ბრძანება N 3237
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 3237
21.02.2023
-------------------ს (პ/ნ ---------------)
(ფაქტ.მის.:--------------------------;
იურ. მის.: ---------------------------)
2022 წლის 27 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №12) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 27 ოქტომბრის №17127/2/2022 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული -------------------ს (პ/ნ --------------) №72661/21-10-21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 27 მარტის №EL158153 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და მასში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მუშაობს სატვირთო ავტომობილის მძღოლად. 28 თებერვალს მანქანა დაიტვირთა კახეთში და ტვირთი მიდიოდა მოსკოვის მიმართულებით. 29 თებერვალს მიიღო საბუთები, რა როდესაც მიუახლოვდა ნატახტარის დასახლებას, გააჩერა საპატრულო ეკიპაჟმა. დაახლოებით 8 დღიანი ლოდინის შემდეგ გაუშვეს, თუმცა სატვირთო ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობის გამო ვერ მოახერხა საზღვრის გადაკვეთა. მიჩნია, რომ ჯარიმის ოდენობა ბევრად ნაკლები უნდა იყოს.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის 27 მარტს საბაჟო გამშვები პუნქტი “-------ის“ კონტროლის ზონაში საქართველოს მხრიდან შემოვიდა საქართელოში რეგისტრირებული სატვირთო ავტომობილი სახ/ნომრით: ---------------, რომელსაც მართავდა საქართველოსა და რუსეთის მოქალაქე -------------- (პ/ნ -------------- პას/ნომ -------------------). სატვირთო ავტომობილი გადაადგილდებოდა დატვირთულ მდგომარეობაში რომელზედაც დაბეჭდილი იყო ექსპორტის დეკლარაცია №C-355.
საპასპორტო და დოკუმენტური კონტროლის გავლისას დადგინდა, რომ დეკლარაციას №C-355 დარღვეული ქონდა გამოცხადების ვადა 17 დღით. გამოვლენილი სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „--------ის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2022 წლის 27 მარტს შედგენილ იქნა №EL158153 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 850 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე3 მუხლის მე-4 პუნტი ადგენს, რომ საქონლის საბაჟო დეკლარაციის წარდგენით ექსპორტში/გარე გადამუშავებაში/საბაჟო საწყობის პროცედურიდან ტრანზიტის პროცედურაში დეკლარირებული, აგრეთვე რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენით დეკლარირებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტს უნდა წარედგინოს საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
ამავე ინსტრუქციის (დანართი №3) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავარიის ან დაუძლეველი ძალის მოქმედების დროს, პირმა, რომელიც ვერ ასრულებს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, უნდა აცნობოს (თუ ეს შესაძლებელია დაუძლეველი ძალის მოქმედების პირობებში) საბაჟო ორგანოს აღნიშნული გარემოებების შესახებ და იმოქმედოს მისი მითითებების შესაბამისად.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
დადგენილია, რომ ექსპორტის პროცედურაში დეკლარირებული საქონლით დატვირთული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელმა, ვერ უზრუნველყო საქონლისა და სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო გამშვებ პუნქტში საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარდგენა/გამოცხადება, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია. ამასთან, მომჩივანს არ წარმოუდგენია არანაირი დოკუმენტაცია, №C-355 დეკლარაციით დეკლარიებული საქონლის წარდგენის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის მისგან დამოუკიდებელი გარემოების გამო დარღვევასთან დაკავშირებით, თავიდან აცილებას, რითიც შესაძლებელი იქნებოდა საბაჟო ორგანოს მითითების შესრულებით - „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადაგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. --------------ს (პ/ნ -----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.