გადაწყვეტილება №24914/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.04.2025
№ დოკუმენტი 24914/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24914/2/2025

10 აპრილი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "--------" (ს/ნ "--------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,28.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "--------"-ს 14.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24914/2/2025).

 

დავის საგანი:

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალიზებულად განხილვა და შემოწმებით გაანგარიშებული ფასნამატი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2024 წლის №002-137 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 25.02.2025 წლის №3316 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 213 627,66 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 133 242

დღგ - 96 796

საშემოსავლო გადასახადი - 36 446

ჯარიმა - 62 962

საურავი - 17 423,66

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა ავტომობილების მეორადი საბურავებით.

აუდიტის დეპარტამენტის 24.06.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.012021 წლიდან 2.04.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება. გამომდინარე იქიდან, რომ გადასახადის გადამხდელმა არ ითანამშრომლა შემოწმებასთან და შემოწმების პროცესში არ წარმოადგინა სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის შემოსავლები და ხარჯები განსაზღვრულ იქნა შემოწმების ხელთ არსებული მონაცემებით. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილ და დოკუმენტებით რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალურ მარაგებს შორის სხვაობა, მის მიერ დოკუმენტებით რეალიზებული საქონლის საშუალო შეწონილი ფასნამატით (39%), დაკვალიფიცირდა მიწოდებად და ჩაერთო შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.05.2024 წლის №12075 ბრძანების შესაბამისად ვერ მოხერხდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენა და შესაბამისი პროცედურების განხორციელება (ვერ დადგინდა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილი და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მდებარეობა), ჩაითვალა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის გადასახადის გადამხდელთან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი ნულის ტოლია. შესაბამისად, შემოწმების მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები განხილულ იქნა სრულად რეალიზებულად, დოკუმენტური რეალიზაციების საშუალო შეწონილი ფასნამატით. აღნიშნულის გათვალისწინებით, პირს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2024 წლის №002-137 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 25.02.2025 წლის №3316 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 80-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილსა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე და 97-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა პირის საგადასახადო ვალდებულებები, კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილ და დოკუმენტებით რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალურ მარაგებს შორის სხვაობა, მის მიერ დოკუმენტებით რეალიზებული საქონლის საშუალო შეწონილი ფასნამატით (39%), დაკვალიფიცირდა მიწოდებად და ჩაერთო შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაში, რამაც გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რამაც შემოწმებისთვის შეუძლებელი გახადა დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, მეორადი საბურავების მდგომარეობიდან გამომდინარე, რიგ შემთხვევებში მათი რეალიზაცია ხდებოდა თვითღირებულებით ან უფრო დაბალ ფასად, ხოლო საბურავების ნაწილი ტექნიკურად იმდენად იყო დაზიანებული, რომ ჩამოსაწერი ხდებოდა. ასევე, მომჩივანი აღნიშნავს, რომ მას გააჩნია იმგვარი ხარჯები (საიჯარო ხარჯი, სხვადასხვა სახის მოსაკრებელი, შესყიდვები ფიზიკური პირებისგან, სხვადასხვა სახის მომსახურებების შესყიდვა დღგ-ის არ გადამხდელი პირებისგან, დაზიანებული მეორადი საბურავების ჩამოწერის აქტები და სხვა), რომლებიც არ რეგისტრირდება შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (RS). შესაბამისად, აღნიშნულ ხარჯებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს არ ექნებოდა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნას საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ამასთან, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წუნდებულ/დეფექტურ საქონელთან მიმართებით, იხელმძღვანელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ საგადასახადო მონიტორინგის/აუდიტის დეპარტამენტების მიერ დადგენილი მონაცემით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი აღიარებს საანგარიშო პერიოდში დასაზუსტებელი დეკლარაციების არსებობას და მიიჩნევს აუცილებლად დასაზუტებლად, როგორც დღგ-ის ისე საშემოსავლოს დეკლარაციების ნაწილში, როგორც ბრუნვების და გამოქვითვების ისე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების ნაწილშიც. თუმცა, ზემოაღნიშნული სსიპ შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებულ ბრძანებაში დაზუსტებული არ არის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების (საწყისი და საბოლოო) დაზუსტებაზე. აღნიშნული სმფ-ების ნაშთების დაუზუსტებლობა და რეალური ნაშთების გაუთვალისწინებლობა გამოიწვევს შესამოწმებელი პერიოდის დასაბეგრი ბაზის ხელოვნურად გაზრდას და მთლიანობაში გადასახადების დუბლირებას (ორჯერ დარიცხვას) შესამოწმებელ პერიოდსა და სხვა პერიოდებს შორის, კერძოდ:

