდა, რომ დოკუმენტურად გაყიდული საქონლის ფასნამატი 18%-ს შეადგენდა, ხოლო დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ფასნამატი შეადგენდა 11%-ს. შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი, რამაც გამოიწვია დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება (გაზრდა). მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების აქტის მიხედვით, კომპანიის სააღრიცხვო პროგრამის ანალიზით დადგინდა, რომ დოკუმენტურად გაყიდული საქონლის ფასნამატი შეადგენდა 18%-ს, ხოლო დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ფასნამატი 11%-ს, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან მიწოდებული ბუღალტრული პროგრამის მიხედვით დოკუმენტის გარეშე რეალიზებული სმფ-ს ფასნამატი შეადგენს 19%-ს. აღნიშნული გარემოების საფუძველზე, შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებული ფასნამატი (19%) და რეალიზებულ საქონელზე გაავრცელა მსგავსი საქმიანობის მქონე გადამხდელის ფასნამატი, რომლის ოდენობაც კი არ არის დაფიქსირებული საგადასახადო შემოწმების აქტში, თუმცა გაზრდილი დღგ-ის ბრუნვის გათვალისწინებით სავარაუდოდ გავრცელებულია 50-60%-იანი ფასნამატი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო პროგრამის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ დოკუმენტურად გაყიდული საქონლის ფასნამატი შეადგენდა 18%-ს, ხოლო დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ფასნამატი - 11%-ს. აუდიტის დეპარტამენტის მიერ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი. შესაბამისად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

მომჩივანს არც შემოსავლების სამსახურში და არც დავების განხილვის საბჭოში არ წარმოუდგენია დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს ამავე დეპარტამენტში არსებული ინფორმაცია, კერძოდ, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ გადამხდელებთან დადგენილი მონაცემები (ფასნამატი) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა

საწარმოში 2023 წლის 6 აპრილს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სმფ-ების ნაშთი ჰქონდა 0 ლარი, ხოლო წარდგენილი სააღრიცხვო პროგრამის მიხედვით სმფ-ების ნაშთი პერიოდის ბოლოს იყო 1 192 553 ლარის თვითღირებულების. შედეგად, 2023 წლის 1 მარტის მდგომარეობით ბუღალტრულად დაფიქსირებული სმფ-ს ნაშთი ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად. ნამეტი შემოსავალი კი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ფასნამატის დაკორექტირების შედეგად გაზრდილი შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

კომპანიას სააღრიცხვო პროგრამით უფიქსირდება კრედიტორებზე ნაღდი ფულით თანხების გადახდები. შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ არ მოხდა აღნიშნულ კრედიტორებზე ურთიერთშედარების აქტების წარდგენა. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 9 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი 8) შესაბამისად, აღნიშნულ პირებზე გადახდილი თანხის 25% ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

ემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, საგადასახადო შემოწმების აქტში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებაზე და მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, პირველი და მე-2 სადავო საკითხების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით დადგენილი ნამეტი შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების აქტის მიხედვით, კრედიტორებზე გადახდილი თანხის 25% ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც არასწორია, რადგან უცხოელი მომწოდებლებისთვის სრულად არის მოწოდებული საქონლის თანხა გადახდილი, რომლის დამადასტურებელ დოკუმენტაციას მოთხოვნის შემთხვევაში წარმოადგენენ გონივრულ ვადაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი გასაჩივრებული აქტები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ 2023 წლის 1 მარტის მდგომარეობით ბუღალტრულად დაფიქსირებული სმფ-ის ნაშთი ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად, ვინაიდან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად ფაქტობრივმა ნაშთმა 2023 წლის 6 აპრილის მდგომარეობით შეადგინა 0 ლარი. შედეგად მიღებული ნამეტი შემოსავალი კი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ამასთან, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ფასნამატის დაკორექტირების შედეგად გაზრდილი შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ასევე, კომპანიას სააღრიცხვო პროგრამით უფიქსირდებოდა კრედიტორებზე ნაღდი ფულით თანხების გადახდა, თუმცა შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია შესაბამისი დოკუმენტაცია. შედეგად, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 9 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი 8) შესაბამისად, აღნიშნულ პირებზე გადახდილი თანხის 25% ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

მომჩივანს არც შემოსავლების სამსახურში და არც დავების განხილვის საბჭოში არ წარმოუდგენია დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, პირველ და მე-2 სადავო საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით დადგენილი ნამეტი შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებული ნაშთის რეალიზებულად მიჩნევა;

2. აუდირებული ფასნამატის გამოყენება;

3. ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ 2023 წლის 1 მარტის მდგომარეობით ბუღალტრულად დაფიქსირებული სმფ-ის ნაშთი ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად, ვინაიდან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად ფაქტობრივმა ნაშთმა 2023 წლის 6 აპრილის მდგომარეობით შეადგინა 0 ლარი. შედეგად მიღებული ნამეტი შემოსავალი კი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ფასნამატის დაკორექტირების შედეგად გაზრდილი შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 73(9,4); 101(1);154(1);