შემოწმების აქტით საბოლოო ნაშთი მიჩნეული იქნა ნულის ტოლად და დაბეგრილი იქნას სრული საბოლოო ნაშთი, თუმცა შემოწმების პერიოდის ბოლო თარიღის 2.04.2024 წლის შემდეგ, ამავე თვის აპრილის ბოლომდე შესყიდვების არარსებობის შემთხვევაში რეალიზებული აქვს 782 ერთეული მეორადი საბურავი საშუალოდ 1.89%-იანი ფასნამატით და შესაბამისი დღგ-ის გადასახადი დარიცხულია მის პირად ბარათზე. აგრეთვე, დარჩენილი სასაქონლო ნაშთი შიდა გადაზიდვის ზედდებულით დაასაწყობა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში 212 ერთეული (მეორადი საბურავი), რადგან არამომგებიანი ბიზნესის გამო გადაწყვიტა ობიექტის დახურვა. დასაწყობებული მეორადი საბურავების ნაშთი ამჟამად უფიქსირდება ფაქტიურად უცვლელი რაოდენობით (212 ერთეული) და შესაბამისი დამადასტურებელი ინვენტარიზაციის აქტი გაგზავნილი აქვს აუდიტის დეპარატამენტში გასათვალისწინებლად.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 25.02.2025 წლის №3316 ბრძანებით დამატებითი დოკუმენტაციის წარმოსადგენად განსაზღვრულ 15 კალენდარული დღიან ვადაში, წარადგინა ხარჯების გამოსაქვითად საჭირო დოკუმენტაციის ნაწილი, თუმცა შესაძლებელია დამატებითი დროის არსებობის შემთხვევაში მხარეების შეხვედრის შემდეგ გარკვეული დოკუმენტების ნაწილის აღდგენა (ბიზნეს ასოციაციის ხარჯების დოკუმენტების სრულყოფილად ამოღება, კომუნალური ხარჯების დოკუმენტების სრულად ამოღება, საბაჟო მოსაკრებლების დოკუმენტების სრულად ამოღება და სხვა).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს, ნება დაერთოს მოახდინოს სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთების (საწყისი და საბოლოო) დაზუსტება და განსაზღვრულ იქნას დამატებითი დრო ზემოაღნიშნული ხარჯების დოკუმენტების წარმოსადგენად, აუდიტის დეპარატამენტის მიერ მათი საგადასახადო დავალიანებების გაანგარიშების დასრულებამდე ან მიმდინარე 20 კალენდარული დღე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელმა არ ითანამშრომლა საგადასახდო ორგანოსთან და შემოწმების პროცესში არ წარმოადგინა სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის შემოსავლები და ხარჯები განსაზღვრულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით, საგადასახდო ორგანოში არსებული მონაცემებით. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილ და დოკუმენტებით რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალურ მარაგებს შორის სხვაობა, მის მიერ დოკუმენტებით რეალიზებული საქონლის საშუალო შეწონილი ფასნამატით (39%), დაკვალიფიცირდა მიწოდებად და ჩაერთო შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ვერ მოხერხდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენა და შესაბამისი პროცედურების განხორციელება (ვერ დადგინდა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილი და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მდებარეობა), ჩაითვალა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის გადასახადის გადამხდელთან სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი ნულის ტოლია. შესაბამისად, შემოწმების მიერ სასაქონლომატერიალური ფასეულობები განხილულ იქნა სრულად რეალიზებულად, დოკუმენტური რეალიზაციების საშუალო შეწონილი ფასნამატით. აღნიშნულის გათვალისწინებით, პირს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

მომჩივანს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 25.02.2025 წლის №3316 ბრძანებაში დაუზუსტებელია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები (საწყისი და საბოლოო). რეალური ნაშთების გაუთვალისწინებლობა გამოიწვევს შესამოწმებელი პერიოდის დასაბეგრი ბაზის ხელოვნურად გაზრდას და გადასახადების დარიცხვის დუბლირებას (ორჯერ დარიცხვას) შესამოწმებელ პერიოდსა და სხვა პერიოდებს შორის. შემოსავლების სამსახურის 25.02.2025 წლის №3316 ბრძანებით დამატებითი დოკუმენტაციის წარმოსადგენად განესაზღვრა 15 კალენდარული დღე, თუმცა შესაძლებელია დამატებითი დროის არსებობის შემთხვევაში მხარეების შეხვედრის შემდეგ გარკვეული დოკუმენტების ნაწილის აღდგენა (ბიზნეს ასოციაციის ხარჯების დოკუმენტების სრულყოფილად ამოღება, კომუნალური ხარჯების დოკუმენტების სრულად ამოღება, საბაჟო მოსაკრებლების დოკუმენტების სრულად ამოღება და სხვა). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს, ნება დაერთოს მოახდინოს სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთების (საწყისი და საბოლოო) დაზუსტება და განსაზღვრულ იქნას დამატებითი დრო ზემოაღნიშნული ხარჯების დოკუმენტების წარმოსადგენად, აუდიტის დეპარატამენტის მიერ მათი საგადასახადო დავალიანებების გაანგარიშების დასრულებამდე ან მიმდინარე 20 კალენდარული დღე.

შემოსავლების სამსახურის 25.02.2025 წლის №3316 ბრძანებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ამასთან, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წუნდებულ/დეფექტურ საქონელთან მიმართებით, იხელმძღვანელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ საგადასახადო მონიტორინგის/აუდიტის დეპარტამენტების მიერ დადგენილი მონაცემით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 25.02.2025 წლის №3316 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, არ არსებობს აღნიშნული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს, ნება დაერთოს მოახდინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების დაზუსტება და განსაზღვრულ იქნას დამატებითი დრო ზემოაღნიშნული ხარჯების დოკუმენტების წარმოსადგენად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა გადამხდელთან დაკავშირება. გამომდინარე იქიდან, რომ გადამხდელმა არ ითანამშრომლა შემოწმებასთან და შემოწმების პროცესში არ წარმოადგინა სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, შემოწმებისას გადამხდელის შემოსავლები და ხარჯები განსაზღვრულ იქნა შემოწმების ხელთ არსებული მონაცემებით. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ შეძენილ და დოკუმენტებით რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალურ მარაგებს შორის სხვაობა, მის მიერ დოკუმენტებით რეალიზებული საქონლის საშუალო შეწონილი ფასნამატით (39%), დაკვალიფიცირდა მიწოდებად და ჩაერთო შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების შესაბამისად ვერ მოხერხდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენა და შესაბამისი პროცედურების განხორციელება ჩაითვალა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის გადამხდელთან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი ნულის ტოლია. შესაბამისად, შემოწმების მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები განხილულ იქნა სრულად რეალიზებულად, დოკუმენტური რეალიზაციების საშუალო შეწონილი ფასნამატით. აღნიშნულის გათვალისწინებით, პირს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 25.02.2025 წლის №3316 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, არ არსებობს აღნიშნული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5),102,159,163,164.